ლაბირინთი - შეთქმულება თავი 23 - Marao

ლაბირინთი - შეთქმულება თავი 23

2023-02-03 09:03:53+04:00

ჩემს სხეულს წონა არ გააჩნია. თითქოს უწონადობაში ვლივლივებ. ირგვლივ მხოლოდ სითეთრეა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემ ირგვლივ არაფერია. არც საგნები, არც ადამიანები - საერთოდ არაფერი. საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობ. არ მეშინია. ჩემი გონება მამას სიკვდილის მერე პირველად ისვენებს... არაფერი მაწუხებს. საერთოდ არაფერი...

შორიდან, ყრუდ გაურკვეველი ხმები ჩამესმის. მიჭირს გავარჩიო ამ ხმების წარმოშობა... სითეთრეში ვიყურები და ვტკბები იმით, რომ ათასი წვრილმანი და დეტალი აღარ იჭრება ჩემს გონებაში. მახსოვს ყველაფერი, მაგრამ არაფერი მაშფოთებს. უბრალოდ, მაინტერესებს, სად ვარ... იქნებ მოვკვდი და ეს სამოთხეა? თუ ასეა, მაშინ ვფიქრობ, ჯოჯოხეთი შავი უნდა იყოს...

ვცდილობ კონცენტრაცია იმ ხმებზე მოვახდინო, რომლებიც ჩამესმის. გაურკვეველი და ქაოტური ბგერები ნელ-ნელა ლაგდება, იფილტრება და თითქოს ფორმას იძენს. ხმის ტემბრიც მეცნობა. ეს დედაჩემის ხმაა...

- რატომ არ იღვიძებს?

- კარგია, იძინოს! დაისვენებს, დამშვიდდება... გაიღვიძებს და ვნახავთ, როგორ იმოქმედა თერაპიამ...

- არადა, ყველაფრის მჯეროდა, რასაც მიყვებოდა...

დედა ტირის.

- ეგ იმიტომ, რომ თვითონაც ასე სჯეროდა. ეს არც მისი ბრალია და არც თქვენი...

თვალების გახელა მინდა, მაგრამ ასე მგონია, ქუთუთოებზე გირები ჩამომკიდეს. ეს ნამდვილად დედას ხმაა, მაგრამ ვის ელაპარაკება? ან რას გულისხმობს ამ სიტყვებში?..

ვცდილობ, ბოლოს განვითარებული მოვლენები გავიხსენო. მახსოვს კლუბი, ბექა და მისი მეგობრები... მახსოვს, როგორ ჩამყავს ქვემოთ და შემდეგ მარტოს ვტოვებ. მერე შავ კარში შევდივარ... იქ ლევანი მელოდება. მონიტორით უნდა ვადევნოთ თვალი ბექას.... მერე, მგონი ცუდად გავხდი... ალკოჰოლი ბევრი მომივიდა?.. - ახლა სად ვარ? ალბათ, რომელიღაც კლინიკაში. ნუთუ ასე ცუდად გავხდი?

ვცდილობ, დედა წარმოვიდგინო. როგორ დგას ჩემს საწოლთან და დამყურებს... ხელზე შეხება ვიგრძენი. დედას ხელია, ვიცი... სითეთრე ნელ-ნელა მუქდება და ჩემი სხეულიც მძიმდება. თითქოს დაბლა ვეშვები. დავმძიმდი და საკუთარი სხეულიც შევიგრძენი. როგორც იქნა, თვალები გავახილე.

- ანიკა...

ტუჩები თითქოს ერთმანეთზე მაქვს შეწებებული. პირის გაღება მიჭირს. მწვანე უნიფორმიან ქალს წყლიანი ჭიქა მოაქვს და ტუჩებზე მადებს.

- ცოტა წყალი დალიე, ანიკა.

წყალი ოთახის ტემპერატურისაა. მხოლოდ ახლა ვიგრძენი, როგორ მწყურია.

- რა მოხდა?

როგორც იქნა, ამოვთქვი.

- როგორ შეგვაშინე...

მითხრა დედამ და გაღიმებას შეეცადა.

