ცნობისათვის ცრუ კრუპი 5-6 წლამდე ასაკის ბავშვებს ემართებათ. 6 თვემდე ჩვილებში ის თითქმის არ გვხვდება. ცრუ კრუპის შემთხვევები ვირუსული ინფექციების სეზონზე მატულობს.
აცივებასთან ერთად ადამიანის იმუნიტეტი სუსტდება და ინფექცია იოლად ერევა ორგანიზმს. იწყება მწვავე რესპირაციული დაავადებების სეზონი. ხშირი გაცივების რისკჯგუფს, პირველ რიგში, ბავშვებს მიაკუთვნებენ.
გვესაუბრება პედიატრი ირინა მიმინოშვილი: - უბრალო სურდოც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ სეზონურ გრიპზე, თუ სათანადო ზომებს არ მივმართეთ, შესაძლოა გაგვირთულდეს.
ბავშვების ხშირი ავადობა სწორედ აცივების შემდეგ იწყება.
გაცივება ხშირად სასუნთქი გზების ანთებასაც იწვევს. არცთუ იშვიათად ვითარდება ცრუ კრუპი, რომელიც ძალიან აშინებთ მშობლებს. ამიტომ კარგი იქნება, თუ ცრუ კრუპის ნამდვილისგან განსხვავებას შევძლებთ.
ნამდვილი კრუპი მძიმე ინფექციური დაავადების - ხორხის დიფტერიის დროს ვითარდება. ცრუ და ნამდვილი კრუპის სიმპტომები თითქმის ერთნაირია, მაგრამ სხვადასხვაა მათი წარმოშობის მიზეზი. დიფტერიის შემთხვევაში ამ სიმპტომებს იწვევს ხორხში წარმოქმნილი ფიბრინული ნადები, რომელიც ავიწროებს ხორხის სანათურს.
შევიწროებულ ხორხში ჰაერი ძნელად გაივლის და ბავშვს მოხრჩობის შეგრძნება უჩნდება. თუ დროულად არ მივმართეთ სათანადო ზომებს, ნადების წარმოქმნა გაგრძელდება და ბავშვი შესაძლოა დაიხრჩოს. ცრუ კრუპის შემთხვევაში კი ნადები არ ჩნდება, ხორხის შევიწროებას იწვევს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის შეშუპება, რაც ვირუსით არის განპირობებული.
ცრუ კრუპი ხშირად მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების თანამდევია, მათ შორის - პარაგრიპის. მაგალითად, მისი I ტიპის ვირუსი იწვევს კრუპის მძიმე ფორმებს, რომელიც ბიჭუნებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე გოგონებში. ცრუ კრუპის შეტევა შესაძლოა განვითარდეს ისეთი ინფექციური დაავადებების დროსაც, როგორებიცაა ყივანახველა, წითელა და ქუნთრუშა.
- რამდენი წლის ბავშვს შეიძლება განუვითარდეს ცრუ კრუპი?
- მხოლოდ 6 წლამდე. ეს იმიტომ, რომ ამ წლოვანების ბავშვს ხორხი შედარებით ვიწრო აქვს, ვიდრე ზრდასრულ ადამიანს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციისას ცრუ კრუპი ყველა ბავშვს განუვითარდება.
თუმცა არსებობენ ცრუ კრუპის მიმართ უფრო მეტად განწყობილი პატარები. მათ რიცხვს მიაკუთვნებენ ხშირად მოავადე, დღენაკლულ და ალერგიული დაავადებებისადმი მიდრეკილ, რაქიტიან და ადენოიდებიან ბავშვებს. ასეთ პატარებს ცრუ კრუპი შესაძლოა ნებისმიერი მწვავე რესპირაციული ინფექციისას განუვითარდეთ.
- როგორია ცრუ კრუპის პირველი ნიშნები?
