ამ ინტერვიუსთვის იმ სახლს ვესტუმრეთ, სადაც მუზები დასახლებულან, სადაც პოეზია, მხატვრობა, გემოვნება, ერთმანეთთან ჰარმონიულადაა შერწყმული...
ზღურბლზე გადაბიჯებისთანავე სითბო და ღიმილი გეგებება. ოჯახში გამეფებულ სიყვარულს თხემით ტერფამდე გრძნობ.
ღვეზელი ცხელი უნდა მიირთვაო, გვითხრა სიკეთით სავსე დიასახლისმა და სუფრასთან მიგვიწვია. მორიდებით დავსხედით...
როგორც ჩანს, მასპინძელი მიგვიხვდა ამას და თავისი ხელით გადმოგვიღო თეფშზე უგემრიელესი თბილი ღვეზელი.
მერე ეს რიდიც სადღაც გაქრა...
მუსაიფში ისე გავერთეთ, სტუმრად მისვლის მიზანი ლამის დაგვავიწყდა - მორის ფოცხიშვილის ქალიშვილ ბასას ინტერვიუს ჩასაწერად ვესტუმრეთ.
- ბასა, ბატონი მორისის შემოქმედებიდან რომელი ტაეპი ან სტროფი გიტრიალებს ყველაზე ხშირად გონებაში?
- რაღაც სულ მიტრიალებს, განწყობილების მიხედვით იცვლება ტექსტები. თუმცა, საყვარელი მაინც ეს სტრიქონია: "მე მაინც უნდა ავფრინდე..."
- შენს ცხოვრებაში როდემდე გრძელდებოდა ეტაპი მორისის ქალიშვილობიდან ბასა ფოცხიშვილობამდე?
- ძალიან ცელქი და მოუსვენარი ვიყავი, თავიდანვე მკვეთრად გამოხატულ ინდივიდთან ჰქონდათ საქმე, ასე რომ, ეგ მიჯნა არც მიგრძნია.
- გქონია მომენტი, როცა არ გინდოდა აღიარებული მამის შვილობა?
- ბავშვობაში არ მინდოდა. ხშირ შემთხვევაში ბავშვი ითრგუნება. ამ დროს პიროვნული თვისებების წარმოჩენა გსურს, დამოუკიდებლობა და ინდივიდუალურობის ხაზგასმა გინდა. მოგვიანებით ხვდები, რომ ცდებოდი.
- ამ განწყობამ ხომ არ განაპირობა, რომ აირჩიე პროფესია, რომელმაც პოპულარობა მოგიტანა?
- ვიცოდი, რომ ხელოვნებიდან შორს ვერ წავიდოდი. პოეზიასთან სადმე ახლოს უნდა ვყოფილიყავი და ალბათ ეს რეჟისურა გახლდათ. სხვანაირად არაფერი გამოვიდოდა. სხვა პროფესიისთვის არც ნიჭი მქონდა, არც ბაზა... და მაინც მგონია, რომ არსებობს კოდი, რომელიც მემკვიდრეობით გადმოგეცემა.
მაგალითად, არ გვინდოდა თამრიკოს შვილს ხელოვნების სფეროში აერჩია პროფესია. ხელოვანი ადამიანები გაცილებით ფაქიზი და მგრძნობიარენი არიან. მგონია, რომ ამ თვისებების გამო ისინი ხშირად იჩაგრებიან. ოჯახში სულ გვქონდა საუბარი, რომ მას ზუსტი მეცნიერება აერჩია, მაგრამ... ვერაფერს გავხდით, შემოქმედებითი ნიჭი აქედანვე ეტყობა.
- რატომ არ გინდოდათ, გინდა თქვა, რომ ნიჭს ბედნიერება არ მოაქვს?