- ბოლოს რა გახსოვს?..

მწვანე უნიფორმიანი ქალი ან ექიმია, ან ექთანი.

- შეხვედრაზე ვიყავი... ცოტა დავლიე...

- კლუბ "პორტალში"?

ჩამეკითხა და ოდნავ შეუმჩნევლად გაეღიმა. მე გავშრი. ვერაფერი ვუპასუხე. საიდან გაიგო? შეიძლება უგონოდ რომ ვიყავი, ვბოდავდი...

- ისევ არ ახსოვს...

ჩაილაპარაკა დედამ და ფანჯრისკენ შებრუნდა. ფანჯარას გარედან გისოსები ჰქონდა.

- დედას ცალკე მინდა დაველაპარაკო! - ვუთხარი ექიმს. მანაც თავი დააქნია და ოთახიდან გავიდა. პალატა მოვათვალიერე. კედლები და ავეჯი თეთრია, როგორც ჩემს ოთახში...

- კლუბის შესახებ შენ უთხარი ექიმს? რატომ უთხარი, დედა?

- ანიკა, შენ ხომ გჯერა ჩემი? ხომ იცი, რომ მე არასოდეს მოგატყუებ?

- მაგას რატომ მეუბნები? რა მოხდა?

- ანიკა, ეგ კლუბი არ არსებობს! შენ გამოიგონე... ყველაფერი შენ თვითონ გამოიგონე...

დედას ხმა აუკანკალდა.

- ვინ გითხრა ეგ?

- ყველამ! ბოლო ორი კვირა სამსახურში არ გივლია... ხუთი დღის წინ ფილიპემ რაღაც ნახევრად დანგრეულ შენობაში გიპოვა. უგონოდ იყავი... გესმის, ანიკა? სასწრაფო გამოიძახა...

- ნახევრად დანგრეულ შენობაში მიპოვა?

დედას სიტყვებმა თავზარი დამცა. ნუთუ გიორგაძემ კლუბიდან გამომიყვანა და იმ ცარიელ შენობაში დამტოვა? - ამას ვერ დავიჯერებ! მაგრამ ფილი როგორ გაჩნდა იქ? რატომ არაფერი მახსოვს? თითქოს ჩემი მეხსიერებიდან ვიღაცამ რაღაც მონაკვეთი საერთოდ ამოშალა.

- ყველაფერს გავარკვევ, მაია... შენ არ ინერვიულო, რა!

- არა, ჯერ აქ დარჩები და მკურნალობას გააგრძელებ, სანამ ბოლომდე არ გამოკეთდები... ასე უკეთესია შენთვისაც და ჩვენთვისაც... თეო იცი როგორ ნერვიულობს შენზე?

- მართლა კარგად ვარ, დედა! ხუთი დღის წინ გიპოვა ფილმაო, რომ მითხარი... ესე იგი ხუთი დღეა, რაც აქ ვარ?

ვკითხე დედას და წამოვჯექი.

- მართლა არ გახსოვს?

- რა უნდა მახსოვდეს?

- გახსოვს, მამას ამბის მერე ძლიერი სტრესი რომ გქონდა? რეალობა და წარმოსახვა რომ გერეოდა ერთმანეთში?.. ახლაც ასე დაგემართა... მაგრამ ექიმმა თქვა, რომ ამჯერად უფრო მძიმე მდგომარეობაა... - იმ არაკაცის ვიდეომ იმოქმედა, ხომ? თეომ იპოვა შენს ლეპტოპში...

- ვინ არაკაცის?

- წულაიასი... რატომ არ გინდა დაივიწყო მაგ გარეწრის არსებობა? მამას ეშველება რამე? - აღარაფერი! ჩვენზე იფიქრე...

დედას თვალები აუწყლიანდა.

- რა სისულელეა, დედა! კარგად ვარ, არანაირ სტრესს არ განვიცდი, დამიჯერე... ტყუილად გაგიჟებენ ექიმები! სასაცილოა, საერთოდ რომ ვლაპარაკობთ ამაზე!

დედამ ცრემლები მოიწმინდა და თვალებში შემომხედა.

- ანიკა, კიდევ ფიქრობ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობ?

