ლაბირინთი - ფინალური ეპიზოდი - EXIT - Marao

ლაბირინთი - ფინალური ეპიზოდი - EXIT

2023-02-07 09:39:12+04:00

"მე "ლაბირინთში" ვმუშაობ! ასე ჰქვია კომპანიას, რომელიც კომპიუტერულ თამაშებს აწარმოებს. მე მნიშვნელოვანი მისია მაკისრია – ვიზუალურ რომანებს ვწერ.

ვიზუალური რომანი – კომპიუტერულ თამაშებში წარმოდგენილი ამბავია, რომლის სიუჟეტურ ხაზს მიჰყვება მოთამაშე. ვიზუალური რომანი პერიოდულად, საკვანძო მომენტებში ჩნდება ეკრანზე ნაწერის ან პატარა ვიდეორგოლების სახით. ის აუცილებლად საინტერესო უნდა იყოს. ჩვენ ძირითადად სათავგადასავლო, დეტექტივის და ფანტასტიკის ჟანრის თამაშებს ვქმნით. შეიძლება ითქვას, რომ ვირტუალურ სამყაროში ვცხოვრობ…

საქმე იმაშია, რომ ცხოვრებაში ძალიან იშვიათად მხვდებიან რეალურად საინტერესო ადამიანები. ჩემ მიერ შექმნილი პერსონაჟები კი იმდენად საინტერესოები არიან, რომ რეალობაში აღარავინ მომწონს. ყველაფერი ისეთი მოსაწყენი და უღიმღამოა, რომ პროტესტის გრძნობა მიჩნდება. როგორც წესი, ყოველთვის წინასწარ ვხვდები მოვლენების შესაძლო განვითარებას. ვიცი, რას მეტყვის ბიჭი, რომლის გონებამაც გადაწყვიტა, რომ უნდა მოვეწონო და ყავაზე დამპატიჟოს.

კიდევ, წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ განვითარდება კონკრეტული მოვლენები, ან ადამიანებს ალტერნატიულ ისტორიებს ვუფიქრებ. ეს გონების ვარჯიშს ჰგავს.

რაც თავი მახსოვს, სულ ფანტაზიაში ვცხოვრობ… ძალიან, ძალიან ბევრს ვოცნებობდი ბავშვობაში. ერთი სული მქონდა, როდის დაღამდებოდა, რომ დავწოლილიყავი და ჩემი წარმოსახვითი მოგზაურობა გამეგრძელებინა. ღამით ხელს არავინ მიშლიდა… სკოლაში, როგორც წესი, გამოუძინებელი მივდიოდი.

ერთი უცნაური უნარიც მაქვს: ჩემი გონება ნებისმიერ ლაქას, ჩრდილს, შპალერის ორნამენტებს, მოკლედ, ნებისმიერ ფაქტურას ფიგურებად აღიქვამს და ყველაფერს ფორმებს აძლევს, რაც თავიდან ძალიან მიშლიდა ხელს, მერე მივეჩვიე. ახლა ხანდახან შიში შემიპყრობს ხოლმე… ზოგჯერ მგონია, რომ რეალობასა და ფანტაზიას შორის საზღვარი იმდენად შემცირდა, რომ შეიძლება ერთხელაც გაქრეს. საინტერესოა, რა მოხდება მერე?"

***

უჯრებში რომ ვიქექებოდი, შემთხვევით ჩემი ძველი ჩანაწერი ვიპოვე, რომელიც გასულ წელს, საქმიან დღიურში მქონდა გაკეთებული... უცნაურია, ჩემი არაცნობიერი ალბათ წინასწარ გრძნობდა, რომ რეალობისა და ფანტაზიის დამაკავშირებელი ზღვარი წაიშლებოდა და ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი, ჩემ მიერ გამოგონილ პერსონაჟებთან ერთად...

მიუხედავად იმ დიდი გაურკვევლობისა და ქაოსისა, რისი გადატანაც მიწევს, რაღა დაგიმალოთ და ჩემი ცხოვრება გაცილებით უფრო საინტერესო გახდა ამ ბოლო პერიოდში, ვიდრე ოდესმე ყოფილა... აღარც კი ვიცი, რომელი სჯობს... ბანალური სიმართლის გარკვევა თუ ამ იდუმალებით მოცულ, მისტიკურ სამყაროში დარჩენა. თუნდაც, არარეალურში...

და მაინც...

ჩემმა გონებამ შექმნა ორი მთავარი პერსონაჟი:

ლევან კალანდაძე - დადებითი პერსონაჟი, რომელიც ერთდროულად გიცავს და თან საფრთხესაც გიქმნის...

ლევან გიორგაძე: სექსუალური, წარმატებული, ჭკვიანი, საკუთარ თავში დარწმუნებული მამაკაცი, რომელსაც ძალიან ძნელია მიაკუთვნო დადებითი ან უარყოფითი სტატუსი, რადგან იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ შეიძლება რაღაც მომენტში ყველაფერი თავდაყირა დადგეს.

ამ ორ პერსონაჟს ერთი საერთო აქვს, ეს არის იდუმალება. ორივე იდუმალების ბურუსითაა მოცული. ეს ყველაფერი კი ჩემი "მეს" გასაღებია... მე ვხვდები, მთავარი ის კი არ არის, რომ რეალობაში ეს ადამიანები არ არსებობენ, არამედ ის, თუ რატომ დამჭირდა მე მათი გამოგონება...

გვანცასთან დიდხანს არ დავრჩენილვარ. იქამდე წამოვედი, სანამ თეო სკოლიდან მოვიდოდა. სახლში მისვლისთანავე ფილს დავურეკე.

- გაქვს ორი წუთი? თათბირზე ხომ არ ხარ?

- არა, არა... როგორ ხარ?

- კარგად... მისმინე, რაღაცის კითხვა მინდა!

- გისმენ!

- მაშინ რომ მითხარი, იმ შენობაში პირველად რომ წავედით და არაფერი დაგვხვდა... შენ თქვი, რომ გზად სადღაც შევიარეთ, რაღაც ბარში...

- ჰო, მერე?

- თუ გახსოვს, იმ ბარს "ბუდუარი" ერქვა?

- მგონი კი... ასე ერქვა... - გაგახსენდა?

- ნაწილობრივ... შეგიძლია მითხრა, სად არის?

- წასვლა გინდა?

- ექიმმა მითხრა, რომ ყველა ის ადგილი უნდა მოვინახულო, სადაც ბოლო პერიოდში ვიყავი...

- მაია მარტოს არ გაგიშვებს, ამიტომ სამსახურის მერე გამოგივლი და მე წაგიყვან...

- მართლა გააკეთებ ამას?

- შენთვის ყველაფერს გავაკეთებ, ეს შენც კარგად იცი!

- მადლობა, ფილ...

- მადლობა საჭირო არ არის... მეგობრები რისთვის ვართ?

- კარგი... მაშინ საღამომდე!

- მიხარია, რომ გახსენდება რაღაცები!

ყურმილი გავთიშე და ლეპტოპი ჩავრთე. ისევ ბექას პროფილში შევედი, მაგრამ მეტი ვეღარ მოვითმინე და მხოლოდ ერთი სიტყვა - "გამარჯობა" მივწერე. პირველად ავტვირთე ჩემი ფოტო ჩემს პროფილში. მაინტერესებდა, მიცნობდა თუ არა... მერე "სკაიპი" ჩავრთე და გული გამიჩერდა. კუპიდონს რაღაც მოეწერა ჩემთვის...

- სად დაიკარგე, აფროდიტე? ჩემი საჩუქარი ასე ძალიან არ მოგეწონა?

და მოწყენილი "სმაილი". პასუხი ხელის კანკალით მივწერე...

- საავადმყოფოში ვიწექი, ტვინის შერყევა მქონდა და მეხსიერება ნაწილობრივ დავკარგე.

ტექსტი გავაგზავნე და სასაუბროს ცარიელ ფანჯარას მივაჩერდი. უცბად დავინახე, როგორ დაიხატა ფანქარი... პასუხს მწერდა...

- ხუმრობ?

- სამწუხაროდ, არა... შეგიძლია მითხრა, საიდან გიცნობ და რა საჩუქარს გულისხმობ?

თითქოს არ ვიყავი ისეთი ემოციური, როგორიც ბოლო პერიოდში გავხდი. ლეპტოპი მისაღებ ოთახში გამოვიტანე და სავარძელში ჩავჯექი. გული ლამის საგულედან ამომივარდა... კუპიდონი ცოტა ხანი არ მწერდა პასუხს. ალბათ ფიქრობდა...

- წიგნი, სამსახურში რომ გამოგიგზავნე... არ მჯერა, რომ დაგავიწყდა... მეხუმრები, ხომ?

- ლექსების კრებული?

- დიახ...

- წარწერაც გაუკეთე?

- კი, წარწერაც გავუკეთე...

- ლევანი გქვია?

- კი, აფროდიტე, ლევანი მქვია...

- კალანდაძე?

- უცნაურად იქცევი! მეუბნები დამავიწყდიო და ჩემი სახელი და გვარი გახსოვს... ისევ მეთამაშები, არა?

- არა, მართლა არ ვხუმრობ! რაღაცები მახსოვს, რაღაცები არა...

- მეხსიერება როგორ დაკარგე? ავარიაში მოყევი?

- ჰო.. ავარიაში მოვყევი... - და სად გავიცანით ერთმანეთი?

- არც ეგ გახსოვს? რა სამწუხაროა...

- მითხარი!

- კორპორატიულ კარნავალზე...

- მეკობრე იყავი?

- გაგახსენდა?

- ხომ გითხარი, რაღაცები მახსოვს და რაღაცები არა!

- მე კიდევ მგონია, რომ ჩემთან შეხვედრა არ გინდა და მეთამაშები...

- კარნავალის მერე არ შევხვედრივართ ერთმანეთს?

- ?

- ვიცი, რომ ბრაზილიურ სერიალს ჰგავს ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან მჭირდება სიმართლის ცოდნა... მომიყევი ყველაფერი, შენ ხომ არაფერს კარგავ ამით?

- კარგი... ერთმანეთს კარნავალზე შევხვდით, საინტერესოდ ვისაუბრეთ, ბაღშიც გავისეირნეთ, მაგრამ შენ უცბად წამოხტი და გიჟივით გაიქეცი სადღაც... მთელი ღამე გეძებდი...

- როგორ მიპოვე?

- მე ვერა, შენ თვითონ მიპოვე... ნიღბით... მითხარი, რომ საკარნავალო კოსტიუმების მაღაზიაში გაიგე ჩემი სახელი და გვარი, მერე სამსახურში მოწვეული სტუმრების სია ნახე და ასე გაიგე, სადაც ვმუშაობ...

- სად მუშაობ?

- იურიდიულ კომპანიაში...

- იურისტი ხარ?

- დიახ...

- მერე, როგორ გიპოვე?

- მეილი მომწერე... მერე "სკაიპში" დავუკავშირდით ერთმანეთს... მე მინდოდა შენთან შეხვედრა, მაგრამ შენ რატომღაც თავს იკავებდი... მერე წიგნი გამოგიგზავნე სამსახურში...

- რატომ?

- მინდოდა ჩემი გზავნილი გაგეშიფრა. მივხვდი, რომ სხვა გოგოებს არ ჰგავხარ და რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება მინდოდა... შენი ნახვა ძალიან მინდა, ამიტომ ვიფიქრე, რომ თუ ორიგინალური ხერხით დაგინიშნავდი შეხვედრის ადგილს, მოხვიდოდი... მაგრამ მას მერე გაქრი. აღარც აქ შემოსულხარ, არც ტელეფონს პასუხობდი... მეც ვიფიქრე, რომ კონტაქტზე გამოსვლა საერთოდ აღარ გინდოდა და დამაიგნორე...

- რა გზავნილზე მეუბნები?

- შენი თამაშის მიხედვით დავშიფრე იმ წიგნში... "ფლიგელი 72"-ში რომ მეთოდი გაქვს გამოყენებული, ის გავიმეორე...

- ცოტა ხანს დამელოდე!

სასწრაფოდ ის ლექსების კრებული მოვიტანე და ბოლო გვერდზე გადავშალე. "ფლიგელი 72" ჩემი ერთ-ერთი ძველი თამაშია, რომელიც ძალიან წარმატებული პროექტი გამოდგა. იქ მოთამაშემ ჩემ მიერ მოფიქრებული შიფრის ამოხსნის მეთოდით უნდა გაიგოს ადგილი და დრო, რომელიც წიგნის ბოლო გვერდზეა დაშიფრული. ვინც არ უნდა იყოს რეალური ლევან კალანდაძე, საკმაოდ ორიგინალური ხერხი მოუფიქრებია...

- სად წახვედი? რა ქენი, იპოვე?

- კი... და უკვე გავშიფრე კიდევაც... როგორც ჩანს, ადრეც გავშიფრე და იმ ადგილას წავედი კიდეც... მიტოვებული შენობა, ძველი თავშესაფრით...

- ყოჩაღ!

- რატომ მაინცდამაინც ეს ადგილი?

- იმიტომ, რომ შენს თამაშებში სულ ასეთი ადგილებია და ვიფიქრე, მოგეწონებოდა, თუ თავადაც მსგავს ადგილას აღმოჩნდებოდი...

- როგორც მივხვდი, შენ არ მოხვედი...

- ორი საათი გელოდე, მერე წავედი... არ ვიცი, შეიძლება დროში ავცდით ერთმანეთს...

- საინტერესოა! მაგ დღეს რატომღაც ჩემი მეგობარი წამოვიყვანე...

- მართლა? შეიძლება გულის სიღრმეში გეშინოდა ან არ მენდობოდი...

- ან, უბრალოდ, ლაბირინთში დავიკარგე...

- სად?

- არაფერი...

- მისმინე... შენ ყველაზე უცნაური გოგო ხარ, ვინც კი ოდესმე შემხვედრია...

- მერე არ გაშინებს ჩემი უცნაურობა?

- კი... მაგრამ ეს მიზიდავს სწორედ შენში! ამიტომ ძალიან მინდა გნახო... ადგილი შენ შეარჩიე... სადაც მეტყვი, იქ მოვალ!

- ჯერჯერობით ვერ გამოვდივარ სახლიდან, რეაბილიტაციას გავდივარ... მაგრამ აუცილებლად შეგხვდები!

- ხომ აღარ დაიკარგები?

- არა... ჩემი მობილურის ნომერი გაქვს?

- რა თქმა უნდა!

- დღეს ჩავრთავ და შეგიძლია დამირეკო ხოლმე!

- კარგი, აფროდიტე... გამოჯანმრთელებას გისურვებ!

"სკაიპი" გავთიშე და ღრმად ამოვისუნთქე... შვება ვიგრძენი. ისე ძალიან აღარ მეშინოდა სიმართლის გაგების...

საღამოს ფილი მოვიდა. ყველამ ერთად ვივახშმეთ. მერე დედაჩემი დავარწმუნეთ, რომ ფილთან ერთად გასეირნება ჩემთვის უკეთესი იყო, ვიდრე სახლში ჯდომა. "ბუდუარიც" მოვინახულე... ძალიან ჰგავდა ჩემს შექმნილ "პორტალს". იგივენაირი განათება და ფარჩის ფარდებით გარშემორტყმული მაგიდები... ბარმენიც მეცნო...

ცოტა ხანში ირაკლი და მაქსი მოვიდნენ და ძველებურად გავატარეთ საღამო... თითქოს არც არაფერი მომხდარა...

ძილის წინ ყველაფერი ლაშას მოცემულ რვეულში დავწერე და დასაძინებლად დავწექი. მეორე დღეს მიშა ექიმთან ვიზიტმა კარგად ჩაიარა. მითხრა, რომ გამოჯანმრთელების გზას ვადგავარ და ასე გავაგრძელო... გარეთ გასვლის უფლებაც მომცა, ოღონდ ვინმესთან ერთად...

საღამოს "ფეისბუქზე" ბექამ მიპასუხა. როგორც გავარკვიე, გოლფ კლუბში გავიცანი მას შემდეგ, რაც ის ვიდეო ვნახე... კლუბში წასვლას რომ აპირებდა, ეს ინფორმაცია, სავარაუდოდ,   მის პირად გვერდზე ვნახე და ამიტომაც წავედი... წარმოდგენა არ მაქვს, რის გაკეთებას ვაპირებდი... შეიძლება უბრალოდ მისი ნახვა მინდოდა...

მოცემულ რეალობაში თავი ვეღარ შევიკავე და ბექას გრძელი წერილი მივწერე, სადაც ჩემი განცდები, წარსული, ტკივილი - ყველაფერი ერთად ჩავაქსოვე. მივწერე, ვინც ვიყავი და მამამისმა რაც გააკეთა - ისიც მივწერე... როგორც ჩანს, ბექას ამ წერილმა თავზარი დასცა. ნახევარსაათიანი პაუზის მერე, როგორც იქნა, მომწერა, რომ მამაჩემის გამო ძალიან წუხს და ვერ იჯერებს, რომ ამ ამბავში მამამისი რამენაირად შეიძლება იყოს გარეული... კიდევ, დამპირდა, რომ აუცილებლად დაელაპარაკებოდა ამ თემაზე მამამისს და სიმართლეს გაარკვევდა...

მისი სიტყვები გულწრფელი მეჩვენა. შეიძლება არც იყოს ცუდი ადამიანი, ვინ იცის... მე ახლა ორი მნიშვნელოვანი რამ უფრო მაინტერესებს: ლევან კალანდაძის ნახვა და იმის გაგება, ვისი პროტოტიპია ჩემ მიერ შექმნილი გიორგაძის პერსონაჟი...

***

დროს ერთი ძალიან მაგარი თვისება აქვს - ყველაფერს ადრე თუ გვიან თავის ადგილას ალაგებს... ხან მეჩვენება, რომ ძალიან სწრაფად გადის, ხან პირიქით, წუთები უსასრულოდ იწელება...

ჩემს თეთრ ოთახში ვწევარ, სადაც კონტურები ერთმანეთში ირევა და მხოლოდ ერთადერთი განსხვავებული ფერი მხვდება თვალში - საათის წითელი ისარი, რომელიც ბორბალში გამომწყვდეული ზაზუნასავით დარბის ციფერბლატზე შეუჩერებლად... როდესაც 12-ს მიაღწევს, ოცდამესამე დღე გახდება, რაც კლინიკიდან გამომწერეს...

ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. მეც შევიცვალე... ახლა რეალურ რაღაცებზე უფრო მეტს ვფიქრობ, ვიდრე ვირტუალურზე... ვგრძნობ, რომ მიწაზე მყარად ვდგავარ და ერთ რამესაც მივხვდი, რეალური ადამიანებიც შეიძლება იყვნენ საინტერესოები... მაგალითად, როგორც ლევან კალანდაძე - მეკობრე, რომელიც კარნავალზე გავიცანი...

როგორც იქნა, მასაც შევხვდი... დაახლოებით ისეთი გარეგნობა აქვს, როგორიც ჩემმა გონებამ წარმოიდგინა, როდესაც წარმოსახვაში ხელოვნური წვერი მოაშორა... ლევანი სიმპათიურია და საინტერესო მოსაუბრე... ლაპარაკი უყვარს. ადვოკატია და სხვანაირად როგორ იქნება?.. მასთან თავს კომფორტულად ვგრძნობ. ხშირად ვავლებ პარალელს ჩემ მიერ წარმოდგენილ შსს-ს თანამშრომელს და მას შორის და რეალური ლევანი უფრო მეტად მომწონს...

