ბაგრატოვანი - Marao

ბაგრატოვანი

2011-03-05 15:50:33+04:00

საკუთარ თავს კითხვა დავუსვი: თუ არაპროფესიონალი ხარ, რატომ დგახარ სცენაზე და ატყუებ მსმენელს? როცა მივხვდი, სიმღერის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო, პედაგოგთან აქტიური სიარული და შრომა დავიწყე.


ჩემი დღევანდელი სტუმარია ლიზა ბაგრატიონი.

მისი გვარი, რომელიღაც მოსაზრებით, თურმე ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნიდან ბივრიტიანთა ფეოდალური, სამთავრო საგვარეულოდან იღებს სათავეს, ხოლო პირველი ბაგრატიონი ყოფილა გუარამ კუროპალატი - ბაგრატ ბივრიტიანელის ძე და ვახტანგ გორგასლის შვილიშვილი, რომელიც ქრისტეს დაბადების 575 წლიდან განაგებდა ქართლს. ეს ინფორმაცია ვიკიპედიიდან ამოვკრიფე..

 

ალბათ არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც კი ძნელია იპოვო გვარები ამდენსაუკუნოვანი ისტორიით, სისხლისა და გენის ამხელა წარსულით.

არადა მათი წარმომადგენლები დღეს ჩვენ შორის ცხოვრობენ, რომლებსაც განგებამ დააკისრა ვალდებულება, ღირსეულად ატარონ გვარიშვილობის პასუხისმგებლობა...

- ლიზა, როგორი შეგრძნებაა სამეფო გვარის ტარება?

- დადებითი გრძნობაა, თუმცა უზარმაზარი პასუხისმგებლობა და სევდა ახლავს. ჩემი მშობლები, ბებია-ბაბუა ისე მზრდიდნენ, გამორჩეულობის შეგრძნება არასდროს მქონია. ასე იმიტომ მექცეოდნენ, რომ მერე არ დავჩაგრულიყავი, - ასეთ ახსნას ვუძებნი.

თუმცა, ჩემი გვარის გამო ყველაფერი იოლად გამომდიოდა, ბევრ სიტუაციაში ჩემი წარმომავლობა დიდ როლს თამაშობდა. ახლა ხშირად აღვნიშნავ, რომ საკუთარი შესაძლებლობებით ცოტა რამ გავაკეთე, აქამდე ოჯახმა, ნათესაობამ და გვარიშვილობამ მომიყვანა. ბოლო პერიოდია დავიწყე ბრძოლა და შრომა საკუთარი თავის დასამკვიდრებლად.

- ბავშვობიდან დღემდე შეიცვალა საკუთარი გვარის მიმართ დამოკიდებულება?

- მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა ბავშვობამ სოციალიზმის პერიოდში ჩაიარა, ძალიან ლამაზი იყო. აკი გითხარით, ჩვენს ოჯახში გვარიშვილობასა და წარმომავლობაზე საუბარი არასდროს ყოფილა. არასდროს მიუნიშნებიათ - შენ ბაგრატიონი ხარ და მეგობრები გვარის მიხედვით შეარჩიეო. არც განსაკუთრებული აკრძალვები მქონია. ოჯახში სხვა ფასეულობებით ვცხოვრობდით.

- ალბათ უფროს თაობას მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდა...

- მართალია, ბაბუას გაცილებით უჭირდა ამ გვარის ტარება. იმ პერიოდში ცხოვრობდა, როცა თავადაზნაურობას ებრძოდნენ. ბაბუაჩემი რომ არ დახვრიტეს და გადაასახლეს, ნამდვილი სასწაულია. თუმცა, ყოველდღიურ ცხოვრებაში გვარის გამო გამუდმებით პრობლემებს აწყდებოდა.

