ლაბირინთი - პოლიამორია თავი 21 - Marao

ლაბირინთი - პოლიამორია თავი 21

2023-02-02 09:12:18+04:00

- ნამდვილად ყველაფერი რიგზე გაქვს?

- კი... რატომ მეკითხები?

- შეცვლილი მეჩვენები. მიყურებ, მაგრამ ასე მგონია, სადღაც სხვაგან ხარ...

მითხრა ლევანმა და თვალებში შემომხედა. ასე მეგონა, ჩემს ფიქრებს კითხულობდა.

- ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ. არ ვიცი, რამდენად მოეწონება გიორგაძეს ჩემი იდეა.

- მთავარია, შენ მოეწონო. იდეა მეორეხარისხოვანია... როგორმე უნდა დაუახლოვდეთ ერთმანეთს...

- სექსს გულისხმობ?

- არა, ეგ არ არის აუცილებელი...

ლევანმა თვალი ამარიდა.

- არა? ...და რომ გახდეს?

ამჯერად მე ჩავხედე თვალებში. მაინტერესებდა, მართლა ჰქონდა ჩემ მიმართ რამე გრძნობა თუ უბრალოდ საქმისთვის ვჭირდებოდი.

- ეგ უკვე შენი გადასაწყვეტია, რამდენად გიღირს...

- მიღირს? მე გამოძიებას ვეხმარები, ხომ ასეა? პირადად მე რატომ უნდა მიღირდეს ან არ მიღირდეს გიორგაძის განადგურება? მე არავითარი პირადი ინტერესი არ გამაჩნია ამ ადამიანის მიმართ...

- ვიცი, რომ გამოძიებას ეხმარები და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მე ვერაფერს დაგავალდებულებ, ევა! არ მაქვს არავითარი უფლება, რამე მოგთხოვო... სიმართლე გითხრა, არ მომწონს, მას რომ ხვდები ხოლმე, მაგრამ ახლა ჩემი პირადი ემოციების და გრძნობების დრო არ არის.

- აბა, რისი დროა?

- მეჩვენება თუ მცდი?

- გეჩვენება!

ვეცადე, ეს მსუბუქი დაძაბულობა ჩვენ შორის ღიმილით მომეხსნა.

- საყურე უნდა მეკეთოს?

- რა თქმა უნდა!

- რამეს ხომ არ იეჭვებს? მეორედაც იმავე საყურით რომ მნახავს?

- დამიჯერე, არ ემახსოვრება! კაცები ეგეთ რაღაცებს ყურადღებას არ აქცევენ. ელემენტი გამოცვლილია. ახლავე ჩაიდე ჩანთაში, რომ არ დაგავიწყდეს! მობილური სად გაქვს?

- ჩანთაში. სამსახურიდან წამოვიღე. სახლში რომ მივალ, დავტენი.

- ეცადე, აღარ დაგრჩეს სამსახურში, კარგი?

- აჰა... შენ ის მითხარი, კროულიზე რა ქენით?

- დღეს დაიწყო მუშაობა ჩვენმა ოპერმუშაკმა...

- ახალგაზრდაა?

- ოცდაცამეტი წლის.

- გეგმა გაქვთ?

- სამწუხაროდ, არ მაქვს უფლება, ამაზე ვილაპარაკო... მაპატიე...

- კარგი, "დაიკიდე"...

- ვერაფერს მიხვდება. შენზე არაფერს იეჭვებს, შეგიძლია მშვიდად იყო! არა, მართლა სხვანაირი ხარ დღეს...

- დავიღალე უბრალოდ.

- მე კიდევ მგონია, რომ განიცდი და გაწუხებს ეს ამბავი...

- რა ამბავი?

- ამ ყველაფერში რომ გაგხვიე. ტყუილების თქმა გიწევს შენი ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვისაც...

- გინახავს ადამიანი, რომელიც არ იტყუება?

ლევანს გაეცინა და თავი გადააქნია.

- იცი როგორ მინდა, შენთან ერთად სადმე წასვლა? თუნდაც კინოში, რესტორანში... თუმცა, ეს საიდუმლო შეხვედრებიც ძალიან მომწონს!

