ჰოლივუდის მსახიობ ჯიმ ქერის მეგობარმა გოგონამ, 28 წლის კეტრიონა უაიტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სიკვდილის წინ მან დაწერა წერილი, სადაც აცხადებს, რომ ეს მსახიობთან განშორების გამო გააკეთა.
ქალის სხეული ლოს-ანჯელესში, მის სახლში აღმოაჩინეს. რამდენიმე ხნის განმავლობაში კეტრიონა ხაზზე არ გამოდიოდა, ამიტომაც მეგობრებმა გადაწყვიტეს, სახლში მიეკითხათ. სიკვდილის მიზეზი წამლების დიდი დოზა იყო. გარდაცვლილის სხეულის გვერდით აბები ეყარა.
ირლანდიელი კეტრიონა ჰოლივუდში გრიმისა და მაკიაჟის განხრით მუშაობდა. სიკვდილამდე 5 დღით ადრე ქალი მეორედ დაშორდა ჯიმ ქერის. იმ დღეს უაიტმა "თვითერში" უკანასკნელი პოსტი დატოვა: "მშვიდობით, თვითერო. იმედი მაქვს, ჩემთვის ძვირფასი და ახლობელი ადამიანების ცხოვრებაში ნათელი შემქონდა".
წერილში კი, რომელიც კეტრიონამ სიკვდილის წინ დაწერა, თვითმკვლელობის მიზეზად მსახიობთან განშორებას ასახელებს.
უაიტის თვითმკვლელობის ცნობიდან მალევე ჯიმ ქერიმ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მომხდარი დაადასტურა.
"ის კეთილი და სათნო ადამიანი იყო – ნამდვილი ირლანდიური ყვავილი, ზედმეტად მგრძნობიარე ამ ქვეყნისთვის. მისთვის უმთავრესი სიყვარული იყო. ახლა მის ოჯახზე ვფიქრობ, მათზე, ვისთვისაც ის უძვირფასესი ადამიანი იყო. ყველა ჩვენგანისთვის ეს უმძიმესი დარტყმაა" – წერს 53 წლის მსახიობი.
კეტრიონ უაიტის გარდაცვალების მიზეზის ოფიაციალური დასკვნა აუტოფსიის შემდეგ გამოქვეყნდება, თუმცა ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ჯიმმა და კეტრიონმა ერთმანეთი 2012 წელს გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. მაშინ მათი რომანი მხოლოდ რამდენიმე თვეს გაგრძელდა. წყვილმა ურთიერთობა ამ წლის მაისში განაახლა. ჟურნალისტების ვერსიით, ქალის თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ისინი კვლავ დაშორდნენ ერთმანეთს.