არა მარტო გვარით, სიარულის მანერითაც გამორჩეული იყო. მიუხედავად იმისა, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში ვაჭრები გაცილებით უკეთ ცხოვრობდნენ, ვიდრე თავადიშვილები, ისინი სხვანაირი სილაღითა და სულიერი სიმდიდრით გამოირჩეოდნენ. კარგად მახსოვს, ბაბუას ერთი პერანგი, ერთი კოსტიუმი და კეპი ჰქონდა, მაგრამ იმდენად სტილიზებული იყო ყველაფერი, ისე დახვეწილად ატარებდა, საზოგადოებაში ყოველთვის გამოირჩეოდა.

ისე იქცეოდა, ვერასდროს იგრძნობდი, რომ სახლში თუ სამსახურში რაღაც უჭირდა. მახსოვს, ხშირად მასეირნებდა და ქუჩაში გასული, საყვარელ კეპს თავზე ვერ იჩერებდა, - სულ ვიღაც ესალმებოდა. თვლიდა, რომ ყველასთვის ქუდი უნდა მოეხადა და თავი დაეკრა. სწორედ იქ, ქუჩაში ვგრძნობდი, როგორ უყვარდათ იგი და პატივს სცემდნენ.

სულ მეფერებოდა და რაღაცას მიყვებოდა. ოთხი შვილიშვილი ვყავდით, ოთხივე გოგონა. ოჯახში მემკვიდრე ვაჟის არყოლას უთქმელად განიცდიდა. ჩვენთვის, შვილიშვილებისთვის ზომების მიხედვით ყიდულობდა შოკოლადს, ფანჯრის თაროზე აწყობდა და გვაცეკვებდა. ვისაც ცეკვა უკეთ გამოუვიდოდა, მას დიდ შოკოლადს უბოძებდა.

მე ძალიან ზარმაცი ვიყავი, ყოველთვის პატარა შოკოლადი მხვდებოდა და სულ ვტიროდი. მიუხედავად ამისა, ბებიას ჩუმად ეუბნებოდა, ეს იმათზე ნიჭიერიაო.

- როგორ ფიქრობ, ის, რასაც ბაბუაზე ჰყვები, შინაგანი არისტოკრატიულობა იყო?

- ბაბუას მამა თავადი კონსტანტინე ბაგრატიონი გახლდათ, დედა - თავადიშვილი ოლღა ამირეჯიბი. მხოლოდ მათი ფოტოები შემომრჩა. შემიძლია ვივარაუდო, თუ როგორი პიროვნებები იყვნენ. ქარელის რაიონში ცხოვრობდნენ და გარშემომყოფნი მხოლოდ თავადური წარმომავლობის გამო არ სცემდნენ პატივს.

ისინი მთელი სოფლის იმედი და პატრონები იყვნენ. ვინმეს თუ უჭირდა, იცოდნენ, რომ იმავე სოფელში ოლღა ამირეჯიბი ცხოვრობდა, რომელიც ფულით, პროდუქტითა თუ უბრალო დარიგებით დაეხმარებოდა. ბაბუაც ასე იყო, აზრს ყველა მას ეკითხებოდა. ერთი ვაჟი და სამი ქალიშვილი ჰყავდათ და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ კარგი ადამიანები ჩამოყალიბებულიყვნენ.

ბაბუაჩემმა საოპერო მომღერლის კარიერა რომ აირჩია, დიდი ბაბუა კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა. შვილი ამ გზაზე არ დალოცა. მსახიობები გამრთობებად ითვლებოდნენ და ბაგრატიონს არ ეკადრებოდა. მხოლოდ პრემიერის დღეს ოპერის თეატრში უჩუმრად მივიდა. ბაბუას დიდი წარმატება ხვდა, - დიდი ოვაცია დაიმსახურა. მოგვიანებით, მასთან ერთი ქალბატონი მივიდა და უთხრა: კულისებთან ვიღაც მამაკაცი გელოდებაო. მამამისი აღმოჩნდა. გაკვირვებით უკითხავს: მამა, რატომ არ გამაფრთხილეო. რაღაც რომ არ გამოგსვლოდა, უნდა გავპარულიყავიო - უთქვამს.

რადგან ხალხს ასე უყვარხარ, დამილოციხარო და გადახვევია შვილს. გავიდა წლები და იმავე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი, - თავადაც ძალიან მინდოდა მსახიობის პროფესია, მაგრამ მამა წინააღმდეგი წავიდა.

- ეს მედიდურობა იყო?

- იცით, ამ თემაზე არ მიფიქრია. ალბათ უფრო ინტელექტუალური საქმიანობისთვის მამზადებდა. არა, დანამდვილებით გეტყვით, რომ მედიდურობა არ ყოფილა: მამამისმა, უფროსმა ჯანო ბაგრატიონმა პროფესიის გამო იმდენი სტრესი და ნერვიულობა გადაიტანა, ამისთვის არ გამიმეტა.

მიუხედავად იმისა, რომ ბიძაც და მამაც კარგად ცეკვავენ და მღერიან, უფროსმა ჯანომ არც ერთს მისცა სცენაზე ყოფნის უფლება. მაგრამ, ბიძაჩემმა, ჯანო ბაგრატიონმა მაინც ვერ ჩაკეტა ნიჭი და მაშინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჯაზ-კვარტეტში მღეროდა. გაცილებით თამამი და გახსნილი აღმოჩნდა.

- საქართველოს ისტორიის და საერთოდ, ჩვენი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის დიდი დანაკლისი გახლდათ იმ ადამიანების დაკარგვა, რომელიც საქართველოს გასაბჭოების შემთხვევაში მოხდა...

- ჯერ, გასაბჭოების დროს, შემდეგ 30-იან წლებში დავკარგეთ ბევრი საუკეთესო ადამიანი. საერთოდ, ჩვენისთანა პატარა ერისთვის ინტელექტუალური ნაწილის დაკარგვა უდიდესი დანაკლისია. ამით მოიშალა ერის კულტურული, სულიერი თუ მენტალური საფუძველი.

ის საზოგადოება იყო, რომელიც ერის განვითარებაში დიდ როლს ითამაშებდა, ამასთან შეუნარჩუნებდა თვითმყოფადობას. ერის მოსასპობად კი არაჩვეულებრივი იარაღი ნაღების მოხსნა და განადგურება იყო, რომელიც არაერთხელ და წარმატებით განხორციელდა.

- შემდეგ სხვა სახის ნაღები საზოგადოება წამოვიდა, კომუნისტური ნომენკლატურა... 90-იან წლებში კიდევ სხვა...

- 90-იან წლებში ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური რესურსის საზღვარგარეთ გადინება მოხდა. რა თქმა უნდა, ფიზიკურ გადარჩენას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არანაირად ვანსხვავებ ამ პროცესს 30-იანი წლების პროცესებისგან. მოსპობ თუ აიძულებ და ისე განდევნი, ერის განვითარებისთვის ერთნაირი შედეგი აქვს.

ჩვენი ქვეყნის კულტურული თუ სამეცნიერო პოტენციალი სხვა ქვეყნების სასიკეთოდ იღვწის. სამწუხაროდ, ეს ჩვენს ქვეყანას დაეტყო...

- დღეს რა ხდება?

- ჩვენი შვილების იმედი მაქვს.

- ეს ხვალ... მაგრამ დღეს?

- დღეს ვართ ისე, როგორც ვართ და, ჩემდა სამარცხვინოდ მინდა ვაღიარო, რომ სხვანაირად არ ძალგვიძს... ყოველთვის მომწონდა მამაჩემისა და მისი მეგობრების ურთიერთობები. მათ ოჯახებს შორის ურთიერთობები. რაც მთავარია, მათი მხრიდან საქმის მიმართ დამოკიდებულება.

არ შეიძლება ასეთი პატარა ქვეყნის მკვიდრი იყო და არ გრძნობდე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. ძალიან მძიმე პირობებში, საუკუნეების მანძილზე, ავად თუ კარგად, ენა, რწმენა და თვითმყოფადობა წინაპრებმა დღემდე მოგვიტანეს. ახლა, რაღაცნაირად, კოსმოპოლიტობისკენ მივიწევთ. ვთვლი, რომ ამისთვის მზად არ ვართ. კოსმოპოლიტი რომ გახდე, მკაფიოდ ჩამოყალიბებული ერი უნდა იყო, რომელიც მაღალგანვითარებული ინტელექტით იმსახურებს ამას. ასეთი სჭირდები დანარჩენ მსოფლიოს.

