საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ და ორგანიზაცია Garage 48-მა ესტონეთის მთავრობის გრანტი მოიპოვა, რის შედეგადაც თბილისი შემოდგომაზე 3 დიდ ტექნოლოგიურ ღონისძიებას უმასპინძლებს.
სექტემბერში გაიმართება პროგრამისტთა შეჯიბრება, ე.წ. ჰაკათონი (Hack-a-thon), სადაც მონაწილეები შეზღუდულ დროში ვებ და მობილურ აპლიკაციებს შექმნიან.
ოქტომბერში გაიმართება ინჟინერების, პროგრამისტებისა და დიზაინერების კონკურსი, ე.წ. მეიქათონი (Make-a-thon), სადაც მონაწილეები ერთმანეთს მოკლე დროში სხვადასხვა ტიპის ინოვაციური პროდუქტის შექმნაში შეეჯიბრებიან. ღონისძიების მონაწილეებს საშუალება მიეცემათ, გამოიყენონ ილიას უნივერსიტეტში არსებული სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბის) აღჭურვილობა: 3D პრინტერი, ლაზერული მჭრელი, CNC დანადგარი და ა.შ.
პროექტის მესამე, დასკვნითი ეტაპი კი ესტონელ მენტორებთან ერთად ერთკვირიან ინტენსიურ ტრენინგებს გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც "ჰაკათონისა" და "მეიქათონის" საუკეთესო გუნდები საკუთარ ბიზნესმოდელს დახვეწენ და მიიღებენ რჩევებს წარმატებული, ინოვაციური ესტონური კომპანიების ხელმძღვანელებისაგან.
Garage 48 - ეს არის ესტონური ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას ესტონური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისათვის. ორგანიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა მისი კავშირი ესტონური სტარტაპ ეკოსისტემის ისეთ წამყვან მოთამაშეებთან, როგორებიცაა: Skype, Transferwise, Taxify, Pipedrive და ა.შ. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად გამართულ ღონისძიებაში სწორედ აღნიშნული კომპანიების წარმომადგენელი მენტორები მიიღებენ მონაწილეობას.
ესტონეთის მთავრობის მიერ მოპოვებული გრანტის საერთო ოდენობა 40,000 ევროს შეადგენს, რაც სრულად მოხმარდება აღნიშნული ღონისძიებების ორგანიზებას და მასში წამყვანი ესტონელი მენტორების ჩართულობის უზრუნველყოფას.
Garage 48-ის წარმომადგენლებმა სააგენტოსთან ერთად ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებზე სამუშაოდ 16-17 ივლისს სამუშაო ვიზიტი გამართეს.