მერილინ მონროს რომ ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, ამის შესახებ თითქმის ყველამ იცოდა, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, როგორ უჭირდა მასთან გამკლავება.
ნოემბერში აუქციონზე მსახიობის რამდენიმე პირად ნივთს გამოიტანენ. მათ შორის იქნება ექიმ რალფ გრინსონისადმი მიწერილი წერილი, რომელშიც იმ მტანჯველი დღეების შესახებ მოუთხრობს, რომლებიც მერილინმა ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა.
წერილში მერილინი წერს, რომ ციცქნა ოთახში მოათავსეს. გარემომ ჭკუიდამ რომ არ შეშალოს, წარმოიდგენს, თითქოს ფილმის გადასაღებ მოედანზეა, იმპროვიზაციას მიმართავს.
"საწოლზე ვიჯექი და ვფიქრობდი, რა მოხდებოდა, სამსახიობო ოსტატობისთვის რომ მიმემართა. ავიღე სკამი და მინის კარს გავუქანე, კიდევ და კიდევ. არ იყო ადვილი. ადრე არასდროს დამიმტვრევია არაფერი. უამრავჯერ ვესროლე, რომ ოდნავ გამებზარა კარი. შემდეგ ნატეხი მუჭში ჩავიდე, საწოლზე ჩამოვჯექი და დაველოდე, რომ ხმაურზე ვიღაც შემოვიდოდა. მოვიდნენ და ვუთხარი: "თუ გადაწყვეტილი გაქვთ, ისე მომექცეთ, როგორც გიჟს, მაშინ მეც ისე მოვიქცევი, როგორც გიჟი".
ვაღიარებ, ზედმეტი მომივიდა. მინა ჩავამტვრიე, ხელში ნატეხი მეჭირა და მივახვედრე, რომ თუ ამ გალიიდან არ გამათავისუფლებდნენ, საკუთარ თავს რაღაცას ავუტეხავდი. ეს სცენა ერთ ფილმში განვასახიერე, ოღონდ მინის ნატეხის ნაცვლად მაშინ ხელში სამართებელი მეჭირა. თქვენ იცით, რომ მსახიობი ვარ და საკუთარ თავს არ დავიმახინჯებდი. ზედმეტად პატივმოყვარე ვარ".
ამ შემთხვევის შემდეგ მერილინი სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს, სხვა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
"ერთ-ერთმა ექიმმა თქვა, რომ ძალიან ავადმყოფი ვიყავი. ასეც იყო, წლების მანძილზე ძალზე ავადმყოფი გოგონა ვიყავი. მან მკითხა, როგორ შემეძლო მუშაობა, როცა ასეთ დეპრესიაში ვიყავი. ყველას აინტერესებდა, რა გავლენა იქონია ავადმყოფობამ ჩემს საქმიანობაზე, თუ მუშაობამ შემყარა ავადმყოფობა?..
ვკითხე, ხომ არ ჰგონია, რომ ზოგჯერ ჩარლი ჩაპლინი, იქნებ გრეტა გარბო ან ინგრიდ ბერგმანი ვარდებოდნენ დეპრესიაში. ისინი ყველანი მუშაობენ. ეს იგივეა, რომ სპორტსმენს, მაგალითად, დიმაჯიოს ჰკითხოთ, შეუძლია თუ არა ბურთი ითამაშოს, როცა დეპრესია აქვს. სულელური კითხვაა".
იმ წლებში მამაკაცი-ექიმები პაციენტებს ბავშვებივით ექცეოდნენ. მონრო მრავალი წელი ებრძოდა დეპრესიას, შემდეგ - დამამშვიდებლებზე დამოკიდებულების მოხსნას. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ წამლის გადაჭარბებული მიღების შედეგად გარდაიცვალა, უნდა ვივარაუდოთ, რომ, რა თერაპიაც არ უნდა გამოეყენებინათ მის გამოსაჯანმრთელებლად, მაინც არაფერი გამოუვიდათ.