"მადლიერი არავინაა!"
"ტყუილად გავწირე ჩემი ახალგაზრდობა"
"ყველა უმადურია!"
აკეთებდე რამეს მთელი გულით, მონდომებით და იმ მოლოდინით, რომ "დაგიფასებენ" და უანგარობის ქვეტექსტი იყოს რამე განსაკუთრებულ "მოვლენად" აღიარების იმედი, ეს მსოფლმხედველობა ჩანასახშივე განწირულია და სავარაუდო შედეგად იმედგაცრუება მოაქვს… სამყარომ ხომ მის ნაყოფს თვისთავადად იძლევა და შემოქმედმა შეგვქმნა არა იმიტომ, რომ ჩვენგან რამეს ელის…
ჩვენ დიდი ენერგიის ბუნებრივი ნაწილაკები ვართ და ეს ისეთივე ბუნებრივი მოვლენაა, როგორც ნაყოფი ხეზე… ადამიანის დამოკიდებულებაც ამ ცუდად ჩამოყალიბებული ფილოსოფიიდან უნდა გამომდინარეობდეს, როცა ჩვენს საქმეზე, შემოქმედებაზე, ამ შემთხვევაში -ოჯახსა და შვილებზე ვფიქრობთ. ამიტომ მგონია, არასდროს არ ვიცით რამდენად სწორად გვაქვს გააზრებული ნაბიჯი, რომელსაც დედობა/ცოლობა ჰქვია. მარტო შედეგი ამზეურებს ჩვენს ნამდვილ შეხედულებებს. მანამდე შეგვიძლია, მხოლოდ ვიმსჯელოთ… ძნელია გაისიგრძეგანო უანგრობა მთელი სიღრმით, როცა დაბადებიდან ვსწავლობთ ქმედებების მიზეზ-შედეგობრივობას და ვეჩვევით, რას "მივიღებთ" "სამაგიეროდ" ე.ი. ყოველი "თესვა", "მკისთვისაა" და არ არსებობს სფერო თუ საქმე, რომელიც "მოსავალს" არ იძლევა. ჩვენც ველით…
ფილოსოფიურ თუ ორთოდოქსულ წიაღშიც კი, სულიერების ყველა სიმაღლეზე, ანგარებიანია ადამიანის უანგარობა, რომელიც მეტაფიზიკურ "გასამრჯელოს" ელის. სულიერმა მამებმაც იციან, რომ ღვაწლი უფლის მიერ (შე)ფასდება… ერში კი ვამბობთ, რომ -"ღმერთი გადაგიხდის", "იქ" დაგიფასდება" და ა.შ. მაშინ რა გასაკვირია თუ ისეთი მსხვერპლის გაღებისას, როგორსაც ოჯახური უღელი და განსაკუთრებით დედობა მოითხოვს, ჩვენ ველით, რომ გმირის წოდებას თუ არა, ოქროს ორდენს მაინც მივიღებთ (რომელსაც რა თქმა უნდა ყველა მშობელი და მეუღლე იმსახურებს).
ხშირად "მიწევს" ვიფიქრო ამ ფენომენზე. "დაუფასებელ" მშობლებზე "უძღებ" შვილებზე და იმ სინდისის ქენჯნაზე, რომელიც ამ ფიქრებს ახლავს, მთელი ცხოვრება შეიძლება თან გვდევს და ჩვენს პროდუქტიულობაზეც ახდენს გავლენას. შენთვის რამდენი გააკეთეს, შენ კი… ასეთი ხარ… აი, ასეთი… სხვანაირი უნდა გახდე! ახლა შენი მსხვერპლის ჯერია. ახლა შენ თქვი შენს თავზე უარი. ასეთ შემთხევაში ალბათ ყველა ჩვენგანს გაუელვებს გონებაში აზრი, ღირს კი იგივე არჩვენაის გაკეთება (ოჯახის შექმნა), როცა შენს ირგვლივ ძირითადად უკმაყოფილო მშობლები და მეუღლეები არიან…
მათ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ მოლოდინი არ გაუმართლდათ და აწამებთ ფიქრი — "ამად ღირდა?" და სად დაუშვეს შეცდომა, ან რატომ არავინ ამჩნევს ბზინვარებას კაფელის, რომელსაც მუხლჩახრილი ხეხავდა… შვილები სახლში დროზე არ ბრუნდებიან, მათ ისეთი ოჯახებიც კი არ შექმნეს როგორიც გსურდათ, თქვენ უკეთესი შვილი ხართ, რისთვის გაიღეთ ამხელა მსხვერპლი (და მართლაც, რისთვის? საკუთარ თავზე უარის თქმა, განა ეს ვინმეს სჭირდებოდა? სხვანაირად შვილები ვერ იზრდებიან? ისინი ხომ მაინც არ ჩამოყალიბდნენ ისეთებად, როგორიც გსურდათ?) თქვენს მეათე ზარს აღარ პასუხობს.
ოთხში არეულობაა. არაა საკმარისი დისციპლინა, ისევე როგორც არაა საკამრისი სახლის ლაგება… და არასდროსაა საკამრისი ფული… და ეს პესიმიზმი, წუწუნი, შეხსენებები… უბედურების განცდა და ფორიაქი. და ამ ჭაობში ჩაძირვის დაუძლეველი მიდრეკილება. ოჯახის შექმნა სოციუმში თითქოს წარმატებისა და ბედნიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯად ითვლება (სანამ სირთულეები დაგვაწვება), ჩემი სუბიექტური დაკვირვებით, ეს "ვარდისფერი ბამბის ნაყინი", საზოგადოებრივი ილუზიაა, რომლის რეალობად ქცევას ჩვენი ცრუ მოლოდინები და დამახინჯებული მიდგომა უშლის ხელს. ამ ყველაფრის გაცნობიერება სასოწარკვეთას და ამაოების განცდას იწვევს, მოდუნდი… ყველაფერი ხომ ისეთი მარტივია და ხანმოკლე… თქვენ ვერ ისვენებთ, სადღაც დაუშვით შეცდომა… კარგი დედა, კარგი დიასახლისი, მშრომელი მამა, ურჩი (ესე იგი დაუნახავი) შვილები. ნუ დახურდავდებით… შეცდომა გაცილებით უფრო ადრე, ცნობიერების იმ დონეზე დაიშვა, როცა წარმოდგენები ყალიბდებოდა.
მაშინ როცა ჩავიბეჭდეთ, რომ ოჯახის მისიას თუნდაც საჭიროების გარეშე შევწირავდით საკუთარ ეგოს და მომავალში ამისთვის "საზღაურს" მივიღებდით. ჯილდო კი ხდება და — არ სჩანს… მაინც კონკრეტულად რას ველით სანაცვლოდ, როცა ვფიქრობთ და ვსაუბრობთ იმ მსხვერპლსა და დათმობებზე, რომელიც მშობლად ყოფნის გამო გავიღეთ? რომ დაკარგულ დროსა და შესაძლებლობებს დაგვიბრუნებენ? თუ, შესაწირად შვილები ახლა საკუთრ ცხოვრებას გაიღებენ და მსხვერპლს მსხვერპლი დაემატება… საბოლოო ჯამში ვიღებთ შემდეგ სურათს- უკმაყოფილო მშობელი და ნამუსზე აგდებული შვილი, რომელმაც არ იცის როგორ "გადაუხადოს" მშობელს "სამაგიერო" იმისთვის, რაც მისთვის გააკეთა და ეს ჭიდილი გაურკვევლობის საზვერეში ზოგჯერ სამუდამოდაც გვჭედავს. რას მოგვცემს, წარსულის გამო აწმყოს შესაძლებლობებზე უარის თქმა? მშობლები ამაგის სანაცვლოდ შვილების თავისუფლებას ითხოვენ? მათ კი არეალზე ხშირად ეღობება გმირი მშობლის ხატი და სინდისის ქენჯნა.
