ბოლო დროს ეგზოტიკური მცენარეების რაფაზე მოშენება პოპულარული გახდა, რადგან მიმზიდველი დეკორი აქვთ და არც პრეტენზიული მოსავლელები არიან.
თუ თქვენც გადაწყვიტეთ ქოთანში მცენარის გამოზრდა, ბროწეულით დაიწყეთ. გთავაზობთ მარტივ ინსტრუქციას, რომელიც სურვილს რეალობად გიქცევთ.
1. შეიძინეთ მწიფე ნაყოფი, მოაცილეთ კანი და მარცვლები დაწურეთ; კურკები დღე-ღამის განმავლობაში გამოაშრეთ.
2. მომდევნო ორი დღის განმავლობაში კურკები 20-22-გრადუსიან წყალში გააჩერეთ და წყალი ყოველ 12 საათში ერთხელ გამოუცვალეთ.
3. პატარა ზომის ქოთანი ტორფისა და მიწის ნარევით (1:1) გაავსეთ.
4. გრუნტი დაატენიანეთ და მასში 2 სმ-ის სიღრმეზე კურკები ჩათესეთ. ქოთანს ან ცელოფნის პარკი ჩამოაცვით, ან ცელოფნის სახვევი მოახვიეთ, სათბურის ეფექტი რომ მიიღოთ. ბროწეულის კურკების დასათესად საუკეთესო თვედ თებერვალი ითვლება.
5. მცენარემ საჭირო სინათლე და წყალი უნდა მიიღოს, გრუნტი არ უნდა გამოშრეს.
6. პირველი ნერგი ერთი კვირის მერე ამოყოფს თავს, თუმცა ისეც ხდება, რომ კურკამ შეიძლება 6 თვის შემდეგ გაიხაროს. როცა ნერგს პირველი ფოთლები გამოუვა, იგი უფრო ღრმა ქოთანში გადარგეთ.
7. ბროწეული პირველ ყვავილს 9 თვის მერე გამოიღებს, დაახლოებით 3 თვის შემდეგ კი ნაყოფსაც მოგცემთ.