მყუდრო, ლამაზი და კომფორტული საძინებელი ყოველი დიასახლისის ოცნებაა.
ჩვენი ცხოვრების მესამედს ხომ სწორედ ძილში ვატარებთ? ეს გახლავთ ყველაზე ინტიმური ოთახი და შესაბამისად, მისი დიზაინი სხვა დანარჩენი ოთახებისაგან განსხვავებული უნდა იყოს.
სასურველია, რომ საძინებელი ოთახი ბინის ყველაზე მშვიდ ნაწილში მდებარეობდეს, რათა ქუჩის ხმაურმა ძილში ხელი არ შეგიშალოთ. საძინებელი ოთახის დიზაინი დამოკიდებულია ოთახის ზომაზე, ფორმაზე, განათებასა და რაღა თქმა უნდა, ავეჯზე. დიზაინი საშუალებას მოგცემთ, ნებისმიერ პირობებში შექმნათ მყუდრო კუთხე, დაფაროთ ოთახის უარყოფითი მხარეები, ხოლო დადებითი - გამოკვეთოთ.
მაგალითად, ნათელი ფერები ოთახის სივრცეს ვიზუალურად უფრო დიდს წარმოაჩენს. თუ ფანჯარა სამხრეთით გადის, მაშინ ოთახის გაფორმებაში უფრო ცივი ფერები იქნება მომგებიანი. ყველაზე ხშირად საძინებელი ოთახისთვის დამამშვიდებელ, ნაზ პასტელის ფერებს ირჩევენ.
მაგალითად: კრემისფერს, ყვითელს, ჩალისფერს. ფერების შერჩევა ინდივიდუალურად, სახლის პატრონების გემოვნების მიხედვით ხდება. ამიტომ ნუ დაგავიწყდებათ, რომ საძინებელი არის დასასვენებელი ოთახი და ფანტაზიაში ნუ გადააჭარბებთ.
საძინებლის დაგეგმარება საწოლიდან უნდა დაიწყოთ. ის ინტერიერის მთავარი კომპონენტია, რომელიც საძინებლისთვის არის შექმნილი. არ არის მიზანშეწონილი საწოლის კართან ძალიან ახლოს დადგმა. სასურველია, თუ ფართო საწოლი ზურგით კედელთან იდგება, რათა ორივე მხრიდან თავისუფლად შეძლოთ მიდგომა.
უფრო კონკრეტული რჩევებისთვის კომპანია "ემბავუდის" დიზაინერს, დიმიტრი გრაჩევს მივმართეთ.
- დიმიტრი, როგორ მოვაწყოთ საძინებელი?
- იმისთვის, რომ სრულფასოვნად დაისვენოთ და გამოიძინოთ, აუცილებელი პირობაა, რომ საწოლი იყოს მაქსიმალურად კომფორტული და მორგებული კონკრეტულ ადამიანზე. არ არის აუცილებელი, აჰყვე ტენდენციებს და აქცენტი მხოლოდ დიზაინის ვიზუალურ მხარეზე გააკეთო.
შენი სახლი შენი კომფორტის ზონაა და მისი მოწყობის დროს ყოველი დეტალი უნდა გაითვალისწინო. ბევრი თვლის, რომ თუ საძინებელი ოთახის დეკორი ერთ ფერში იქნება გადაწყვეტილი, დიზაინი უფრო სადა და ლამაზი იქნება.
მთლიანად ერთ ფერში მოწყობილი ოთახი უინტერესო და მოსაწყენი იქნება. ბევრად უფრო ეფექტურია ფერების კომბინაციები. საწოლის თავის მხარეს, კედელი შეგიძლიათ განსხვავებულ ფერში შეღებოთ ან გააკეთოთ დეკორატიული კედელი, დადგათ ოთახის მცენარე.
- რა უნდა გავითვალისწინოთ საწოლის არჩევის დროს?
- საწოლი, პირველ რიგში, უნდა იყოს გამძლე. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება კონსტრუქციას და მატრასს. მაგალითად, ჩვენს კომპანიას აქვს ლაბორატორია, სადაც ხდება შემოწმება და დიაგნოსტიკა, ავეჯის რომელი ადგილები ზიანდება ყველაზე ხშირად გამოყენებაში.
შემოწმების საფუძველზე იხვეწება და მყარდება ის კონკრეტული ნაწილები, რომლებიც ყველაზე ადრე ცვდება. თუ საწოლი ჭრიჭინებს ან იშლება, ძალიან დისკომფორტს უქმნის ადამიანს. ხარისხიანი მატრასი ჯანმრთელობის გარანტიაა.
შეიძლება ვიზუალურად ძალიან ლამაზი იყოს, მაგრამ ვერ ხედავდე, რა ხდება შიგნით. ჩვენ მიერ წარმოებული ორთოპედიული მატრასიც ლაბორატორიულად მოწმდება. ორთოპედიული მატრასი ზამბარების საფუძველზე უნდა იყოს დამზადებული და საკმაოდ მყარი უნდა იყოს.
- რა ზომის უნდა იყოს საწოლი?
- 160 მ სიგანე და 200 მ სიგრძე - საწოლის მინიმალური ზომაა, რაც მართკუთხედის ფორმის ან მცირე ფართის ოთახისთვის ძალიან მოსახერხებელია. სასურველია, რომ საწოლის თავი მიმართული იყოს ჩრდილოეთით, ხოლო ფეხები, უნდა ვეცადოთ, რომ კარებისკენ არ იყოს მიმართული.
რაც შეეხება საძინებელი ოთახის დანარჩენ ავეჯს?
საძინებელში მნიშვნელოვანია კარადა, რომელიც პრაქტიკული და ტევადი უნდა იყოს. ძალიან მოსახერხებელია კარადის კარის მთელ სიგრძეზე დამაგრებული სარკე, რომელიც ადგილის მოგების თვალსაზრისით ძალიან მომგებიანია. კარადა უნდა იყოს ტევადი.
არსებობს ორი სახის კარები: - "სლაიდი", ანუ გასასრიალებელი კარით (ე.წ. კუპე-გარდერობი) და ჩვეულებრივი, გამოსაღები კარით. "სლაიდი" პრაქტიკულია პატარა საძინებლისთვის, რადგან გაღების შემთხვევაში არაფერი შეუშლის ხელს.
ავეჯის შეძენის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია მისი გარანტია. რა მასალითაც უნდა იყოს დამზადებული ავეჯი, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება აზიანებს მის ზედაპირს: ხუნდება, გასდის ფერი და კარგავს სახეს. ამიტომ ავეჯს პირდაპირ არ უნდა ეცემოდეს მზის სხივები. რაც შეეხება საწოლის კარკასს, ის უნდა იყოს მყარი.
ასევე, მნიშვნელოვანია ავეჯის აწყობა-მონტაჟი. არასწორად აწყობილი ავეჯი მალე დაიშლება. ჩვენი მემონტაჟეები გადიან ტრენინგს, რომ სწორად ააწყონ ავეჯი, რათა დიდხანს ემსახუროს ჩვენს მომხმარებელს.
არ არის აუცილებელი, რომ ფარდა იყოს დივნის ფერში. ნუ შეგეშინდებათ აქცენტების გაკეთების. ყველაფერი ერთ ფერში საკმაოდ მოსაბეზრებელია. ავეჯი ინტერიერის ძირითადი სახეა. ამიტომ, პირველ რიგში, ყველა ადამიანმა უნდა განსაზღვროს, თუ რა არის კონკრეტულად მისი სტილი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს საძინებელი ოთახის მოწყობა.
თეა ინასარიძე