მკითხა მტკიცე ტონით. საშინლად დავიბენი. აღარ ვიცოდი, რა მეფიქრა.

- ჩუმად! ხმამაღლა ნუ ამბობ ეგეთ რაღაცას... ვინ გითხრა? საიდან მოიტანე?

დედამ ამოიოხრა. ამ დროს ოთახში ექთანი შემოვიდა და ლანგრით საჭმელი შემოიტანა. დედამ ლანგარი გამოართვა და ჩემს საწოლზე ჩამოჯდა.

- საჭმელი უნდა ჭამო! ძალიან ხარ დასუსტებული...

წინააღმდეგობა აღარ გავუწიე. თავში სრული ქაოსი მიტრიალებდა. როგორც ჩანს, წამლებისგან და ძლიერი დამამშვიდებლებისგან ისევ გაბრუებული ვიყავი... ერთადერთი, რასაც ვხვდებოდი, ის იყო, რომ აშკარად იმ ღამეს რაღაც მოხდა. რაღაც მოხდა და ვიღაცამ ყველაფერი ისე გააკეთა, რომ ყველას გიჟი ვეგონო...

საჭმელი რომ დავინახე, მივხვდი, რომ მშიოდა. არაფრის მტკიცებას აზრი არ ჰქონდა. აქედან რაც შეიძლება მალე უნდა დამეღწია თავი და სიმართლე გამერკვია. არ მჯერა, რომ გიორგაძემ მიმატოვა იქ... ნამდვილად რაღაც მოხდა "პორტალში" იმ ღამეს...

ვიზიტის დრო რომ ამოიწურა, დედა წავიდა. ექთანმა უფლება მომცა, ფეხზე ავმდგარიყავი და ცოტა გამევლო. საშინლად დასუსტებული ვიყავი.

დერეფანში გამოვედი. რბილი სავარძლები და ტელევიზორი იდგა. ტელევიზორში კომედიური ფილმი გადიოდა, ლუი დე ფიუნესის მონაწილეობით. სავარძელში ჩავჯექი. ჩემ გარდა, კიდევ სამი პაციენტი იჯდა და ფილმს უყურებდა. ერთი ახალგაზრდა გოგო და ორი ხანშიშესული ქალი. ერთმანეთში ლაპარაკობდნენ... ცოტა ხანი ყური მივუგდე და მივხვდი, რომ ჯანსაღ გონებაზე არ უნდა ყოფილიყვნენ... ახალგაზრდა გოგო ჩუმად იჯდა. მისი სახე ძალიან მეცნო, მაგრამ ვერ გავიხსენე საიდან.

ისევ ავდექი და ფანჯარასთან მივედი. ამ ფანჯარასაც გისოსები ჰქონდა. ცოტა მოშორებით სანიტარი იჯდა და მიყურებდა. გადავწყვიტე, გამოვლაპარაკებოდი.

- ეს რომელი საავადმყოფოა?

ვკითხე და გავუღიმე. შევატყვე, რომ ოდნავ დაიბნა. თითქოს ვერ გადაეწყვიტა, რა ეპასუხა.

- რეაბილიტაციის ცენტრია...

- როდის გამწერენ?

- ეს შენზეა დამოკიდებული.

მითხრა და გამიღიმა.

- და დარეკვა შეიძლება?

- სად გინდა, რომ დარეკო?

- ჩემს მეგობართან!..

- კარგი, გამომყევი!

სანიტარს გავყევი. იქვე, პატარა კაბინეტში შემიყვანა. თვითონ კართან გაჩერდა.

- მარტო ქალაქის ნომერზე შეგიძლია დარეკო, ოღონდ ბევრი არ ილაპარაკო!

საწერ მაგიდაზე ძველებური ტელეფონი იდო, დასატრიალებელი ციფერბლატით... არ მეგონა, ასეთი ტელეფონები თუ კიდევ არსებობდა... ყურმილი ავიღე და ფილის სახლის ნომერის გახსენებას შევეცადე. უცბად გამახსენდა. ფილმა მეოთხე ზარზე მიპასუხა...

- გისმენთ!

