"ნიჭიერის" ახალი სეზონის შესარჩევი ტურები დაიწყო! "რუსთავი 2"-მა გადაწყვიტა, მაყურებელი გაეოცებინა და ჟიურიში ახალი წევრი - რუსკა მაყაშვილი - დაამატა.
ყველასთვის საყვარელმა სახემ პროექტში უფრო დიდი ხალისი და ენერგია შემოიტანა. შესარჩევი სეთების დამთავრების შემდეგ რუსკა ჟიურის სკამს სხვა ვარსკვლავებს დაუთმობს და ყოველ ლაივზე მონაწილეებს სხვადასხვა ცნობილი ადამიანი შეაფასებს. გადაცემაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა. ხუთ წითელ X-ს ოქროსფერი ღილაკი დაემატა.
თუ ჟიურის რომელიმე წევრს კონკურსანტი ძალიან მოეწონება, შეუძლია ლაივ-შოუებში მეორე ტურის გარეშე გადაიყვანოს. გაგიკვირდებათ, მაგრამ კრიტიკულმა ნიკა გვარამიამ ეს ღილაკი უკვე გაააქტიურა! თუ გაინტერესებთ, ვინ გახდა "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის რჩეული, აუცილებლად დაელოდეთ "ნიჭიერის" ახალი სეზონის ეკრანებზე გამოჩენას!
გიორგი ხაბურძანია ("ნიჭიერის" პროდიუსერი): "ჩვენი მიზანია, ყოველ ჯერზე მაყურებელს უკეთესი შოუ შევთავაზოთ. ეს სანახაობა გათვლილია მთელ ოჯახზე, იმისთვის, რომ საღამოს ყველანი დასხდნენ, ერთად იცინონ ან დადებითი ემოციებისგან იტირონ.
რამდენიმე სიახლე გვაქვს: ოქროს ღილაკი, ჟიურის ახალი წევრი და ინტერიერი. შესარჩევ კასტინგებზე დავამატეთ მეხუთე სკამი რუსკასთვის. მან განსხვავებული მუხტი შემოიტანა! პოზიტიური ენერგია აქვს. შეუძლია სცენაზე ავიდეს და მონაწილე გაამხნევოს. ძველი ოთხეული - ია, ნანუკა, ჭოლა და გია - უცვლელად დავტოვეთ, რადგან გაამართლა.
მაყურებელი ასევე იხილავს ინტერიერის ახალ დიზაინს".
კულისებში რუსკას გავესაუბრეთ. მან თავისი ემოციები გაგვიზიარა. აღმოჩნდა, რომ თავიდან ჟიურის წევრობა ამბიციურ ნაბიჯად ეჩვენა, მაგრამ შემდეგ დაარწმუნეს, რომ აუცილებლად უნდა ეცადა. მსახიობი იასგან და ნანუკასგან რჩევებს იღებს და ცდილობს, სამართლიანი იყოს.
ახალი სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ჟიურის დანარჩენმა წევრებმაც გააკეთეს კომენტარი.
ლევან ჭოლაძე: "ძალიან ნიჭიერი ხალხი გამოდის. რთული და მტკივნეულია გადაწყვეტილების მიღება, განსაკუთრებით, უარის თქმა. იმ კონკურსანტსაც კი იმედი აქვს, ვისაც არ უნდა ჰქონდეს. მან გადალახა შიში და სცენაზე გამოვიდა. ყოველთვის ბოდიშს ვიხდი ხოლმე ხმამაღლაც და გულშიც, რადგან ვიცი, ნიჭის მოკვლა ადვილია. შეიძლება მეოთხე კლასში მასწავლებლის არასწორმა მზერამ ბავშვში აინშტაინი მოკლას".
ნიკა გვარამია: "ეს პროექტი შექმნილია თვითნაბადი და უნიკალური ტალანტების აღმოსაჩენად! ერთ-ერთი კახელი გოგონა უკვე ვიპოვეთ და ოქროს ღილაკიც გავააქტიურე".
ნანუკა ჟორჟოლიანი: "ლაივებისთვის მაყურებელს ვუმზადებ სიურპრიზებს. მექნება ჩემი პატარა "ხლაპუშკები", რომლებსაც ავაფეთქებ. გოგოებში კონკურენცია გაგვიზარდეს, ჩვენც უფრო გამოვცოცხლდით. წელს საუკეთესო სეზონი გველოდება, ასე მგონია. შეფასებისას კრიტიკული ვიქნები. ვიცი, რომ ოქროს ღილაკს, ნიკას მსგავსად, მეც დავაჭერ".
"ნიჭიერის" პირველივე შესარჩევ ტურზე ეპატაჟური კონკურსანტები გამოიკვეთნენ. მათ შორის იყო აკო ტაბატაძე, რომელმაც ეროტიკული ცეკვა შემოგვთავაზა. აკოს წითელი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ეცვა და იმავე ფერის ჰალსტუხი ეკეთა. წამყვანებმა - ვანიკო თარხნიშვილმა და გიორგი ყიფშიძემ მისთვის სოლიდარობის გამოცხადება გადაწყვიტეს და სცენაზე მაღალქუსლიანებით მოგვევლინნენ, რამაც დარბაზში აჟიოტაჟი გამოიწვია და ჟიურის წევრებიც გაამხიარულა.
აკო ამჟამად მიმტანად მუშაობს, თუმცა გარკვეული პერიოდი სტილისტიც იყო. მისი ცეკვა (როგორც მოსალოდნელი იყო) საზოგადოებამ უარყოფითად აღიქვა. მოცეკვავემ ჟიურის გულის მოსაგებად კონჩიტას სახელიც ახსენა და ხაზი გაუსვა, რომ კონჩიტამაც საზოგადოებრივი პროექტით დაიწყო თავისი კარიერა. სამწუხაროდ, ცდა უშედეგო აღმოჩნდა. აკოს ნიკა გვარამიამ ყველა იმედი გადაუწურა.
გიორგი ყიფშიძე: "ვგიჟდები ვანიკოსთან ერთად მუშაობაზე. სცენაზე მასზე მაგარი პარტნიორი არ არსებობს. "ნიჭიერმა" გამოცდილება და სიხალისე შემმატა. ზოგადად, პატარ ერი ვართ, მაგრამ დიდი ტალანტი გვაქვს. მაღალქუსლიანები ჩავიცვით იმიტომ, რომ მსახიობები ვართ და პროექტს დასჭირდა. მაღალქუსლიანებით, კალგოტკით და კაბით ხინკლის საჭმელადაც შეიძლება წასვლა. ამ ფეხსაცმლის ჩაცმის შემდეგ მივხვდი, როგორ წვალობთ ქალები!"
ვანიკო: "ნიჭიერს" თუ დასჭირდება, შეიძლება ლიფიც ჩავიცვა. საერთოდაც, მაღალქუსლიანები ქალებმა რატომ მიითვისეთ?"
"ნიჭიერის" ჩაწერას ცნობილი სახეებიც დაესწრნენ: სანდრო მიკუჩაძე, ნინა წკრიალაშვილი და "X ფაქტორის" მონაწილეები.
თათული ღვინიანიძე