ლაბირინთი - წითელი გასაღები. თავი 9 - Marao

ლაბირინთი - წითელი გასაღები. თავი 9

2023-01-18 11:02:38+04:00

უსაშველოდ გრძელი კიბე ბოლომდე ჩავიარე და ბნელ დერეფანში მოვხვდი. ვერაფერს ვხედავ. მხოლოდ მუსიკის ხმა მესმის შორიდან და მეც ძალიან ფრთხილად მივიწევ მისკენ.

კიდევ კარგი, დერეფანი ძალიან ვიწროა და შემიძლია ორივე ხელით კედლებს შევეხო. წინ ხუთი პატარა, ვარსკვლავივით მბჟუტავი შუქი გამოჩნდა და ნელა მიახლოვდება... გავჩერდი და დაველოდე. სიბნელეში ქალის ხუთი სილუეტის გარჩევა შევძელი. კოჭებამდე დაშვებული გრძელი კაბები აცვიათ და გაშლილი თმა აქვთ. თითოეულ მათგანს ხელში ერთი ანთებული ლამპარი უჭირავს.

ხუთივეს გაყინული და უსიცოცხლო სახე აქვს. გვერდზე ჩამიარეს და კვლავ სიბნელეში გაუჩინარდნენ. ძარღვებში სისხლი გამეყინა... გამბედაობა ძლივს მოვიკრიბე და გზა განვაგრძე. ძალიან მეშინია, მაგრამ საკუთარი შიში მაძლიერებს...

მუსიკის ხმა ძლიერდება და ვგრძნობ, რომ მიზანთან ახლოს ვარ... წინანდელივით გაიელვა პატარა სინათლეებმა და კიდევ ხუთმა ქალმა ჩამიარა გვერდით... ამჯერად გავბედე, რომ დამეძახა:

- ერთი წუთით...

ყურადღება არ მომაქციეს. თითქოს იქ არც ვყოფილიყავი... ესენიც, მათი წინამორბედების მსგავსად, სიბნელეში მიიმალნენ.

მოულოდნელად, ჩემ წინ წითელი კარი გამოჩნდა. ნაბიჯს ავუჩქარე და მივუახლოვდი. როგორც აღმოჩნდა, მუსიკა სწორედ ამ კარიდან ისმოდა...

კარი დალუქული იყო და სახელური საერთოდ არ ჰქონდა. მარტო ერთი საკეტი ეყენა. დავიხარე და გასაღების ჭუჭრუტანაში შევიხედე. ხვრელიდან რაღაც დარბაზის მაგვარი ოთახი მოჩანდა. მაგიდებთან სმოკინგებში გამოწყობილი მამაკაცები ისხდნენ და ნახევრად შიშველ ქალებს შეჰყურებდნენ, რომლებიც მაგიდებს შორის თეძოების რხევით მიმოდიოდნენ. ქალები მხოლოდ საცვლების ამარა იყვნენ.

უცებ ერთ-ერთი სმოკინგიანი მამაკაცი ფეხზე წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა. მაშინვე ვიცანი - ლევან გიორგაძე იყო. კარს რომ მოუახლოვდა, წელში გავიმართე, რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე და დაველოდე, მეგონა, გააღებდა. კარს შიგნიდან ვიღაც მოაწვა...

- გააღე!

ნაცნობი ხმა გავიგონე და მივხვდი, რომ წითლად შეღებილი გასაღები სწორედ ამ კარისთვის იყო განკუთვნილი. მე კი ის თან არ მქონდა...

რა უცნაურია... ნუთუ ეს კარი მხოლოდ გარედან იღება?..

კარზე ზარი დარეკეს... ალბათ, გიორგაძე რეკავდა ზარს შიგნიდან. ზარი რამდენჯერმე განმეორდა... მე კიდევ ვიდექი და არაფრის გაკეთება არ შემეძლო.

