ედრიან ბროუდი: "ძირითადად ცუდი ბიჭების განსახიერებას მთხოვენ" - Marao

ედრიან ბროუდი: "ძირითადად ცუდი ბიჭების განსახიერებას მთხოვენ"

2011-11-02 10:45:15+04:00

"პიანისტის" ოსკაროსანი ვარსკვლავი ედრიან ბროუდი ყველასგან გამორჩეულია - დამცინავი, ირონიული, მორცხვი და ძალიან ემოციური.

პირველივე "ოსკარის" ცერემონიაზე იმით დაამახსოვრდა მაყურებელს, რომ სცენაზე ასულს ჰოლი ბერიმ ქანდაკების გადაცემამდე ვნებიანად აკოცა. მას მერე "ოსკარების" ცერემონიაზე სცენაზე ასვლის წინ დემონსტრაციულად იშხაპუნებდა პირში სურნელოვან სპრეის, რომ მორიგი ჰოლივუდელი ლამაზმანისთვის მიეძღვნა საჯარო ამბორი.

სულ ცოტა ხნის წინ ედრიანი ვუდი ალენმა გადაიღო თავის გახმაურებულ ფილმში "შუაღამე პარიზში". მართალია, მას გენიალური მხატვრის სალვადორ დალის ეპიზოდური როლი ერგო, მაგრამ მისი ხილვა ნამდვილი სიამოვნებაა.

"ყველა კულტურიდან რაღაც არის ჩემში"

- მისტერ ბროუდი, როგორ მოგეწონათ ვუდი ალენთან გადაღებები? გასაკვირი არ არის, რომ სალვადორ დალის როლი გერგოთ, თითქოს რაღაცით ჰგავხართ კიდეც?

- სხვათა შორის, ხშირად მთავაზობდნენ დალის როლს. ძალიან მომწონს ეს მხატვარი, პიროვნულადაც და შემოქმედების თვალსაზრისითაც. თუმცა მხოლოდ ვუდი ალენს დავთანხმდი, იმიტომ, რომ მასაც ძალიან ვაფასებ.

- ჩანს, ორიგინალური გარეგნობა სამსახიობო კარიერას უწყობს ხელს?

- პირიქით, ამუხრუჭებს. თუ გრძელი ცხვირი გაქვს, მეტისმეტად სერიოზული მზერა და მუქი თმა, უფრო ხშირად ცუდი ბიჭების თამაში გიწევს. ჰოლივუდში ყველა დროში ნაზ ბიჭებს სცემდნენ პატივს. თუმცა მაინც ვამჯობინებ, რომ საინტერესო ვიყო და არა სიმპათიური. გარეგნობა რომ არა, პოლანსკისთან როლს ვერ მივიღებდი.

"პიანისტი" ჩემი ცხოვრების სიამაყეა. გარდა ამისა, არ მინდა რიგითი და მომხიბვლელი სახე მქონდეს, რათა კარიერა გავიკეთო. გარეგნობას აღარ შევიცვლი, გამოდის, ან მომიწევს როლებთან მორგება, ან პირიქით - მათ მოუწევთ ჩემზე მორგება. სხვა გზა არ არის, არ ვარ მიჩვეული სიმარტივეს.

- გარდა განუმეორებელი გარეგნობისა, ყოველთვის სერიოზული, მელანქოლიური მზერა გაქვთ. ეს ალბათ თქვენი აღმოსავლეთევროპული ფესვების ბრალია.

- მამაჩემი ებრაელია. მისი ოჯახი ამერიკაში პოლონეთიდან ჩამოვიდა. დედა უნგრელი კათოლიკე იყო. ამიტომაც ყველა კულტურიდან რაღაც არის ჩემში. თუმცა ჩემი წინაპრები ამერიკაში დიდი ხნის ჩამოსულები არიან. უკვე პაპაჩემი ნამდვილი ნიუიორკელი გახლდათ, ამიტომაც თუ თქვენს წინაპრებს გენეტიკური მიდრეკილება ჰქონდათ მელანქოლიისადმი, მაშინ მე ეს ძალიან შორეულ წარსულში მაქვს.

- ათი წლის წინ სერიოზულ ავტოკატასტროფაში მოხვდით და დიდხანს ვერ მოდიოდით გონზე.

- ასეა, თუმცა ეს ათი წლის წინ მოხდა და ერთადერთი არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. ავტორბოლების მოყვარული ვარ და ხშირად ვხვდები ექსტრემალურ სიტუაციებში. ხანდახან ასეთი რამეები გადაღებებზეც ხდება. ხუთი წლის წინ, როცა ინდოეთში მიღებდნენ, ორჯერ კინაღამ მოვკვდი. საერთოდ, ძალიან ხიფათიანი ვარ.

"რატომღაც ყველა "ოსკარზეა" გადარეული"

- 29 წლის ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი გახდით, რომელმაც "ოსკარი" მიიღო. სად ინახება თქვენი ქანდაკება?

