დაე, ილაპარაკონ! - Marao

დაე, ილაპარაკონ!

2011-03-07 12:29:36+04:00

მორჩა, დღეიდან ახალ ცხოვრებას იწყებს, მშვიდს, წყნარს, უშფოთველს. რა მოიტოვა იქ, წარსულში? უღიმღამო ბავშვობა, უხეირო მამინაცვალი, უსუსური დედა, გაწბილებული ბოიფრენდები, პოდიუმის ათასჯერ დაპყრობილი მწვერვალი და...

სკანდალები, სკანდალები. ბოლო წლებში, ლამის იყო, მხოლოდ სკანდალებთან ასოცირდებოდა მისი სახელი. დროა, წერტილი დაუსვას უსიამოვნებებს - დიდი, მძიმე წერტილი და ყველაფერი თავიდან დაიწყოს.

- ჯერ ყველაფერი წინ აქვს შავ პანტერას! შენ შეგიძლია! - ღიმილით თითი დაუქნია თავის ორეულს და თვალი ეშმაკურად ჩაუკრა.

არადა, პატარაობიდანვე გრძნობდა, რომ ცნობილი გახდებოდა, მსოფლიოს აალაპარაკებდა. აკი უწინასწამეტყველა კიდეც ბობ მარლიმ, როცა შვიდი წლისა თავის კლიპში გადაიღო: "თუ შენს მონაცემებს ჭკვიანურად მოიხმარ, ყველაზე დაუპყრობელ მწვერვალებსაც დაიპყრობ".

ეჰ... დედა, დედა... როგორ გაშორდა მამას. არადა, მათმა გაყრამ სრულიად შეცვალა პატარა ნაომის ცხოვრება. ჯიუტი გახდა, თუმცა მიზანმიმართული. ჯერ ათისაც არ იყო, რომ დედა მეორედ "გაბედნიერდა" და ქალიშვილს "ახალი მამა" მოუყვანა. ოოო! მაშინ უნდა გენახათ ოჯახური სკანდალები!

ვერა და ვერ იგუა დედის ქმარი, ვერ შეიყვარა. სიტყვა მამინაცვალი "საშვილიშვილოდ" შესძულდა. იმდენად კაპრიზული გახდა, სკოლაშიც კი აწყობდა სკანდალებს. კატეგორიული იყო. რასაც იტყოდა, არასდროს გადავიდოდა, არავის უჯერებდა, ყოველთვის ცდილობდა, თავისი გაეტანა. ამის გამო გამუდმებით უსიამოვნებებში ეხვეოდა.

თვითონაც არ იცის, სანამ გაგრძელდებოდა ასე, ერთ მშვენიერ დღეს, ქუჩაში ბეტ ბოლდტს რომ არ შეემჩნია, სააგენტო "ელიტის" თანამშრომელს.

- ასეთი ფიგურა არასდროს მინახავს. ეს ის არის, ვისაც მხოლოდ ოცნებებში ვეძებდი! პანტერასავით მოქნილი ნაბიჯები აქვს! - აღტაცებული ბეტი უკან გაეკიდა შავკანიან გოგონას, თავხედური მზერით რომ მიქროდა ტროტუარზე.

ბოლდტიმ გაიცნო ნაომი, გამოელაპარაკა და ქასტინგზე დაპატიჟა... დაპატიჟა და...

პირველმა წარმატებებმაც არ დააყოვნა - ნორჩი მოდელის ეგზოტიკური სილამაზე მსწრაფლ შეაფასეს ბრჭყვიალა ჟურნალების გამომცემლებმა და სარეკლამო სააგენტოებმა.

1985 წელს პარიზში მოუწია გაფრენამ, პირველი ფოტოსესიის გადასაღებად. რა ეშმაკურად მოიქცა მაშინ. ისე ექცეოდა მამინაცვალს, თითქოს მასზე უკეთესი ქვეყნად არავინ ჰყავდა, ოღონდ კი პარიზში გამგზავრების ნება დაერთოთ მისთვის და ყველაფრისთვის მზად იყო. რა ჩხუბი, რის ჩხუბი! რა სკანდალი, რის სკანდალი... კატასავით დამყოლი და ალერსიანი გახდა.

ერთი წლის შემდეგ მისი ფოტო პირველად გამოჩნდა ცნობილი ჟურნალის Elle-ს გარეკანზე... თითქოს სენსაცია იყო... შავკანიანი ასეთი ჟურნალის ყდაზე? ღმერთო ჩემო, რა გაუჭირდათ ამისთანა? - ამბობდნენ ერთი. მეორენი კი, მოდის სფეროში ჩახედული ადამიანები, პირიქით, კიდევ უფრო აღფრთოვანდნენ მისი ველური სილამაზით და მეტად დაინტერესდნენ მისით.

შემოთავაზება შემოთავაზებაზე მოსდიოდა. 1988 წლიდან, თითქმის არც ერთ ჩვენებას არ ჩაუვლია მისი გამოსვლის გარეშე. უფრო მეტიც - ნაომი კემპბელი გახდა პირველი შავკანიანი მოდელი, რომელმაც ჟურნალ TIME-ისა და ფრანგული VOGUE-ის ყდები დაამშვენა.

