ლაბირინთი - ქაოსი. თავი 10 - Marao

ლაბირინთი - ქაოსი. თავი 10

2023-01-19 11:57:29+04:00

თავში ყველაფერი ამერია. ძალიან მიჭირს, ლოგიკური ჯაჭვი შევინარჩუნო. ჩემ წინ დიდი, დაქუცმაცებული ფაზლია, რომელიც უნდა დავალაგო. მხოლოდ ასე შევძლებ მთლიანი სურათის დანახვას. უნდა შევძლო და როგორმე ამ ქაოსში გავერკვე. იმიტომ, რომ მე ვიცი - ქაოსი არის წესრიგი, რომელიც უნდა გაშიფრო!

ეს ჩემი ყველაზე საყვარელი გამონათქვამია, რომელიც განსაკუთრებით, თამაშების სცენარის წერის დროს მახსენდება. ჯერ უნდა მოვიფიქრო ამბავი, შევქმნა წესრიგი, მერე დეტალები და მიმდევრობა ავურიო და მივიღო ქაოსი...

ადამიანები იმაზე გაცილებით ძლიერები ვართ სინამდვილეში, ვიდრე წარმოგვიდგენია. რთულ სიტუაციებში მოულოდნელად აღმოჩენა სარისკო ნაბიჯების გადადგმასაც გვაიძულებს ხოლმე. ზოგჯერ კი ისეთ რამეს ვაკეთებთ, რასაც ფიქრშიაც კი ვერასოდეს წარმოვიდგენდით. მაგალითად ახლა, როდესაც მე თვითონ აღმოვჩნდი ამ ქაოსში, ძალიან მიჭირს სტრატეგიის შემუშავება. არადა, თეორიულად ხომ ყველა შესაძლო ხრიკი ვიცი? მე თავად ვწერ, თავად ვქმნი ასეთ ქაოსს...

იმ სახლის სადარბაზოში ვდგავარ, ხელში გასაღები მიჭირავს და ერთი შეხედვით ჩვეულებრივ კარს შევყურებ, რომელიც ძალიან მისტიკური მეჩვენება... მას მხოლოდ ბინის ნომერი - ოცდაცხრა აწერია. ვფიქრობ, ზარი დავრეკო თუ გაღება ვცადო... ბინაში ვინმე რომ დამხვდეს, რა უნდა ვუთხრა?

გონებაში ყველა შესაძლო ვერსიას ვატრიალებ და ვცდილობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღო. თუ სახლში ვინმე დამხვდება, ვეტყვი, რომ მისამართი შემეშალა...

ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და ზარი დავრეკე. კარს არავინ აღებს... დავაკაკუნე და მივაყურადე. შიგნით სიჩუმეა. გამბედაობა მოვიკრიბე და გასაღები საკეტში გავუყარე. უპრობლემოდ მოერგო ჭუჭრუტანას. გასაღები საათის ისრის მიმართულებით გადავატრიალე. მესამე გადატრიალებაზე საკეტმა გაიჩხაკუნა და კარი გაიღო.

მაშინვე შესვლა ვერ გავბედე. კარი ბოლომდე შევაღე და ზღურბლთან გავჩერდი. კორიდორი გამოჩნდა. მარცხენა კედელზე ტანსაცმლის საკიდი და სარკე კიდია. პირდაპირ კი ოთახში შესასვლელი კარი მოჩანს. კარი დახურულია. საკიდზე შავი ქოლგა და ქალის შარფია ჩამოკიდებული...

სახლში ვინმე რომ ყოფილიყო, აქამდე გამოვიდოდა. ცნობისმოყვარეობამ მძლია და ბინაში შევედი. შემოსასვლელი კარი ფრთხილად მივკეტე. ჯერ საკიდზე ჩამოკიდებულ თავსაფარს შევეხე ხელით, ცხვირთან მივიტანე და დავყნოსე. სუნამოს სურნელი ვიგრძენი.

ოთახში შემავალი კარი გავაღე და სასტუმრო ოთახში შევედი. ოთახი დიდი არ იყო. ყველაფერი სადად და გემოვნებით იყო მოწყობილი. კედელთან სამეული და ჟურნალის მაგიდა იდგა. დივანზე პატარა, ფერადი ბალიშები ეწყო. ჟურნალის მაგიდაზე ყავის ჭიქა, ტელევიზორის პულტი, ჟურნალები და ლარნაკი იდო. ლარნაკში ხელოვნური ყვავილები ეწყო. თუ არ ვცდები, ორქიდეები უნდა ყოფილიყო...

