ყველა ქალს არ აქვს დრო, ყოველდღიურად იკეთოს ზედმიწევნით მაკიაჟი. ვიღაც სამსახურში აგვიანებს, ვიღაც უნივერსიტეტში, ზოგს კი სულაც თვითმფრინავის რეისზე აგვიანდება.
როგორ გავიკეთოთ მინიმალურ დროში უნაკლო მაკიაჟი და ამასთან, კარგად გამოვიყურებოდეთ?
საერთოდ, მაკიაჟის სრულფასოვნად გაკეთებას არაუმეტეს 20 წუთი სჭირდება. მთავარია, ყველაფერი სწორი თანმიმდევრობით გააკეთოთ. მოდი, ვნახოთ რჩევები, რომლებიც მაკიაჟის უფრო სწრაფად გაკეთებაში დაგვეხმარება.
რჩევა #1
იმისათვის, რომ ტონალური კრემი მარტივად და თანაბრად განაწილდეს სახეზე, თავდაპირველად წაისვით კანზე დღის დამატენიანებელი კრემი და დაიცადეთ 5 წუთი. სანამ კანი კრემს შეიწოვს, თქვენ შეგიძლიათ მოითავოთ სხვა დილის საქმეები: დაადგათ ჩაიდანი, გაიუთოოთ კაბა ან ბლუზა, გაასწოროთ საწოლი, ჩაილაგოთ ჩანთაში საჭირო ნივთები ან მოიმზადოთ საუზმე. ამის შემდეგ უპრობლემოდ შეგიძლიათ წაისვათ ტონალური კრემი.
რჩევა #2
იმისათვის, რომ დილით ამაზე დრო არ დაკარგოთ, კოსმეტიკა ძილის წინ მოიმზადეთ. მოიფიქრეთ, როგორ მაკიაჟს გაიკეთებთ დილით, რომელ ჩრდილებსა და პომადას გამოიყენებთ. ეს უამრავ დროს დაგიზოგავთ.
რჩევა #3
თუ ძალიან გეჩქარებათ, დილის მაკიაჟის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნება, გლუვი კანი, ხშირი წამწამები და მბზინავი ტუჩები. ასეთი სადა მაკიაჟით სადა, მაგრამ ძალიან მომხიბვლელი იერი გექნებათ.
დაიდეთ ტონალური კრემი სახეზე, აიტუშეთ წამწამები და წაისვით ტუჩის მბზინავი საცხი. სხვათა შორის, ასეთი ტუჩსაცხის წასმა თავისუფლად შეგიძლიათ სახლიდან გასვლის წინ ან ლიფტში.
რჩევა #4
თუ თვალებზე გსურთ აქცენტის გაკეთება, წაისვით ფანქარი. ჩრდილებს სწრაფი მაკიაჟის დროს არ გირჩევდით, მის წასმას საკმაოდ დიდი დრო უნდა. უფრო იდუმალი გამოხედვისთვის, თვალის ფანქარი შეგიძლიათ ფუნჯით ან ბამბის დისკოთი გაინაწილოთ ქუთუთოზე.
რჩევა #5
იმისათვის, რომ ტუჩებზე დიდი დრო არ დაკარგოთ, გამოიყენეთ ტუჩის მბზინავი საცხი. მის წასასმელად არ დაგჭირდებათ კონტური. გარდა ამისა, გამჭვირვალე საცხი ბუნებრივად გამოიყურება და ტუჩებს ნაზსა და სექსუალურს ხდის.
რჩევა #6
იმის მაგივრად, რომ თვალები აიტუშოთ, შეგიძლიათ აიხვიოთ ის წამწამების სპეციალური მაშით. შედეგი – არაჩვეულებრივია. ახვეული წამწამები თვალს უფრო ფართოს აჩენს და გამოხედვას კი - ბრწყინვალეს.
მიჰყევით ამ რჩევებს და დღის მაკიაჟისთვის სულ ცოტა დრო დაგეხარჯებათ.