როცა ექიმის მიერ გამოწერილი პრეპარატის მიღებას ვიწყებთ, რა თქმა უნდა, ჩვეულ კვების რეჟიმს არ ვცვლით. არადა, ზოგიერთი წამლის გარკვეულ საკვებთან ერთად მიღებამ, შესაძლოა, ან გაართულოს სიტუაცია, ან საერთოდ გაანეიტრალოს წამლის მოქმედება.
მაგრამ თუკი მკურნალობის დროს სწორადაც ვიკვებებით, პირიქით, წამლის ეფექტი ერთიორად გაიზრდება და მალე გამოვჯანმრთელდებით.
მაშ ასე, თუ იღებთ...
ანტიბიოტიკებს: ბიომიცინს, ტეტრაციკლინს და მსგავს პრეპარატებს, გაითვალისწინეთ, რომ მენიუდან უნდა გამორიცხოთ რძე და რძის პროდუქტები, რადგან ისინი მთლიანად ანეიტრალებენ ანტიბიოტიკების მოქმედებას. კატეგორიულად დაუშვებელია ალკოჰოლი. მიირთვით მეტი ხილი, ბოსტნეული და მწვანილი. დროებით უარი თქვით მჟავე ხილზე, გაზიანებზე, წვენებზე, მშრალ ღვინოსა და ნებისმიერ კერძზე, რომელსაც ძმარი აქვს დამატებული.
ანტიდეპრესანტები: ეს პრეპარატები შეიცავს ინჰიბიტორ მონოამინოქსიდაზებს, ამიტომაც მათთან ერთად არ შეიძლება მიიღოთ ნადები ყველი, ასევე, დაობებულიც; კომბოსტოს მწნილი, სოიოს სოუსი, ძროხისა და ქათმის ღვიძლი, იოგურტი, ლეღვი, ქიშმიში და არაჟანი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტი შეიცავს ტირამინს, რომელმაც ინჰიბიტორ მონოამინოქსიდაზებთან შეთავსებით, შესაძლოა, გამოიწვიოს მაღალი არტერიული წნევა.
შენიშვნა: ანტიდეპრესანტების მიღებისას, კატეგორიული უარი თქვით ალკოჰოლზე, განსაკუთრებით კი, წითელ ღვინოზე.
ანტიკოაგულანტების (სისხლის გამათხელებლები) მიღება არ შეიძლება შტოშის წვენთან, მორსთან და თავად შტოშთან ერთად. ასეთმა შეთავსებამ შესაძლოა შინაგანი სისხლდენა გამოიწვიოს.
ასპირინი. მისი მიღებისას მიირთვით კერძები ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მცირეოდენი შემცველობით. სხვაგვარად წამლისგან მიღებული ეფექტი ორჯერ შემცირდება. უარი თქვით ციტრუსების წვენებზე, რადგან ასპირინთან ერთად მათ, შესაძლოა, კუჭის ლორწოვანი გარსი გააღიზიანონ.
შენიშვნა: არასოდეს მიაყოლოთ ასპირინს რძე (არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ ასე დავიცავთ კუჭის ლორწოვან გარსს), რადგან ის სრულიად ანეიტრალებს წამლის მოქმედებას და პრეპარატი საერთოდ არ იმოქმედებს.
ტკივილგამაყუჩებლები: პირამიდონი, ამიდოპირინი და სხვა მსგავსი წამლის მიღება არ არის რეკომენდებული შებოლილ პროდუქტებთან, რადგან ასე წამლის მოქმედება განეიტრალდება.
ჰორმონალური პრეპარატები. ისინი მოქმედებენ ნივთიერებათა ცვლაზე, ამიტომაც გართულებების თავიდან აცილების მიზნით უნდა მიიღოთ ხაჭო და სხვა რძის პროდუქტები; ასევე, კურაგა, თევზი, ქიშმიში, კენკრა და გოგრა (ეს პროდუქტები ბევრ ცილას, კალიუმის მარილებსა და ვიტამინებს შეიცავს).
რკინის შემცველი წამლები. მათი მიღებისას უარი თქვით ყავაზე, ჩაიზე, ცომეულზე, ტკბილეულზე, რძის პროდუქტებსა და თხილეულზე. ყველა ჩამოთვლილი პროდუქტი ართულებს ორგანიზმის მიერ რკინის შეთვისებას.
კლოფელინის (წნევის დამწევი) მიღება არ შეიძლება ალკოჰოლთან ერთად. ალკოჰოლი გაანეიტრალებს პრეპარატის ეფექტს, რამაც შესაძლოა წნევის კიდევ უფრო მაღლა აწევა გამოიწვიოს.
შენიშვნა: კლოფელინის ალკოჰოლთან მიღებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს გონების დაკარგვა.
შარდმდენი პრეპარატები. მათ ორგანიზმიდან კალიუმი გამოაქვთ. ამიტომაც მარაგისთვის აუცილებელია მიიღოთ მწვანე ბარდა, ისპანახი, კურაგა, ჭარხალი, ხახვი, კარტოფილი, ვაშლი და სტაფილო.
რევმატიზმის სამკურნალო პრეპარატები: ეს წამლები საკმაოდ აგრესიულად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსზე. ამიტომაც მკურნალობის დროს საჭიროა მკაცრი დიეტის დაცვა: უარი თქვით უმ ბოსტნეულსა და ხილზე, შემწვარ კერძებზე, სოკოზე, ხორცისა და თევზის ბულიონზე.