კედელთან თანამედროვე დიზაინის წიგნების კარადა იდგა. სამეულის პირდაპირ პლაზმური ტელევიზორი ეკიდა. ოთახში უცნაური სიმშვიდე სუფევდა. პირველად ჟურნალის მაგიდასთან მივედი და ყავის ჭიქა ავიღე. ძირში მიმხმარი ყავა იყო დარჩენილი და პომადის კვალიც ემჩნეოდა.

სასტუმრო ოთახიდან ლოჯში გავედი, რომელიც სამზარეულოსთან იყო გაერთიანებული. სასადილო ოთახში დიდი მაგიდა, სკამები და "დესაუ" იდგა, რომელზედაც ჩარჩოში ჩასმული სურათები ელაგა. როდესაც სურათების დასათვალიერებლად ახლოს მივედი, თავზარი დამეცა... ამას ნამდვილად არ მოველოდი...

ჩარჩოებში ჩემი სურათები იყო...

ერთ ფოტოზე დედა, მამა, მე და თეო ვართ... თეო ჯერ მხოლოდ ორი წლისაა... მეორე ჩარჩოში ჩემი, მაქსის, ფილიპეს და ირაკლის ერთობლივი სურათია, რომელიც შარშან, ლუდის ფესტივალზე გადავიღეთ... მესამე ჩარჩოში ჩემთვის სრულიად უცნობ ადამიანებთან ერთად ვარ... ჯგუფური ფოტოა, მაგრამ არავინ არ მეცნობა... ჩარჩო გავხსენი და ფოტო ამოვიღე. საკუთარ თავს დავაკვირდი და მივხვდი, რომ "ფოტოშოპია". აშკარად სხვა ფოტოდან "ამომჭრეს" და ამ ხალხში "დამამონტაჟეს"...

აზრები სულ ამერია. გადავწყვიტე, სურათი სახლში წამეღო. შევეცდები გავიგო, ვინ არიან ეს ადამიანები... ნეტა ვის ეკუთვნის ეს ბინა და რატომ აქვს ჩემი ოჯახის და ჩემი პირადი ფოტოები? ალბათ დარწმუნებული იყო, რომ მინიშნებას გავშიფრავდი და აქ მოვიდოდი...

ზურგჩანთა მოვიხსენი და მაგიდაზე დავდე. ის ჯგუფური სურათი ჩანთაში ჩავდე. მაგიდაზე "სონის" ლეპტოპი იდო... სანამ ლეპტოპს ჩავრთავდი, გადავწყვიტე, ჯერ ბინა დამეთვალიერებინა კარგად. ეს ფოტოები ჩემს დას, თეოს უდევს "ფეისბუქზე". ალბათ იმან, ვინც აქ მომიყვანა, ინტერნეტიდან გადმოწერა, მერე დააბეჭდინა... მე და ბიჭები რომ ვართ, იმ სურათს ირაკლის "ფეისბუქიდან" აიღებდა. მაგრამ ამ უცნობებში რატომ დამამონტაჟეს?... ვის რაში სჭირდება ამის გაკეთება?

ისევ სასტუმრო ოთახში დავბრუნდი და საძინებელი ოთახის კარი შევაღე. საძინებელში ტანსაცმლის კარადა, დიდი საწოლი, კომოდი, ტუმბო და სარკე იდგა. სარკეზე კოსმეტიკა და პარფიუმერია ეწყო. კარადაში მარტო ქალის ტანსაცმელი ეკიდა. საკიდიდან ერთ-ერთი კაბა ჩამოვხსენი და მივიზომე. ზომა ჩემსას დაემთხვა.

კომოდის უჯრები სათითაოდ გამოვაღე. ძირითადად, ქალის საცვლები და პირსახოცები ელაგა. ტუმბოზე სახლის ტელეფონი იდო. ყურმილი ავიღე და ჩემი მობილურის ნომერი ავკრიფე. მინდოდა ზარი დაფიქსირებულიყო. იქნებ ის მაინც გავიგო, ვის სახელზეა გაფორმებული ტელეფონი...

საკუთარი თავი ჩემი შექმნილი პერსონაჟი - მერი მგონია. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მეც მასავით პარალელურ განზომილებაში მოვხვდი, სადაც ჩემი მეორე "მე" სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობს... საინტერესოა, ვის აწყობს, რომ ასე მაფიქრებინოს?

