ქალი, რომელიც ფრანგული სტილის კერპად მიიჩნევა...
ქალი, რომელმაც მარიო ტესტინოსთან ტანდემი შექმნა...
ქალი, რომელსაც ყველაზე შესაშური მოდური გარდერობი
აქვს მსოფლიოში...
ქალი, რომლისთვისაც უცხოა ყოველგვარი ვულგარული...
ქალი, რომლითაც ცხრა წელია, თავს იწონებს ფრანგული Vogue.
ეს ლეგენდარული ქალი კარინ როიტფელდია, ფრანგული Vogue-ის მთავარი რედაქტორი...
1954 წელი, პარიზი...
- გილოცავთ... თქვენ ქალიშვილი შეგეძინათ, ისეთი ლამაზი და გრძელფეხება, რომ... მისგან ნამდვილი მოდელი დადგება, - ახარა ბებიაქალმა კინოპროდიუსერ ჟაკ როიტფელდს, რუს ემიგრანტს.
”ახალბედა” მამას მახარობლისთვის არც ასდოლარიანი კუპიური ჩაუკუჭავს ჯიბეში და არც თოფი უსვრია შვილის დაბადების აღსანიშნავად, თავდაჭერილად გაიღიმა მხოლოდ.
აი, დედამ კი, სულითა და ხორცით ფრანგმა, ყველაზე უბრალო და მიწიერმა ქალბატონმა, სიხარულის ცრემლებით იტირა, როცა პირმშო გულზე დაუწვინეს.
- მას ყველაფერი ექნება, რაც მე დამაკლდა, - პირობა მისცა თავის თავს დედამ, - კარინს დავარქმევ... მოვა დრო და ჩემს ქალიშვილს მსოფლიო გაიცნობს.
თუმცა გოგონა ისევე ჩვეულებრივად იზრდებოდა, როგორც ათიათასობით სხვა მისნაირი ბავშვი... იმ განსხვავებით, რომ მოდის ჟურნალებს ჯერ კიდევ მაშინ ათვალიერებინებდა დედა, სანამ კითხვას ისწავლიდა.
გოგონამ ზეპირად და ზუსტად იცოდა, რა გვარი იყო მოდელი, რომლის ფოტოც ჟურნალის ყდაზე იყო განთავსებული, რომელი დიზაინერის შეკერილი კოსტიუმი ემოსა და ვისი შექმნილი აქსესუარები უმშვენებდა სხეულს.
ხუთი წლისას სხარტად შეეძლო ჩამოეთვალა იმ დროისთვის ცნობილი ყველა ფოტოგრაფის, დიზაინერის თუ მოდელის გვარ-სახელი, რომელ სეზონზე როგორი სამოსი იყო მოდაში, როგორი ვარცხნილობა და რა ფერები... დედა ასწავლიდა ამ ყველაფერს - მოდაზე შეყვარებული ყველაზე უბრალო და მიწიერი ფრანგი ქალბატონი... კარინი აღმერთებდა მშობლებს...
1970 წელი
იგი უკვე 16 წლისაა. ამაყად ყელმოღერებული ჰაეროვანი ნაბიჯებით მიუყვება ქუჩას. მოულოდნელად ვიღაც მამაკაცი აჩერებს.
- გოგონი, არ გინდა, მოდელი გახდე? - უცნაურ შეკითხვას უსვამს უცნობი... უცნაურს, მაგრამ კარინისთვის საოცნებოს.
- მინდა! - დაუფიქრებლად პასუხობს, არც კი ცდილობს, სრულიად უცხო ადამიანის ვინაობა გაიგოს, - ეს ჩემი ბავშვობის დროინდელი ნატვრაა, - ისე ამბობს, თითქოს უკვე ზრდასრული ქალი იყოს, არადა, ჯერ მხოლოდ თექვსმეტისაა, ცოტა მეტის... შეიძლება, ცოტა ნაკლების...
ახლა აღარ ახსოვს, ეს ამბავი მისი დაბადების დღის მოახლოებამდე მოხდა, თუ შემდეგ... რა მნიშვნელობა აქვს... მთავარი ის იყო მაშინ, რომ მოდელობა შესთავაზეს.
ერთი წელი ძლივს გაძლო... მხოლოდ ერთი, რადგან არ გაუმართლა. კარინის ვარსკვლავური კარიერა არ გამოვიდა, რადგან მისით მხოლოდ ნაკლებად ცნობილი გამოცემები ინტერესდებოდნენ. გადაწყვიტა, მოდელობა მეორე პლანზე გადაეწია და სტილისტობა ეცადა.
სცადა კიდეც... შედეგი? არაჩვეულებრივი!
1972 წელი
- კარინ, გინდა ახალი ამბავი გახარო? - რედაქციის თანამშრომელმა კარი ხმაურით შემოაღო.
- რა იყო, ELLE-ს რედაქტორად ხომ არ დამნიშნეს? - ხუმრობის ხასიათზეა გოგონა, თან ახალ სტატიას ამზადებს ჟურნალისთვის. იგი ხომ რეგულარულად ბეჭდავს მოდაზე წერილებს ELLE-ში.
- რედაქტორად არა, მაგრამ სტილის კონსულტანტად კი. მთელ სვეტს გთავაზობენ, თუ გაუძღვები.
გაუძღვებიო?! სიამოვნებით!
1981 წელი
კრისტიან რესტუანი მისი უახლოესი მეგობარია. უფრო სწორად, მეგობარი მამაკაცი... უყვართ ერთმანეთი. აი, ამ თვეში შვილს გაუჩენს და მერე დაქორწინდებიან კიდეც...
გოგონა გაჩნდა... იულია დაარქვეს, რუსული სახელი... კარინის მამა ხომ რუსი ემიგრანტია... მამის პატივსაცემად... თუმცა, ყველა ჯულიას დაუძახებს მომავალში...
- მას ყველაფერი ექნება, რაც მე დამაკლდა, - ამბობს კარინი, ისევე, როგორც ერთ დროს მისმა სათაყვანებელმა დედამ თქვა... და მოზრდილი ასაკიდან აიძულებს გოგონას, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარულს მიეჩვიოს...
კარინს ძიძა არასდროს დაუქირავებია, თავად გაზარდა შვილები... სამი წლის შემდეგ ვაჟი, ვლადიმირი შეეძინა...
და წლების შემდეგ თავის ნათქვამს შეასრულებს კიდეც...
მის შვილებს დღეს ყველაფერი აქვთ... ჯულია ცნობილი ბრენდის Mango-ს სახეა, მონაწილეობს მისონისა და ჟან პოლ გოტიეს ფოტოსესიებში, ხოლო თომ ფორდმა გოგონა თავის მუზად აღიარა, როცა მას Tom Ford Black Orchidi-ის არომატის დებიუტის წარდგენა ანდო. მას უკვე შეყვარებულიც ჰყავს - Gucci-ს მოდელი რობერტ კონიჩი.
24 წლის ვლადიმირი არტ-ბიზნესში მოღვაწეობს და ძალზე წარმატებულადაც. იგი ცნობილ სახეებს გამოფენების მოწყობაში ეხმარება როგორც ნიუ-იორკში, ისე მილანში. მასაც ჰყავს შეყვარებული - Vogue Gioiello-ს მოდის რედაქტორი ჯოვანა ბატალია.
1986 წელი
ფოტოგრაფმა მარიო ტესტინომ ჯულია გადაიღო იტალიური საბავშვო Vogue-სთვის. სწორედ ამ დროს იგი გაიცნობს კარინს და შედგება ჯერარნახული ტანდემი, ყველაზე წარმატებული და გამაოგნებელი მოდის ისტორიაში, ერთდროულად მეგობრული და პროფესიონალური.
1995 წლამდე კარინისა და მარიოს მოდური დუეტი სასწაულებს ახდენს - Gucci, Missoni, Versace, YSL და Calvin Klein სარეკლამო პოსტერებს მხოლოდ მათ ანდობენ...
ეს უკანასკნელები კი ერთმანეთის მიყოლებით ქვეყნდება ამერიკულ და ფრანგულ Vogue-ში. ხოლო ტომ ფორდი, რომელიც იმ დროს Gucci-სთან თანამშრომლობს, დუეტთან უყოყმანოდ აფორმებს კონტრაქტს.
1995 წელი
ახლა უკვე სამეულმა - ტომმა, მარიომ და კარინმა - პროვოკაციული სარეკლამო კამპანია წამოიწყო, რომელმაც პროექტს ხმაურიანი წარმატება მოუტანა. ფორდი ხვდება, რომ მოდას ”ახალი სისხლი" სჭირდება, ამიტომაც როიტფელდის გავლენით, ხაზგასმით მგრძნობიარე სახეებს ქმნის. მარიოს გადაღებული ფოტოები არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს საზოგადოებაში - ზოგიერთი სიუჟეტი ლამის პორნოგრაფიული ხასიათისაა.
რას იზამ, სილამაზე მსხვერპლს რომ მოითხოვს, კარინმა შესანიშნავად იცის, ამიტომაც უღირს რისკზე წასვლა... და ამაში ტომ ფორდსაც არწმუნებს. ტომიც თანხმდება - კარინი ხომ მისი არა მხოლოდ კონსულტანტი, დიდი მეგობარიცაა და მუზაც.
1999 წელი
კარინი ფრანგული Vogue-ის მოდის უშტატო რედაქტორად მუშაობს და Gucci-ის გამოშვებულ Yves Saint Laurent-ის მამაკაცის სამოსის ხაზს კურირებს.
2001 წელი
Conde Nast-ის შეფი, ჯონათან ნიუჰაუსი კარინ როიტფელდს ფრანგული Vogue-ს მთავარი რედაქტორის პოსტს სთავაზობს, მიუხედავად იმისა, რომ სკანდალური ფოტოსესიის შემდეგ ეს ერთობ სარისკო ნაბიჯია. კარინი ყურს არ უგდებს მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას და ახალი იდეებით ავსებს ჟურნალს.
მას მოსწონს სექსუალური ქვეტექსტებით გამდიდრებული ფოტოსიუჟეტები და აკეთებს კიდევაც, სწორედ ამიტომაც უპირატესობას ახალბედა დიზაინერებს ანიჭებს. ასე აღმოაჩინა მან ფიბ ფილო, ნიკოლა გესკერი და ედი სლიმანი...
გჯერათ სასწაულების? 2005 წელს, Vogue-ში შემოსული რეკლამების რაოდენობა 60 პროცენტით იმატებს - ეს საუკეთესო მაჩვენებელია ბოლო ოცი წლის განმავლობაში.
2007 წელი
თამამი და სკანდალური გადაწყვეტილება - კარინ როიტფელდმა Vogue-ს ყდაზე ბრუს ვებერის გადაღებული ტრანსვესტიტის ფოტო განათავსა - წვერმოშვებული ანდრე J-ს ქალის კაბა და პალტო აცვია, ფეხზე - მამაკაცის ქუსლიანი ფეხსაცმელი, ხელზე კი სამკაულები უკეთია.
2008 წელი
კიდევ ერთი სკანდალური ფოტოსესია - კარინი და მარიო ტესტინო, ტოპ-მოდელ რაკელ ციმერმანის მონაწილეობით, ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია peta-ს ირონიულ ფოტოსესიას ”უძღვნიან" - ქურქში გამოწყობილი მანეკენი მიუღებელი ჟესტების დემონსტრირებას ახდენს...
ამავე წელს, ავტორიტეტული ჟურნალის, Time-ს გამოკითხვით, კარინ როიტფელდი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში ხვდება.
2010 წელი
- კარინ, რა არის ყველაზე ფრანგული შენს Vogue-ში?
- ის, რომ მას ფრანგები ქმნიან. ჩვენ ვცხოვრობთ მოდით და საკუთარი წარმოდგენა გვაქვს იმაზე, როგორი უნდა იყოს იგი.
- მაგრამ დღეს იმხელა არჩევანია კოლექციების - pret-a-porter, pre-fall, cruise, couturep მეტისმეტიცაა... იქნებ ჯობდა, მეტი სიმკაცრე გამოგეჩინა მათი არჩევისას?
- მთავარი, იცით, რა არის? ბრენდი ზუსტად პასუხობდეს თავის დნმ-ს. მაგალითად, ყველამ იცის, რომ Max Mara-ს არაჩვეულებრივი პალტოები აქვს. მათ ჩვენებაზე მე მსურს, 15 საუკეთესო პალტო ვიხილო და არც ერთი საღამოს კაბა.
საღამოს კაბა თუ მინდა, Valentino-სთან წავალ, კარგი ჩანთისთვის - Hermesს-თან. ეს მათი დნმ-ია... ეს ის არის, რისი გაკეთებაც დომენიკოს და სტეფანოს ყველაზე კარგად შეუძლიათ.
- როცა პოდიუმზე ახალ ტრენდს ამჩნევ, აუცილებლად მიიჩნევ, იგი შენს გარდერობში იხილო?
- მხოლოდ მაშინ, თუკი ძალიან მომეწონება. მე ტენდენციებზე არ ვნადირობ. ვიცი, რა მიხდება და რა მიყვარს.
- რას არ ჩაიცვამ არასდროს?
- მოკლე ქვედაბოლოს.
- რამდენი ადამიანი მუშაობს შენს რედაქციაში?
- არ ვიცი, არასდროს დამითვლია.
- ყველაზე მეტად რა გაღიზიანებს ადამიანებში?
- როცა ის, ვისაც ბოლომდე ენდობი, ზურგში დანას ჩაგცემს. არც ისეთი ძლიერი ვარ, ამას შევეგუო.
- რა გიდევს ჩანთაში ყოველთვის?
- საერთოდ არ ვატარებ ჩანთას. BlackBerry ჯიბეში მიდევს, სათვალე სამსახურში მაქვს, არც კოსმეტიკას ვიყენებ, არც სავარცხელს. მაკიაჟსაც კი არ ვისწორებ არასდროს.
- ამწუთას ვისთან ისადილებდი სიამოვნებით?
- ჯორჯ კლუნთან ან ტომ ფორდთან ერთად.
- რა თვისებები მოგწონს მამაკაცში?
- ოდესღაც ძალიან უბედური ვიყავი საყვარელი მამაკაცის ღალატით, ამიტომ ჩემთვის ერთგულება უმნიშვნელოვანესია. კიდევ... იუმორის გრძნობა და სექსუალურობა. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იდეალური სხეული ჰქონდეს, ერთი ნაპერწკალიც კი საკმარისია, თავი მომაწონოს... და ცისფერი თვალები... არის მასში რაღაც სექსუალური.
- რა არის შენთვის ბედნიერება?
- სიმშვიდე. შეუძლებელია, ყოველთვის ბედნიერი იყო, ამიტომაც უნდა ეცადო, დააფასო ბედნიერი წუთები.
ასეთია კარინი, გვარად როიტფელდი, ფრანგული მოდის თეთრი ანგელოზი - ყველაზე პროვოკაციული, ყველაზე რისკიანი, ყველაზე გავლენიანი, ყველაზე... ყველაზე... ყველაზე... ქალი.
ჟურნალი ”ბომონდი"
სვეტა კვარაცხელია