ფიქრობთ, რომ მაცივარი ყველა პროდუქტს ინახავს? არამც და არამც... ბევრ პროდუქტს დაბალი ტემპერატურა და სინესტე, პირიქით, აფუჭებს.
გთავაზობთ 12 პროდუქტს, რომელთათვისაც მაცივარი შესანახ ყუთად არ გამოდგება და მათ სიქორფეს და პირვანდელ გემოს დაუკარგავს.
მაშ, რომელი პროდუქტების შენახვა არ ღირს მაცივარში და რატომ?
სტაფილო და კარტოფილი
ეს პროდუქტები ვერ იტანენ სიცივეს და სინესტეს. ისინი იწყებენ ლპობას, გაყვავებას ან ჭკნობას. ამიტომაც აჯობებს, სტაფილო და კარტოფილი შეინახოთ გრილ და ბნელ ადგილას.
ხახვი. ალბათ, ცოტას თუ მოსდის თავში, შეინახოს ხახვი მაცივარში, მაგრამ თუკი ასეთი ფანტაზია მაინც დაგებადებათ, იცოდეთ – მაცივრის სინესტეში ეს პროდუქტი მალე დალპება. ხახვის შენახვა უმჯობესია ბნელ და მშრალ ადგილას.
სხვათა შორის, მაცივრის გარეთაც ხახვის მოთავსება კარტოფილთან ახლოს არ ღირს, რადგან ეს უკანასკნელი ირგვლივ ნესტიან გარემოს ქმნის და ხახვი ლპობას დაიწყებს.
ნიორი. საერთოდ არ უყვარს სიცივე. ამიტომაც შეინახეთ ის მშრალ, ოთახის ტემპერატურის ადგილას, ღია სივრცეში.
პომიდორი. ეს პროდუქტი – სითბოს მოყვარულია. ნულთან მიახლოებულ ტემპერატურაზე ის კარგავს თავის მკვეთრ არომატს და გამომშრალი ხდება. პომიდვრის შენახვა უმჯობესია ოთახის ტემპერატურაზე – დაახლოებით 17 გრადუსზე და არა დახურულ სივრცეში.
ბადრიჯანი. პომიდვრის ნათესავს, ბადრიჯანსაც არ უყვარს სიცივე. ის მაცივარში მალე ჭკნება და უჩნდება შავი ლაქები.
ეგზოტიკური ხილი. ტროპიკული ხილის შენახვაც ოთახის ტემპერატურაზე აჯობებს და კიდევ უკეთესი იქნება, თუ მათ ქაღალდში გაახვევთ და ისე შეინახავთ. სიცივეში ეს პროდუქტები ლპება და უშვებს სხვა პროდუქტებისთვის მავნე გაზებს.
ბანანი. მაცივარში შენახვის შემთხვევაში ბანანის კანი მალე შავდება. თუმცაღა, რბილობს ეს პროცესი დიდად არ ეხება.
ვაშლი და მსხალი. ამ ხილის შენახვაც არ ღირს სიცივეში. შემოდგომით ვაშლი შეგიძლიათ ჩაალაგოთ ყუთში და დადგათ აივანზე, სადაც მის გარშემო იმოძრავებს ჰაერი. მაგრამ ყინვა ხილს არ უყვარს. ასე რომ, როგორც კი სიცივეები დაიწყება – შემოიტანეთ ის შინ.
ავოკადო. თუ გაუჭრელ ავოკადოს მაცივარში შედებთ, ის მალე გაშავდება. სინესტე და სიცივე ამ პროდუქტს არ უხდება. მაგრამ გაჭრილი ნაყოფის შენახვა მაინც მაცივარში ღირს.
ზეითუნის ზეთი. ის სიცივეში სქელდება და თეთრ ნადებს იკეთებს, ხოლო მისი სასარგებლო თვისებები მცირდება.
თაფლი. დაბალ ტემპერატურაზე თაფლი კარგავს მთელ თავის სასარგებლო და სამკურნალო თვისებებს და არომატიც უქრება. თაფლი უნდა შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე.
შოკოლადი. თუ შოკოლადს მაცივარში შეინახავთ, ის გათეთრდება. პრინციპში, შოკოლადის თეთრი ნადები მავნებელი არ არის, მაგრამ თუ შოკოლადი ჰერმეტულად არის შეფუთული, მაშინ ეს თეთრი ნადები უკვე მავნებელი ხდება.
ასევე იხილეთ:
როგორ გავაქროთ თევზისა და ხახვის სუნი (+ 20 რჩევა ბებოს სკივრიდან)
საშიში და დასაშვები ემულგატორების სია
შეუთავსებელი პროდუქტები – რასთან რა არ უნდა მივირთვათ
პროდუქტები, რომელიც მუდამ უნდა გქონდეთ სამზარეულოში