სიომგა ერთ-ერთია იმ პროდუქტთაგან, რომელიც გარდა იმისა, რომ სასიამოვნო გემოთი ხასიათდება, ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების შემცველობის გამო აქტიურად გვიცავს დეპრესიისაგან.
ის ძალიან გემრიელი და სასარგებლო თევზია, ამიტომ კარგია, თუ მას არა მხოლოდ თქვენს, არამედ ბავშვების რაციონშიც შეიტანთ. იმისათვის, რომ სიომგამ მაქსიმალურად შეინარჩუნოს თავისი სასარგებლო თვისებები, არ შეწვათ ტაფაზე, უმჯობესია, თუკი მას ფოლგაში გახვეულს ან გრილზე მოამზადებთ.
"ჩრდილოეთის ორაგული" ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების საბადოა. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას, ფოსფორს, იოდს, კალცს, კალციუმს, ნატრიუმს, მაგნიუმს, ომეგა-3-ს... ასევე მდიდარია A, B და D ვიტამინებით. ძალიან სასარგებლოა მომავალი დედებისთვისაც. 100 გრ სიომგა შეიცავს ადამიანისთვის საჭირო ცილების რაოდენობის დღიურ ნორმას.
თუკი სიომგას მირთმევას სისტემატურად დაიწყებთ, ნახავთ, რომ სულ მალე გაგიუმჯობესდებათ სისხლის მიმოქცევა და კუჭ-ნაწლავის მოქმედება. იგი ხელს უწყობს ღვიძლის ფუნქციონირებას და ამცირებს ტრომბოფლებიტის გაჩენის რისკს.
რა უნდა ვიცოდეთ სიომგას ყიდვისას და როგორ შევინახოთ ისე, რომ გამოყენებამდე მაქსიმალურად შეინარჩუნოს ყველა მინერალი და ვიტამინი? ამ თემაზე სასაუბროდ "ნიკორას" შვილობილი კომპანიის, "ოკეანის" წარმოების უფროსს, მთავარ ტექნოლოგ გიორგი ჩაბიჩაძეს ვესაუბრეთ.
- რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა, თუკი სიომგას შეძენას აპირებს? როგორ მივხვდეთ, ახალია თუ არა ორაგული?
- სიომგა, ანუ "ჩრდილოეთის ორაგული" ნორვეგიიდან შემოდის და ის ქართულ ბაზარზე საუკეთესო პროდუქტად ითვლება. თუკი ასაწონ სიომგას ყიდულობთ, ყურადღება მიაქციეთ მის კანს - იგი ვერცხლისფერი უნდა იყოს და უნდა ლაპლაპებდეს. ხორცი კი ვარდისფერი უნდა ჰქონდეს. ნატურალური თევზის ხორცის ფერი ბაცი ვარდისფრიდან მუქ წითლამდე მერყეობს. თუკი მისი ხორცი არაბუნებრივად წითელი მოგეჩვენათ, ეს ნიშნავს, რომ ხელოვნურად შეღებილ თევზთან გაქვთ საქმე და მის შეძენას არ გირჩევთ.
- საინტერესოა, რა პირობებში უნდა ინახებოდეს სიომგა მაღაზიებში იმისათვის, რომ საგემოვნო თვისებები არ დაკარგოს და რაც მთავარია, ადამიანის ჯანმრთელობასაც არ შეუქმნას საფრთხე?
- მაღაზიებში შენახვის პირობებთან დაკავშირებით შემიძლია "ნიკორას" სუპერმარკეტების მაგალითზე გითხრათ. მაგალითად, ჩვენთან ცივად შებოლილი სიომგის მუცელი 0...+6 0C, 30 დღის განმავლობაში ინახება. რაც შეეხება ცივად შებოლილ სიომგას, სიომგის ნაჭრებს და ფილეს, მათი შენახვა -8 0C-ზე, 45 დღის განმავლობაში ხდება, 30 დღე კი 0...+6 0 C-ზე ვინახავთ. გვაქვს გაყინული სიომგის სტეიკიც, რომელსაც სუპერმარკეტებში -18 0C-ზე 6 თვის განმავლობაში ინახავენ.