- პირველი ნიშანია მოულოდნელი შეტევა, უმთავრესად - ღამით, ავადობიდან მესამე დღეს: იწყება მყეფავი, მშრალი ხველა, რომელსაც ახლავს ხმის ჩახლეჩა, ხმაურიანი და ხშირი სუნთქვა. ეს იმით აიხსნება, რომ ხორხი შევიწროებულია, ბავშვი საჭირო მოცულობის ჰაერს ვერ ჩაისუნთქავს, ამიტომ ორგანიზმი ჟანგბადის ნაკლებობას სუნთქვის გახშირებით ინაზღაურებს.
ბავშვს სახე უწითლდება, ტუჩები და ფრჩხილები ულურჯდება, თუ კრუპი გახანგრძლივდა, ბავშვი ფითრდება, გონებას კარგავს და შესაძლოა, დაიხრჩოს. ამიტომ კრუპის პირველი ნიშნებისთანავე, განურჩევლად დაავადების ფორმისა და სტადიისა, მშობელმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოს სასწრაფო დახმარება.
- ექიმის მოსვლამდე რა ვიღონოთ?
- პირველ რიგში, ვეცადოთ, ბავშვი დავამშვიდოთ, რადგან ბავშვების უმრავლესობას ჰაერის უკმარისობა ძალიან აშინებს, პანიკა, ტირილი და ისტერიკა კი სპაზმს აძლიერებს. პატარას უნდა მივაწოდოთ სუფთა ჰაერი, მაგრამ არა ცივი, რადგან სპაზმი შესაძლოა უფრო მეტად გაძლიერდეს;
დავალევინოთ თბილი სითხე (რძე ან თბილი, უგაზო მინერალური წყალი), მივცეთ ანტიჰისტამინური საშუალება (მაგ., დიმედროლი, სუპრასტინი) გავუკეთოთ ხელებისა და ფეხების თბილი აბაზანები; აბაზანაში ჩავყაროთ საჭმელი სოდა და მოვუშვათ ცხელი წყალი, შევიყვანოთ ბავშვი სააბაზანოში და ორთქლი 10-15 წუთის განმავლობაში ვასუნთქოთ. გახსოვდეთ: ეს ყველაფერი სწრაფად უნდა გაკეთდეს.
იმ ოთახში, სადაც პატარას სძინავს, გამათბობელთან წყლით სავსე თასი უნდა იდგეს, ჰაერი რომ არ გამოშრეს.
- როგორ მოვიქცეთ, თუ კრუპი განმეორდა?
- თუ ბავშვი კრუპის განვითარებისადმი მიდრეკილია, შესაძლოა შეტევა განმეორდეს. ამის თავიდან ასაცილებლად, გაცივების პირველი ნიშნებისთანავე (უგუნებობა, უმადობა, სურდო, ყელის ტკივილი), ბავშვი მოარიდეთ ცივ ჰაერსა და ცივ სითხეს, ძილის წინ გაუკეთეთ ფეხის თბილი აბაზანები.
ცრუ კრუპი შეიძლება განვითარდეს ასევე სირბილის, ხტუნვის, სიცილის, ტირილის დროსაც, ამიტომ აარიდეთ ბავშვი ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას, გაღიზიანებას. გარდა ამისა, საოჯახო აფთიაქში ყოველთვის გქონდეთ დექსამეტაზონი ან პრედნიზოლონი - ცრუ კრუპის შეტევისას სწორედ ამ პრეპარატებს იყენებენ. მაგრამ ეს მხოლოდ პირველადი დახმარებაა;
ნებისმიერ შემთხვევაში ექიმს უნდა მივმართოთ და ბავშვს საჭირო სამედიცინო პროცედურები ჩავუტაროთ.
წლების მატებასთან ერთად ცრუ კრუპის პრობლემა თავისთავად გაქრება, მანამდე კი ეცადეთ, ბავშვი გააკაჟოთ და რესპირაციულ და ინფექციურ დაავადებებს არიდოთ.
ლიკა კერატიშვილი
გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)