მოულოდნელად კარი სიბნელემ შთანთქა. მე კი თითქოს უხილავმა ძალამ მიბიძგა და უკან გადამაგდო. ეს ყველაფერი უცებ ძალიან არადამაჯერებელი მეჩვენა და გავაცნობიერე, რომ მეძინა. მივხვდი, რომ სიზმარი იყო და ზარი, რომელიც ძილში ჩამესმოდა, ჩემი მობილურის ხმა იყო. ტელეფონი მირეკავდა...

ხელის ფათურით გადავწვდი ტელეფონს, მაგრამ აღება ვეღარ მოვასწარი... ფარდები გახსნილი დამრჩენოდა და მთელი ოთახი გადათეთრებული იყო. მზის სინათლემ თვალი მომჭრა. ამიტომ ცოტა დრო დამჭირდა, ვიდრე თვალი სინათლეს შეეჩვეოდა.

როგორც იქნა, გამოვფხიზლდი და მობილურის ეკრანს დავხედე. ნომერი, რომლიდანაც რეკავდნენ - დაფარული იყო. გადარეკვა ვცადე, მაგრამ არ დაირეკა. დილა საინტერესოდ დაიწყო, ვერაფერს იტყვი...

ტუმბოს უჯრიდან გასაღები ამოვიღე. წინასწარმეტყველური სიზმრების არ მჯერა. ვიცი, რომ რაც გვესიზმრება, ყველაფერი საკუთარი ფანტაზიის ნაყოფია და ყველა პერსონაჟი, რომლებიც სიზმარში ფიგურირებენ - ჩვენ თვითონ ვართ! ამ ბოლო დროს სულ ასეთ უცნაურ სიზმრებს ვნახულობ. როგორც ჩანს, ძილში იმ ლექსზე ფიქრი ჩამყვა და ჩემმა არაცნობიერმა სიზმარში ყველაფერი ერთმანეთთან დააკავშირა.

იქნებ გიორგაძეს ჩემი შესაძლებლობების გამოცდა უნდა? აინტერესებს, რას და როგორ მივხვდები? შეხვედრაზე გასაგებად ამიხსნა, რომ თამაში მხოლოდ რეალური ადამიანებით უნდა... - იქნებ ესეც ერთგვარი თამაშია? თუ ეს სიმართლეა, ალბათ, ძალიან დიდ სიამოვნებას იღებს ადამიანების მანიპულირებით...

ჩემს კულონს ჯაჭვი გამოვაძრე და მასზე გასაღები ჩამოვკიდე. არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე, თან ვატარო... იქნებ ყველაზე წარმოუდგენელ დროს და ადგილას დამჭირდეს? თუ ეს ყველაფერი რაღაც თამაშია, მაშინ ჯობია მეც კომპიუტერული თამაშის გმირებივით მომზადებული ვიყო...

სიმართლე გითხრათ, ეს მინიშნებები, დაძაბულობა, თავსატეხები - სიგიჟემდე მომწონს... ჩემი რეალური ცხოვრება პირველად გახდა ასეთი საინტერესო...

ჩავიცვი, პირი დავიბანე და ყავის დასალევად სამზარეულოში გამოვედი. დედა სენდვიჩებს ამზადებდა.

- რა ადრე ამდგარხარ, დე...

- ჰო... ადრე გამეღვიძა.

- მიდი რა, ბარემ თეო გააღვიძე, თორემ დააგვიანდება. ყავას მე გაგიკეთებ.

- კარგი.

თეოს კედელზე ჯერ კიდევ უკიდია ფუმფულა სათამაშოები და ძმები ვინჩესტერების "პოსტერები" სერიალ "ზებუნებრივიდან". განსაკუთრებით დინ ვინჩესტერი მოსწონს. როგორი ინფანტილურია... ცოტა არ იყოს, მეშინია, ვიღაცამ გული არ ატკინოს... თეოს რომ ვუყურებ, საკუთარი თავი მახსენდება მის ასაკში. მეც ძალიან მგრძნობიარე და მიმნდობი ბავშვი ვიყავი, მაგრამ ამან კარგი არაფერი მომიტანა.

