60 წლის ექიმი, კონრად მიურეი, რომელიც 2011 წელს ლეგენდარული მომღერლის, მაიკლ ჯექსონის არაგანზრახ მკვლელობისთვის დააპატიმრეს, ახლახან გაათავისუფლეს კალიფორნიის ციხიდან.
ექიმმა მიურეიმ ბრიტანულ გამოცემა The Mail On Sunday-ს ციხიდან გამოსვლის შემდეგ მისცა ინტერვიუ, სადაც პოპის მეფეზე სკანდალური განცხადებები გააკეთა.
შეგახსენებთ, 2009 წლის 25 ივნისს 50 წლის მომღერალი გულის შეტევით ნარკოტიკ პროპოფოლის (ეს პრეპარატი ტკივილგამაყუჩებელ და საძილე საშუალებად მიიჩნევა) გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად გარდაიცვალა. დაიწყო გამოძიება, რომლის შედეგადაც, ერთი წლის შემდეგ ექიმი მიურეი პოპ-მუსიკის მეფის სიკვდილში ამხილეს და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.
თუმცა ექიმი დროზე ადრე, თითქოსდა, კალიფორნიის ციხეში პატიმართა სიჭარბის გამო გაათავისუფლეს. რამდენიმე დღის წინ ექიმმა ბრიტანულ გამოცემას სკანდალური ინტერვიუ მისცა.
"მაიკლ ჯექსონი ნარკომანი იყო და მან თავი შემთხვევით მოიკლა. დარწმუნებული ვარ, რომ 2009 წლის 25 ივნისს მან გაიღვიძა, შეძვრა თავის პირად კარადაში, გამოიღო პროპოფილის დოზა და გაიკეთა. მაიკლი სახსრების ტკივილით იტანჯებოდა, მედიკამენტი კი ტკივილგამაყუჩებელი და საძილე საშუალება იყო. მან წამალი ძალიან სწრაფად შეიყვანა კუნთში, - განუმარტა მიურეიმ გაზეთ The Mail On Sunday-ს. ამიტომაც მაიკლს გულის შეტევა დაემართა, რამაც საბოლოოდ სიკვდილი გამოიწვია. სამწუხაროდ, მე და ჩემმა თანაშემწეებმა ძალიან გვიან აღმოვაჩინეთ ის ამ მდგომარეობაში. თუმცა მაიკლ ჯექსონის სიკვდილში არანაირი ბრალი არ მიმიძღვის."
მიურეის განზრახული აქვს, რომ გაასაჩივროს მისი ნასამართლეობა და თავი სრულიად გაამართლებინოს, რათა ექიმის ლიცენზია დაიბრუნოს და ექიმის საქმიანობა განაგრძოს.
გამოცემა The Mail On Sunday-ს ჟურნალისტებმა დრო იხელთეს და მიურეის პოპ-ვარსკვლავის შვილებზეც დაუსვეს რამდენიმე კითხვა. კონკრეტულად კი, დაინტერესდნენ, არიან თუ არა პრინცი მაიკლი, პერისი და ბლანკეტი ჯექსონის ნამდვილი შვილები და არის თუ არა ჯექსონის მეორე ცოლი, დები როუ – მათი ბიოლოგიური დედა. შეგახსენებთ, ეს კითხვა დასავლეთის პრესას არაერთი წელია აწუხებს.
"მაიკლი დები როუს შვილების ბიოლოგიური მამა არ არის, თუმცა დები ნამდვილად მათი დედაა, – დაადასტურა კონრადმა. – მაიკლმა დების სთხოვა, გაეჩინა ბავშვები მისი უახლოესი მეგობრებისგან. თუმცა პერისი, ბლანკეტი და პრინცი მაიკლი არც ეჭვობენ, რომ მათი მამები სამი სხვადასხვა მამაკაცია. მე ვიცი მათი სახელები, მაგრამ ამ საიდუმლოს საფლავში წავიღებ."
ამავე ინტერვიუში მიურეიმ მაიკლ ჯექსონის ჰომოსექსუალიზმზეც მიანიშნა და თქვა, რომ ის ხვდებოდა მაიკლის არატრადიციულ ორიენტაციას, თუმცა თავად მომღერალს პირდაპირ არასოდეს უთქვამს ამის შესახებ.