- ნიჭს ბედნიერება არ მოაქვს, თუმცა ნიჭიერი ადამიანი გაცილებით ლამაზად ცხოვრობს. ის ყველაფერში განსაკუთრებულსა და ამაღლებულს ხედავს. მას ნაკლებად ეხება ყოფითი პრობლემები და სისულელეები. მე იმ სისულელეზე არ მოგახსენებთ, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიდინო. ნიჭიერი ადამიანი შეიძლება შეუხედავიც იყოს, მაგრამ უინტერესო არასდროს შემხვედრია.
- ბედს უმადლი, რომ ნიჭიერი ხარ?
- ამ შეკითხვაზე ვერაფერს გიპასუხებთ... ჩემზე გაცილებით ნიჭიერები არიან... ბედის მადლიერი ვარ, რომ სხვისი ნიჭიერების დანახვისა და აღიარების ნიჭით დამაჯილდოვა.
- არსებობენ პოეტები, გამოჩენილი ადამიანები, რომელნიც მხოლოდ შემოქმედებით გახდნენ ცნობილი. მორისი თავისი პიროვნული თვისებებითაც გულწრფელად უყვარდათ...
- მორისი პოეტი იყო. პოეტი ამაღლებულია და ყველაფერში მშვენიერებას პოულობს. პოეზია კი თავისთავად, კეთილშობილებას აღვიძებს. მორისი სიყვარულით ცხოვრობდა და არასდროს კარგავდა ამ ხედვას.
- მორისის ყველა ლექსი ზეპირად იცი?
- ყველა არა. შეიძლება მგონია, რომ არ ვიცი, - როცა მის ლექსს კითხულობენ და რაღაც ეშლებათ, თავისუფლად ვუსწორებ.
- ცნობილი ოჯახისშვილობის გამო დისკომფორტი შეგქმნია?
- შემქმნია, იმიტომ, რომ ამის გამო ხშირად რაღაცებს ვერ ვაკეთებ...
- მაშინაც ვერ აკეთებდი, როცა მორისი გვერდით გყავდა?
- როცა მორისი ცოცხალი იყო, მაშინ ყველაფერს ვაკეთებდი. ის ყველაფრის, მათ შორის სისულელის ჩადენის უფლებასაც გვაძლევდა. თვლიდა, რომ კარგი გაგებით, სისულელეებს მხოლოდ ნიჭიერი, საინტერესო ადამიანები სჩადიან. მხოლოდ უზნეობის უფლებას არ მოგვცემდა. რაც უნდა კომფორტული იყოს ჩემთვის, მორალურ დათმობაზე ვერასდროს წავალ, ფულის გამო ვერასდროს გადავიღებ უვარგის ნამუშევარს, ან ვერასდროს მოვემსახურები ისეთ ადამიანს, რომელიც ამის ღირსი არ არის.
- არასდროს გიმუშავია მსგავს შეკვეთაზე?
- ხდება ისე, რომ გგონია, საღ აზრს ემსახურები, მაგრამ ცდები. პოლიტიკას ვგულისხმობ. იცით, ყველაფერი შეიძლება გააკეთო, მაგრამ არასდროს უნდა უღალატო საკუთარ თავსა და სამშობლოს.
- ამ პასუხისმგებლობას ახლა უფრო გრძნობ?
- ახლა უფრო ვგრძნობ.
- არასწორი საქციელის გამო მორისისთვის ბოდიში მოგიხდია?
- არა. ისე ცხოვრობდა, რომ თავისთავად, ყველაფერს გვაპატიებდა.
- როგორი მამა იყო?
- არაფერში გვზღუდავდა, ამასთან, რასაც ვთხოვდით, ყველაფერს გვისრულებდა. რომელ ქვეყანაშიც უნდა ყოფილიყო, ვურეკავდით და ვთხოვდით... უზომოდ გვანებივრებდა, მაგრამ მოფერება არ იცოდა. როცა მოფერება უნდოდა, ამ ფრაზით მომმართავდა: "ბასი, არვინ არ მყავს შენი ფასი!"
- მასთან დაკავშირებული დაუვიწყარი მოგონება...
