30 მარტს, 20:00 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარმოგიდგენთ კომპოზიტორისა და შემსრულებლის, მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებით საღამოს, სახელწოდებით - „ყველა გიტარას მე დავარქმევ სახელს მამუკას“.
საღამოს დამდგმელი რეჟისორია გაგა გოშაძე.
ბოლო წლების განმავლობაში ბ-ნი მამუკა ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავდა, რომ სანამ ცოცხალია, სურს, სოლო-კონცერტით წარდგეს საკუთარი მრავალრიცხოვანი და საყვარელი მსმენელის წინაშე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული იყო ამ მასშტაბის პროექტის იდეიდან - შესრულებამდე განხორციელება.
დაახლოებით ერთი თვის წინ საორგანიზაციო გუნდმა ახალგაზრდა შემსრულებლების სურვილი, შეესრულებინათ მამუკა ჩარკვიანის სიმღერები, მოკრძალებით მივიტანეთ ავტორთან და მისი შემოქმედებითი საღამოს გასამართად მხარდაჭერა ვთხოვეთ. ისიც დიდი შემართებით, საოცარი ენერგიითა და მონდომებით, ყოველდღიურად გადის რეპეტიციებს და მსმენელთან შესახვედრად ემზადება.
ნოდიკო ტატიშვილი, ოთო ნემსაძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნინი ბადურაშვილი, დათუნა მგელაძე, გიგი ადამაშვილი, გიორგი მეფისაშვილი, ლიზა ჩიჩუა, ლენკა ზვიადაძე, ლევან კბილაშვილი და სხვა ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდა შემსრულებელს უთმობს სცენას და საკუთარ სიმღერებს მამუკა ჩარკვიანი 30 მარტს. საღამოს წარუძღვება ყველასთვის საყვარელი მსახიობი სანდრო მიკუჩაძე.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები, მამუკა ჩარკვიანის მეგობრები, კოლეგები და რა თქმა უნდა, ერთგული მსმენელი.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ: https://tkt.ge/ https://biletebi.ge/startup.aspx