მიკრომებოსტნეობა არის დარგი მეურნეობის მოყვარულთათვის, ვისაც არც სოფლად და არც ქალაქში მიწის ნაკვეთი არ გააჩნია. მართალია, ამგვარი მეურნეობით ბიზნესს ვერ წამოიწყებთ, სამაგიეროდ, მთელი წლის განმავლობაში შინ თქვენ მიერ მოყვანილი ცოცხალი მწვანილი და ზოგიერთი ბოსტნეულიც (კიტრი, პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, ჭარხალი, სტაფილო და სხვა) გექნებათ.
გააჩნია თქვენს შესაძლებლობებს: ფართობს, დასარგავ-დასათეს ჭურჭელს, ინვენტარს და ა.შ. თუ თქვენს სახლს ბრტყელი გადახურვა აქვს და მცირე მოცულობის კვალსათბურს გააკეთებთ, მშვენიერი მიკრობოსტნის მოწყობა შეიძლება. სახურავზე განლაგებულ კასრებში შეგიძლიათ გაახაროთ ნაგალა (ჯუჯა) საძირეებზე დამყნობილი ვაშლი, მსხალი, აგრეთვე, ატამი, ლეღვი, ბროწეული, ვაზი და ა.შ. ამის პრაქტიკული გამოცდილება დიდი ხანია გამაჩნია და ჩემს ახლობლებს მსხმოიარე ბაღ-ვენახი გავაშენებინე. ვინც ამის გაკეთებას შეეცდება, შრომა არ ეზარება და გარკვეული რაოდენობის თანხაც გააჩნია, შეუძლია არც ისე დიდი სასწაული მოახდინოს - მოიწყოს ლამაზი, მწვანე და მოსავლიანი კუთხე.

პირველ რიგში, სახურავზე უნდა დაიდგას მეტალის დიდი ზომის ჭურჭელი, რომელშიც ჩალაგდება კასრში ჩარგული ხეები და ბუჩქები, ისე, რომ წყალი, რომელიც გაჟონავს კასრებიდან, მოგროვდეს მეტალის ჭურჭელში და იქიდან ღარით ჩაიღვაროს სანიაღვრეში. ამ ჭურჭლით გაჟონილი წყლისგან სახურავის დაცვის გარანტია გვექნება. როცა ეს ჭურჭელი მოეწყობა, დანარჩენი საქმე ისე წავა, როგორც მიწაზე არსებულ ბაღ-ვენახ-ბოსტანში. მერწმუნეთ, შესაბამისი ხელშეწყობით, თქვენთვის სასურველი, მოსავლიანი, ლამაზი ოაზისი გექნებათ. რა თქმა უნდა, რაკი ბაღ-ვენახის გაშენება გადაწყვიტეთ, უნდა იცოდეთ სხვლაც, შეგეძლოთ მცენარეების დაცვა მავნებლებისა და დაავადებებისაგან, უნდა მოიმარაგოთ სასუქები, აგრეთვე, მოსარწყავი ხელსაწყოები და სხვა.
მცირე ზომის აივნებზეც შეგიძლიათ განალაგოთ ყუთები ბოსტნეულისა და ყვავილების დასათეს-დასარგავად. ხის ყუთის ზომები შეძლებისდაგვარად კეთდება (მაგალითისათვის - 50X60 სმ-ზე, ხოლო გვერდების სიმაღლე - 12-15 სმ-ც საკმარისია).

ყუთები შეავსეთ ნაზავით - თითო წილი ტყის მიწა და გადამწვარი ნაკელი, ჩათესეთ თქვენთვის სასურველი მწვანილები და დადგით, სადაც მოგიხერხდებათ. დათესვისთანავე მორწყეთ და არც აღმოცენების მერე მოაკლოთ წყალი, რომლის ტემპერატურაც 25-30 გრადუსი უნდა იყოს.
გარდა მწვანილებისა, ყუთებში შეგიძლიათ ჩარგოთ ხახვი, ნიორი და პრასის ბოლქვებიც. იმისათვის, რომ ხახვი მალე და თანაც ბუჩქად ამოვიდეს, დარგვის წინ ბოლქვის ზედა ნაწილი წააჭერით, დაასველეთ თბილი წყლით (30-35 გრადუსი) და დარგეთ კარგად განოყიერებულ ნიადაგში ისე, რომ ზემოდან მიწა არ დააყაროთ. დარგვისთანავე ბოლქვებს კარგად მიუტკეპნეთ მიწა და მორწყეთ. ყუთი 10 დღის განმავლობაში დადგით სიბნელეში, პირველი ფოთლების გამოჩენისთანავე კი სინათლეზე გამოიტანეთ. იხილეთ სრულად...