- ყოველთვის მახსენდება მისი დასასრული... ის დღეები, როცა ძალიან ავად იყო... ყველაფერს კაცურად, ლამაზად და ამაღლებულად იტანდა. მისი გარდაცვალებაც ასეთივე ამაღლებული იყო... ყოველგვარ ყოფითობას და მიწიერებას მოკლებული.
- თანამედროვე პოეზიას კარგად იცნობ?
- ვიცნობ და ერთი-ორი პოეტი მომწონს.
- შენი აზრით, რის გამოა, რომ დღეს პოეზიით ნაკლებად ცხოვრობენ... თანამედროვე სამყაროში საინფორმაციო საშუალებებმა და ინტერნეტმა ჩაანაცვლა წიგნები.
- ზოგადად, მასას არასდროს უყვარდა პოეზია. საყოველთაო არასდროს ყოფილა არც მხატვრობა და არც ხელოვნების სხვა დარგები. ვფიქრობ, ხელოვნების სიყვარული და მასთან ზიარება რჩეულთა ხვედრია. ასეთი ადამიანები დღესაც არიან, თუმცა, არ ჩანან. ადრე კი ჩანდნენ. ამიტომაც გვეჩვენებოდა, რომ ბევრნი იყვნენ.
- ეს გაღელვებს?
- ძალიან.
- ამ სახლს რომ ვუყურებ... ამდენ ნივთს... ალბათ ყოველი მათგანი საკუთარ ისტორიას გიყვება... გიჭირს აქ ცხოვრება?
- არა, რას ამბობ... ეს სახლი ძალიან მიყვარს. აქ ბევრი ნივთია თავისი ისტორიით. ისტორიის გარეშე ნივთი არაფერს წარმოადგენს. ახალი სახლები არ მიყვარს. მას ისტორია არ აქვს, მასში არც ტკივილი უგრძნიათ, არც - სიხარული. ეს სახლი კი... ყოველთვის ხალხმრავალი, სტუმართმოყვარე და ხმაურიანია...
არ არსებობს დღის რომელიმე მონაკვეთი, რომ სტუმარი არ გვყავდეს. ასე იყო ყოველთვის: დილით, თვალს რომ გავახელდი და სამზარეულოში გამოვიდოდი, უკვე ვიღაც იყო მოსული. ან, ღამის პირველ საათზე, როცა წესით, აღარც უნდა გირეკავდნენ, სტუმრებს ველოდით. ხანდახან მითქვამს: ვის გაუგია დილაადრიან სტუმრობა-მეთქი, მაგრამ მაშინვე მინანია. სტუმრის, ხმაურისა და ადამიანების გარეშე ეს სახლი ვერ წარმომიდგენია.
- როგორია ოჯახი, სადაც სამი ნიჭიერი შემოქმედი ცხოვრობს?
- საინტერესო. ასეთ ოჯახში ძალიან ერთობი. მორისთან ერთად შუაღამემდე ვისხედით, ფილმებს ვუყურებდით, ვარჩევდით. ახლაც კი, როცა შინ ვბრუნდები და სამზარეულოში ჩაის ვსვამთ, რაც უნდა გვიანი იყოს, თამრიკო აუცილებლად გამოდის და იმ დღის შთაბეჭდილებებს ერთმანეთს ვუზიარებთ. ჩვენს ოჯახში ცხოვრება ყოველთვის საინტერესო იყო.
- პროტესტს ყოველთვის გამოხატავ?
- მორისს ჰქონდა ასეთი ფრაზა: "ვინც პირში წყალი დაიგუბა, როცა ყვირილი იყო საჭირო... მტერია შენი, სამშობლოვ ჩემო". არასდროს, არც ერთ სიტუაციაში უკან არ დამიხევია.
- თქვენს ყოველ ნამუშევარში სულია ჩადებული?