ოთხმოცდაათიანი წლებიდან მან ღირსეულად დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიოს ხუთ საუკეთესო მოდელს შორის, რომელთა შორის იყვნენ: კრისტი ტარლინგტონი, კლაუდია შიფერი, ლინდა ევანგელისტა და სინდი კროუფორდი. მეტსახელიც დამსახურებულად შეურჩიეს - შავი პანტერა...

და არა მარტო კანის ფერი გამო, კატასავით მოქნილი მოძრაობის გამოც... დადიოდა პოდიუმზე და თავის ულამაზეს თეძოებს მათრახივით იქნევდა. არც ეროტიკულ ფოტოსესიებზე იხევდა უკან, ამით უფრო ახელებდა რეკლამის დამკვეთებს და... სახელგათქმულ მამაკაცებსაც.

და დაიწყო თავბრუდამხვევი რომანები. მისი ბოიფრენდების ჩამონათვალი შორს მიდის - მაიკ ტაისონი, ხოაკინ კორტესი, სილვესტერ სტალონე, ადამ კლეიტენი, ფლავიო ბრიატორე, ერიკ კლეპტონი, რობერტ დე ნირო, პრინცი ალბერტი, რეპერი აშერი...

მოიცა, მოიცა! საკმარისია! მთავარი ის კი არ არის, რომ ამ მამაკაცებს უყვარდათ იგი, მთავარი ის არის, რომ ვერც ერთმა მათგანმა კემპბელს ბედნიერება ვერ მოუტანა. აი, მაგალითად, კორტესმა ისე ატკინა გული, კინაღამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ადამ კლეიტონზე დაინიშნა კიდეც, მაგრამ მათმა ურთიერთობამ ქორწილამდე ვერ მიაღწია.

ფლავიოსაც სიგიჟემდე უყვარდა, იახტაც კი აჩუქა სიყვარულის ნიშნად, თუმცა რად გინდა!

იმდენად უიღბლო გამოდგა სიყვარულში, რომ ნარკოტიკებს მიეძალა და ერთ მშვენიერ დღესაც, როცა მიხვდა, რომ დამოკიდებული გახდა წამალზე, მტკიცედ გადაწყვიტა მკურნალობა... კურსმა წელიწად-ნახევარი გასტანა.

- თქვენ ალბათ, რთული ცხოვრება გაქვთ, გოგონი, - უთხრა კონსულტანტმა კლინიკაში, როცა მას მორიგ აბს აყლაპებდა.

- სწორედ იმაშია ჩემი პრობლემა, რომ რთული ცხოვრება არ მაქვს, - ამოიოხრა მოდელმა, - გარეგნულად ძლიერი ვჩანვარ, სინამდვილეში კი ისეთი სუსტი ვარ... ამდენს მივაღწიე... და მერე რა? სამაგიეროდ, პირადი ცხოვრება ვერ ავაწყვე. ეს ჩემი ყველაზე ძლიერი სისუსტეა.

აღარ უნდა ამის გახსენება. ახლა ისეთ ცუდ ხასიათზე დადგა, შეიძლება ამ სარკეს მუშტი დაჰკრას და ჩაამსხვრიოს! ისედაც ხომ ცნობილია ხმაურიანი თავგადასავლებით, ხომ მოახერხა, შოუბიზნესის მთავარი სკანდალისტის იარლიყი აეწებებინა და სასამართლოდან სასამართლოში ერბინა?

ღმერთო, ამ ხალხს მეტი სალაპარაკო არაფერი აქვს. ერთი წაფორხილება და ფეხქვეშ გაგთელავენ, გადაგივლიან, თითქოს ცუდის მეტი კარგი არაფერი გეკეთებინოს, თითქოს სხვა მეტი დამსახურება არ გქონდეს! კარგს ადვილად ივიწყებენ, ცუდს კი იმახსოვრებენ!

არა უშავს, ეს ყველაფერი ნაომიმ უკვე იმ წყალს გაატანა, რომელშიც იბანავა, ორიოდე წუთის წინ... ძველი ჭუჭყი ჩამოირეცხა და ახლა დგას სარკის წინ გაღიმებული, დამშვიდებული, ქალური გულუბრყვილობა აღბეჭდვია სახეზე და თავის ორეულს კმაყოფილი შესცქერის.

ის ორმოცი წლისაა. ოთხი ათეული წლის და მაინც ბრწყინავს.

- ცუდს რომ ვიხსენებ, კარგიც ხომ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში? - ეკითხება თავის ორეულს.

- ბოლოს და ბოლოს, ოცდათერთმეტ ფილმში მიმიღია მონაწილეობა, მარტო მოდელი ხომ არ ვიყავი? მომღერლობაც ვცადე, სინგლიც კი ჩავწერე "ლა, ლა, ლა სიყვარულის სიმღერა", რომელმაც იაპონიის ჩარტებში პირველი ადგილი მოიპოვა. ალბომიც გამოვუშვი. მუსიკალურ კლიპებშიც ბევრჯერ გადამიღეს. ნუთუ ეს ცოტაა?