- ფილ...

ყურმილში წუთიერი სიჩუმე ჩამოწვა.

- ევა, შენ ხარ?

- კი, მე ვარ! შეგიძლია მითხრა, რა მოხდა?

ისევ სიჩუმემ დაისადგურა.

- ფილ! გეხვეწები, ყველაფერი მომიყევი! აქ მითხრეს, რომ შენ მიპოვე... მართალია?

- კი... ნამდვილად მე გიპოვე... იმ შენობაში იყავი, ადრე რომ წამიყვანე... გახსოვს? ყველგან გეძებდნენ და რომ ვერ გიპოვეს, ეგ შენობა გამახსენდა და ყოველი შემთხვევისთვის შევამოწმე. ჰოდა, იქ გიპოვე... ევა, ახლა როგორ ხარ?

- კარგად ვარ! უბრალოდ, არ მახსოვს, რა დამემართა...

პირთან ხელი მივიფარე და ჩურჩულით გავაგრძელე ლაპარაკი.

- იქ მოხვედი და წამომიყვანე, ხომ?.. ჩვენ რომ ვიცით...

- სად იქ?.. ვერ ვხვდები, რას ამბობ...

- შეგიძლია ხვალ მოხვიდე? პირადად მინდა დაგელაპარაკო! არ ვიცი, როდის გამწერენ აქედან...

- რა თქმა უნდა! აუცილებლად მოვალ...

- გელოდები!

ყურმილი დავდე და დერეფანში გამოვედი. ცოტა თავბრუ დამეხვა და პალატაში დავბრუნდი. ფეხებში ძალა არ მქონდა. იმ გოგოს ისევ გავხედე. მანაც გამომხედა და მიყურა, სანამ ოთახში არ შევედი. ნეტა საიდან მეცნობა? პირველად ხდება, როცა ვიღაც მეცნობა და ვერ ვიხსენებ, საიდან...

ცხრა საათზე ექთანი შემოვიდა, ჩაი და ფუნთუშა შემომიტანა, წნევა გამიზომა და გავიდა. თხუთმეტ წუთში ისევ მობრუნდა და წამალი მომცა.

- აბა, გადაყლაპე უცებ!

- რა წამალია?

- დაგამშვიდებს და დაგაძინებს...

- ისედაც მშვიდად ვარ!

- ანიკა, ხომ გინდა რომ მალე წახვიდე სახლში? თუ არ დაგვიჯერებ, ვერ გამოჯანმრთელდები და სახლშიც ვერ წახვალ!

წამალი გამოვართვი და წყალი მივაყოლე.

- გინდა შენი წიგნი მოგცე?

- ჩემი წიგნი?..

- ჰო, რასაც კითხულობდი ეს დღეები... დაგავიწყდა?

- არა, მომეცით...

ექთანმა ტუმბოს უჯრა გააღო და სქელტანიანი წიგნი ამოიღო. წიგნს დამცავი ყდა ჰქონდა გადაკრული. წიგნი საწოლზე დამიდო და გავიდა. მე გაოგნებული ვიყავი... დედამ მითხრა, რომ ხუთი დღის წინ მომიყვანეს აქ... მე მეგონა მთელი ამ დროის მანძილზე უგონოდ ვიყავი... ექთანი კიდევ მეუბნება, რომ წიგნსაც ვკითხულობდი...

ბალიში წამოვწიე და წამოვჯექი. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ეს ყველაფერი არ იყო ნამდვილი... თითქოს ყველამ ჩემ წინააღმდეგ შეკრა პირი... თითქოს დიდი შეთქმულება მომიწყვეს...

წიგნი ხელში ავიღე და გული ამიჩქარდა. გარეკანზე ბოსხის ნახატი იყო დაბეჭდილი... სწორედ ის ნახატი, რომელიც კროულის უკიდია კაბინეტში და სახლშიც... "მიწიერი სიამოვნების ბაღი"... წიგნი სასწრაფოდ გადავშალე. ლექსების კრებული აღმოჩნდა. სხვადასხვა ავტორის ლექსები იყო თავმოყრილი.

