რა სიმპტომები ახასიათებს საშვილოსნოს ყელის კიბოს და როგორია მკურნალობის ის მეთოდები, რომელსაც "ემ-ემ-ტე ჰოსპიტლის" გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, წამყვანი სპეციალისტი, ონკო-გინეკოლოგი დავით ყარსიმაშვილი გვთავაზობს?!
რა იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს?
პირველ რიგში, აღვნიშნავდი, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს, ძუძუს კიბოს შემდგომ, ქალთა სიმსივნეებს შორის მეორე ადგილი უკავია. ყოველწლიურად მსოფლიოში რეგისტრირდება საშვილოსნოს ყელის კიბოს 529 828 ახალი შემთხვევა, რაც საკმაოდ შემაშფოთებელი მაჩვენებელია. ამიტომაც ყველა ქალბატონს ვთხოვ, მუდმივად იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და ჩაიტაროს დროული დიაგნოსტიკა.
რაც შეეხება საშვილოსნოს ყელის კიბოს, მისი გამომწვევი რამოდენიმე მიზეზი არსებობს, რომელთაგანაც აღსანიშნავია:
• სქესობრივი ცხოვრების ადრეულ ასაკში დაწყება;
• ხშირი აბორტი და ადრეულ ასაკში მშობიარობა;
• სხვადასხვა სქესობრივი პარტნიორი;
• სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
• არანამკურნალები ანთებითი და ვენერიული დაავადებები;
• ვირუსები (პაპილომა, ჰერპესი); 80%-ში საშვილოსნოს ყელის კიბო ასოცირებულია ადამიანის პაპილომა ვირუსთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონკოგენური ქვეტიპები - მე-16 და მე-18;
• თამბაქოს მოწევა;
• მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები;
• და სხვა
რა სიმპტომები ახასიათებს?
საშვილოსნოს ყელის კიბო სხვადასხვა სტადიაზე, შესაძლოა, სხვადასხვა ნიშნით გამოვლინდეს, მათ შორის, სისხლიანი გამონადენით საშოდან სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ, ჩვეულთან შედარებით მნიშვნელოვნად გახანგრძლივებული მენსტრუაციით, ტკივილით მუცლის ქვედა ნაწილში, გამონადენით საშოდან ან საერთო სისუსტით.
როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა?
• აუცილებელია, ყველა ქალბატონმა ყოველწლიურად გაიაროს გინეკოლოგის კონსულტაცია.
• და ჩაიტაროს:
1. PAP-ტესტი: საშვილოსნოს ყელი და ნაცხის მიკროსკოპული გამოკვლევა სპეციალური წესით
2. კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დათვალიერებისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტული მეთოდი;
3. სქესობრივად გადამდები დაავადებების დროული მკურნალობა;
4. საშვილოსნოს ყელის ფონური დაავადებების და დისპლაზიის ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
მკურნალობის რა მეთოდებს გვთავაზობთ?
განვმეორდები და ვიტყვი, რომ ახალგაზრდა პაციენტებში საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული სტადია განაჩენი არაა, სკრინინგით შესაძლებელია ადრეული ცვლილებების გამოვლენა და შესაბამისად, დროული მკურნალობა.
ახალგაზრდა პაციენტებში საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული სტადიების შემთხვევაში კეთდება საშვილოსნოს ყელის კონიზაცია - საშვილოსნოს ყელის დაზიანებული უბნის ამოკვეთა საღი ქსოვილის ფარგლებში. აღნიშნული პროცედურის შემდეგ მასალა იგზავნება მორფოლოგიურ კვლევაზე დიაგნოზის ვერიფიკაციისა და მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით.
რაც შეეხებათ ქალბატონებს, რომელთაც შვილოსნობის შენარჩუნება არ სურთ და დადგენილი აქვთ საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზი, მოწოდებულია ქირურგიული მკურნალობა სხვადასხვა მეთოდით. "ემ-ემ-ტე ჰოსპიტალში" აღნიშნული ოპერაციები (ჰისტერექტომია, რადიკალური ჰისტერექტომია) სრულდება როგორც "ტრადიციული" მუცელკვეთით, ისე ლაპაროსკოპიული მიდგომით.
შორს წასულ შემთხვევებში ოპერაციული მკურნალობა ნაჩვენები არაა და ქიმიო-სხივური თერაპია ტარდება.
უკვე ნამკურნალებ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ რეციდივი (დაავადების განმეორება, მეტასტაზებით საშარდე სისტემაში), ვუტარებთ კომბინირებულ-უროგინეკოლოგიურ ოპერაციებს, პროფესორ გურამ ქარაზანაშვილთან ერთად.
დასასრულ, მინდა აღვნიშნო, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზის მქონე უკვე ნამკურნალები პაციენტები საჭიროებენ გინეკოლოგის მუდმივ მეთვალყურეობას. პირველი-ორი წელი 3 თვეში ერთხელ, 5 წლის შემდგომ კი - 6 თვეში ერთხელ.
"ემ-ემ-ტე ჰოსპიტლის" წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 032 234023 ან გვეწვიეთ მისამართზე: ლუბლიანას ქ. N5, მე-9 სართ. (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობა)
R