ტუმბოს უჯრა გამოვაღე. უჯრაში ბლოკნოტი იდო, შიგ რამდენიმე ადამიანის გვარები და საკონტაქტო ნომრები ეწერა. ბლოკნოტიც თან გამოვიყოლე და სასადილო ოთახში დავბრუნდი. სახლში მისვლისთანავე ამ ნომრებსაც შევამოწმებ. რადაც უნდა დამიჯდეს, ნებისმიერ ფასად უნდა გავიგო, ვის ეკუთვნის ეს ბინა.

ყველაზე მეტს, ბინის იდუმალ მეპატრონეზე მისი ლეპტოპი მეტყვის. სკამი გამოვწიე და მაგიდასთან დავჯექი. ძალიან ვღელავდი. ლეპტოპი გავხსენი და დაველოდე, როდის ჩაიტვირთებოდა. - არ გამიმართლა, რადგან ლეპტოპს პაროლი ედო. ცოტა ხანი გაუნძრევლად ვიჯექი და ეკრანს შევყურებდი. ვფიქრობდი... მერე, ყოველი შემთხვევისთვის, ჩემი პაროლი ჩავწერე, რომელიც სამსახურის კომპიუტერზე მეყენა იქამდე, სანამ კროული ახალ პაროლებს მოგვცემდა...

ვერ აღგიწერთ, რა ვიგრძენი, როდესაც "დესკტოპი" გამოჩნდა.... სისხლში ადრენალინი მომაწვა. ლეპტოპის ჩართვისთანავე "სკაიპიც" ავტომატურად გაიხსნა და მისმა ხმამ ცოტათი შემაშინა. პირველად სურათების "ფოლდერი" გავხსენი, მაგრამ ცარიელი იყო. ყველაფერი შევამოწმე: დოკუმენტები, ვიდეო - ვერაფერი ვიპოვე. მხოლოდ მუსიკის "ფოლდერში" იყო რამდენიმე სიმღერა... ინტერნეტბრაუზერიც კი გავხსენი და ნახვების ისტორიაც ვნახე. ან ყველაფერი წაშლილი იყო, ან ლეპტოპი იყო ახალი და ჯერ არავის გამოეყენებინა...

როცა ვინჩესტერზე ვერაფერი ვიპოვე, "სკაიპის" ფანჯარა გავშალე, კონტაქტების სია და მომხმარებლის სახელი რომ მენახა. მომხმარებელი "ანიტას" სახელით იყო დარეგისტრირებული და მარტო ერთი კონტაქტი ჰყავდა დამატებული - ვიღაც "კუპიდონი".

ცოტა ხანი ვიფიქრე და "კუპიდონს" "სმაილი" გავუგზავნე... პასუხი არ მომსვლია. ლეპტოპი ჩართული დავტოვე, ჩანთიდან მობილური ამოვიღე და ბინაში სურათების გადაღება დავიწყე. სახლში მივალ თუ არა, ყველაფერს კარგად დავაკვირდები. იქნებ ისეთი დეტალი შევამჩნიო, რასაც ახლა ვერ ვხედავ...

აბაზანაშიც შევედი. საკიდზე პირსახოცის ხალათი ეკიდა. სარკის თაროზე სავარცხელი, კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა და სახის კრემი იდო, საშხაპესთან კი შამპუნი და "დუშგელი", საზამთროს არომატით...

სავარცხელი შევამოწმე. წესით, თმის ერთი ღერი მაინც უნდა ყოფილიყო ზედ, მაგრამ სავარცხელი სუფთა იყო. საეჭვო და ხელმოსაჭიდი ვერაფერი ვიპოვე და სამზარეულოში გადავინაცვლე. თაროები და უჯრები გამოვაღე. ძალიან ცოტა ჭურჭელი იყო. ქვაბები და ტაფები აშკარად ახალი და უხმარი იყო. გეგონებოდათ, ვიღაცამ ყველაფერი მოსაჩვენებლად დაალაგა... იმისთვის, რომ ილუზია შეექმნა, თითქოს ბინაში ვიღაცა ცხოვრობს... ერთადერთი ნივთი, რასაც ადამიანის კვალი ეტყობოდა, ჟურნალის მაგიდაზე დადგმული ყავის ჭიქა იყო...

ერთადერთი ვერსია, რაც იმ წუთებში მომაფიქრდა, ლევან გიორგაძე და მისი თამაშია. ალბათ, ჩემს შესაძლებლობებს ამოწმებს...

