წუხელ მთელი საქართველო ეკრანთან იჯდა და სულგანაბული იმ წამის დადგომას ელოდა, როცა შენ უნდა გამოჩენილიყავი... შენ - ტკივილით დაღლილი, შენ - რაღაც სხვანაირი, ახალი, ერთდროულად რბილიც და მტკიცეც...
მერე, ამ სულისშემძვრელი სურათის ნახვის შემდეგ, მთელ სოციალურ ქსელს გადაუარა ტალღამ: "ძლიერი ქალი!"
თანაგრძნობისა და აღტაცების ეს საყოველთაო გამოხატულება აბსოლუტურად საპირისპირო იყო იმ ჩვეული დამოკიდებულებისა, რაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მანამდე ასაზრდოებდა, იმ საზარელ ტრაგედიამდე...
ახლა ყველას უყვარხარ, თანაგიგრძნობს, კეთილგანწყობას გამოხატავს, აღფრთოვანებულია შენით და ეს უკვე, თითქოს, აღარ ჰგავს პრიმიტიული სიბრალულის გამოძახილს... ნუთუ გავიზარდეთ?! - ალბათ, იმედია...
ჩვენ ისინი აღარ ვართ, ვინც ადამიანურ ტრაგედიებზე რეიტინგებს ვაკეთებდით, ვინც სხვის პირად ცხოვრებას სოციალურ ქსელებში საჯაროდ განვიხილავდით, ვინც სხვისი შვილების ემოციებზე დაუფიქრებლად ვთამაშობდით, ვინც მორიგი სეირის დაწყებას აღტყინებით ველოდით... ჩვენ გავიზარდეთ! და ვისწავლეთ, რომ არამარტო მაშინ უნდა გავაღოთ დახშული გულები, როცა უბედურება პირადად ჩვენ შეგვემთხვევა, არამარტო მაშინ უნდა გავცეთ სითბო და სიკეთე, როცა ამის კურთხევას სულიერი მოძღვარი მოგვცემს, რომ არამარტო მაშინ უნდა ვუსურვოთ ადამიანებს კარგი, როცა ამის საჭიროება თავად დაგვიდგება...
აქამდე კი ჩვენ ვიყავით არსებები, რომლებიც სისხლის სუნისგან გაგიჟებული ნადირივით ველოდით, როდის გადმოგვიგდებდნენ ხორცის ნაჭერს, რომ კარგად დაგვეძიძგნა... მანამდე ვსეირობდით სხვების უბედურების ცქერით და მერე მტყუან-მართლის გარჩევით. მანამდე ვიყავით გლადიატორების ბრძოლას მოწყურებული არისტოკრატები, უფლის სამსჯავროზე შეკრებილი მღვდელმთავრები და ფარისევლები, ყველაზე დიდი რომის პაპები, ყველაზე სამართლიანი მსაჯულები და მასწავლებლები, ყველაზე გულმოწყალენი და ქველმოქმედნი...
ისინი, ვისაც სხვისი სილამაზე, სიმდიდრე და წარმატება გულს უხეთქავს, ვინც საკუთარ უიღბლობაში ყოველთვის სხვას - მასზე აღმატებულს ადანაშაულებს. ისინი, ვინც დაუფიქრებლად დაგწიხლავს, დაგამცირებს და გაგანადგურებს, ოღონდ ბოღმა და შური როგორმე ამოანთხიოს და ოდნავი შვება იგრძნოს.
ჩვენ აღარ ვართ ისინი, ვინც წარმართული კერპებივით საუკეთესოსა და გამორჩეულ მსხვერპლს ითხოვს!.. და სანამ ამ მსხვერპლს არ მიიღებს, არ დაშოშმინდება!..
არაფერი და არავინ გეცნობათ?! - რაოდენ სასტიკადაც უნდა მოგეჩვენოთ, ვფიქრობ, ახლა მე თქვენს სათქმელსაც ვამბობ!..
ბევრი შვილმკვდარი დედა მინახავს. ისინი სულ სხვადასხვაგვარად გამოხატავენ დარდსა და ტკივილს. ზოგი მათგანი ლოგინად ვარდება, ცხოვრების უნარს კარგავს, სასოწარკვეთას ეძლევა. ზოგი ცდილობს, სიკეთის კეთებით დაიახლოვოს შვილისკენ მიმავალი გზები, სჯერა რა, რომ ოდესმე მასთან აუცილებლად მივა... მაგრამ ის საერთო ნიშანი, რაც თითქმის ყველა მათგანისთვის შემინიშნავს, არის ღრმად და ფიქრიანად მომზირალი თვალები, რაღაც შორეული და ამოუცნობი მზერა, რომელიც, ალბათ, ზუსტად იმ მარადიულ კავშირს გამოხატავს, რაც დედასა და შვილს ბიოლოგიურთან ერთად სულიერადაც ეძლევა. ამიტომ ასეთი დედები იყურებიან უფრო შორს, თითქოს სხვა სამყაროსა და განზომილებაში, რადგან ალბათ, არასდროს კარგავენ შვილებთან ერთობას!
უკვე შენც ასე იმზირები... და მართალი ხარ, როცა ამბობ, რომ თავიდან დაიბადე, ლაპარაკი და სუნთქვა თავიდან ისწავლე...
როცა ეს ტრაგედია მოხდა, მაშინ ვიფიქრე: რა იქნებოდა, დედას შეეძლოს შვილის ნაცვლად სიკვდილი?! აი, ასე უბრალოდ, ამოიყვანდა დედა საკუთარ სიცოცხლეს, როგორც პატარა მფეთქავ ჩიტს და დაუბრუნებდა უფალს შვილის სიცოცხლის სანაცვლოდ-მეთქი... არ ვიცი, ამაზე შენც გიფიქრია თუ არა, ადვილი შესაძლებელია, გეფიქრა... მაგრამ ამ ღამით შენს თვალებში ისეთი რამ დავინახე, რომ უკვე ვიცი, ეს ფიქრი რამდენად დიდი კადნიერებაა... - მე შენს გამოხედვაში ნუცას კრიალა თვალები და მისი ლამაზი, გულწრფელი ღიმილი დავინახე. ის მთლიანად შენშია და ასე დარჩება მუდამ, რადგან ის შენი მთლიანის ნაწილია, შენ კი ნაწილობრივ მისი მთლიანობა ხარ... თქვენ ისევ ერთად ხართ სულ სხვა, ჩვენთვის მიუწვდომელ განზომილებაში...
ასევე წაიკითხეთ: