ზოდიაქოს ნიშნები და დიეტა - Marao

ზოდიაქოს ნიშნები და დიეტა

2011-10-06 15:22:56+04:00

ანტიკური ხანის ბერძენი ექიმი ჰიპოკრატე ჯერ კიდევ საუკუნეების წინ ამბობდა, რომ ექიმმა პაციენტის მკურნალობისას მისი ასტროლოგიური მონაცემები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

ჰიპოკრატეს ეს რჩევა დიეტის დაცვის დროსაც გამოდგება, რადგან თითოეული ადამიანის სასიცოცხლო პოტენციალი და ორგანიზმის კონსტიტუცია ინდივიდუალურია. აქედან გამომდინარე, დიეტოლოგის მიერ დანიშნულმა დიეტამ შესაძლოა, სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვანაირი გავლენა იქონიოს. დღეს ვისაუბრებთ, როგორი საკვებით იკვებოს ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულმა ადამიანმა და როდის დაიწყოს დიეტის დაცვა.

ცეცხლის სტიქია (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი)

ცეცხლის სტიქიასთან დაკავშირებულია ყველაფერი მოულოდნელი, ენერგიული და სწრაფი. ამიტომ, ამ სტიქიით დაბადებული ადამიანები სასურველია, დაკავდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობით. შიმშილი და დიეტა ვერძის, ლომისა და მშვილდოსნის ნიშნებით დაბადებულთათვის მაინცდამაინც სასურველი არ არის, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ მნიშვნელოვნად უქვეითდებათ იმუნიტეტი, თუმცა, სურვილი შემთხვევაში, ჰოროსკოპის გათვალისწინებით, შეიძლება მკაცრი დიეტის დაწყებაც.

მათთვის აუცილებელია A, B1 და C ვიტამინებით მდიდარი საკვები: ნაკლებცხიმიანი ხორცი, კვერცხი, კრევეტები, პომიდორი, ხახვი, ნიორი, ნიგოზი, ლიმონი; დიეტა კი მათ მთვარის პირველ ფაზაში უნდა დაიწყონ (ახალმთვარეობიდან მთვარის მეშვიდე-მერვე დღემდე).

მიწის სტიქია (კურო, ქალწული, თხის რქა)

მიწასთან დაკავშირებულია ყველაფერი მდგრადი და მუდმივი. მიწის სტიქიით დაბადებულმა ადამიანმა თუ გადაწყვიტა, რომ იკვებოს, ჭამს ყველაფერს, ხოლო თუ შიმშილობა დაიწყო, იქამდე შიმშილობს, ვიდრე საჭმლის მომნელებელ სისტემას არ დაიზიანებს. კუროსთვის შიმშილი (იგულისხმება მკაცრი დიეტა) არ შეიძლება, ქალწული და თხის რქა კიდევ როგორღაც ახერხებენ ამას.

მიწის სტიქიის ნიშნებისთვის აუცილებელია A, E და B ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები: კარტოფილი, რძის პროდუქტი, პური, სტაფილო, ჭარხალი, ყავა. დიეტის ან შიმშილობის დასაწყებად კი მათთვის ოპტიმალური პერიოდი მთვარის მეორე ფაზაა (მთვარის მეშვიდე დღიდან სავსემთვარეობამდე).

ჰაერის სტიქია (ტყუპები, სასწორი, მერწყული)

ზოდიაქოს ამ ნიშნებით დაბადებულები ძალიან ქაოსურები და ზედაპირულები არიან ყველაფერში (მათ შორის ჯანმრთელობის მიმართ). მათთვის უმთავრესია სუფთა ჰაერზე ყოფნა, აქედან გამომდინარე, მათ ბევრი უნდა ისეირნონ და მიმართონ სუნთქვით ვარჯიშებს. ჰაერის სტიქიის ადამიანები ადვილად ეგუებიან ნაირ-ნაირ დიეტას და იოლად ახერხებენ წონის დაკლებას.

ჰაერის სტიქიით დაბადებულთათვის აუცილებელია B, C, E და D ვიტამინებით მდიდარი საკვები: ქათმის ხორცი, მწვანილი, ხილი, თაფლი. დიეტის დასაწყებად კი სასურველი პერიოდია მთვარის მესამე ფაზა (სავსემთვარეობიდან მთვარის 21-22-ე დღემდე).

წყლის სტიქია (კირჩხიბი, ღრიანკალი, თევზები)

ამ სტიქიის ადამიანები უმადობას არ უჩივიან, ისინი ხანდახან ღამითაც იკვებებიან, არ უყვართ მოძრაობა, რაც მათ წონაზე (ჯანმრთელობაზეც) ხშირად უარყოფითად აისახება. დიეტის დაცვისას სასურველია ბევრი სითხე მიიღონ (ალკოჰოლური სასმელები არ იგულისხმება).

წყლის სტიქიის ნიშნით დაბადებულთათვის აუცილებელია B, C, E და D ვიტამინებით მდიდარი საკვები: თევზეული, ზღვის პროდუქტი, ნიორი, სოკო, ნესვი, ქლიავი. ხოლო თუ დიეტის დაცვა გადაწყვიტეს, რეკომენდებულია, ის მთვარის მეოთხე ფაზაში დაიწყონ (მთვარის 21-22-ე დღიდან ახალმთვარეობამდე).

ასტროლოგი რამაზ გიგაური

გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)