ლევანი ხელით ძალიან ნაზად შემეხო სახეზე. მე კი ქოხში ნანახი სიზმარი გამახსენდა. უფრო სწორად კი, ის შეგრძნება, რომელიც რეალურად ვიგრძენი ძილში. ხომ შეიძლება, გიორგაძე შემხებოდა? სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, რომ არც ერთხელ არ სცადა ჩემთვის ეკოცნა ან მომფერებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ღამე რომანებში აღწერილ სცენას ჰგავდა... შეიძლება არ მოვწონვარ, როგორც ქალი (მეჯავრება ეს გამოთქმა) ან ასეთი შეხვედრები მისთვის ჩვეულებრივი ამბავია და არაფერი განსაკუთრებული... ან იქნებ სპეციალურად იქცევა ასე, რომ მე ამ ყველაფერზე მაფიქრებინოს? - ვინ იცის. გიორგაძე საკმაოდ ჭკვიანია და როგორც მივხვდი, კარგად ერკვევა ადამიანების ფსიქოლოგიაში...

- ევა...

ფიქრებიდან ლევანის შეძახილმა გამომიყვანა.

- აი, ისევ...

- რა?

- ისევ გაითიშე... ნეტა რაზე ფიქრობ...

- ჩემი წასვლის დროა!

- ასეც ვიცოდი...

თქვა დამწუხრებულმა და ფეხზე წამოდგა. მეც ავდექი.

- თუ არ ხარ დარწმუნებული იმაში, რასაც აკეთებ, ან თუ რამეზე გინდა დალაპარაკება, მე აქ ვარ! შეგიძლია ყველაფერი მითხრა!

- ვიცი.

გავუღიმე და საყურეების კოლოფი ჩანთაში ჩავაგდე.

- ხვალ რას იცვამ?

- არ ვიცი, რამეს...

- მისმინე, ეს სავიზიტო ბარათი გამომართვი, სილამაზის სალონია. საჭიროებისამებრ გვემსახურებიან ხოლმე, როცა გვჭირდება. ძალიან მაგარი სტილისტი ჰყავთ. ხვალ კლუბში წასვლამდე შეიარე და ყველაფერს გაგიკეთებენ! მაკიაჟი, ვარცხნილობა.... ზღაპრულად უნდა გამოიყურებოდე! შენ არაფრის გადახდა არ დაგჭირდება!

ლევანს სავიზიტო ბარათი გამოვართვი და დავხედე.

- "ვენერა" ჰქვია?

- ჰო... აუცილებლად წადი!

- კარგი, წავალ. მადლობა, ლევან.

ერთი სული მქონდა, როდის მივიდოდი სახლში. ფიქრი მინდოდა. ფიქრი და საკუთარ გრძნობებში გარკვევა. ცხოვრებამ ორი ჭეშმარიტება მასწავლა. ერთი ის, რომ დრო გადის და ყველაფერი იცვლება, მეორე ის, რომ არასდროს არ უნდა თქვა - "არასდროს". მე იმის გაკეთება მომიხდა, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი...

ვივახშმე, შხაპი მივიღე და ჩემს ოთახს მივაშურე. მხოლოდ აქ შემიძლია განტვირთვა და დასვენება. სიბნელეში ჩემი ოთახი თითქოს ტრანსფორმაციას განიცდის და თეთრის ნაცვლად შავად გარდაიქმნება.

ლეპტოპი ჩავრთე და ბექა წულაია მოვძებნე. ბევრი ფოტო ედო. როგორც ჩანს, ბევრს მოგზაურობს. ნეტა რა გეგმა აქვს ლევანს? რატომ უნდა, რომ "პორტალში" შეიტყუოს? შევეცადე, ქაოტური ფიქრები დამელაგებინა და საკუთარ სურვილებში გავრკვეულიყავი. ძალიან მინდა, წულაია დაისაჯოს, მაგრამ არ მინდა ვინმეს სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. არც თამაზის სიკვდილი მინდა. პირიქით, მინდა ცხოვრება ტანჯვასა და სინანულში გაატაროს!