- ყიდვის შემდეგ რამდენ ხანს ძლებს ეს პროდუქტი და როგორ უნდა გამოვიყენოთ ისე, რომ საჭირო მინერალები და ვიტამინები არ დაკარგოს?
-არ აქვს მნიშვნელობა, შებოლილ სიომგას იყიდით თუ ასაწონს, თუ მის გამოყენებას დიდხანს არ აპირებთ, გირჩევთ, იგი საყინულეში შეინახოთ. ამისთვის აუცილებლად გამოიყენეთ ვაკუუმ-შეფუთვა ან წელვადი ცელოფანი - ამით თავიდან ავიცილებთ თევზის გამოშრობასა და აორთქლებას.
მომზადებამდე თევზი ცოტა ხნით ადრე გამოიღეთ საყინულიდან და აცადეთ, ოთახის ტემპერატურაზე გალღვეს - ნუ დადგამთ მას ცეცხლთან ახლოს და ნურც წყლის ჭავლით შეეცდებით მის გალღვობას.
რაც შეეხება შებოლილ სიომგას, თუკი ის +8 გრადუსზე ნაკლებ ტემპერატურაზე ინახება, ცხიმი გამოდინებას იწყებს და ორაგული სასარგებლო მინერალებს კარგავს. ამიტომ, თუკი აპირებთ, სტუმრებს შებოლილი სიომგით გაუმასპინძლდეთ, იგი ნახევარი საათით ადრე გამოიღეთ საყინულიდან. ის ამ პერიოდში გალღვება და შეგიძლიათ ახლობლებს ვიტამინებით სავსე შებოლილი ორაგულით გაუმასპინძლდეთ.
სიომგის მარგებლობაზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი, თუმცა, ამასთან ერთად, საინტერესოა, როგორ უნდა მომზადდეს ის.
გთავაზობთ "ჯადოსნური" ორაგულის მომზადების წესს. ამ კერძს "ჯადოსნური" ტყუილად არ ჰქვია, რადგან ის მართლაც ძალიან გემრიელია. წვნიანი, ვარდისფერი ორაგული - ნაღების სოუსით და ხრაშუნა ბოსტნეულით დაუვიწყარ გემოს ქმნის.
ინგრედიენტები:
ორაგული - 500 გრ
ყაბაყი - 1 ცალი
სტაფილო - 1 ცალი
ნაღები 20%-იანი - 200 მლ
ფქვილი - 1 ჩ.კ.
კარაქი - 50 გრ
მარილი, სასურველი სუნელი - გემოვნებით
მომზადების წესი:
თევზის ნაჭრები გარეცხეთ. მოაყარეთ მარილი და სასურველი სუნელი (პილპილი, პროვანსული სუნელი და ა.შ)
ცხიმიან ტაფაზე, კანით ქვემოთ შეწვით თევზის ნაჭრები 1-2 წუთის განმავლობაში. ეს იმიტომ, რომ მას ხრაშუნა კანი ჰქონდეს.
ამის შემდეგ, თევზი შედგით ღუმელში 10-15 წუთი, 180-200 C .
სანამ ის მომზადდება, ბოსტნეული დაჭერით ჩხირისებურად და ტაფაზე, მაღალ ცეცხლზე შებრაწეთ, ისე რომ ძალიან არ დარბილდეს. მოაყარეთ მარილი და პილპილი.
სოუსისთვის: გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ფქვილი და აურიეთ. ამის შემდეგ, დაამატეთ ნაღები და კვლავ კარგად ათქვიფეთ. როგორც კი მასა შესქელდება, გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ მუსკატის კაკალი და მარილი.
იმ შემთხვევაში თუ დროის უქონლობას უჩივით, გთავაზობთ ორაგულის მომზადებას სულ რაღაც 10 წუთში.
აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ პილპილის მარცვლები, რამდენიმე ფოთოლი დაფნა, პატარა თავი ხახვი და ბლომად მარილი.
დაჭერით სიომგა სასურველი ზომის ნაჭრებად და ჩაყარეთ ქვაბში. 10 წუთის შემდეგ თევზი უკვე მზადაა. ძალიან უხდება ნიგვზიანი ბაჟე, სოიოს სოუსი და გარნირად ბრინჯი.
ბედნიერ დღესასწაულებს გისურვებთ.