მეცნიერების აზრით, ადამიანის სისხლის ჯგუფზე დამოკიდებულია მისი ტემპერამენტი, ჯანმრთელობა და ხასიათი. სისხლის ჯგუფს დიდი მნიშვნელობა აქვს ცოლქმრულ ცხოვრებაშიც...
პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანი ენერგიული, კომუნიკაბელური და ძლიერი ნებისყოფის მქონეა. მას ლიდერის თვისებები აქვს და ხშირად იგი ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობს. ის დაღლილობას ვერ გრძნობს და ხშირად, მცირე დროში სხვებზე მეტ სამუშაოს ასრულებს.
ჯანმრთელობაც შესაშური აქვს: საშუალოდ 75 წლამდე ცოცხლობს. მეცნიერების აზრით, სიცოცხლის ასეთი ხანგრძლივი მაჩვენებელი ჯანსაღი ფსიქიკის "ბრალია". თუმცა, ჯანმრთელობა მასაც ახსენებს თავს. ის შეიძლება გასტრიტმა შეაწუხოს. მას არ ვნებს ალკოჰოლი. რაციონი უნდა გაამდიდროს ქათმისა და საქონლის ხორცით.
მეორე ჯგუფის სისხლის მფლობელი გამჭრიახი და დაკვირვებულია. ის შრომისუნარიანობას რთულ სიტუაციაშიც კი ინარჩუნებს. კეთილსინდისიერი და მონდომებულია, ინტელიგენტი. კარიერულ წარმატებას მხოლოდ საკუთარი შრომით აღწევს. ის ერთგული მეგობარი, ნათესავი და სასიყვარულო პარტნიორია. ერთი სიტყვით - სრულყოფილი არსება.
აი, მისი ჯანმრთელობა კი მოიკოჭლებს. ათეროსკლეროზი, ინფარქტი, დიაბეტი, შარდ-კენჭოვანი დაავადებები - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომლებისგანაც თავი უნდა დაიზღვიოს. ის რთულად იტანს სპირტიან სასმელებს და ადვილად - ღორის ხორცს.
მესამე ჯგუფის სისხლის მფლობელი მგრძნობიარე, ნიჭიერი, ერთგული მეგობარი და კოლეგაა. მუშაობისას მომთხოვნია როგორც საკუთარი, ისე გარშემომყოფების მიმართ. გარეგანი სიმშვიდისა და აუღელვებლობის მიღმა შინაგანად მგრძნობიარე და სათუთი პიროვნებაა. როცა საქმე სიყვარულს ეხება, ვნებიანი და თავშეუკავებელი ხდება. ამ ჯგუფის მქონე ქალი მამაკაცზე ეჭვიანია, დამოუკიდებელი და თავქარიანი. მესამე ჯგუფის სისხლის მფლობელი პირველისაზე ჯანმრთელია. მან რაციონი ცხვრისა და კურდღლის ხორცით უნდა გაამდიდროს.
მეოთხე ჯგუფის სისხლის მფლობელში თითქოს ორი ადამიანი ცხოვრობს. ის მუდმივად ორჭოფობს. თუმცა, მაქსიმალურად ცდილობს, სხვების თვალში თავდაჯერებული გამოჩნდეს. სიყვარულში, მეგობრობასა და ოჯახში ეს ადამიანი შეუცვლელია. ის იდეალური პარტნიორია; როგორც საკუთარ თავზე შეყვარებულზე, მეგობარსა და ოჯახის წევრზეც ისევე ზრუნავს.
ზოგადად, მეოთხე ჯგუფის სისხლზე ნაკლები ინფორმაცია არსებობს, რადგან ამ ჯგუფის სისხლი ადამიანებს იშვიათად აქვთ. ასე რომ, მეცნიერებმა მათი სრულყოფილად გამოკვლევა ჯერ ვერ მოახერხეს.