რაც შეეხება ლევანს, ასეთი გაორებული არასოდეს ვყოფილვარ. ვიცი, რომ კანონებს არღვევს და ფულს ცუდი გზებით შოულობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მის მიმართ კარგად ვარ განწყობილი... მომწონს, როგორც აზროვნებს და ვატყობ, რომ საკუთარი საქციელის გამართლებას ვცდილობ... პირველად ხდება, როდესაც არ ვიცი, გონებას მივენდო თუ გულს, რადგან გული სხვა რაღაცას მკარნახობს. არ ვიცი, რა იქნება სწორი და რა იქნება შეცდომა. იქნებ კანონების დარღვევა სწორი გადაწყვეტილებაა? ან იქნებ სულაც არ არის ყველაფერი ისე, როგორც კალანდაძემ დამიხატა?

იქნებ სახელმწიფოს უბრალოდ გიორგაძის ქონების მითვისება უნდა? ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული არაფერში აღარ ვარ... იმასაც ვფიქრობ, იქნებ გიორგაძემ იცის, რომ მე შსს-ს ვეხმარები და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ეჭვი გამჩენოდა და მის მხარეზე გადავსულიყავი? იპოვა ჩემი სუსტი წერტილი და პირდაპირ იქ დამარტყა?

ერთადერთი, რასაც მკაფიოდ ვაცნობიერებ, ისაა, რომ უცნაურ ლაბირინთში ვიხლართები... ერთადერთი გამოსავალი კი სწორი მიმართულების პოვნაა, რომელიც გასასვლელისკენ გამიყვანს... მაგრამ რომელია სწორი გზა - ეს ჯერ კიდევ გასარკვევი მაქვს!

დილით ხმაურმა გამაღვიძა. კარზე ზარი დარეკეს... სანამ გამოვფხიზლდებოდი, კარი დედამ გააღო. მე საათს შევხედე. რვას თხუთმეტი წუთი აკლდა. ვინ უნდა იყოს ასე ადრე?..

ოთახიდან რომ გამოვედი, დედა დავინახე, რომელსაც ხელში ლამაზად შეფუთული დიდი ყუთი ეჭირა.

- ვინ იყო, დედა?

- კურიერი... შენ გამოგიგზავნეს რაღაც...

დედამ ყუთი ჟურნალის მაგიდაზე დადო. როგორც ჩანს, თეოსაც გაეღვიძა და წინდების ამარა გამოვიდა სასტუმრო ოთახში.

- რა არის?

- ანიკასია...

- აუ, გახსენი რა!

ყუთს გაუბედავად მივუახლოვდი, დივანზე ჩამოვჯექი და ქაღალდი შემოვაცალე. მერე გავხსენი და მოულოდნელობისგან სუნთქვა შემეკრა.

- კაბაა?

თეომ ვეღარ მოითმინა და კაბა ყუთიდან ამოიღო. თხელი, ჰაეროვანი და ნახევრად გამჭვირვალე ქსოვილი გაიშალა და სამივეს გაოცების შეძახილი აღმოგვხდა. კაბა ძალიან ღია ცისფერი იყო. ნაზი, პასტელის ფერებით ნაქარგი და ბისერით გაწყობილი.

- ვაიმე, ანიკა! "არმანია"...

- ვინ... ვინ გამოგიგზავნა?

დედა შოკიდან ვერ გამოსულიყო. ყუთში ფეხსაცმელები და ქლათჩიც იდო. ბოლოში პატარა, შუაზე გადაკეცილი ფურცელი, რომელზეც მხოლოდ ხუთი სიტყვა ეწერა:

"ვფიქრობ, რომ შენთვისაა შექმნილი".

ლევანი.

- ბილ გეიტსს შეუყვარდი, ანიკა?

მკითხა თეომ და ახლა ფეხსაცმელს გადასწვდა.

- იცი, რა ეღირება ესენი დაახლოებით მაინც? ჩვენი ბინის ფასია...

- ანიკა!

დედამ მხოლოდ ჩემი სახელი წარმოთქვა, მაგრამ ეს იმას ნიშნავდა, რომ მისთვის ყველაფერი უნდა მეთქვა.

- ადრე გითხარი, კერძო შეკვეთაზე ვმუშაობ-მეთქი... დამკვეთი ლევან გიორგაძეა, ოღონდ ეს არავინ უნდა გაიგოს!

- ბიზნესმენი?

- ჰო, დედა!

- მოსწონხარ?

- არ ვიცი, ალბათ... სულ სამჯერ შევხვდი... ძალიან მეგობრული დამოკიდებულება აქვს ჩემ მიმართ...

- მეგობრული? გუშინ ღამე მასთან იყავი?