- მოხეტიალე ცხოვრებას ვეწევი და თან არ დავატარებ ჯილდოებს. ისინი გაცილებით მნიშვნელოვანია ჩემი ახლობლებისთვის, ჩემი მშობლებისთვის. ისინი მეტად ამაყობენ ჩემით, ვიდრე მე თვითონ. მაგრამ რატომ არის ყველა გადარეული ამ "ოსკარზე"? კინობიზნესის ყველაზე დიდი ცდომილებაა, რომ ვარსკვლავებად ერთ ღამეში იქცევიან.

მე შეიძლება ერთ ღამეში გავხდი ცნობილი, მაგრამ აქამდე 17 წელი ვირივით ვმუშაობდი და ვერავინ მამჩნევდა. ჰოლივუდში უყვართ სენსაციები, ყველას ეჩვენება, რომ ვარსკვლავები იქ ციდან ცვივა, თანაც ყოველდღე.

- საკუთარ პოპულარობას როგორ აღიქვამთ?

- პოპულარობას არაბუნებრივ მდგომარეობად მივიჩნევ. ადამიანები შენს მიმართ თითქოს სხვანაირები ხდებიან  - ხელოვნურები და ზედაპირულები. ზოგიერთები თავხედურად ძვრებიან შენს პირად ცხოვრებაში, სხვებს მიაჩნიათ, რომ შენზე ყველაფერი იციან და გაკიცხვის უფლება აქვთ, მესამეები კი ეჭვობენ, რომ შენ ბევრი ფული გამოგიჩნდა. სულაც არ ვიტყოდი უარს, რომ ბევრი ფული მქონდეს, დიდ ლამაზ სახლში ვცხოვრობდე და ძვირფასი ნივთები მეყიდა, მაგრამ არ ვაპირებ ასე მოვიქცე ცუდ ფილმებში მონაწილეობის სანაცვლოდ.

არასდროს მითამაშია კინოში მარტო იმიტომ, რომ ფული მეშოვა. პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რას ნიშნავს უფულოდ ჯდომა, ქამრის შემოჭერა. მაგრამ ცუდ ფილმში გადაღება იგივეა, რომ "სამსახიობო მეძავი" იყო, მაყურებელს მოატყუო, რომელიც კინოში მოდის, იქ რაღაც მნიშვნელოვანს ეძებს და შეიძლება უკანასკნელ ფულს იხდის. ასე ვერასდროს მოვიქცეოდი.

- თუმცა პოპულარობას უპირატესობებიც აქვს. მაგალითად, ის საშუალებას გაძლევთ, უფრო იოლად გაიცნოთ გოგონები.

- ღირსეული გოგონას გასაცნობად სულაც არ არის აუცილებელი სახელგანთქმული იყო. იოლი სიამეების დევნას სერიოზულ ურთიერთობებს ვამჯობინებ. თუმცა პოპულარობას უპირატესობებიც აქვს. ნებისმიერი საქმით ვშოულობ ფულს. შემიძლია მშობლებს დავეხმარო და კანის კინოფესტივალზეც კი ჩავიყვანო.

ერთხელ დეტროიტში საავტომობილო ქარხანაში მოვხვდი და ჩემი "შევროლესთვის" დამოუკიდებლად შევქმენი ძრავა. უცნობი ადამიანი რომ ვყოფილიყავი, ქარხნის ეზოშიც კი არ შემიშვებდნენ.

- პირველი ფული როგორ იშოვეთ?

- ძველი მანქანა ვიყიდე რვაას დოლარად. მერე დიდხანს ვეძებდი მის ნაწილებს, შევაკეთე და სამჯერ უფრო ძვირად გავყიდე. მაგრამ ჩემთვის ფული არ არის მთავარი. ჩემთვის მთავარია მუშაობა და საკუთარი თავის გაოცების უნარი.

- ისევ გოგონებს დავუბრუნდეთ. როცა პოლანსკიმ მიგიწვიათ პიანისტის როლზე, მეგობარ გოგონას დაშორდით, ბინიდან გადახვედით და ტელეფონი გამოიცვალეთ.

- როლზე მთლიანად უნდა ვყოფილიყავი კონცენტრირებული, ვხვდებოდი, ეს რამდენად მნიშვნელოვანი იყო. გოგონამ კი ვერ გამიგო (ედრიანი არ არის დაქორწინებული. ბოლო ორი წელი მსახიობ ელზა პატაკის ხვდებოდა, თუმცა რამდენიმე ხნის წინ მასაც დაშორდა - ელზამ ოლივიე მარტინესის მკლავებში გადაინაცვლა - მთარგმ.).

- ქერები უფრო მოგწონთ თუ შავგვრემნები?

- მე მომწონს მხიარული, შემოქმედებითი, აზრიანი და ქალური გოგონები.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)