ოცდამეთოთხმეტე გვერდზე სანიშნი იდო. გადავშალე თუ არა, მოულოდნელობისგან ლამის წიგნი ხელიდან გამივარდა. ოცდამეთოთხმეტე გვერდზე გალაქტიონ ტაბიძის "ათი ქალწული" ეწერა...

წამალმა მოქმედება დაიწყო და ქუთუთოები დამიმძიმდა. წიგნი ხელიდან არ გამიშვია, ისე ჩამეძინა. ისევ ის სასიამოვნო სიმსუბუქე ვიგრძენი. თითქოს ჩემმა სხეულმა წონა დაკარგა და ლივლივი დაიწყო...

დილით უცნაურმა ზარის ხმამ გამომაღვიძა. წამოვდექი... სკამზე გადაკიდებული ხალათი ავიღე და მოვიცვი. ჯერ ტუალეტში შევედი. სახეზე ცივი წყალი შევისხი და დერეფანში გამოვედი. ის სანიტარი დავინახე, რომელმაც გუშინ ტელეფონზე დამარეკინა.

- შეძლებ სასადილოში წამოსვლას? თუ პალატაში ისაუზმებ?

- წამოვალ...

პაციენტები ერთი მიმართულებით მიდიოდნენ. მეც მათ გავყევი... სასადილო საშუალო ზომის იყო. გრძელი მაგიდები იდგა. დავჯექი. მაგიდაზე მოხარშული კვერცხი, კარაქი, პური, ყველი და სოსისები ელაგა. ყავა მოვითხოვე, მაგრამ არ ჰქონდათ... დანა-ჩანგალი პლასტმასის იყო...

პაციენტები არ იყვნენ ბევრნი. სულ თორმეტი ქალი დავთვალე. არც ერთი მამაკაცი არ იყო... ვხვდებოდი, რომ ფსიქიატრიული კლინიკა იყო, მაგრამ ამის დაჯერება არ მინდოდა... მართალია, არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კალანდაძე აუცილებლად გამომიყვანს აქედან, როგორც კი გაიგებს... ალბათ უკვე მეძებს, ამდენი დღე რომ არ გამოვჩნდი...

საუზმის შემდეგ ექიმის კაბინეტში შემიყვანეს. ექიმი ახალგაზრდა კაცი იყო. დიდი კაბინეტი ჰქონდა. კედლებზე ფერადი პლაკატები იყო გაკრული. ერთზე ადამიანის თავის გამოსახულება იყო და ტვინი უჩანდა. დეჟა ვუ დამემართა. მივხვდი, რომ ეს ოთახი ადრეც მინახავს... აი მაშინ, მამის მკვლელობის მერე ცუდად რომ ვიყავი... დედას აქ დავყავდი. თუმცა, ოთახი მაშინ სხვანაირად გამოიყურებოდა. ახლა გაერემონტებინათ და ავეჯიც გამოეცვალათ, მაგრამ მაინც ვიცანი. მხოლოდ ამ ოთახს არ ჰქონდა გისოსები... ფანჯრიდან ალვის ხე ჩანდა. ეს ხედიც მეცნო... მხოლოდ ექიმი არ მეცნობოდა...

- როგორ ხარ, ანიკა?

- უკეთესად... როდის გამწერთ?

- ყველაფერს თავისი დრო აქვს! მე რაღაც კითხვებს დაგისვამ და შენ მიპასუხე, კარგი?

მხრები ავიჩეჩე და სკამის საზურგეს მივეყრდენი.

- სად მუშაობ?

- "ლაბირინთში"...

- რას აკეთებ იქ?

- ვიზუალურ რომანებს ვწერ... ანუ კომპიუტერული თამაშების სცენარებს...

- კარგი... რა ჰქვია შენს უფროსს?

- გუნდის უფროსს ფილიპე, კომპანიის უფროსს - აბრამი...

- ვინ არიან შენი მეგობრები?

- ჩემი თანამშრომლები... ირაკლი, მაქსი და ფილი...

- დაქალი არ გყავს?

- არა...

- რატომ?

- რა ვიცი... ასე მოხდა!