- გაიღვიძე, ფისუნია!

- აუუ...

- ვიცი, მაგრამ უნდა ადგე... სამაგიეროდ, დღეს კარგი ამინდია! როგორც იქნა, მზე გამოვიდა...

თეო გაიზმორა და საწოლში წამოჯდა.

- ან, მოტოთი მიმიყვან სკოლამდე?

- ხომ იცი, რომ დედა წინააღმდეგია?

- და ნუ ეტყვი დედას! რას გაიგებს? დავიხურავ ჩაფხუტს, რა მოხდაა...

- ოჰ, თეო...

- ერთხელ წამიყვანე რა, რა მოხდება?

- სულ ორი ნაბიჯი გაქვს გასავლელი სკოლამდე...

- ხოდა, მით უმეტეს!

- კარგი, წაგიყვან! ოღონდ არ უთხრა დედას...

თეო წამში გამოფხიზლდა და საწოლიდან წამოხტა. სახლიდან ერთად გამოვედით. დანაპირები ავუსრულე და როგორც მთხოვა, სკოლის ეზოში მივიყვანე. იქამდე არ წავედი, სანამ შენობაში არ შევიდა. გარეთ მდგომ ბიჭებს წინ ამაყად გაუარა. მათაც გააყოლეს თვალი. მგონია, რომ ვიღაც თავისი სკოლელი ბიჭი მოსწონს და მოტოთი წაყვანაც ამიტომ მთხოვა. ამას მისი სიარულის მანერით მივხვდი...

სამსახურში ჯერ მარტო ირაკლი იყო მოსული. თავის მაგიდასთან იჯდა და დაბღვერილი შეჰყურებდა მონიტორს.

- რა ხდება, კიდევ რამე ფანჯარა გაიხსნა?

ზურგჩანთა ჩემს მაგიდაზე დავაგდე და ირაკლისკენ წავედი.

- ფანჯარა კი არა, საერთოდ ვეღარ შევდივარ! "პასვორდია" შეცვლილი... მიდი, შენი კომპი ჩართე, აბა, უცებ...

ჩემს მაგიდასთან დავბრუნდი და კომპიუტერი ჩავრთე. ირაკლი თავზე დამადგა. პაროლი ჩავწერე, მაგრამ ვერ შევედი.

- ეე... ხედავ? - არც მე მიშვებს!

- მაგ კაცს შიგ ხო არა აქვს?

- ვინ კაცს?

- კროულის, ტო! "პასვორდები" შეაცვლევინა იმ რაღაცა დებილი ლექსის გამო...

- სისტემური ადმინისტრატორი არ მოსულა?

- არავინ არ არის ჯერ... ტფუ, ამის...

- კაი, რა განერვიულებს? მოვა და გვეტყვის, რა ხდება! აშკარად გუშინდელი ამბის გამოა...

- ხოდა, რისი ეშინია? დავუშვათ, მართლა ჰაკერი შემოძვრა. აი, რა უნდა გატეხოს? რას გაიტანს ისეთს აქედან?

- რა იცი? იქნებ კროულის კომპიუტერში მნიშვნელოვანი ფაილები აქვს შენახული?

- მგონი, ნატალია მოდის!

- ჰო, მაგის ფეხის ხმაა...

მე და ირაკლი მტრისას დასახვედრად დერეფანში გამოვედით.

- რა ადრე მოსულხართ...

- მერე? - სულ დაგვიანებებზე რომ შეგაქვს მოხსენებითი წერილები დობროვსკისთან, ახლა შეირბინე და მოახსენე, რომ დროზე ადრე მოვედით სამსახურში!

- მასხარა ხარ, რა!

- ჩემს საკუთარ კომპიუტერში რატომ ვერ შევდივარ, ხომ არ მეტყვი?

- აბრამმა ყველაფერზე ახალი პაროლები დააყენებინა და ძალიან შეზღუდა სერვერებზე წვდომა...

