GEM fest-ის Line-up-ს Tale of us დაემატა! - Marao

GEM fest-ის Line-up-ს Tale of us დაემატა!

2015-07-02 18:10:50+04:00

ანაკლიაში, 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი იმართება. ეს ქართული ბრენდია, რომელიც წელს ფუძნდება და ძალიან ბევრი გეგმა აქვს სხვადასხვა მიმართულებით.

ამ რამდენიმე დღის წინ GEM fest-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ, "სოლიდარობის ფონდის" აღმასრულებელ დირექტორ მარიამ ჯაშთან ერთად, ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც მისი კომპანიის მიერ გამართული ყველა ღონისძიების თითო ბილეთიდან ლარი სწორედ ზემოხსენებული ფონდის ანგარიშზე დაირიცხება.

თუმცა, გარდა ქველმოქმედებისა, ფესტივალს კიდევ ერთი მიზანიც აქვს, ანაკლიისადმი ყურადღების მიპყრობაც და ეს მიზანი, შეიძლება ითქვას, მიღწეულია. ზუსტად ორი თვის განმავლობაში ფესტივალში ჩართული პრომოუტერების მთავარი მიზანი რაც შეიძლება საინტერესო ლაინ-აფის შედგენა იყო.

მათი მონდომების შედეგი ის გახლავთ, რომ 30 ივლისიდან ანაკლიაში განლაგებულ ხუთ სცენაზე 23 ქვეყნიდან 100-ზე მეტი შემსრულებელი დაუკრავს. მათ შორის ისეთი სახელებია, რომლებიც დღევანდელი ელექტრონული მუსიკის სივრცეში ძალიან მსუყედ გამოიყურებიან - არმინ ვან ბიურენი, ლუჩიანო, ელენ ელიენი, David August, Booka Shade, Dubfire. მონაწილეებს შორის ახლახან კიდევ ერთი დიჯეური დუეტი დასახელდა - Tale Of Us, რომელსაც ძალიან კარგად იცნობენ ელექტრონული მუსიკის მოყვარულები.

კარმი და მატეო მილერი ერთმანეთს მილანში შეხვდნენ. ჩამოაყალიბეს დუეტი, რომელმაც სრულიად ახალი ჟღერადობა და სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის სინთეზი მოსინჯა და ძალიან წარმატებულადაც. ისინი 2011 წლიდან მსოფლიოს ცნობილ კლუბებში გამოდიან, ძალიან დიდი აუდიტორიის წინაშე. საქართველოში კი პირველად ჩამოვლენ და ანაკლიაში შეკრებილების წინაშე დაუკრავენ სეტს.

ანაკლიაში მოხვედრა, 9-დღიანი მუსიკალური ღონსიძიების ფარგლებში, ყველას შეუძლია. სტუდენტებისთვის ფასდაკლება მოქმედებს და მულტი-პასის, ანუ ტერიტორიაზე ყველა ივენთზე დასასწრები ბილეთის შეძენა ჯერჯერობით 100 ლარად შეუძლიათ, ჩვეულებრივი ფასი კი 150 ლარი გახლავთ. ბილეთების შეძენა eventer.ge-ზეა შესაძლებელი.

GEM fest-ის ოფიციალური მხარდამჭერია www.marao.ge