რა ჯობია დღის არომატული და მაგარი ყავით დაწყებას? Gallup-ის უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, ზრდასრული მოსახლეობის 60% დღეში საშუალოდ 1 ფინჯან ყავას მიირთმევს. მეტიც, ისინი აცხადებენ, რომ დამოკიდებულები არიან ყავაზე.
ყავის მოყვარულთა ასეთი რაოდენობა გასაკვირი არაა. გასაკვირი იმის გაგებაა, რომ ყავა შესაძლოა სასარგებლო იყოს ჯანმრთელობისთვის! ვინც ყავას ზომიერად მიირთმევს, მისი მეშვეობით ჯანმრთელობას იუმჯობესებს. დაავადებები, რომელთაც ყავის "ეშინიათ".
ციროზი
რა თქმა უნდა, არ უნდა განვიხილოთ ყავა, როგორც ღვიძლის ციროზის პანაცეა. მას არ შეუძლია ალკოჰოლით ორგანიზმის მოწამვლა შეაჩეროს, თუმცა მას ძალუძს დადებითი ზემოქმედება მოახდინოს ღვიძლზე და ამ საშინელი დაავადების განვითარებას ხელი შეუშალოს.
დიაბეტი
დიაბეტი სერიოზული დაავადებაა, რომლის განკურნება მედიცინის პრეროგატივაა. თუმცა ყავა, შესაძლოა, დიაბეტის განვითარების საწინააღმდეგო საშუალება გახდეს. ამბობენ, რომ სწორედ კოფეინი გახლავთ ძირითადი ძალა დიაბეტის წინააღმდეგ, თუმცა, კვლევების თანახმად, თავად ყავა ქმნის დადებით ეფექტს.
გულის დაავადებები
კოფეინის ზემოქმედება გულზე ბოლომდე შესწავლილი არაა და როდესაც გულის ჯანმრთელობაზე მიდგება საკითხი, აუცილებლად უნდა უსმინოთ ექიმის რჩევას. თუმცა, ყავას შეუძლია გულის სასიკვდილო დაავადებებს შეეწინააღმდეგოს.
სიმსივნე
კვლევა ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა სიმსივნის შემსწავლელი ამერიკის ინსტიტუტი აცხადებს, რომ გარკვეული პროდუქტები, მათ შორის, ყავა, ეწინააღმდეგება სიმსივნის წარმოშობას. ყავას წამალს ვერ ვუწოდებთ, თუმცა მათთვის, ვინც ყავას რეგულარულად მიირთმევს, სიმსივნის განვითარების რისკი მცირდება.
პარკინსონისა და ალცჰეიმერის დაავადებები
ყავა ხელს უწყობს ტვინის ნორმალურ აქტივობას. ასევე, მას შეუძლია პარკინსონისა და ალცჰეიმერის დაავადებების წარმოშობას შეუშალოს ხელი. ახალმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ დღეში 3 ჭიქა ყავის მიღება ეწინააღმდეგება ამ დაავადებების განვითარებას.
ყავის სასარგებლო თვისებები
წვავს ზედმეტ ცხიმს
ყავის კოფეინი სასარგებლოა მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს. იგი აჩქარებს მეტაბოლიზმს, ამცირებს არაჯანსაღი საკვებისადმი მოთხოვნილებას.
გაითვალისწინეთ, რომ ყავა შავი უნდა იყოს. შაქრისა და რძის დამატება მის ეფექტს ანულებს.
ამაღლებს ტვინის აქტივაციის დონეს
კვლევების თანახმად, ყავას შეუძლია კრიტიკული აზროვნების უნარებისა და მეხსიერების გაუმჯობესება. როგორც ცხიმის წვის პროცესში, ამ შემთხვევაშიც გაითვალისწინეთ, რომ ყავა აუცილებლად შავი უნდა იყოს.
ამცირებს ტკივილს
მათთვის, ვისაც ქრონიკული ტკივილები აწუხებს, ყავას შეუძლია დადებითი ეფექტი იქონიოს. ფინჯანი ყავა მოგიხსნით თავის ტკივილს და შეგიმსუბუქებთ მთლიანი სხეულის ტკივილს.
აძლიერებს ადრენალინის გამომუშავებას
"კოფეინი ზრდის ადრენალინის შემცველობას, შედეგად კი, ფიზიკური აქტივობა მაღლდება", - აცხადებს კვების მკვლევარი კრის გუნარსი.
აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას
ყავის მოყვარულებისთვის ცნობილია, რომ დღეში 1-2 ფინჯანი ყავა ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას გამართულად მუშაობაში. Livestrong-ის მტკიცებით, ყავა სასარგებლოა საკვების მონელებისთვის, რადგან ის ამსუბუქებს შეკრულობას.
როგორც ყოველთვის, გირჩევთ გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, რათა შეიტყოთ, უხდება ყავა თქვენს ორგანიზმს თუ არა.