- გაარკვიეს ბოლო-ბოლო, რა მოხდა გუშინ?

ვკითხე მტრისას.

- ვერაფერიც ვერ გაიგეს! წამომყევით, პაროლებს მოგცემთ, ოღონდ ერთმანეთსაც არ უნდა უთხრათ! ყველამ თქვენ-თქვენი პაროლი დაიმახსოვრეთ!

- გეგონება უშიშროებაში ვმუშაობდეთ, რაა...

- ნუ წუწუნებ, ირაკლი!

ნატას თავის ოთახში გავყევით. მან ჩანთა სკამზე დადო, პალტო გაიხადა და საკიდზე ჩამოკიდა. მერე თავისი მაგიდის უჯრა გააღო და ორი კონვერტი ამოიღო. კონვერტებზე ჩვენი სახელები ეწერა.

- აი, გამომართვით! ფილიპე და მაქსი რომ მოვლენ, ჩემთან გამოუშვით. იმათაც პირადად უნდა მივცე!

- მალე ყველა კარზე თითის ანაბეჭდების ამომცნობ აპარატს ჩამოკიდებს მგონი ეს კაცი! აშკარად კლიმაქსი დაეწყო და უშველე რამე, ნატა!

- ეგ ენა რომ არ გქონდეს გადმოგდებული, რა გეშველებოდა?

- მაშინ სხვა რამეს გადმოვაგდებდი...

- წადი, გამეცალე ახლა აქედან!

მტრისამ ლამის ძალით გამოგვყარა მისაღებიდან. მე და ირაკლი ოთახში დავბრუნდით. კონვერტი გავხსენი. პატარა ფურცელი იდო, რომელზეც პაროლი ეწერა. ლათინური ასოებისა და რიცხვების გრძელი კომბინაცია. ზოგი ასო "შიფტით" იყო დასაწერი და მთლიანობაში, საკმაოდ ძნელად დასამახსოვრებელი პაროლი გამოდიოდა.

- პაროლია ეს თუ ალგორითმი?

გაბრაზდა ირაკლი.

- მე უკვე დავიმახსოვრე!

- შენ დაიმახსოვრებდი, ანომალიური ხარ და მე რა ვქნა? ამას რა დამამახსოვრებინებს?

- ჩაიწერე შენც ტელეფონში!

- და კომპიუტერის ყოველ ჩართვაზე ტელეფონი უნდა ამოვიღო? რა მარაზმია ეს?

- კაი, დამშვიდდი და მისმინე... რაღაც მინდა გკითხო... აი, დაფარული ნომრიდან თუ დაგირეკა ვინმემ, შესაძლებელია იმ ნომრის ამოცნობა?

- მე როგორც ვიცი, დაფარული ნომრის ამოცნობის სერვისი უნდა გქონდეს ჩართული, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება... თუმცა, ამ შემთხვევაშიც ყოველთვის ვერ ამოიცნობს... არის რაღაც შეზღუდვებიც... - რაში გაინტერესებს?

- დილით ზარი შემომივიდა დაფარული ნომრიდან მობილურში და ვერ მოვასწარი აღება...

- აღარ გადმორეკა?

- არა...

- კაცი ხომ არ მოკალი და დაგდევენ? რაშია საქმე? აშკარად ვიღაც გადაგეკიდა, ჩემო ევპიტე! ჯერ ლექსი, ახლა ეს ზარი...

- არავინ მომიკლავს ჯერჯერობით...

გამეცინა, მაგრამ ისე რომ ვთქვათ, სასაცილოდ სულაც არ მქონდა საქმე.

- მაშინ დაწუნებული "კავალრები" გაიხსენე! ვის დაწყვიტე გული? ეტყობა სამაგიეროს გიხდის რომელიმე მათგანი!

- კარგი რა...

- არა, სერიოზულად გეუბნები! ვიღაც გყავს აკიდებული შენ...

