არიანა გრანდეს კონცერტზე, მანჩესტერში მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა მსოფლიო შეძრა. აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა და 59 მძიმედ დაშავდა. 23 წლის პოპ-მომღერალს ამ ტრაგედიამ დაღი დაასვა: ის ერიდება სოცქსელებს და არ კონტაქტობს პრესასთან. მხოლოდ ერთადერთი განცხადება გააკეთა "თვითერში":
"მე განადგურებული ვარ. გულით გთხოვთ პატიებას. სიტყვები არ მაქვს".
როცა სამი ქალიშვილის მამამ, კინოპროდიუსერმა პატრიკ მელსეპსმა არიანას ეს პოსტი წაიკითხა, მან მაშინვე დაწერა საპასუხო წერილი და არიანა გრანდეს "თვითერზე" გამოაქვეყნა. მას შემდეგ წერილი ვირუსული გახდა და მთელ ინტერნეტში გავრცელდა:
ძვირფასო მის გრანდე!
მე სამი ქალიშვილის მამა ვარ - 13-ის, 12-ისა და 12-ის. ასე რომ, დიდი ხანია ჩემი ოჯახის წევრი ხარ. ხანდახან შენი სიმღერები ჩემს მანქანაში მას შემდეგაც ისმის, რაც გოგონებს სკოლაში ვტოვებ.
ვფიქრობ, რომ როგორც ჩემი ოჯახის წევრმა, აუცილებლად უნდა მომისმინო.
1. შენ არ გაქვს ბოდიში მოსახდელი.
ვიღაც არანორმალური, მთვრალი რომ დამჯდარიყო საჭესთან და შენი სახლის წინ ადამიანი გაეტანა, დამნაშავედ იგრძნობდი თავს? შენს კონცერტამდე რომ მანჩესტერს ტორნადო დასტყდომოდა და რამდენიმე შენი თაყვანისმცემელი ემსხვერპლა, ამის გამო ბოდიშს მოიხდიდი?
გაიგე: შეშლილი მხდალის საქციელზე, რომელმაც ბოროტების აქტი შენი თანდასწრებით ჩაიდინა, არანაკლებ პასუხს აგებ, ვიდრე სტიქიური უბედურების ან შენი სასტუმროს წინ ჩადენილი დებილების ქმედებებზე.
2. შენი საქმიანობის სფეროში უამრავი ექსპერტია, რომლებიც ახლა "სტრატეგიებს ადგენენ", როგორ მოიქცე ამის შემდეგ (მეც ასეთი ვიყავი, როცა მსახიობებთან ვმუშაობდი). გაუშვი ყველა, სადაც საჭიროა, მიეცი ერთი თვით შვებულება და აუკრძალე უახლოესი 30 დღით შენთან დარეკვა!
ამ ექსპერტებს არაფერი გაეგებათ შენი განცდების. გაატარე დრო შენს ღმერთთან, შენს ოჯახთან და მეგობრებთან, რომლებიც გვერდში დაგიდგებიან და განუგეშებენ რთულ მომენტში.
3. მხოლოდ მას მერე, რაც მზად იქნები, ყველა შენი ფანატის მამისგან გეტყვი: გააგრძელე სიმღერა.
მუსიკა - ეს მსოფლიო ენაა. ყოველ ჯერზე, როცა შენს ღვთისგან მონიჭებულს ნიჭსა და არაჩვეულებრივ ხმას სამყაროს უზიარებ, ეს ბოროტი ქვეყანა ოდნავ კეთილი ხდება.
ასე რომ, აჰა, ძვირფასო, შენ არამკითხე მსუქანას რჩევები ჯორჯიიდან, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი შვილები და ისეთი ადამიანები, როგორიც შენ ხარ. პირველ რიგში, საკუთარ თავზე იფიქრე. შენი თაყვანისმცემლები არსად წავლენ.
სიყვარულით, მორგანის, ელისონისა და კენდალის მამა!