- თითქმის ყველაში. ბუნებით იმდენად აზარტული ადამიანი ვარ, იმდენად მიყვარს ჩემი სამუშაო... როცა ვიწყებ, თავისთავად, ბოლომდე ვერთვები. ეს ჩემ მიერ გადაღებულ სარეკლამო რგოლებსაც ეხება. შემიძლია გითხრათ, რომ თითქმის ყოველთვის გულწრფელი ვარ.
- ჰონორარის გარეშე გიმუშავია?
- ჩემი ნამუშევრების ძირითადი ნაწილი ჰონორარის გარეშეა შესრულებული. მეტიც, ხშირად საკუთარი სახსრებიც ჩამიდვია. ძალიან ხშირად მეგობრები მომმართავენ და მათ საჩუქარს ვუკეთებ.
- ახლა რომელ პროექტზე მუშაობ?
- მალე ჩემი გადაღებული ერთ-ერთი კომპანიის სარეკლამო რგოლი გამოვა ეკრანებზე. აზერბაიჯანში საინტერესო პროექტი განვახორციელე. ოცდახუთ წუთში უნდა ჩამეტია ამ ქვეყნის კულტურული თუ რელიგიური მემკვიდრეობა, რაც დანარჩენი მსოფლიოსთვის საინტერესო იქნებოდა. ორი თვე ვსწავლობდი მათ კულტურას და ისტორიას. კარგად გავეცანი მათ რელიგიას. ჩემთვის ძალიან საინტერესო პროექტი აღმოჩნდა. ახლა, ძირითადად, საზღვარგარეთ ვმუშაობ.
- როგორი ხელმძღვანელი ხარ?
- გადამღები ჯგუფისგან სიყვარულსა და მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ. მუშაობის დროს მკაცრი ვარ - თანამშრომლებისგან ძალიან ბევრს ვითხოვ. დასვენება არ ვიცი. როცა ვიღლები და მეძინება, ვრთავ მუსიკას, 10-15 წუთი ვცეკვავ.
ჯგუფის წევრები გამწარებული სახეებით მიყურებენ. ამ დროს მათ დაღლაზე არ ვფიქრობ. არ უნდა თქვან სიტყვა - "დავიღალე". მუშაობის პროცესში ამ სიტყვას ვერ ვიტან.
- თამრიკოც უცვლელი ჯგუფის უცვლელი წევრია... მასთან იმისთვის მუშაობ, რომ ნიჭიერია, თუ იმიტომ, რომ - დაა?
- თამრიკო უმაღლესი კლასის პროფესიონალია. მუშაობის პროცესში ჩვენ თანამშრომლები ვართ.
- როგორც თანამშრომლები, უფრო უგებთ ერთმანეთს, თუ როგორც დები?
- როგორც დები. ბავშვობაში ძალიან განსხვავებულები ვიყავით. თამრიკო გაცილებით თვინიერი იყო, ჭკვიანი, შინ იჯდა და წიგნებს კითხულობდა. მე ძალიან ცელქი ვიყავი. გარკვეულ ასაკამდე ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა არ გვქონდა. წამოვიზარდეთ და ძალიან დავმეგობრდით. რაც უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, პირველად თამრიკოს ვურეკავ. ის პირველია, ვისაც ჩემს ყოველ ჩანაფიქრს ვანდობ.
- ბასა, წვეულებებზე იშვიათად გხედავთ... ყველა წვეულებაზე არ დადიხარ?
- სამწუხაროდ, ყველა წვეულებაზე ვერ ვახერხებ მისვლას, ისე, ყოველთვის ვცდილობ...
- ანუ, პრეზენტაციებისა და წვეულებების ხარისხს ანსხვავებ?
- წვეულებებს არა, მიპატიჟების ფორმას ვანსხვავებ. როდესაც წვეულებაზე გულით მპატიჟებენ, აუცილებლად მივდივარ. ძალიან ხშირად ვყოფილვარ ისეთ ღონისძიებებზე, სადაც, წესით, არ უნდა ვყოფილიყავი.