- ეგრეც რომ იყოს, ვერ გავიგებ, ვინ გადამეკიდა, იმიტომ, რომ ბევრს დავწყვიტე გული თავის დროზე...

- ოჰო, მე რატომ არ ვიცი ეგ ყველაფერი?

- იმიტომ, რომ არ იყო მნიშვნელოვანი! სტუდენტობის პერიოდში ვიღაცებს მოვწონდი. ეს იყო და ეს... მე მაშინ არავინ მაინტერესებდა!

- და ოდესმე მოგწონებია საერთოდ ვინმე?

- როგორ არა! ადრე.... ჩემი მეზობელი მიყვარდა ხუთი წელი...

- მერე?

- მერე ცოლი მოიყვანა და მე დეპრესია ავიკიდე. კაი, მოვრჩეთ ახლა ჩემს თაყვანისმცემლებზე ლაპარაკს... შენ ის მითხარი, გვანცა როგორ არის?

- აუ, არ გამახსენო!

- რა ხდება?

- ყველაფერი "საკაიფოდ" მიდიოდა და უცებ "ატკაზი" დამირტყა!

- რატომ?

- ზედმეტად მიზიდავ და მეშინიაო...

- რაო?

სიცილი ვერ შევიკავე.

- ხო, რა! ქალწულია ეტყობა... მარა, მე კი არ ვეცემოდი? არაფერი ზედმეტი არ გამიკეთებია. ერთი-ორჯერ ვაკოცე. ეგ იყო და ეგ!

- ესე იგი, დაკომპლექსებულია! - რას აპირებ?

- როგორმე უნდა მოვიყვანო აზრზე. შოკური თერაპია მოუხდება მაგას! ყველაფერი საკაიფოდ მიდიოდა და უცებ არ მაჯახა, მეგობრებად დავრჩეთო?

- მაგ ფრაზას კიდევ ამბობს ვინმე?

- ხვალ ეგ და მაგისი დაქალები ერთ კაფეში იკრიბებიან და შენც მოდიო. მეგობრულადო, გესმის?

- წადი მერე შენც! წაიყვანე შენი რომელიმე მეგობარი...

- აუ, ისე ეგ რა მაგარი აზრია, ეე?.. მეგობართან ერთად მივალ, ოღონდ გოგო მეგობართან...

- გინდა რომ იეჭვიანოს?

- მინდა რომ მიხვდეს, რა იდიოტურადაც იქცევა! ხომ წამომყვები, ჩიტო?

- მეე?

- აბა, სხვა გოგო მეგობარი სად მყავს?

- ირაკლი, დაძაბული სიტუაციები უკანასკნელია, რაც ახლა მჭირდება...

- მიდი რა, წამო! "განხეთქილების ვაშლი" ჩამოაგდე! - რისთვის ხარ ევა? ცოტა ხანი დავრჩეთ... თუ არ მოგეწონება, სულ ნუ დავრჩებით...

- კარგი, წამოვალ, ნუ შემჭამე!

- აი, ამიტომაც მიყვარხარ! შენთან ვალში ვიქნები, რაც გინდა მთხოვე! ხვალ სამსახურის მერე წავიდეთ!

ოთახში ფილი შემოვიდა და ირაკლიც გაჩუმდა. მისგან განსხვავებით, ფელიქსს არ გამოუხატავს უკმაყოფილება პაროლების შეცვლაზე. პირიქით, მოეწონა კიდევაც, რომ კროულიმ დაცვა გააძლიერა.

მე მთელი დღე კომპიუტერის ეკრანს შევყურებდი. სულ მეგონა, რომ კიდევ ამოხტებოდა ახალი ფანჯარა, ახალი მინიშნებით, მაგრამ ყველაფერი რიგზე იყო. გასაღები კულონის ნაცვლად მეკეთა, ოღონდ არ ვაჩენდი. ჯემპრის შიგნით ჩავიგდე. ჩემ ირგვლივ განვითარებული მოვლენები ძალიან დამეხმარა სცენარის წერაში.