ჩემდა სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ განვიცდი და არაფერს ვაკეთებ, რომ შევცვალო... არ აღმოვჩნდი ისეთი ძლიერი, როგორიც ჩემს წინაპრებს შეეფერებოდა. ერთი რამ კარგი მოხდა, რაღაცნაირად, ლაკმუსის ქაღალდივით აირეკლა ჩემში ყველაფერი...

სხვა დროს შეიძლება ასეთი სიმძაფრით არ მეგრძნო, მაგრამ ფიზიკურ ტკივილამდე მტკივა და მიყვარს ჩემი ქვეყანა. რა ვუყოთ იმ პრობლემას, რომ მთელი საქართველო თბილისში დასახლდა. აკი გითხარით, ვწუხვარ, მაგრამ...

- ლიზა, როგორ გგონია, ბაგრატიონებისთვის დამახასიათებელი თვისებები თაობებში დაიკარგა?

- ის, რასაც ყველაზე მეტად განვიცდი, საკუთარი პირით გინდა მათქმევინო? თავადიშვილობა ცხოვრების წესსა და სწორ არჩევანში უნდა მჟღავნდებოდეს. არ დაგიმალავთ, შემხვედრია თავადიშვილები, ვისაც არასწორად აღუქვამს და გამოუყენებია საკუთარი წარმომავლობა.

ჰქონიათ ამბიცია იმ სტატუსზე, რომელიც მხოლოდ გენეტიკის წყალობით მიუღიათ, რაც ძალიან მაწუხებს. ეს არ გახლავთ ჯანმრთელი ამბიცია. შენი ღირსება ადამიანებთან ლამაზი, უშუალო, ლაღი და სწორი დამოკიდებულებით მჟღავნდება. დღემდე ვიცხოვრე იმ გენეტიკის წყალობით, რაც სისხლთან ერთად მემკვიდრეობით მერგო. ეს უდიდესი წყალობაა, მაგრამ არა ჩემი დამსახურება. ეს ის მადლია, რომლის გულისთვის არაფერი გამიკეთებია.

აქამდე ვიყავი უფროსი ჯანო ბაგრატიონის შვილიშვილი, ჯანოს ძმისშვილი... შვილი, თიკუშას გოგონა... უთქვამთ კიდეც, ჩემი წარმატება და პოპულარობა სახელისა და გვარის დამსახურებაა, რომ ქართველი ადამიანი ლიზა ბაგრატიონს მხოლოდ წარმომავლობის გამო დაუკრავდა ტაშსო, რაც გარკვეული დოზით სიმართლეა.

- სცენაზე პირველად...

- ...გურამ ბზვანელის შემოქმედებით საღამოზე აღმოვჩნდი. სცენაზე გამოვედით მე, ჯანო ბაგრატიონი, გოგი დოლიძე და ეკა მამალაძე. ეს ერთადერთი დღე გახლდათ, სადაც გოგისთან ერთად სცენაზე ვიმღერე. მანამდე, პატარ-პატარა საღამოებზე გამოვდიოდი, ისიც მეგობრების თხოვნით.

შემდეგ, ფილარმონიაში ჯემალ სეფიაშვილის შემოქმედებითი საღამო ჩატარდა და მამუკა ჩარკვიანთან შესრულებულმა დუეტმა პოპულარობა მომიტანა. დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდი, რომ არ ვიყავი პროფესიონალი და სცენაზე შემთხვევით აღმოვჩნდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ასე აღარ უნდა გამეგრძელებინა.

