რა საიდუმლოს გათქვამს თქვენი საყვარელი ფერი (+ გიფები) - Marao

რა საიდუმლოს გათქვამს თქვენი საყვარელი ფერი (+ გიფები)

2015-09-07 13:29:20+04:00

ბავშვობაში კითხვა: ”რომელია შენი საყვარელი ფერი” საუბრის დაწყების საუკეთესო საშუალება იყო. ფსიქოლოგების აზრით, ადამიანის ხასიათის გამოცნობა მისი საყვარელი ფერის მიხედვით შეიძლება. მოდი, ერთად შევამოწმოთ მეცნიერების ვარაუდები.

შავი - მგრძნობიარე და გემოვნებიანი ადამიანების ფერია. მას ამბიციური, შემოქმედი, მებრძოლი ადამიანები ირჩევენ. შავის მოყვარულს შეიძლება მძიმე ბავშვობა ან ცხოვრება ჰქონდა. ის, ვინც შავს ირჩევს, მუდამ გამოცანად რჩება გარშემო მყოფებისთვის. მათ შეცნობას წლები დასჭირდება. თანაც, ახლოს ყველას არ უშვებენ და ნურც გექნებათ იმედი, რომ გაცნობისთანავე დაუმეგობრდებით.

ლურჯი - ჰარმონიის ფერია. თუ ამ ფერს ამჯობინებთ, თქვენთვის პრიორიტეტულია სხვებზე ზრუნვა და სტაბილურობა. ერთგული ხართ და სხვების ტკივილის გამზიარებელი. ”ლურჯი” ზედმეტად ფრთხილია, სტერეოტიპებს მიჯაჭვული. არ ახასიათებს იმპულსურობა, აკონტროლებს აზრებს, ემოციებს და სანამ რამეს იტყვის, ათჯერ დაფიქრდება.

მწვანე - მოსიყვარულე, თბილი, სოციალურად აქტიური ადამიანების ფერია. კარგად ეგუებიან ახალ გარემო პირობებს. სიმშვიდეს ინარჩუნებენ მაშინაც კი, როცა კრიზისს განიცდიან. დაწყებული საქმეები ყოველთვის ბოლომდე მიჰყავთ. ”მწვანესთვის” მნიშვნელოვანია, საჭირო იყოს გარშემო მყოფებისთვის. მათ მუდამ აინტერესებთ, რას ფიქრობს ხალხი მათზე.

ფორთოხლისფერი - ერთხელ ფრენკ სინატრამ თქვა: ”ფორთოხლისფერი ყველაზე ბედნიერი ფერია” და ფსიქოლოგები მას ეთანხმებიან. აქტიური, მხიარული, უშიშარი, სოციალურად აქტიური ადამიანები უპირატესობას ფორთოხლისფერს ანიჭებენ. სხვათა შორის, ისინი ზოგჯერ ცვალებადები და ამოუცნობებიც არიან, მაგრამ სიცოცხლით აღსავსენი და გულწრფელები.

ვარდისფერი - სიყვარულისა და გრძნობის ფერია. ვარდისფერის მოყვარული გოგონასგან კარგი დედა დგება. მათ რბილი ხასიათი აქვთ და ბავშვებს სიყვარულსა და მზრუნველობაში ზრდიან. ცდებით, თუ გგონიათ, რომ ვარდისფერი მარტო ქარაფშუტა ქალებს მოსწონთ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვარდისფერი მეოცნებე, გამომგონებელი ადამიანების ფერია.

მუქი იასამნისფერი - შემოქმედებითი და ამბიციური ადამიანების ფერია. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ, უყვართ სარკაზმი და ხშირად ლიდერებისა და გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიებს სწავლობენ. მიუხედავად ორიგინალური და ზოგჯერ წარმოუდგენელი იდეებისა, გარშემო მყოფებში კეთილგანწყობით სარგებლობენ და მათ ხშირადაც ბაძავენ.

ყავისფერი - ერთგული, მომთმენი, შრომისმოყვარე ადამიანი ხართ. სკოლაში ალბათ საუკეთესო მოსწავლე იყავით და სამსახურშიც საუკეთესო ხართ. გარშემო მყოფებს შეიძლება ზოგჯერ მოსაწყენიც კი ეჩვენებით. იუმორის გრძნობის მიუხედავად, არასდროს გაეხუმრებით ახლობლებს. გიყვართ წესრიგი და საკუთარი თავისთვისაც კი ეკონომიურად ხარჯავთ ფულს.

წითელი - ვერ იტანთ რუტინას და მონოტონურობას. ენერგიული და ხალისიანი ადამიანი ხართ, რომელიც მუდამ მზადაა თავგადასავლებისთვის. არ გეშინიათ ყველაზე გიჟური იდეების განხორციელების. ყველასთან გულწრფელი ხართ და ყველაფერზე დაუფარავად საუბრობთ. ზოგჯერ კი მოუთმენელი და აგრესიული ხართ. გახსოვდეთ, წითლის მოყვარულს არც თავად სცალია მოსაწყენად და არც სხვებს მოაწყენს.

თეთრი - ორგანიზებული და სისუფთავის მოყვარული ადამიანები თეთრს ირჩევენ. ფსიქოლოგების აზრით, თეთრი ახალგაზრდული ფერია და მისი მოყვარულები გემოვნებიანი დიზაინერები არიან. ხოლო, თუ თეთრი ფერი ხანდაზმულ ადამიანებს შეუყვარდათ, იცოდეთ, ისინი სრულყოფილებისკენ მიისწრაფიან.

ნაცრისფერი - ერთგული და დამცველი ხართ. ახლობლების გამო შეუძლებელს შეძლებთ. მეგობრებსა და ნათესავებს მუდამ აქვთ თქვენი იმედი. არ გიყვართ ჩხუბი და დრამა. გირჩევნიათ დაეთანხმოთ ოპონენტს, ვიდრე ეკამათოთ. ხშირად ექცევით გარშემო მყოფების გავლენის ქვეშ. ზოგიერთი მოსაწყენ, პესიმისტ ადამიანად გთვლით, თავად კი საკუთარი თავის კრიტიკა გიყვართ.

ყვითელი - ბედნიერი და ოპტიმისტი ადამიანი ხართ, რომელსაც კარგი წარმოსახვის უნარი აქვს. გიყვართ ინტელექტუალური თამაშები. არ გიყვართ ემოციების გამოხატვა და თქვენთვის ყველაზე რთულ მომენტშიც კი ცდილობთ გაღიმებას. ყვითლის მოყვარული ჯიუტი პერფექციონისტია, რომელსაც სურს, ყველაფერი იყოს ისე, როგორც მან ჩაიფიქრა. თქვენი იუმორის გრძნობა კი ყველაზე გაუცინარ ადამიანსაც გააღიმებს.