გგონიათ, შეყვარებული მამაკაცი ყველაფერს გაპატიებთ? ნუ დაგავიწყდებათ, რომ ძლიერი და მტკიცე ხასიათის უკან მგრძნობიარე პიროვნება იმალება. ამიტომ გაეცანით ქალთა "ცოდვებს", რომლებსაც მამაკაცი ვერასდროს გაპატიებთ.
ღალატი
ყველა მამაკაცი საშინელი მესაკუთრეა. იმის გაფიქრებაც კი, რომ საყვარელი ქალი, მის გარდა, შეიძლება სხვასაც ეკუთვნოდეს, უბრალოდ, გააცოფებს. ღალატის ცნება ყველასთვის ინდივიდუალურია; თუ ერთისთვის ეს ფიზიკური კონტაქტია, მეორისთვის ამის გაფიქრებაც კი საშინელებაა. ამასთანავე, ღალატით თქვენ მას ღირსებას ულახავთ. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ურჩევნიათ, დაშორდნენ საყვარელ ქალს, ვიდრე აპატიონ და ყოველდღე ახსენდებოდეთ ტკივილი, რაც მათ მიანიჭეს.
სხვა მამაკაცებთან შედარება
ღმერთმა დაგიფაროთ, რომ საყვარელი მამაკაცი სხვას (მეგობარს, ნაცნობს და მით უმეტეს, ყოფილს) შეადაროთ. კაცისთვის სხვასთან შედარება გულში ლახვრის ჩაცემას უდრის. თქვენთვის ის ერთადერთი და განუმეორებელი უნდა იყოს. მუდმივად სხვასთან შედარება კი თქვენთან დაშორების სურვილს გაუჩენს და იმასთან წავა, ვინც გააღმერთებს.
მატერიალური დაინტერესება
თუ მუდამ სთხოვთ, გიყიდოთ ძვირად ღირებული საჩუქრები, საყიდლებით კი დაქალებთან მოგაქვთ თავი, მას მამაკაცად კი არა, ამოუწურავ საფულედ მიიჩნევთ. მამაკაცისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ ის გიყვარდეთ და არა მისი ფულები, მანქანა, სახლი და ა.შ.
დაცინვა
ყველა მამაკაცს აქვს ოცნება, თუნდაც სულელური, მაგრამ არაა აუცილებელი, ამის გამო მას დასცინოთ. თუ მას სწამს, რომ ოდესმე ეს ოცნება აუხდება, ნუ დაუკარგავთ იმედს, ნუ აშაყირებთ, დაეხმარეთ და გაამხნევეთ მაინც. ხოლო, თუ მისი ოცნებები სულელური კი არა, სავსებით რეალურია, მით უმეტეს, უნდა შეუწყოთ ხელი, რათა იგი მუდამ მზად იყოს საყვარელი ქალისთვის ახლ-ახალი მწვერვალების დასაპყრობად.
მისი დედისა და მეგობრების შეურაცხყოფა
გვერდით როგორი ძლიერი მამაკაციც უნდა გყავდეთ, დედა მისთვის ერთადერთი ადამიანია, ვის კალთაშიც პატარა ბიჭივით უნდა თავის ჩარგვა და ზოგჯერ ტირილიც კი. გახსოვდეთ, ნებისმიერი მამაკაცისთვის დედა საფიცარია. რაც შეეხებათ მის მეგობრებს, როგორი უცნაურებიც უნდა იყვნენ ისინი, ეცადეთ, მათთან საერთო ენა გამონახოთ. "მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ" - თუ შეურაცხყოფას მის მეგობრებს აყენებთ, ე.ი. ისიც მათნაირია და მათრახი მასაც ხვდება.
სისულელე
ნუ გგონიათ, რომ ყველა მამაკაცს მხოლოდ ქალის მკერდი აინტერესებს. არიან ისეთებიც, ვინც ქალში ინტელექტუალურ შეფასებებს ამჩნევს და მასთან საუბარიც სიამოვნებს. ამიტომ ნუ გგონიათ ისინი სულელი არსებები, რომლებსაც მარტო მკერდი, ფეხბურთი და დალევა აინტერესებს.
პირველობა
მიუხედავად გენდერული თანასწორობისა და ქალების ემანსიპაციისა, მამაკაცი ოჯახში მაინც მთავარი ფიგურაა და ნუ ეცდებით, თავი მასზე მაღლა დააყენოთ. რაში გჭირდებათ იმის დემონსტრირება, რომ მასზე უკეთესი ხართ? ქალს შეუძლია, დაარწმუნოს მამაკაცი იმაში, რომ ისაა ყველაზე ძლიერი, მაგარი და ა.შ. და მამაკაციც უკეთესობისკენ შეიცვლება. იყოს მამაკაცი პირველი, თქვენ კი დაუცველი და ნაზი იყავით, რომელსაც საყვარელი მამაკაცის გარეშე არაფრის გაკეთება არ შეუძლია.