საკუთარ თავს კითხვა დავუსვი: თუ არაპროფესიონალი ხარ, რატომ დგახარ სცენაზე და ატყუებ მსმენელს? როცა მივხვდი, სიმღერის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო, პედაგოგთან აქტიური სიარული და შრომა დავიწყე.

- არის სიმღერა, რომელსაც გულში ხშირად ღიღინებ?

- განსაკუთრებით, როცა ჩაკეტილ სივრცეში აღმოვჩნდები... მასაჟის კაბინეტში, ან სოლარიუმში... გაგეცინება, მაგრამ მენდელსონის საქორწინო მარშს ვღიღინებ. ისე, მოსადუნებელად, მუსიკას ვერასდროს ვუსმენ.

როგორც მუსიკოსი, ჩემთვის ვადგენ, როგორი ტონალობა აქვს ნაწარმოებს, რა ინსტრუმენტები უკრავს, სად შევიდა მაჟორი ან მინორი, ამიტომ მუსიკა ვერ მამშვიდებს და სადაც უნდა ვიყო, სულ ასე ვიტანჯები. განსაკუთრებით თუ ის ნაწარმოებია, რომელიც არ მომისმენია. თუკი ის მუსიკა ჟღერს, რომელიც ვიცი და მიყვარს, მაშინ ვდუნდები.

- გემოვნებით და ლამაზად დადგმული კონცერტებით არ ვართ განებივრებულები... მოგვიყევი მუსიკისა და დრამის თეატრის ეზოში გამართულ კონცერტზე......

- კონცერტის გამართვის იდეა სპონტანურად დაიბადა. ჩემი შემოქმედებითი საღამოს გამართვა სამეფო უბნის თეატრში მინდოდა. დათო დოიაშვილმა მითხრა: კონცერტი არასდროს გაგიმართავს და თუ მართავ, აჯობებს უფრო მასშტაბური იყოსო. ამ საუბარს ჩვენი უფროსი მეგობარი, ჯულია ხოფერია ესწრებოდა. დათო ქალბატონ ჯულიას მიუტრიალდა: თუ ლიზას "შეაბამთ", კონცერტს ორგანიზებას მე გავუკეთებო.

ეს ის პერიოდი გახლდათ, როცა თეატრის ეზოს გამწვანება იყო დაწყებული. როცა ასეთ წრეში ტრიალებ და ასეთი მეგობრები გყავს, საქმე გაცილებით იოლად გამოდის. დიდი ფინანსები არ დამჭირდა. რეჟისორიც და მუსიკალური ხელმძღვანელიც ჩემი მეგობრები გახლდნენ. ამიტომ, ხარჯი მხოლოდ ტექნიკურ მხარეზე გავწიეთ.

როცა ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრი უკრავს, ამასთან ბიძინა კვერნაძის, გია ყანჩელის, გოგი ცაბაძის, შოთა მილორავასა და ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებებს ასრულებ, უნდა მოინდომო, რომ საღამო არ გამოვიდეს. რა თქმა უნდა, ვოკალში მანანა მორჩილაძესთან ვემზადებოდი. ბევრს ვმეცადინეობდი, რეპეტიცია ჩემთვის დიდი სიამოვნებაა.

- მინდა გაიხსენო "საუკუნის პორტრეტზე" სოფიკო ჭიაურელთან მუშაობის დღეები...

- ჩემს ცხოვრებაში არის ეპიზოდები, როცა მიფიქრია, ამისთვის ღირდა დაბადება. ცხოვრებამ სოფიკო ჭიურელთან ურთიერთობით საჩუქარი მომიძღვნა. ჩემთვის სოფიკო არ იყო მხოლოდ დიდი მსახიობი და ნიჭიერი ქალბატონი, ის გახლდათ მნიშვნელოვანი პერსონა, რომლის სიტყვას ფასი ჰქონდა.

არასდროს დამავიწყდება ლენინგრადში გამართული საღამო. ფეხზე წამომდგარი აუდიტორია ათი წუთის განმავლობაში უკრავდა ტაშს. აცრემლებული იდგა და ლექსის წაკითხვას ვერ ახერხებდა. კულისებში მეც ვტიროდი. თუკი ადამიანი ნიჭსა და პროფესიონალიზმს საკუთარ თვისებებს არ დაამატებს, სიყვარულს და აღიარებას ვერ მოიპოვებს. ბედნიერება იყო მასთან მუშაობა.