გადავწყვიტე, ალტერნატიული მერის მკვლელობის ადგილი "პორტალის" მაგვარი კლუბი ყოფილიყო. გასაღები, რომელიც მოთამაშემ მერის საწერი მაგიდის უჯრაში უნდა იპოვოს, ამ კლუბის საწყობს გააღებს, სადაც მკვლელობა იქნა ჩადენილი. გამომძიებელი ლეო მეორე მერის მკვლელობის იარაღს და მის პირად ნივთებს პოულობს. მაგალითად, ხელჩანთას, სადაც პასპორტია. ასე გაიგებს მისი ბინის მისამართს...

- ევა, გაქვს დრო? წამო, ყავა დავლიოთ!

ფილმა წერა შემაწყვეტინა. ორივე ყავის დასალევად გავედით.

- უკვე სამი საათი ხდება და კროული ჯერაც არ მოსულა. უცნაურია, არა?

ვუთხარი ფილს და ყავის აპარატში ორლარიანი ჩავაგდე.

- ალბათ შეხვედრა აქვს... რამე ახალი ხომ არ მომხდარა?

- რა მხრივ?

- რავი, არაფერი უცნაური არ შეგინიშნავს?

- არა, რა ვიცი...

გადავწყვიტე, ფილს დაფარულ ნომერზე არაფერი ვუთხრა. ისედაც სულ ეჭვებშია და შიშები აქვს. არ მინდა რაიმე საფუძველი მივცე.

- გუშინდელზე ვიფიქრე და მაინც მგონია, რომ ვიღაც გამოწმებს...

- მაგაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ გუშინ?

- ვილაპარაკეთ, მაგრამ შენ არ გაქვს პირადი ურთიერთობები, რომ ვინმე კონკრეტულზე მიიტანო ეჭვი. მეორე მხრივ, ლექსის დანიშნულებას ვერ გიკავშირებ...

- და არ გიფიქრია, რომ შეიძლება შემთხვევით მოხვდა ის ფანჯარა ჩემს კომპიუტერში?

- როგორ?

- ხომ შეიძლება სისტემაში რაღაც პროგრამული ხარვეზი მომხდარიყო?

- თეორიულად ეგეც შესაძლებელია... მაგრამ მე იმ ლექსზე მაინც ვიფიქრე გუშინ. ბიბლიიდანაა ეგ იგავი.

- რამე საინტერესო აღმოაჩინე?

ჩემი ყავა ავიღე და დივანზე დავჯექი. ფილიც გვერდით მომიჯდა.

- მათეს სახარება, ოცდამეხუთე თავია... განმარტებაც კი მოვიძიე.

ფილმა ჯიბიდან ოთხად გაკეცილი ფურცელი ამოიღო და გამომიწოდა.

- წაიკითხე ყოველი შემთხვევისთვის, იქნებ მიხვდე რამეს...

ფურცელი გავშალე და წავიკითხე:

- "ლამპარი სიმბოლურად სხეულს აღნიშნავს, ზეთი კი მადლს. ბრძენმა ქალწულებმა სხეულებრივი და სულიერი სიწმინდე შეინარჩუნეს, უგუნურებს კი ცარიელი და ბნელი ლამპრები ჰქონდათ. როდესაც სიკვდილი მოვა და სხეული მიწას შეუერთდება, სულს ზეთი წყალობისა უნდა წაუძღვეს და გზა გაუნათოს... თუ არადა, უკუნი შთანთქავს. - როგორ გავიდეთ ამ ვიწრო კარში? სული შიშობს და თრთის. მის ირგვლივ საშინელი ლანდები და მოჩვენებები არიან, კოშმარული სიზმრების მსგავსნი, მძინარე ადამიანს რომ სტანჯავს..."

ჩემი დღევანდელი სიზმარი გამახსენდა და ტანში უსიამოვნოდ გამაჟრიალა.

- აბა?

- აქედან რას უნდა მივხვდე, ფელიქს? გამორიცხულია, ეს ლექსი "პორტალს" რამენაირად უკავშირდებოდეს!