- მოდი, ეს თემა ცოტა გავშალოთ! უცნაურია, შენხელა გოგოს რომ არ ჰყავს გოგო მეგობარი... არ ფიქრობ ასე?

- არა, რატომ?.. მეგობარს შეკვეთით ვერ შეიძენ! უნდა იპოვო ისეთი ადამიანი, რომელიც შენთან ახლოს იქნება... ანუ რაღაც საერთო უნდა იპოვო...

- და ბიჭებთან გაქვს რაიმე საერთო?

- კი. ჩვენ ერთად ვმუშაობთ, პერიოდულად დავდივართ ხოლმე ბარში ან რომელიმეს სახლში ვიკრიბებით...

- მათთან თავს კომფორტულად გრძნობ?

- დიახ...

- კარგი. რომანტიკულ მხარეზე რას მეტყვი? გაქვს ურთიერთობები?.. მოგწონს ვინმე?..

- შეიძლება ასეც ითქვას...

- ვინ?

- ამას ვერ გეტყვით...

- რატომ?

- არ მინდა და იმიტომ!

- ანუ მალავ?..

- არ ვარ დარწმუნებული, რას ვგრძნობ და შესაბამისად, დასკვნებსაც ვერ გავაკეთებ!

- კეთილი. შეგიძლია მითხრა, იმ ცარიელ შენობაში რას აკეთებდი? გარეუბანში, მიყრუებულ ადგილას რატომ წახვედი?

- ერთ ადამიანს უნდა შევხვედროდი...

- მერე, შეხვდი?

- კი... უბრალოდ, მერე რა მოხდა, ვერ ვიხსენებ!

- მე კიდევ მგონია, რომ ის ადგილი იმისთვის ამოირჩიე, რომ ყველას და ყველაფერს მოსცილებოდი. მარტო გინდოდა ყოფნა, ისეთ ადგილას, სადაც ვერავინ მოგაგნებდა... ასეა?

- რატომ უნდა მდომებოდა ასე?

- აი, მთავარ მიზეზს ვუახლოვდებით ნელ-ნელა... შენ ბოლო დროს საკუთარ თავში ჩაიკეტე... საკუთარი სამყარო შექმენი. საკუთარი, გამოგონილი გმირებით...

- ვერ ვხვდები, რაზე ლაპარაკობთ საერთოდ...

- თამაზ წულაიაზე რა შეგიძლია მითხრა?

- არ მინდა მაგ სახელის ხსენებაც კი...

- მესმის, მაგრამ პრობლემაც ამაშია... რეალობას გაურბიხარ!

- კარგით, გიპასუხებთ... თამაზ წულაია არის მკვლელი. მამა მომიკლა. ჩვენი ფული მიითვისა და ვალებში დაგვტოვა. თვითონ რუსეთში გაიქცა და ბედნიერად ცხოვრობს! - საკმარისია?..

- შენ მოძებნე ვიდეო, რომელზეც ის თავის ძმაკაცებთან ერთად ქეიფობს... ამ ვიდეომ შენს ფსიქიკაზე ძალიან იმოქმედა... შენ შეიქმენი ილუზია, სადაც შურს იძიებდი და ყველაფერს გამოასწორებდი. ამისთვის დაგჭირდა პერსონაჟები, რომლებიც დაგეხმარებოდნენ...

- ძალიან სასაცილოდ ჟღერს ეს ყველაფერი.

გამეცინა. უცებ კაბინეტის კარი გაიღო და გოგომ შემოიხედა.

- ბატონო გია, მეექვსე პალატაში გელოდებიან...

როგორც ჩანს, მისი მდივანი იყო.

- მოგვიანებით გავაგრძელოთ... შეგიძლია წახვიდე, ანიკა!

ექიმმა კარებამდე მიმაცილა. ჩემს ოთახში დავბრუნდი და ისევ ის წიგნი გადავშალე. ნეტა რამე ნიშანი ხომ არ არის? იქნებ კალანდაძემ დამიტოვა?

სადილამდე არაფერი მომხდარა. სადილის შემდეგ, ოთხ საათზე ირაკლი და ფილი მოვიდნენ....

გაგრძელება იქნება