მაცივარი გამოვაღე თუ არა, მოულოდნელად "სკაიპის" ზარი გაისმა. როგორც ჩანს, "კუპიდონი" რეკავდა... უცებ ისე შევშინდი, კინაღამ იქვე ჩავიკეცე... ზარი არ ჩერდებოდა... მაგიდისკენ წავედი. ნერვიულობისგან ფეხები მებლანდებოდა. სკამზე ჩამოვჯექი და ეკრანს შევხედე. ნამდვილად "კუპიდონი" რეკავდა...

მწვანე ყურმილის ღილაკს ვუყურებდი და ვერ გადამეწყვიტა, დამეჭირა თუ არა... სავარაუდოდ, პასუხი ჩემს ყველა კითხვაზე, სწორედ ეს ღილაკი იყო. როგორც იქნა, გავბედე და დავაჭირე.

"კუპიდონი" ხმის ამოღებას არ ჩქარობდა. დინამიკიდან ჯერ გაურკვეველი შრიალი და სუნთქვის ხმა გავიგონე... მომეჩვენა, რომ დრო უსასრულოდ გაიწელა. ხმის ამოღება ვერც მე გავბედე. გაქვავებული ვიჯექი და ეკრანს შევყურებდი. როგორც იქნა, მამაკაცის ოდნავ ხრინწიანი ხმა გაისმა...

- გამარჯობა...

გული ისე სწრაფად მიცემდა, მეგონა, გამისკდებოდა. ნერვიულობისგან, მგონი, დავმუნჯდი კიდეც.

- მანდ ხარ?

ნერწყვი გადავყლაპე და როგორც იქნა, ერთი სიტყვა ამოვთქვი...

- კი...

ისევ სიჩუმე ჩამოწვა.

- ევა...

აი, ამას ნამდვილად არ ველოდი. - საიდან იცის ჩემი ზედმეტსახელი? ევას მარტო ირაკლი, ფილი და მაქსი მეძახიან...

- რომელი ხარ?..

- ძალიან გაბედული და უშიშარი გოგო ხარ! ჭკვიანი, მოსაზრებული... ასეც ვიცოდი!

- ვის ველაპარაკები?..

- ნუ გეშინია! მე არაფერს დაგიშავებ... შევეცდები, გარკვევით აგიხსნა, რა ხდება და რატომ ხარ აქ...

- გისმენ...

უცბად "კუპიდონმა"კამერა ჩართო და მისი სახე დავინახე. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ კინაღამ სკამიდან გადავვარდი.

- ასე უკეთესია?

მკითხა და გაიღიმა. ახალგაზრდა კაცი იყო. წაბლისფერი თმა და თაფლისფერი თვალები ჰქონდა. პირწმინდად გაპარსული წვერი. ნიკაპზე პატარა ნაიარევი ემჩნეოდა... სახე ეკრანთან უფრო ახლოს მივიტანე და დავაკვირდი. კიდევ კარგი, ის ვერ მხედავდა...

- ვინ ხართ?..

- ის, ვისაც შენი გაცნობა დიდი ხანია უნდა...

- უფრო კონკრეტულად?

- ეროვნული უშიშროების თანამშრომელი ვარ...

- რა?

გავშტერდი.

- შეგიძლია კამერა ჩართო? მირჩევნია, გხედავდე...

- არა, მე არ მირჩევნია!

- ალბათ, დაბნეული ხარ... წარმომიდგენია, რას გრძნობ...

- არაფერიც არ წარმოგიდგენიათ! ვერც კი წარმოიდგენთ, რა შეგრძნებაა, როცა ანონიმურ წერილს პოულობ ჩანთაში, მერე ვიღაც შენს კომპიუტერში შემოძვრება და გაურკვეველ მესიჯს გიგზავნის... ვიღაცის ბინაში შეგიტყუებს, სადაც საკუთარ სურათებს ნახულობ, ჩარჩოში ლამაზად ჩასმულს...

- ეს ჩვენი ერთ-ერთი კორპორატიული ბინაა. მანდ არავინ ცხოვრობს... მხოლოდ კონკრეტული სიტუაციების დროს ვიყენებთ...

- ჩემგან რა გინდათ?

- შენ კომპიუტერული თამაშების კომპანია "ლაბირინთში" მუშაობ...

- მერე?

- ეს კომპანია ერთ-ერთია, რომელსაც ჩვენი გამოძიების სამიზნე, მთავარი ფიგურა შავი ფულის გასათეთრებლად იყენებს...

- რა სამიზნე? რაებზე მელაპარაკებით საერთოდ?

