ლოფერები "უსაქმურთა" ფეხსაცმელი - Marao

ლოფერები "უსაქმურთა" ფეხსაცმელი

2011-09-27 18:00:38+04:00

მოდის სამყაროში XX საუკუნე იმით გამოირჩევა, რომ ქალბატონებმა უამრავი ნივთი მიითვისეს მამაკაცთა გარდერობიდან - შარვლები, სმოკინგი, პერანგი და, რა თქმა უნდა, ფეხსაცმელებიც: ოქსფორდები, მოკასინები და ლოფერები, რომლებიც უკვე კლასიკად იქცა.

პირველი ლოფერები 1932 წელს გამოჩნდა. თავდაპირველად მსგავს ფეხსაცმელს ნორვეგიელი მეთევზეები და ინგლისელი მესაზღვრეები ატარებდნენ. თვით სიტყვა Lofer "უსაქმურს" ნიშნავს. საქმე ის არის, რომ მეზღვაურები ნაპირზე უსაქმურად ატარებდნენ დროს, ამიტომ ლოფერებს "უსაქმურთა" ფეხსაცმელი უწოდეს.

1940-50-იან წლებში ჰოლივუდის ვარსკვლავებმა კეტრინ ჰეპბერნმა, გრეის კელიმ და ოდრი ჰეპბერნმა "მამაკაცური" ლოფერებისგან დახვეწილი ქალური მოდელები შექმნეს, მათი მიბაძვით, ქალბატონებმა აქტიურად დაიწყეს ექსპერიმენტები მამაკაცის სამოსთან დაკავშირებით.

დღეს ამ კომფორტული ფეხსაცმლის თაყვანისმცემლები არიან კირსტენ დანსტი, კეტი ჰოლმსი, კელი ოსბორნი.

ლოფერები დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა - ქუსლიანიც და უქუსლოც, ფერადიც და კლასიკურიც - ნებისმიერს შეუძლია საკუთარი სურვილისამებრ შეარჩიოს. ლოფერებთან შეგიძლიათ ჩაიცვათ აკურატული ნაკეცებიანი ბოლოკაბა, მკაცრი კარდიგანი და წინდები და მიიღებთ ამ სეზონზე აქტუალურ კოლეჯის მოსწავლის სახეს. თუმცა, თანამედროვე ქალბატონები ლოფერებს ჯინსსა და მოკლე შორტებთან ერთად იცვამენ.

კიდევ ერთი ფეხსაცმელი, რომელიც ქალბატონებმა მამაკაცებს წაართვეს, ოქსფორდებია. სხვათა შორის, ის გახლდათ პირველი თასმებიანი ფეხსაცმელი, რომელიც სტუდენტებმა ჩაიცვეს.

ოქსფორდები ყოველთვის ასოცირდებოდა პიჟონობასთან და ბურჟუაზიულ და არისტოკრატულ გემოვნებად აღიქმებოდა. თანამედროვე ოქსფორდები სხვადასხვა ფერისაა. ისინი უკვე სტილის სიმბოლოდ იქცა. ოქსფორდების თანამედროვე თაყვანისმცემელთა შორის არიან რიანა, სიენა მილერი, ალექსა ჩანგი, სელმა ბლერი.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)