რეპეტიციების ჩასატარებლად სახლში მიბარებდა. ერთ დღესაც ქურთი ქალის სამოსი გამომიტანა, რომელიც თავად "იავნანას" საქველმოქმედო საღამოზე ეცვა და ჩემს ტანზე მორგება გადაწყვიტა. ჩემთვის დიდი იყო და ვუთხარი: სოფიკო დეიდა, ჭრელი სამოსი მეც მაქვს და იქნებ ნახოთ-მეთქი. "პაკაჟი" - მიპასუხა. მეც ჩავიცვი, მოვირგე ყველაფერი და ვაჩვენე. მხოლოდ ამის შემდეგ მივიღე თანხმობა.

ის თაობა უმაღლესი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა. რეპეტიცია რომ ინიშნებოდა, რამაზ ჩხიკვაძე, ჟანრი ლოლაშვილი, სოფიკო ჭიაურელი ხუთი წუთით ადრე ცხადდებოდნენ. ძალიან ვნერვიულობდი. ახლა ზედმიწევნით ზუსტად მახსოვს, მაგრამ მაშინ სიმღერის ტექსტი სულ მერეოდა. სულ მაჩერებდა და სიმღერას თავიდან მაწყებინებდა;

ერთხელ დავიწუწუნე: კარგი რა, ამ სიტყვების მნიშვნელობა ვის ესმის-მეთქი. ვის და მეო, - მიპასუხა. არ მომეშვა. რეპეტიციებზე სულ იმას იძახდა, ტინგიცი და ცეკვა არ შემიძლიაო, მე ვიმღერებ და შენ იცეკვეო. მაგრამ... სიმღერა რომ დაიწყო და მაყურებლის ტაშმა იქუხა, გაშალა ხელები და ცეკვა დაიწყო. მისგან ისეთი ენერგია წამოვიდა, კინაღამ სცენიდან გადმომაგდო.

დაბნეული, ფინია ძაღლივით მივყვებოდი. ბოლოს, თუ კარგად გახსოვს, ხელები გაშალა და გულში ჩამიკრა. ფინალში, მისთვის ყვავილი უნდა მიმერთმია, მაგრამ ისე დავიბენი, დამავიწყდა.

- ჩვენმა საერთო მეგობარმა მომიყვა: ლიზა იყო ჩემთან ყოველდღიურ, "ქეჟუალი" სტილზე ჩაცმული. მერე, კონცერტი მაქვსო, გამოაცხადა და ჩანთიდან აქსესუარები ამოყარა, შევიდა ოთახში და იქიდან სულ სხვა, საკონცერტოდ გამოწყობილი გამოვიდაო...

- მიყვარს ჩაცმა, მაგრამ ყოველთვის არ ვარ ზედმიწევნით მოწესრიგებული. დედაჩემი ხშირად მსაყვედურობს თავმოყვარე ქალი, თანაც ცნობილი, ასეთ ფორმაში შინიდან არ გავიდოდაო. შემიძლია ჯინსის შარვალი ამოვიცვა, თმა რეზინის სამაგრით შევიკრა და სადმე წავიდე.

მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ მაქვს გემოვნება და ჩემ გარშემო ყველა ასე მიიჩნევს. არ გაიმართება ქორწილი თუ კონცერტი, რომ მეგობრებმა თავიანთ სამოსზე აზრი არ მკითხონ ან თვალი არ შევავლო მათ ჩაცმულობას. ძალიან მიყვარს აქსესუარები და ჩაცმის სტილზე რომ ვსაუბრობ, ხშირად აქსესუარზე ვაკეთებ აქცენტს.

- არ ხარ ქალბატონი, რომლის ჩაცმულობაში უხვად შეიცნობა "ბრენდები" ...