- ჩვენ შორის არაფერი ხდება! დღეს ღამე კლუბში უნდა წავიდე, საქმიანი შეხვედრა გვაქვს. დახურული კლუბია და "დრესკოდს" იცავენ... ჩემი ჩაცმის სტილიდან გამომდინარე, ალბათ იფიქრა, რომ კაბა არ მექნებოდა და გამომიგზავნა... ეს არის და ეს!

- მე არასოდეს დამიშლია შენთვის ვინმესთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მინდა, ვინმემ გული გატკინოს... შენც ხომ ხვდები, როგორი ცხოვრებით ცხოვრობს სავარაუდოდ ეგ კაცი?

- დე, შეიძლება ბევრი საყვარელი ჰყავს, მაგრამ დამიჯერე, ასეთ საჩუქრებს ყველას არ გაუკეთებდა! განსაკუთრებულად შეურჩევია კაბაც, ფეხსაცმელიც და ჩანთაც!

უთხრა დედას თეომ.

- ანიკაც განსაკუთრებულია და იმიტომ!

გაეღიმა დედას.

- მე არ ვნერვიულობ შენზე, იმიტომ, რომ ვიცი, ჭკვიანი გოგო ხარ და თავს არავის მოატყუებინებ!

დედას მეტი აღარაფერი უთქვამს ჩემთვის. არც არასოდეს მიკითხავდა ნოტაციებს... ისე გამზარდა, რომ დამოუკიდებლად შემძლებოდა გადაწყვეტილებების მიღება. ზედმეტად არასოდეს ჩარეულა ჩემს საქმეში. რჩევასაც თავისებურად მაძლევდა. უბრალოდ მეტყოდა, როგორ მოიქცეოდა ის, ჩემს ადგილას რომ ყოფილიყო...

დღე მალე გავიდა. საღამოს ტაქსი გამოვიძახე და სალონში წავედი. სტილისტი ახალგაზრდა ბიჭი იყო, ვოვა ერქვა. მხოლოდ კაბის ფერი მკითხა, რომლის ჩაცმასაც ვაპირებდი. თმა სანახევროდ ამიწია, ზემოთ უცნაურად ჩახლართა და ბოლოები დაახვია. მაკიაჟს დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში მიკეთებდა. ყველაფერი წამისვა, მაგრამ არაფერი მეტყობოდა... სარკეში მხოლოდ მაშინ ჩამახედა, როდესაც ყველაფერს მორჩა. წამიერად მეგონა, რომ სხვა ადამიანს ვუყურებდი...

სახლში ისევ ტაქსით დავბრუნდი და კაბა ჩავიცვი. საოცარი სიზუსტით მომერგო ტანზე.

- არ ვიცი, როგორია ეგ გიორგაძე, მაგრამ გემოვნება რომ იდეალური აქვს, ეს აშკარაა!

მითხრა დედამ, როდესაც ჩემს ოთახში შემოვიდა.

- ნებისმიერ კაცს შეუყვარდებოდი, ანიკა!

თეო ჩემს საწოლზე იჯდა და თვალს არ მაცილებდა.

- თეთრი ყვავივით ვარ!

ვთქვი და სარკეში კიდევ ერთხელ შევათვალიერე საკუთარი თავი.

- როგორია? სიმპათიურია?

- ვინ, ბეღურა?

- ეგ მილიონერი...

- გიორგაძე? რა ვიცი... საკმაოდ. უცნაური გარეგნობა აქვს!

- როგორ მაინტერესებს! ირაკლის ჯობია? მე ყველაზე მეტად ირაკლი მომწონს შენი კაცებიდან...

თეოს ნათქვამზე გამეცინა. დაახლოებით ცხრა საათზე კალანდაძემ დამირეკა და მკითხა, თავს როგორ ვგრძნობდი. მოგვიანებით კი ჩემი მობილურის ეკრანზე დაფარული ნომერი დაფიქსირდა. სასწრაფოდ ჩემს ოთახში გავედი, რომ მეპასუხა.

- გისმენ, ბატონო ლევან!

- რატომ ასე ოფიციალურად?

გაისმა ტელეფონში ნაცნობი ხმა.

- ვხუმრობ...

- თერთმეტ საათზე ჩემი მძღოლი მოგაკითხავს...

- დიდი მადლობა საჩუქრებისთვის... არ იყო საჭირო...

