რამდენიმე წელია ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები, ფაქტობრივად, იხვეწებიან, რომ გრიპისა და გაციების დროს არ მივიღოთ ანტიბიოტიკები.
ანტიბიოტიკები მხოლოდ და მხოლოდ ბაქტერიალური ინფექციების საწინააღმდეგოდ მუშაობს. გრიპი და გაციება კი ვირუსების შედეგია. ასე რომ, როდესაც გაციების დროს სვამთ ანტიბიოტიკებს, გახსოვდეთ, რომ მას არავითარი სარგებელი არ მოაქვს; მეტიც, ის ჯანმრთელობას ვნებს.
მნიშვნელოვანია იცოდეთ: როდესაც ანტიბიოტიკებს იღებთ მაშინ, როდესაც ის საჭირო არ არის, ამით ზრდით შანსს იმისა, რომ ორგანიზმში ბინას დაიდებს ანტიბიოტიკების გამძლე ბაქტერიები. ეს "სუპერბაქტერიები" ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ყოველწლიურად მისგან ათასობით ადამიანი იღუპება.
ასევე დაიმახსოვრეთ: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 32% თვლის, რომ თუკი თავს უკეთ იგრძნობს, უმალვე უნდა შეწყვიტოს ანტიბიოტიკების მიღება. ეს დიდი შეცდომაა: თუ ანტიბიოტიკები ექიმმა გამოგიწერათ, აუცილებელია სრული კურსის გავლა, რადგან თქვენ თავად შექმნით იმის პირობებს, რომ სუსტი ბაქტერიები განადგურდება და "სუპერბაქტერიები" მხოლოდ და მხოლოდ მოიშორებენ "კონკურენტებს".
სამწუხაროდ, უამრავი ექიმი ურჩევს პაციენტს გაციების დროს ანტიბიოტიკებს.
ამერიკული სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში ახლახან დაიბეჭდა კვლევა, სადაც ნაჩვენებია, რომ ექიმების 71% ურჩევს ბრონქიტით დაავადებულ პაციენტებს ანტიბიოტიკებს. მათ იციან, რომ ეს არასწორია: ბრონქიტს ვირუსები იწვევს. ამის მიუხედავად, ექიმები განაგრძობენ ანტიბიოტიკების გამოწერას, რადგან თავად პაციენტებს სურთ ასე.
ჟურნალ Nature-ის მიხედვით, საშუალო ამერიკელი ბავშვი სრულწლოვანებამდე ანტიბიოტიკების 10-20 კურსს გადის. აქედან ნახევარი სრულიად უსარგებლოა.
აქედან დასკვნა თავადვე გამოიტანეთ: უარი თქვით ანტიბიოტიკებზე უბრალო გაციების დროს, თუნდაც იგი ექიმმა გირჩიოთ!