- დაბლა რომ ჩამიყვანეს, ნახევრად შიშველი ქალები ცეკვავდნენ...

- მერე? სტრიპტიზ-კლუბია და რას ელოდი? ახლა რელიგიაში არ გადავარდე, ძალიან გთხოვ! თუ ვინმეს იმის თქმა უნდა, რომ "პორტალში" მომუშავე ქალებმა სულიერ და სხეულის სიწმინდეზე უნდა იზრუნოს, ან მე რა შუაში ვარ, ან შენ?

- მართალი ხარ... ძალიან გავჭედე უკვე...

- იმ ამბებმა ჩაიარა! რაღატომ ნერვიულობ, არ მესმის... რამე არის ისეთი, რაც მე არ ვიცი?

ფილი დაიძაბა. ხანმოკლე პაუზა გააკეთა, თითქოს ფიქრობდა, ეთქვა თუ არა, მერე გამიღიმა და მოეშვა.

- არა, არაფერი...

კროული ხუთის ნახევარზე მოვიდა სამსახურში და პირადად მოგვახსენა, რომ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ფილის მოცემული ფურცელი მე დავიტოვე. რაღაცნაირად ამაფორიაქა... საღამოს სამსახურიდან ბიჭებთან ერთად გამოვედი. ერთმანეთს "პარკინგზე" დავშორდით. მე ქურთუკი ბოლომდე შევიკარი, ჩაფხუტი დავიხურე და მოტოზე დავჯექი. უცებ თავში ერთმა აზრმა გამირბინა, ირაკლის მანქანასთან მივაჭერი და ფანჯრის მინაზე მივუკაკუნე. ირაკლიმ ფანჯარა ჩამოსწია.

- ირაკლი, გალაქტიონ ტაბიძის ქუჩა ხომ არის თბილისში?

- როგორ არა! სოლოლაკშია სადღაც... მე მგონი, თავისუფლების მოედნიდან რომ ადიხარ ზემოთ...

- მადლობა! აბა, ხვალამდე...

ირაკლიმ რაღაცის კითხვა დააპირა, მაგრამ მოტო ადგილიდან დავძარი და გიჟივით გავაქროლე. ტაბიძის ქუჩა ადვილად ვიპოვე. ნელი სვლით მივდიოდი და ნომრებს ვაკვირდებოდი. ათ ნომერში ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი იდგა. მოტო იქვე დავაყენე, ჩაფხუტი მოვიხადე და ზურგჩანთაში ჩავდე. შენობა ახლოდან მინდოდა დამეთვალიერებინა...

როდესაც მაღლა ავიხედე, გული ამიჩქარდა... შენობა ძველი იყო. ფასადი სულ მოჩუქურთმებული ჰქონდა. სულ ზემოთ კი ქალების ბარელიეფები იყო გამოკვეთილი... ქალებს გაშლილი თმა ჰქონდათ და თავზე ყვავილების გვირგვინები ედგათ. სულ ხუთი ქალი დავთვალე.

შენობა ოთხივე მხრიდან დავათვალიერე. ეზოს მხარესაც ზუსტად ასეთივე ხუთი ქალის ბარელიეფი იყო. მთლიანობაში ათი გამოდიოდა. სახლს ორი სადარბაზო ჰქონდა. ჯერ პირველში შევედი და ხუთი სართული ფეხით ავიარე. მეც არ ვიცოდი, რას ვეძებდი...

მერე მეორე სადარბაზოშიც შევედი და ხუთივე სართული დავიარე. ჩემი ყურადღება მეხუთე სართულის შუა კარმა მიიქცია. მასზე მხოლოდ ერთი საკეტი ეყენა და გასაღების შესაყოფი ადგილი წითელი საღებავით ჰქონდა შეღებილი.

გაგრძელება იქნება

ავტორი თეა ინასარიძე

იხილეთ ასევე: ლაბირინთი - ათი ქალწული (ეპიზოდი 8)