- მე საკუთარი სიამოვნებისთვის არაფერს ვიშურებ! - მოგეწონა?

- არა, მაგრამ მაინც ჩავიცვი...

ტელეფონში სიცილი გაისმა.

- ყველაფერი მოგერგო?

- კონკიასავით! ამბობენ, რომ მიხდება კიდეც!

- ვინ ამბობს?

- დედაჩემი და ჩემი და.

- ეჭვიც არ მეპარებოდა! ხომ არ ნერვიულობ?

- არა, უბრალოდ უცნაურად ვგრძნობ თავს...

- როგორ?

- ქალივით....

- დღეს ხუმრობის ხასიათზე ხარ და ეს მომწონს! ერთი სული მაქვს, როდის დაგინახავ. აღარ მოგაცდენ, შეხვედრამდე...

ტელეფონი გავთიშე და საწოლზე ჩამოვჯექი. დარწმუნებული ვარ, კონკია ნამდვილად ჩემსავით გრძნობდა თავს, როდესაც სასახლეში მიდიოდა...

თერთმეტ საათზე მანქანამ მომაკითხა. მომეჩვენა, რომ გზა უსასრულოდ გაიწელა. "ჯაშუშების საყურე" ხელში მეჭირა და ვერ გადამეწყვიტა, გამეკეთებინა თუ არა. ბოლოს მაინც გავიკეთე. თუმცა, ღილაკზე თითის დაჭერას არ ვაპირებდი... თავის გასამართლებლად რაღაც უნდა მომეფიქრებინა. ბოლო-ბოლო, სახლში დავშლიდი და შეუმჩნევლად გავაფუჭებდი. ლევანს კი ვეტყოდი, რომ ღილაკს დავაჭირე, მაგრამ არ იმუშავა... ჯობია იფიქროს, რომ ელემენტის გამოცვლის დროს დაზიანდა.

ლევანი "პორტალში" დამხვდა. ზედა სართულზე, მაგიდასთან იჯდა და მელოდა. რომ დამინახა, ფეხზე წამოდგა და ჩემ შესახვედრად გამოემართა.

- ყოველგვარ ზღვარს გადახვედი!

მითხრა უცბად და წარბები შეჭმუხნა. დავიბენი.

- რას გულისხმობ?

- ასეთი სილამაზეც არ შეიძლება! შენ ჩემს ფსიქიკაზე ძალადობ!

გამეცინა.

- კარგი რა... ლამაზი არ ვარ!

- ლამაზი არა, მაგრამ ულამაზესი ნამდვილად ხარ! წამოდი, დავსხდეთ...

ჩვენი მაგიდა მოყუჩებულ ადგილზე იყო და კარგად ჩანდა შემოსასვლელი.

- არ მოსულან?

- ჯერ არა, მაგრამ აუცილებლად მოვლენ!

- რა იცი?

- უბრალოდ ვიცი. დალევ რამეს?

- აუცილებლად... რამე მაგარს!

- ლევანმა ბარმენს რაღაც ანიშნა ხელით, იმანაც თავი დაუქნია. მე თვალით ლაშას დავუწყე ძებნა. მაინტერესებდა აქ იყო თუ არა.

- დაცვის გარეშე ხარ?

- დღეს კი...

- ამ ბოლო დროს მოუკელი უსაფრთხოების ზომების დაცვას...

- აქ უსაფრთხოდ ვარ ისედაც!

- რომ მოვიდნენ, რა უნდა ვქნათ?

- ჩვენ არაფერი, ისინი იზამენ...

- რას?

- სავარაუდოდ, შენ დაგიწყებენ ძებნას! ჩემთან ერთად რომ დაგინახავენ, თავს შეიკავებენ, მაგრამ მე მალე დაგტოვებ და...

- შეგიმუშავებია გეგმა!

გამეღიმა. ნაცნობმა ბარმენმა "აბსენტი" და პიტნისა და ლაიმის წვენი მომიტანა.

- ცუდი გემო აქვს, მაგრამ მომენტალურად იგრძნობ გრადუსს...

ჭიქა გამოვცალე და წვენი მივაყოლე. თითქოს ჩემს სხეულში ლავა ჩაიღვარა...

- შენი აზრი მაინტერესებს ურთიერთობებზე...