ნერვიულობამ გადამიარა, მაგრამ სამაგიეროდ, სიბრაზის ტალღა მომაწვა და თითი კამერის ღილაკს დავაჭირე, რომ მასაც დავენახე.

- აი, ასე უკეთესია!

მითხრა უცნობმა და გაიღიმა.

- მე არ ვიცი, ვინ ხართ სინამდვილეში... არ მინდა თქვენი ბინძური თამაშის მონაწილე გავხდე! ამიტომ ახლა წავალ სახლში და არასოდეს აღარ შემაწუხოთ!

- ნუ მისცემ უფლებას ემოციებს, გმართოს! ეს უბრალოდ ემოციებია, რომლებიც ცოტა ხანში გაივლის და შენ ისევ ბევრი კითხვა დაგრჩება... პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებიც არ მოგასვენებს! დაფიქრდი, ევა! აბრამ დობროვსკიზე საეჭვო არასოდეს არაფერი შეგიმჩნევია? თუ არასოდეს შეგპარვია ეჭვი, მაშინ შეგიძლია ადგე და წახვიდე... ძალით არავინ არაფერს გაიძულებს... ეს იცოდე!

ამ სიტყვებზე ის სატელეფონო საუბარი გამახსენდა, რომელიც კროულის კაბინეტში შესვლამდე შემთხვევით მოვისმინე. გონებაში ფრაზები ამომიტივტივდა...

"ჯერ ნურაფერს ჩარიცხავთ, ვერ გავაპრავებ! მე თვითონ გეტყვით, როდის... შენ თვითონაც ხომ ხვდები, რა მოხდება, კუდზე რომ დამაჯდნენ ეგენი?" - იქნებ უშიშროებას გულისხმობდა?.. იქნებ ჩემი ეჭვები მართლა არ იყო უსაფუძვლო?

- კარგი, მოგისმენთ ბოლომდე...

- ჩვენ ერთი ადამიანის უკანონო საქმიანობას ვიძიებთ, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყანას და ხალხს... საქმე საკმაოდ რთული და ჩახლართულია... ამიტომ გვჭირდება ადამიანი, რომელსაც შეგვიძლია ვენდოთ... ჩვენ მას საფრთხეს არ შევუქმნით! პირიქით, დავიცავთ... მოკლედ, ჩვენ გვინდა სანდო პიროვნება კომპანია "ლაბირინთში"...

- ჯაშუში? იმედია, ხუმრობთ... გამორიცხულია!.. რა კანონს არღვევს ამისთანას დობროვსკი, რომ ჩემი "დავერბოვკება" დაგჭირდათ?.. ან მე როგორ უნდა დაგეხმაროთ?.. დაუჯერებელია!

აღვშფოთდი.

- ვიცი, როგორც ჟღერს ეს ყველაფერი... საქმე ასეთი რთული რომ არ იყოს, არ ჩაგრევდი...

- მეტი ინფორმაცია მჭირდება! გავიგე, რომ დობროვსკი თქვენი სამიზნეა... ეს არ არის საკმარისი...

- დობროვსკი არა! დობროვსკი მხოლოდ პაიკია... ჩვენი სამიზნე სხვა პიროვნებაა...

- ვინ?

- ლევან გიორგაძე!

სრული შოკი მივიღე. თვალებზე ხელები ავიფარე, რადგან თავში ისევ ქაოსი დამიტრიალდა...

- ერთი წუთით... იმის თქმა გინდათ, რომ გიორგაძე და კროული ერთად მოქმედებენ?..

- არა. გიორგაძე რამდენიმე კომპანიას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. მათი დახმარებით ფულს ათეთრებს.

- და დობროვსკიმ ეს იცის?

- რა თქმა უნდა! იცის და თვითონაც მოგებაშია. საკმაოდ სარფიანი გარიგება აქვთ...

- დავუშვათ, ასეა! - მე რა შუაში ვარ? რატომ მაინცდამაინც მე და არა ვთქვათ, ფილიპე, ირაკლი, მაქსი...

- შენზე ყველაზე ნაკლებად მიიტანენ ეჭვს... შენ იდეალური კანდიდატი ხარ! გოგო, რომელსაც სხვების ცხოვრება არ აინტერესებს... საკუთარ სამყაროში ცხოვრობს... ინტროვერტია... გარდა ამისა, ლევან გიორგაძემ თვითონ მოგძებნა და საქმიან წინადადებას გთავაზობს... ევა, იდეალური კანდიდატი ხარ!