დაბნეულობა… რაღაცას არასწორად აკეთებს, ისე არა როგორც ასწავლიდნენ, რაღაც ისე არ სურს, როგორც "საჭიროა". …და რაც შეეხება მეს იდენტიფიცირებას? მე ჩემი შეცდომებით და ჩემი პირობითი არასწორობოთ. ყველა მშობელს შვილისთვის საუკეთესო უნდა, ეს უდაოა, მაგრამ რა არის საუკეთესოს განსაზღვრება? და ემთხევა თუ არა ის ერთმანეთისას. მეტწილად მშობლებს არ სურთ მიიღონ შვილები ისეთებად როგორებიც არიან, მიუხედავად მათი აღზრდისა და სურვილისა. განსაკუთრებით თუ ის მშობლის იდეალის საპირისპიროა. ასე ურთიერთობა ფორმირდება ტუქსვის და საყვედურების ფარგლებში. წუხილი, დანაშულის გრძნობა და უფსკრულის ხახა, რომელიც შვილსა და მშობელშორის სხვაობაა. სურვილი და ვალდებულებები, ვინ სურთ რომ იყო და ვინ ხარ, ლეიტმოტივად თანმდევი გაუგებრობა, როგორც ჯადო.
ეს პოსტი ფრიადოსან შვილებზე არ არის, არ არის მათზე ვინც სოლფეჯიოს კარგად იმიტომ სწავლობს, რომ დედა გაახაროს და ფაკულტეტსაც შესაბამისად ირჩევს. ეს აბდაუბდა დამჯერ შვილებს არ ეხებათ. მშობლის გზის რეფლექსურ გამგრძელებლებს და კარგად ნაძერწ სრულყოფილებებს, რომლებსაც არ უყვართ ალტერნატივა და გაუთელავი ბილიკები.
მე იმ მადლიერ შვილებზე ვსაუბრობ ვინც მშობლის ამაგის სანაცვლოდ — ც ხ ო ვ რ ო ბ ს … ნამდვილად ცხოვრობს, გაუკაფავ და უდაბურ გზებზე დღეების ცვეთით… ვისაც არ აქვს დედამისის თეთრეულივით ჩალაგებული აზრები, გაპრიალებული პარკეტივით შეხედულებები, მოწესრიგებული ოთახი და განსაზღვრული ცხოვრება…
ასეთებს მხურვალე სიყვარული შეუძლიათ, შიგნიდან მწველი, გარეგნულად უტყვი, დაცული, გააზრებული და რა ქნან თუ არაა, ფორტეპიანოსავით იდეალურად ნასწავლი. მათთან არ მუშაობს მითეთბული, მიღებული, ნაცადი რეცეპტები. ეს პოსტი ურჩ შვილებზეა, რომლებიც სიყვარულის და მადლიერების დასამტკიცებლად ვერაფერს დაგპირდებიან, მაგრამ ზუსტად იციან თუ როდესმე იქნებიან მშობლის ამპლუაში, ერთადერთი რასაც შვილისგან მოითხოვენ, ეს თავისუფლებაა და ერთადერთი რითაც საკუთრ მშობლებს "ვალს" გადაუხდიან, ის ამაგია, რომელსაც შვილებისთვის თვითონაც გაიღებენ…
ყოფაც უფრო იოლია თუ გამრავლების იდეას სწორად გავიგებთ — რომ ჩვენი მსხვერპლი (ხშირად გადამეტებული და უადგილო) მხოლოდ მაშინაა გამართლებული თუ შედეგად ჩვენი "ნაყოფი" სიამის ტყუპივით მოჯაჭვული არსება კი არა, ყვედრებისა და აუნაზღაურებელი შრომის შეხსენებისგან დამოუკიდებელი ჯანსაღი ინდივიდი იქნება. ეს სულაც არ ნიშნავს სრულყოფილ და მოსაწყენ იდეალურობას… ეს ბუმბულებდაცვენილი და ურჩი პერსონაა, თქვენი მედლის მეორე მხარეა…
თეკლა ლაზი