დღეს პირველად ვჯდები ჩემს მოტოზე, რომელიც საშინლად მენატრებოდა. რაღაც მაქვს ჩაფიქრებული და აუცილებლად უნდა განვახორციელო. ძალიან მინდა ტყეში წავიდე და ქოხი ვნახო, რომელიც წარმოვიდგინე... ბოლომდე ვერ ვეგუები იმ ფაქტს, რომ გიორგაძე არ არსებობს... ზოგჯერ საშინლად მენატრება...

გაზაფხული ჩემი საყვარელი სეზონია. უცნაურია, მაგრამ გზა ზედმიწევნით ზუსტად მახსოვს... ის გადასახვევიც ზუსტად ისეთია, როგორიც მახსოვდა... თქვენ წარმოიდგინეთ, თხრილიც კი ვნახე, სადაც გიორგაძეს მანქანა ჩაუვარდა... ეს ყველაფერი ჩემზე მაგიურად მოქმედებს...

მოტოციკლს ხესთან ვტოვებ და გზას ფეხით ვაგრძელებ. გაზაფხულის სურნელი მსიამოვნებს... მივდივარ და დარწმუნებული ვარ, რომ ქოხი ადგილზე დამხვდება... ეს განცდა ძალიან ჰგავს დეჟა ვუს...

დაბურული ხეივანი გავიარე და ქოხიც გამოჩნდა... ზუსტად ისეთია, როგორიც მახსოვდა... მეც ზუსტად ვიცი, რომ ჩანთაში ნაპოვნი გასაღები, რომელიც კორპორატიული ბინის მეგონა, ამ ქოხის კარს აღებს...

საკეტი ჟანგმა გააფუჭა და კარი წვალებით გავაღე. ოთახში შევედი და სხეულში საოცარი სითბო ჩამეღვარა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დიდი ხნის მოგზაურობიდან სახლში დავბრუნდი...

ღუმელი, პლედი, ჭურჭელი - ყველაფერი ადრეც მინახავს... სკივრთან მივდივარ და გულის კანკალით ვაღებ სახურავს... სკივრში ძველი თოფი და დაჟანგებული იარაღები აწყვია. ნიჩაბი, ფოცხი, ბარი... ოღონდ ტარის გარეშე... კედელზე ძველებური საკიდია, სადაც მამაკაცის ქურთუკი ჰკიდია. ქურთუკი ძალიან ძველია და ნესტისგან ობი აქვს მოკიდებული... იქვეა მამაკაცის მაღალყელიანი ჩექმები... სანადირო ჩექმები, რომელშიც ობობას დაუდია ბინა...

მეორე ოთახში გავდივარ. ყველგან თაგვის ცურცლი და აბლაბუდებია გაბმული. გული ისე სწრაფად მიცემს, ცოტაც და საგულედან ამოვარდება. ვგრძნობ, რომ მიზანთან ძალიან ახლოს ვარ... ვგრძნობ, რომ ყველაფრის პასუხი ამ ქოხშია და სადაცაა, რაღაც საიდუმლოს ავხდი ფარდას...

მეორე ოთახში ძველი განჯინაა, სადაც შოკოლადის ნაკრების გახუნებულ კოლოფს ვპოულობ. კოლოფში რამდენიმე შავ-თეთრი, ნესტისგან დაბრეცილი ფოტოა. სურათები სინათლეზე გამომაქვს და ვათვალიერებ.

ძარღვებში სისხლი მეყინება... ფოტოებზე მამაჩემია პატარაობაში... პაპასთან ერთად. აქ, ამ ქოხში გადაღებული... ვგრძნობ, როგორ იფანტება ბურუსი ჩემს თავში და ყველაფერი მახსენდება! ამ ქოხში მამას მოვყავდი, როცა პატარა ვიყავი... ის ისტორია კი, რომელიც გიორგაძემ მომიყვა, სინამდვილეში მამას ისტორიაა! მამა მოჰყავდა ბავშვობაში პაპას, სწორედ აქ, ამ ქოხში და ნადირობას ასწავლიდა...

