მას მარლო ჰქვია, ბერენის მარლო. ის ახალ ფილმში ჯეიმს ბონდის გოგონას ითამაშებს.
როგორც პრესა წერს, აგენტ 007-ის თავგადასავლების შესახებ 23-ე ფილმის შემქმნელებმა ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ სწორედ ფრანგი მსახიობი აირჩიეს, რომელიც მანამდე ძირითადად სერიალებში მონაწილეობდა.
ეს ბერენისის პირველი ინგლისურენოვანი სურათი იქნება. მარლო ახალგაზრდა სიმპათიური შავთმიანი გოგონაა. სხვათა შორის, ის ძალიან ჰგავს ბონდის უწინდელ "მეგობარ გოგონას", უკრაინელ მოდელს და მსახიობ ოლგა კურილენკოს.
ამჟამინდელ ბონდს - დენიელ კრეიგს კი 2006 წელს ჯეიმს ბონდის ამპლუაში დებიუტი ასევე ფრანგ მსახიობ ევა გრინთან ერთად ჰქონდა.
ადრე ბრიტანელები აცხადებდნენ, რომ ბონდის შემდეგი გოგონა რუსული წარმოშობის ამერიკელი, ყოფილი ტანმოვარჯიშე მარგარიტა ლევიევა იქნებოდა. ასევე ასახელებდნენ ოლივია უაილდსა და ფრეიდა პინტოს.
ახლა კი ისიც გახდა ცნობილი, რომ ახალი ფილმის პირველი სცენების გადაღებები სტამბოლში ჩაივლის. ფილმის პროდიუსერებმა უკვე მიიღეს ქალაქის ხელისუფლების თანხმობა. ახალ სურათს ჯერ ოფიციალური სახელწოდება არ აქვს.
რეჟისორის რანგში კი სემ მენდესი გამოდის, რითაც ძალიან გახარებულია მთავარი როლის შემსრულებელი. დენიელ კრეიგის აზრით, მენდესი ძალიან ნიჭიერია და მასთან მუშაობა სასიამოვნოა.
ახალ პროექტში ასევე გამოჩნდებიან რალფ ფაინსი, ჯუდი დენჩი, რის ევანსი, ხოლო ბონდის მოწინააღმდეგეს, სავარაუდოდ, ჰავიერ ბარდემი განასახიერებს. გაქირავებაში სურათი შემდეგი წლის ნოემბერში გამოვა.
რაც შეეხება ბერენის მარლოს, აქამდე გოგონა საფრანგეთის ტელევიზიის სერიალებში თამაშობდა, პირველი როლი დიდ კინოში კი ფრანგულ მელოდრამა "მოხიბვლის ხელოვნებაში" შეასრულა. ბონდის გოგონას სტატუსი მომავალში ფრანგ მოდელსა და მსახიობს დიდ წარმატებას უქადის და სავარაუდოდ, ჰოლივუდშიც გაუხსნის გზას.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)