- სცენაზე არასდროს მცმია ცნობილი დიზაინერების სამოსი. არ ვარ ლოგოტიპების მოყვარული. ასეთ გატაცებას ცუდ ტონს ვუკავშირებ და სულ ე.წ. "ახალი რუსები" მახსენდება. ლოგოტიპები მაშინებს, მაგრამ "შანელის" აქსესუარები ძალიან მომწონს და ვატარებ.

"შანელია" ის სტილი, რომელიც სხვა კლასზე მეტყველებს. თუმცა, არასდროს შემიძენია მისი სამოსი და ეჭვი მაქვს, რომ ვერც მოვირგებ...

- ახლა მხოლოდ "ბადაგონით" ხარ დაკავებული?

- არც კი მეგონა, თუ ამ დალოცვილ სითხეს ასეთი სიყვარული სცოდნია. ვგულისხმობ იმ განცდას, რომელიც ღვინის სფეროში საქმიანობას უკავშირდება. გულწრფელად გეტყვით: ცუდი მომღერალი ხარო, რომ მითხრათ, არ მეწყინება, მაგრამ "ბადაგონი" ცუდი ღვინოაო, რომ თქვათ, - ისე ვიტირებ, ისე ვიტირებ... ჩხუბი არ შემიძლია, მაგრამ რაღაც რომ მწყინს, ჩემთვის განვმარტოვდები და ვტირი.

- ქართულ ღვინოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმოადგენ... გითქვამს, რომ ამ ქვეყნის სამეფო გვარის წარმომადგენელი ხარ?

- არა, არასდროს... კერძო საუბარში, კიდევ, - შეიძლება. არც კი ვიცი, როგორ უნდა ვთქვა, მაგალითად: იცით, მე... ბაგრატიონი... ამ თემასთან დაკავშირებით არასდროს დამავიწყდება ესპანეთი: მოგზაურობის ბოლო დღე იყო. უკანასკნელი ასდოლარიანი მქონდა, რომელსაც თვალისჩინივით ვუფრთხილდებოდი. მივხვდი, ბოლო დღე კი იყო, მაგრამ ფული აღარ მქონდა და იმ ასდოლარიანს უნდა გამოვმშვიდობებოდი.

გადასახურდავებლად ნაციონალურ ბანკში შევედი. ბაგრატიონების წარმომავლობას ესპანეთში კარგად იცნობენ და ჩემი პასპორტის გადაშლისთანავე მომსახურე პერსონალმა ისეთი ყვირილი მორთო... "პრინჩი პესსა... პრინჩი პესსა". ამ ფრაზაზე მთელი ბანკი მმართველიანად გარეთ გამოვარდა. ზოგი ხელზე მკოცნიდა, ზოგიც ყავას მთავაზობდა.

მე დაახლოებით იმ ფორმაში ვიყავი, წეღან რომ მოგიყევით - ჯინსებით და რეზინით შეკრული თმით... კიდევ, ხელში გადასახურდავებელი ასდოლარიანით... ამასობაში, ბანკში ჩემი თანმხლები მეგობრებიც შემოვიდნენ, ისინიც დაახლოებით ასეთივე ფორმაში... მათ დანახვაზე ყვირილი დავიწყე: არ მომეკაროთ, არ მომეკაროთ-მეთქი. ცალკე ბანკის თანამშრომლები გადავრიე, ცალკე - ისინი. მოკლედ, ის ასდოლარიანი ისე გადამიხურდავეს და ბანკიდან ისე გამომიშვეს, სირცხვილისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი.

- ჩვენი საუბრის დასასრულს მომავალ გეგმებზე რას გვეტყვი?

- ამ ეტაპზე ჩემი გეგმები "ბადაგონის" რეალიზებას უკავშირდება. იმედი მაქვს, მალე მსმენელს ახალ სიმღერებს შევთავაზებ. კიდევ... არ ვიცი, ჯერჯერობით, მხოლოდ ესაა...

ჟურნალი "ბომონდი"

ზურაბ მგალობლიშვილი