საოცარი იყო მისი ქორწინებაც და განქორწინებაც...
თაკოსთან ინტერვიუ გადაღების დღეს ჩავწერე, გრიმის კეთების პროცესში ჩაწერილ ინტერვიუს თავისი ხიბლი აქვს და ყოველთვის გულწრფელია.
თაკოს ბავშვობა თუმცა უშუქობას და არეულობას დაემთხვა, მაგრამ მაინც ფერადი იყო. ბასტი-ბუბუ, უამრავი კონცერტი და სავსე დარბაზები თბილად ახსენდება. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ უნდა ემღერა.
ბასტი-ბუბუ მისთვის ულამაზეს წლებს გულისხმობს. შემდეგ... შემდეგ მამის მიერ შექმნილ ბენდთან ერთად 14 წლის ასაკში Yesterday იმღერა და სერიოზული გამოცდილება მიიღო. შემდეგ ფესტივალომანია დაემართა და ბევრ კონკურსში მიიღო მონაწილეობა - მოსკოვი, უკრაინა, "სლოვიანსკი ბაზარი". ყველგან წარმატება ჰქონდა.
შემდეგ დაიწყო შოუბიზნესის დიდი ბუმი საქართველოში, სიმღერების ინტენსიური ჩაწერა, კლიპები, კონცერტები. მისი პირველი ალბომი "თაკო", რომელიც მამულიჩას პროდიუსერობის პერიოდში გამოვიდა.
შემდეგ ნინი ბადურაშვილთან ერთად გერმანიიდან მოწვევა მიიღო და სამი თვით წავიდნენ. პროდუქტიული სამი თვე იყო - სიმღერები ჩაწერეს. მაგრამ ჩამოსვლა მოუწიათ.
ჰქონდა ძალიან ბევრი შემოთავაზება და წინადადება, მაგრამ ბოლომდე არ სრულდებოდა. ამბობს, რომ ალბათ ასე იყო საჭირო. ოპტიმისტია და მიაჩნია, იღბალი მის მხარესაა. წუწუნი არ უყვარს და ცდილობს, იბრძოლოს მიზნისთვის. იღბალი იყო ალბათ, როდესაც ლოს-ანჯელესიდან ჯესიკა სიმფსონის მამისგან მოწვევა მიიღო და... ვიზა არ მისცეს...
3G სამი წელია არსებობს. პროექტი წარმატებულია. მომღერლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ბიოგრაფიაში MTV წერია.MTV Live-ც თავისთავად წარმატებაა. მიაჩნია, რომ თვითონ ფაქტია აღსანიშნავი, შეიძლება არც არაფერი მოჰყვა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ ამ მოვლენების შემდეგ, მისი გვარი სერიოზულ საიტებზე მოხვდა.
დროის დაკარგვა არ უნდა, არც კონკრეტდება, მაგრამ საქართველოდან ძალიან უნდა წასვლა. ფაქტია, თაკოს მონაცემებით, ბავშვობიდან დასახულ მიზანს და უფრო მეტ წარმატებას მხოლოდ ამ შემთხვევაში მიაღწევს.
საოცარი იყო მისი ქორწინებაც და განქორწინებაც. 5 წელი იცნობდნენ და ქორწინების შემდეგ, ცხრა თვეში განქორწინება გადაწყვიტეს. თაკოს თავის ყველაზე დიდ უიღბლობად, სწორედ განქორწინება მიაჩნია.
ფრთხილია და დაფიქრების გარეშე ნაბიჯის გადადგმას ერიდება. ექსპერიმენტები თავის თავზე აქვს გამოცდილი. მაშინ, როდესაც თმა არავის ჰქონდა ამ ფერად, წითლად შეიღება, თუმცა მალე მობეზრდა და ძირში შეიჭრა.
ტუჩები დაიბერა და ისე არ მოეწონა, მის დასაპატარავებლად ხანგრძლივ პროცედურას დღემდე არ ჩაუვლია. მუშაობდა ტელევიზიაშიც, ითამაშა სერიალში და დათუნა სულიკაშვილის პირველ ჩვენებაზეც გამოვიდა.
გიჟდება მოდაზე და ამბობს, მომღერალი რომ არ იყოს, აუცილებლად დიზაინერი გახდებოდა. საინტერესო იდეებიც აქვს. მისი საყვარელი დიზაინერები Rick owens-ი და Balmain-ია. ცვალებადი ხასიათის გამო, არომატებს არ იმეორებს. ამჯერად Hermes-ის Un jardin en mediterranee-ია. ქართველი დიზაინერებიდან, სამოსს ადრე მაკა ასათიანთან ყიდულობდა, თუმცა ავთანდილის ტანსაცმელიც მოურგია.
მისი სტილი განსხვავებულია, მაგრამ ძალიან მომწონს ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ყდისთვის გადასაღებ ფოტოში, თაკო ქეთი ჩხიკვაძის კაბაში გამოგვეწყო - შემოდგომის ფონზე ლამაზია და უხდება.
მჯერა, თაკო გაჩეჩილაძე აუცილებლად მიაღწევს ბავშვობაში დასახულ მიზანს და ჩვენ ვიამაყებთ, რომ 2011 წლის ნოემბრის "ბომონდისთვის" გადავიღეთ სწორედ თაკო, მისი საფირმო ვარცხნილობითა და ქეთი ჩხიკვაძის ულამაზესი კაბით.
თეა აგლაძე
ჟურნალი "ბომონდი"
(ნოემბრის ნომერი)