"რატომღაც ჩემი ცხოვრება თავიდანვე არ აეწყო, ვინც მიყვარდა, ჩემი ნათესავი აღმოჩნდა" ... - ამ საკმაოდ მძიმე ფაქტით დაიწყო საუბარი ნატალია ვ-მ, რომელიც ჯერ რედაქციაში დაგვიკავშირდა და შემდეგ კი გვესტუმრა...
- მე და ლევანიკო 14 წლის ასაკიდან ერთად ვიზრდებოდით. საერთო მეგობრები გვყავდა და სულ ერთად ვატარებდით დროს. ერთმანეთის მიმართ გამორჩეული გრძნობა 16 წლის ასაკში გაგვიჩნდა. გადავწყვიტეთ, როგორც კი უმაღლესში ჩავაბარებდით, რამე სამუშაო გვეპოვა და დავქორწინებულიყავით, მაგრამ ის ბიძაჩემის უკანონო შვილი აღმოჩნდა და ეს ამბავი დაოჯახებამდე ორი კვირით ადრე გავიგეთ... ალბათ, ღმერთმა გადმოგვხედა.
- და ეს ამბავი როგორ გაიგე?
- ბიძაჩემს წლების განმავლობაში საყვარელი ჰყოლია. ბიძას შინ ცოლი და სამი შვილი ელოდა, ხოლო თბილისის გარეუბანში ნაქირავებ ბინაში - ის ქალი. ყოველთვის ვიცოდით, რომ ბიძაჩემი კვირაში ერთი დღე ქალაქგარეთ გადიოდა. სინამდვილეში ღამეს იმ ქალთან ატარებდა. ლევანი 5 წლის იყო, ბიძაჩემი რომ გარდაიცვალა. მედეამ ბინა გაყიდა, შედარებით პატარაში გადაინაცვლა და დარჩენილი ფულით კორპუსის ქვევით მაღაზია შეიძინა. ცხადია, ლევანიკოს თავის და-ძმებთან კონტაქტი არ ჰქონია.
ზუსტად არ ვიცი, მედეამ როგორ გაიგო ჩვენი ამბავი, მაგრამ ერთ დღეს, როცა მე და მისი შვილი დასაქირავებლად ბინას ვეძებდით, დარეკა, უნდა გნახოთ და გელაპარაკოთო. ძალიან განვიცადე. ორი კვირა ხმას არ ვიღებდი. ლევანიკო საერთოდ გაგიჟდა, ამბობდა, მონასტერში უნდა წავიდეო. ბოლოს ბაბუამისის ძმასთან სოფელში წავიდა, იქ დაოჯახდა კიდეც. ახლა მშვენიერი ოჯახი აქვს, ორი შვილი ჰყავს.
- თქვენ?
- მე სამი წელი სერიოზული დეპრესია მქონდა. გონს მოვეგე, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა, ჯგუფელმა მომიტაცა. ნათქვამი ჰქონდა, რომ ვუყვარდი, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. დამავლო ხელი და თავისი ძმაკაცების დახმარებით მანქანაში ჩამტენა. მერე სვანეთისკენ წამიყვანა. ოთახში არავის ვუშვებდი. ჩემებმა ბიძაჩემის მეგობრების დახმარებით მიპოვეს და სახლში წამომიყვანეს. არცკი უკითხავთ, რამე მოხდა თუ არა ჩვენ შორის და საერთოდ, რას ვაპირებდი. ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რომ ლევანიკო დავიწყებული არ მყავდა და უსიყვარულოდ ვერავისთან ვიცხოვრებდი.
იხილეთ სრულად: reitingi.ge