- ეს საიდანღა გაიგეთ?..

- წელს დიდ წარმატებას მივაღწიეთ... გიორგაძის პირად დაცვაში ჩვენი კაცი გვყავს... ეს ძალიან ბევრს ნიშნავს...

- ის ლაშა, ვინც კონვერტი ჩამიდო?..

- სწორედ ის ლაშა... გიორგაძემ ბევრ ადამიანს დაუნგრია ცხოვრება! ალბათ, გსმენია მის ირგვლივ გავრცელებული ლეგენდები... რომ საუკეთესო ქალებს არჩევს და მათი ცხოვრება ზღაპარს ემსგავსება...

- რაღაც ასეთი მსმენია, კი...

- მერე... როგორ ფიქრობ, რატომ რჩება დღემდე ეს ყველაფერი ლეგენდად?

- რატომ?

- იმიტომ, რომ სიმართლე მხოლოდ იმ ქალებმა იციან... რაც ყველაზე უცნაურია, ვერც ერთ მათგანს ვერ მივაგენით... ვერც ერთს! შენ კი მოგეცა შანსი, მის წრეში შეაღწიო...

- ფიქრობთ, რომ იმ ქალებს რაღაც ცუდი შეემთხვათ?

- ასე რომ არ ვფიქრობდეთ, ამის გარკვევას არ შევეცდებოდით...

- დავუშვათ, დავთანხმდი... კონკრეტულად რისი გაკეთება მომიწევს?

- უბრალოდ, ასი თვალი და ასი ყური უნდა გამოიბა... თვალი ადევნო, ვინ მოდის დობროვსკისთან; თუ შეძლებ, ყური მიუგდო, ვის ელაპარაკება... ოღონდ ეს ისე უნდა გააკეთო, რომ ვერავინ ვერაფერი შეგამჩნიოს... რაც შეეხება გიორგაძეს, როგორც ჩემთვის ცნობილია, "პორტალში" წაყვანას დაგპირდა... ეს ყველაზე მნიშვნელოვანია! დააკვირდი ყველას და ყველაფერს... თუ დაგვთანხმდები, პატარა მიკროფონს დაგამაგრებთ, რომ ჩვენც შევძლოთ თქვენი მოსმენა... თუ რამე ისე არ წავიდა, ლაშა იქ იქნება... გიორგაძე დაცვას არასოდეს იშორებს გვერდიდან...

- შეიძლება ყველაფერი კარგად გავაანალიზო, მოვიფიქრო და პასუხი მერე გითხრათ?

- რა თქმა უნდა! ეგ გასაღები შენია. როცა მოგინდება, ნებისმიერ დროს შეგიძლია მოხვიდე აქ. ღამეც დარჩე... ჩემთან კონტაქტზე გამოსვლას რომ გადაწყვეტ, "სკაიპში" დამირეკე. ტელეფონში მუდმივად ჩართული მაქვს და მაშინვე გიპასუხებ...

- შეგიძლიათ თქვენი სიტყვები დაამტკიცოთ? საიდან ვიცი, რომ სიმართლეს ამბობთ?

"კუპიდონმა" საფულე გახსნა და კამერაში მოწმობა დამანახა. მერე, ლეპტოპი შემოატრიალა. მისი კაბინეტი დავინახე... მინის კედლიდან დიდი პავილიონი ჩანდა, სადაც უამრავი მაგიდა იდგა, რომლებთანაც ხალხი მუშაობდა... შორს, კედელზე, ასოებიც მოჩანდა - "შინაგან საქმეთა სამინისტრო..."

- ეს "მოდულის" შენობაა?

- დიახ!

- თქვენ ჯაშუში ხართ?

უცნობს გაეცინა.

- იცი, შენ უკვე მეორედ მეკითხები ამას! მეც მეორედ გიპასუხებ: მე ძალიან მნიშვნელოვანი მისია მაკისრია და ძალიანაც რომ მინდოდეს, მაინც ვერ გეტყვი, სად ვმუშაობ...

ამ სიტყვებმა უცებ ყველაფერი შეცვალა...

- იმიტომ, რომ გრძელი ისტორიაა?

ვკითხე და გული ისევ საშინლად ამიჩქარდა. მან თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და გამიღიმა.

- მაგრამ მე არსად მეჩქარება...

გაგრძელება იქნება

ავტორი თეა ინასარიძე

იხილეთ ასევე: ლაბირინთი - წითელი გასაღები (ეპიზოდი- IX)