საბჭოთა პერიოდში "მადონას" სერვიზის შესახებ ყველამ იცოდა. მოოქროვილი ჭურჭელი, რომელზეც ნახევრად შიშველი ლამაზმანები იყვნენ გამოსახულნი, ოჯახის პრესტიჟისა და კეთილდღეობის ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენდა. "მადონაზე" ყველა დიასახლისი ოცნებობდა.
გერმანული მაღალხარისხიანი ჭურჭლის შესახებ ინფორმაცია XVIII საუკუნიდანაა ცნობილი. გერმანელმა ოსტატებმა ისეთივე საუკეთესო ხარისხის ფაიფურის დამზადება ისწავლეს, როგორიც ჩინელმა ოსტატებმა იცოდნენ. გერმანული ფაიფურის ექსპორტს კი მრავალწლიანი ისტორია აქვს.
გერმანული ფაიფურის მიმართ ინტერესი საბჭოთა ჯარების გერმანიაში შესვლის შემდეგ გაჩნდა. ომის შემდეგ პირველი, რაც გერმანელებმა აღდგინეს, Kahla-ს ფაბრიკა იყო. სწორედ აქ ამზადებდნენ საქვეყნოდ ცნობილ სერვიზს. გერმანიაში წარმოებული "მადონას" სამი მეოთხედი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში იყიდებოდა.

"მადონას" სერვიზი ძველებურ, დეკორის სტილში იხატებოდა. საინტერესოა მისი დამზადების ტექნიკაც - კერამიკაზე გამოსახულება ქაღალდიდან გადაჰქონდათ და მაღალ ტემპერატურაზე გამოწვით ფიქსირდებოდა. მზა ჭურჭელი დამახასიათებელი მოოქროვილი ტექნიკით იხატებოდა. თავისთავად, ფაიფურიც უმაღლესი ხარისხის იყო. მზადდებოდა ჩაის, ყავისა და სასადილო სერვიზები.
"მადონას" სერვიზი საბჭოთა კავშირში პირველად სამხედრო ოფიცრებმა შემოიტანეს. გერმანული ფაიფური განსაკუთრებით გენერლების ცოლებმა შეიყვარეს. სწორედ მათ დაამკვიდრეს მოდა "მადონაზე". ამით სურდათ, ხაზი გაესვათ თავიანთი წარმომავლობისა და შესაძლებლობისთვის. "მადონას" პოპულარობის პიკმა გასული საუკუნის 70-80-იან წლებში მიაღწია.
გადამყიდველების გარდა, "მადონას" შეძენა საკომისიო მაღაზიებშიც შეიძლებოდა. მიზერული რაოდენობის საქონელი კოლოსალურ თანხად იყიდებოდა. მაგალითისთვის, ჩაის სერვიზი 6 პერსონაზე 180 მანეთი ღირდა; ჩაის, ყავის ან სასადილო სერვიზს 12 პერსონაზე კი 300-600 მანეთის ფარგლებში შეიძენდით. 1995 წელს "მადონას" წარმოება შეწყდა.
იხილეთ სრულად: shin.ge