5 საღამოს ვარცხნილობა, რომლის გაკეთებაც თავადაც მარტივად შეგიძლია! - Marao

5 საღამოს ვარცხნილობა, რომლის გაკეთებაც თავადაც მარტივად შეგიძლია!

2020-01-16 10:21:24+04:00

გადადე თმის დასაყენებლად განკუთვნილი ფული სხვა რამისთვის და გაიკეთე სადღესასწაულო ვარცხნილობა საკუთარი ხელით Wella-ს da Braun-ის საერთაშორისო ექსპერტის, საშა ბროიერის ინსტრუქციით.

1. არისტოკრატული

ნაბიჯი 1: წაისვი დაბანილ თმაზე მოცულობის მისაცემი მუსი, გაიშრე თმა მრგვალი, დიდი დიამეტრის სავარცხლით.

ნაბიჯი 2: დაიხვიე თმა ბიგუდებით ან მსხვილი დიამეტრის სტაილერით (თმის ელექტროდასახვევით). ოდნავ აიჩეჩე კბილებიანი სავარცხლით თმის ბოლოები და ძირები.

ნაბიჯი 3: გადაივარცხნე თმა ერთ მხარეს და დაიმაგრე უკან თმის სარჭით. შემდეგ აიღე თმა მეორე მხრიდან და გაიკეთე ნიჟარის ფორმის კოსა, დაიმაგრე "შპილკებით".

ნაბიჯი 4: ჩაიმაგრე გარეთ დარჩენილი თმის ღერები და დაიფიქსირე შედეგი ლაქით.

2. ორიგინალური

ნაბიჯი 1: წაისვი დაბანილ თმაზე (მთელ სიგრძეზე) მუსი. გაიშრე თმა მრგვალი, მსხვილი სავარცხლით.

ნაბიჯი 2: გამოყავი თმის შუა ნაწილი და ძირებში აიჩეჩე. შემდეგ მოცულობის მისაცემად ოდნავ აიჩეჩე თმის ეს ნაწილი და დროებით შეიკარი.

ნაბიჯი3: გამოყავი თმის ზოლები საფეთქლებთან და კარგად გადაივარცხნე უკან, შეკარი კუდები. იმისათვის, რომ სიპრიალე მიანიჭო, კარგად ჩამოივარცხნე და დაიფიქსირე თმის ლაქით.

ნაბიჯი 4: გაიშალე თმის შუა, დროებით შეკრული ნაწილი და ოდნავ გადაივარცხნე უკან. დააფიქსირე საფინალო შედეგი ლაქით.

3. რომანტიკული

ნაბიჯი 1: სველ თმაზე თანაბრად გადაინაწილე ხვეული თმის მუსი და გაიშრე თმა.

ნაბიჯი 2: დაყავი თმა პატარა ნაწილებად და თითოეული დაახვიე თმის დასახვევი უთოთი. მიღებული კულულები სათითაოდ დაიმაგრე მაღლა თმის სარჭით. დააცადე, რომ გაგრილდეს თმა, მოიხსენი სარჭები.

ნაბიჯი 3: აიღე თმის შუა მონაკვეთი, დაახვიე თავის კიჩოსთან და დაიმაგრე სარჭებით.

ნაბიჯი 4: დარჩენილი თმა გაანაწილე და დაამაგრე კოსასთან სარჭით. რამდენიმე კულული დატოვე ჩამოშლილი.

ნაბიჯი 5: დააფიქსირე შედეგი ლაქით.

4. დახვეწილი

ნაბიჯი 1: გაიყავი თმა შუაზე, შემდეგ ერთი მხარე გაყავი სამ ნაწილად და დაწანი ფრანგული ნაწნავი განაყოფიდან საფეთქლამდე, შემდეგ კი კეფისკენ. ყოველ ჩაწნაზე დაუმატე ნაწნავს თმა კეფის მხრიდან და სახიდან.

ნაბიჯი 2: კეფასთან რომ მიხვალ, შეცვალე ნაწნავის მიმართულება ისე, რომ წრეზე წახვიდე, რათა თავზე დაწნული გვირგვინი მიიღო.

ნაბიჯი 3: დარჩენილი თმა ჩვეულებრივ ნაწნავად ჩაიწანი.

ნაბიჯი 4: ჩაიმაგრე ნაწნავის დარჩენილი ნაწილი გვირგვინზე, ბოლოები დამალე და დაიმაგრე სარჭის მეშვეობით.

ნაბიჯი 5: დააფიქსირე მიღებული ვარცხნილობა ლაქით.

5. მდიდრული

ნაბიჯი 1: წაისვი სველ, დაბანილ თმაზე მუსი და გაიშრე ფენით. მიეცი ფორმა მსხვილი, მრგვალი სავარცხლით.

ნაბიჯი 2: გამოყავი თმის პატარა ნაწილი სავარცხლის მეშვეობით, მაგრამ იმისათვის, რომ საბოლოო ვარცხნილობა ეფექტური გამოვიდეს, შეეცადე, თმის ეს ნაწილი წარბის შუა ნაწილის გასწვრივ აიღო და წამოიღო თავზე, როგორც "აბადოკი".

ნაბიჯი 3: გაანაწილე თმის ეს ნაწილი სამ თანაბარ ნაწილად და დაიწყე ფრანგულად დაწნა.

ნაბიჯი 4: როცა ნაწნავი ყურამდე მივა, დაასრულე დაწნა ჩვეულებრივი მეთოდით. დაიმაგრე წვრილი რეზინით. შეეცადე, რომ დაუწნელი ადგილი რაც შეიძლება მოკლე დარჩეს, მისი დაფიქსირება უფრო მარტივი იქნება.

ნაბიჯი 5: მეორე მხარესაც იგივენაირი ნაწნავი გაიკეთე. შეაერთე ორივე უკან და გადააფარე ზემოდან დარჩენილი, გაშლილი თმა. დააფიქსირე ვარცხნილობა თმის ლაქით.