- სადაც ჩნდები, იმ პრეზენტაციის სტატუსი იწევს... როგორ ახერხებ?
- გმადლობთ კომპლიმენტისთვის, მაგრამ არ ვიცი, ვერ გიპასუხებთ...
- ყოველთვის ფორმაში ხარ...
- არა, ყოველთვის არ ვარ ფორმაში.
- განსხვავებული ჩაცმის სტილი გაქვს... ამასთან, თბილისისთვის ძალიან უცხო ბრენდებს ატარებ...
- არ მიყვარს ცნობილი ბრენდების ტარება, ყველა რომ მიხვდება, ისეთის. რომ ვერ ხვდებიან, ეს უფრო საინტერესო არაა? არასდროს ვიცვამ სეზონის შესაბამისად, - იმიტომ, რომ მცივა ან მცხელა. ვიცვამ ესთეტიკური სიამოვნებისთვის, რომ იყოს ლამაზი. მიყვარს იაპონური სტილი და ყოველთვის მაცვია რაღაცნაირად, - "ბევრი".
- ამ სტილით აზრის გამოხატვას ცდილობ?
- არა. მხოლოდ სიამოვნებას ვიღებ.
- სამოსს ირჩევ საკუთარი თავისთვის თუ სხვისთვის?
- სხვისთვის რომ ვირჩევდე, მაშინ იმას ავირჩევდი, რაც სხვას მოეწონებოდა.
- წონას როგორ ინარჩუნებ, დიეტას მიმართავ?
- არა, დიეტაზე არასდროს ვყოფილვარ. წონას ძირითადად ფიზიკური დატვირთვის ხარჯზე ვინარჩუნებ. ამასთან, ძალიან ინტერესიანი ვარ. ვარჯიშშიც კი მთელ გრძნობას ვდებ. სიამოვნებას ყველაფრიდან ვიღებ. დიეტაზე რომ ვყოფილიყავი, ამასაც დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი. სიცოცხლე მიყვარს. ყველაფერში იმდენ ემოციას ვდებ, ორგანიზმში ისეთი წვის პროცესი მიდის, რა გამასუქებს.
- ბასა და სამზარეულო...
- სამზარეულო ჩემი საყვარელი ადგილია. გავიღვიძებ თუ არა, სამზარეულოში გავდივარ, მაგრამ... კერძების მომზადება... იცით, დალაგება ვიცი... არ მიყვარს, როცა ქალმა არაფერი იცის... რომ გამიჭირდეს მოვამზადებ, მაგრამ კერძებს არ ვამზადებ.
- ცოტა ხნის წინ მოდური იყო, როცა პოპულარული ქალბატონები აღნიშნავდნენ, რომ საჭმლის კეთება არ იცოდნენ... ახლა პირიქითაა...
- ასეთ დროს სოფიკო ჭიაურელი მახსენდება. ხომ იცით, რა რანგის მსახიობი იყო? შეიძლება არ იცით, როგორი დედა იყო... სახლსაც ალაგებდა, სადილებსაც აკეთებდა, რეცხავდა და კერავდა კიდეც. მე თუ მკითხავთ, ასეთი სამუშაო საინტერესოცაა, თან როგორი იოლია, - გონებრივ სამუშაოზე გაცილებით იოლი.
- რამეს ნანობ?
- ვნანობ.
- რამეს შეცვლიდი?
- აუცილებლად. ჩემშიც ბევრს შევცვლიდი და სხვებშიც.
- ერთი შეკითხვა მაქვს, რომელიც არ ვიცი, დაგისვა თუ არა...
- ?!
- პირადი ცხოვრების შესახებ შეკითხვებზე მიპასუხებ?
- არა.
- დაბოლოს, რითი ცხოვრობს ბასა ფოცხიშვილი?
- სიყვარულით.
ჟურნალი "ბომონდი"
ზურაბ მგალობლიშვილი