მკითხა ლევანმა და ვისკი მოსვა.

- კონკრეტულად?

- მამაკაცის და ქალის ურთიერთობებზე. ვეცადე გამერკვია, გყავს თუ არა ვინმე... ან გყავდა თუ არა, მაგრამ...

- მამოწმებ?

- არა, უბრალოდ შენი პიროვნება მაინტერესებს. მინდა ვიცოდე, როგორი ხარ, რა ინტერესები გაქვს, რა მოგწონს, რა არ მოგწონს, რომელია შენი კარგი და ცუდი მხარე...

- ურთიერთობებში ექსპერტად ნამდვილად ვერ გამოვდგები. თუმცა, ვფიქრობ რომ ადამიანები იმდენ ხანს უნდა იყვნენ ერთად, სანამ საერთო ინტერესები აქვთ და სანამ სიამოვნებას იღებენ ამ ურთიერთობით...

- მარტო ერთი ადამიანი შენს ყველა მოთხოვნას და სურვილს ვერ დააკმაყოფილებს. შეუძლებელია ადამიანის ყველა თვისება მოგწონდეს... რას აკეთებენ სტანდარტული წყვილები? რომლებსაც ერთი შეხედვით იდეალური ურთიერთობა აქვთ? ვთქვათ, შენ არ მოგწონს, როდესაც მე აბაზანაში ვმღერი. მე, ჩემი მხრივ, მიყვარს აბაზანაში სიმღერა. ეს ჩემი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი წახნაგია იმ ბევრი წახნაგიდან, რომლებიც მაქვს... იმის გამო, რომ შენ ჩემი აბაზანაში სიმღერა გაღიზიანებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა შევწყვიტო და ეს წახნაგი მოვიცილო. სტანდარტული წყვილები კი ასე იქცევიან. ეწყობიან ერთმანეთს ფაზლივით და იცილებენ იმ "ზედმეტ" წახნაგებს, რომლებიც მათ პარტნიორს არ მოსწონს. ამით გარკვეულწილად საკუთარ თავსაც კარგავენ... არსებობენ ისეთი წყვილებიც, რომლებიც ამ ყველაფერს კარგად აცნობიერებენ და შეთანხმებულად ცხოვრობენ. მათ აქვთ კავშირი ერთდროულად რამდენიმე ადამიანთან, რომლებიც მათ სხვადასხვა წახნაგს ეწყობიან ფაზლებივით... მარტო სექსს არ ვგულისხმობ! ეს ურთიერთობები ათასნაირი შეიძლება იყოს. მაგალითად, ერთთან გაქვს გადასარევი სექსი, მაგრამ ვერ ელაპარაკები ისეთ თემებზე, რომელიც შენი ინტერესის საგანია. ამისთვის გყავს სხვა... და ასე შემდეგ... ამას პოლიამორია ჰქვია.

- მე რატომ მეუბნები ამას?

- შენი შეხედულება მაინტერესებს და იმიტომ...

- პირადად მე ლოგიკური მეჩვენება, მაგრამ ვიცი, რომ ადამიანთა 99% ამგვარ ურთიერთობებს აუცილებლად დაგმობს.

- რატომ? იმიტომ, რომ ასე ასწავლეს?.. უთხრეს, რომ ასე არ შეიძლება! ცოდვაა და ასე შემდეგ...

- ალბათ... ბევრისთვის მიუღებელია! ადამიანები მაინც მესაკუთრეები არიან და პარტნიორს ისე უყურებენ, როგორც თავის საკუთრებას! ჩემია და მორჩა... ურჩევნიათ საკუთარი ინტერესებიც დათრგუნონ, ოღონდ ვინმე მათ საკუთრებას არ შეეხოს...

- მოვიდნენ!

თქვა უცებ ლევანმა და მზერა შემოსასვლელისკენ გადაიტანა. ამ ერთმა სიტყვამ ჩემზე სასწაულად იმოქმედა. ვიგრძენი, როგორ მომაწვა ადრენალინი. შეუმჩნევლად გავაპარე თვალი შემოსასვლელისკენ და ოთხი ბიჭი დავინახე, რომლებიც დარბაზში შემოსულიყვნენ და დაბნეული უყურებდნენ სცენას, სადაც სტრიპტიზის მოცეკვავე ცეკვავდა.

გაგრძელება იქნება