თვალები ცრემლებით მევსება და მამას ვეღარ ვხედავ... ჩემმა არაცნობიერმა მამა გააცოცხლა და მისი პატარაობის ისტორიები გამახსენა... ყველაფერი ერთად მახრჩობს! ყველანაირი ემოცია მაწვება ერთდროულად: სიბრაზე, ტკივილი, სიყვარული, სინანული, უსამართლობის განცდა... ყველაფრის დამტვრევა მინდა... მინდა, ისევ პატარა გოგო ვიყო, გარეთ თოვდეს... მე კი ღუმელთან ვიჯდე და მამას მოყოლილ ისტორიებს ვისმენდე... მინდა თვალები დავხუჭო და ყველაფერი რეალურად დავინახო... ისე რეალურად, თითქოს წარსულში ვიმოგზაურე...

ქოხში დაბნელებამდე დავრჩი. მერე უკან დავბრუნდი... მობილურში მოსულმა ლევანის გამოტოვებულმა ზარებმა რეალობაში დამაბრუნა. ორ საათში ერთმანეთს უნდა შევხვდეთ...

მოტოთი მოვქრივარ. გზის ორივე მხარეს ტყეა... გაზაფხულია. ახალი სიცოცხლის დაწყების საუკეთესო პერიოდი... ცხოვრებაში ყველაფერი ციკლის პრინციპს ექვემდებარება. ყველაფერი იწყება და მთავრდება! ყველაფერი საწყის წერტილს უბრუნდება... როგორც ურბაროსი... უსასრულობის მისტიკური სიმბოლო, კუდიჭამია გველეშაპი, რომელსაც საკუთარი კუდი პირში უდევს და დროის მუდმივობას გამოხატავს...

ანსახიერებს ძალას, რომელიც ყოველთვის თვითონ იხარჯება და აღდგება. როგორც ფენიქსი, რომელიც საკუთარ თავს თავადვე წვავს და შემდეგ ფერფლიდან აღდგება, რომ ხელახლა დაიბადოს...

- ფენიქსი...

კიდევ ერთი მოგონება ამომიტივტივდა თავში. მოტოციკლი გავაჩერე და გადმოვედი... "ფენიქსი" - ასე ერქვა დაწესებულებას, სადაც დედას ადრე ფსიქოლოგთან დავყავდი, რომელიც ჩემმა გონებამ დაივიწყა... მეხსიერებიდან ამოშალა მისი სახე... - ახლა გამახსენდა! ყველაფერი გამახსენდა! მივხვდი, ვისი გარეგნობაც მივანიჭე "მოჩვენებას", რომელიც სინამდვილეში თვალითაც არ მინახავს და ვინ იცის, იქნებ სულაც ის ხმელი კაცია, კროულისთან რომ მოდიოდა და კიდურებს სასაცილოდ იქნევდა...

ცისფერი თვალები, უცნაური გარეგნობა - ახალგაზრდა ფსიქოლოგი, რომელიც ერთხელ უკვე დამეხმარა ლაბირინთიდან გამოსვლაში... მისი ნახვა ძალიან მომინდა!

ისევ დავჯექი მოტოციკლზე და ჩემთვის ჩვეული სისწრაფით გავკვეთე გაზაფხულის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი. ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება! ყველაფერი დალაგდება... თამაზ წულაიაც აუცილებლად დაისჯება...

მე ბედნიერი ვარ, რადგან უსასრულო ლაბირინთში სწორი გზის პოვნა შევძელი... ცხოვრება ხომ ლაბირინთს ჰგავს? თუ არასწორ მიმართულებას აირჩევ, უკან დასაბრუნებელი გზის პოვნა ძალიან გაგიჭირდება....

ლაბირინთში კი მხოლოდ ერთი მიზანი გაქვს - იპოვო გასასვლელი. თუმცა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანები შეგნებულად არ ეძებენ გასასვლელს და ლაბირინთში იკარგებიან...

დასასრული

ავტორი თეა ინასარიძე