- არ არის ცოტა, რეალითი-შოუც ხომ მიგყავდა? ეს არ დაგავიწყდეს, - შეახსენებს ორეული.

- სუნამოები? მე ხომ არომატებიც შევქმენი? მათ ხომ ათასობით ქალბატონი ეტანება? ეს რატომ ავიწყდებათ? და მაინცდამაინც ის რატომ ახსოვთ, რომ სკანდალისტი ვარ?

- აბა, აბა! - უდასტურებს ორეული, - გამოიარონ შენნაირი ცხოვრება და მერე ილაპარაკონ!

ჰო... მისნაირი ცხოვრება... შავი ლაქებით სავსე, სევდიანი და ტანჯული...

ორი წლის წინ, რუსულმა VOGUE -მ აპრილის ნომრის რედაქტორად მიიწვია. "ნაომი რედაქტორი?! კარგი რა! - ხელი ჩაიქნიეს სკეპტიკოსებმა, მაგრამ შავმა პანტერამ ყველას დაუმტკიცა, რომ იცის საქმე! რომ მას, პოდიუმზე სიარულის გარდა, საქმიანი ქალის იმიჯის მორგებაც შეუძლია. მას მოდის ჟურნალის რედაქტორობაც ძალუძს, თანაც ჩინებულად!

ალიონა დოლეცკაია გაოგნებული დარჩა. ალბათ არ ელოდა.

- მინდა დავამსხვრიო რამდენიმე მითი ნაომის შესახებ.

მითი 1. მოდელი რედაქტორი არ არის.

როცა მას ჩემი იდეა შევათავაზე, მაშინვე მეწვია რედაქციაში ( და არა რესტორანში) და მთელი ორი საათი ვილაპარაკეთ, როგორ დაგვეგეგმა ნომერი.

მითი 2. ნაომი ყოველთვის იგვიანებს.

არადა, ის სტუდიაში ზუსტად დანიშნულ დროს მოვიდა და გადაღებების ბოლომდე მშვიდად და აუღელვებლად იმუშავა.

მითი 3. ის ცნობილი სკანდალისტია.

ნურას უკაცრავად! ისე ვიმუშავეთ მთელი თვე, მისგან აგრესია არ წამოსულა. მთლიანად საქმეში იყო ჩაფლული. არც ნივთები უსვრია არავისთვის და არც ხმისთვის აუწევია. ასე რომ, მითები მითებად დარჩეს და... ჩვენი ერთობლივი მუშაობის შესანიშნავი შედეგი სახეზეა - ჟურნალის ათი წლის იუბილესადმი მიძღვნილი აპრილის ნომერი - გადაშალეთ და ისიამოვნეთ.

ნომრისთვის რამდენიმე ფოტოსესია შეირჩა და ყველა მათგანი ნაომის ეხებოდა:

"ვიხსენებ" - მისი ბავშვობიდან მოყოლებული, ყველა ასაკის ფოტომასალა, რომელიც კი ოდესმე სადმე გამოქვეყნებულა.

"მამა ყოველთვის მართალია" - ფოტოსესია აზედინ ალაიას ისტორიით. ამ დიზაინერის კაბები უმრავლეს შემთხვევაში ნაომი კემპბელის სხეულზე იყო შეკერილი.

"ორმოცთა ორმოცი" - რუსი დიზაინერების შედევრები სპეციალურად ნაომისთვის.

რამდენიმე სხვა ფოტოსესიაც... ორი წელია, რუსეთში ცხოვრობს და ისეთი ბედნიერია... უყვარს აქაურობა. ახლა, შემოდგომაზე, იუბილეც აღნიშნა - პოდიუმზე დგომის 25 წლისთავი!

ამ დღის აღნიშვნა ჯერ კიდევ სექტემერში დაიწყო, ნიუ-იორკში, მოდური ღამის პერიოდში, შემდეგ იყო ლონდონი, მილანი, პარიზი და ბოლოს... მოსკოვი. მეოთხედი საუკუნე პოდიუმზე სახუმარო საქმე არ არის! საღამო გაიმართა Dolce&Gabbana-ს ბუტიკში, ტრეტიაკოვის გასასვლელში. იმდენ ადამიანს მოეყარა თავი, ნემსი არ ჩავარდებოდა!

ჩასაფრებული პაპარაცები მის გამოჩენას მოუთმენლად ელოდებოდნენ. აი, ისიც! თავისივე სახელობის მაისურში გამოწყობილი! ამაყად გადმოვიდა მანქანიდან და ბუტიკის მეორე სართულზე ავიდა...

და დაიწყო... ტაციობა იყო მისი სახელობის მაისურებზე! "იშვიათი სამოსია, - ამბობდნენ სტუმრები, - ეს მაისურები მხოლოდ გარკვეულ დღეებში და მსოფლიოს მხოლოდ ხუთ ქვეყანაში იყიდება!" მთავარი მაისური კი არა, ავტოგრაფი იყო, რომელსაც ნაომი სიურპრიზად უკეთებდა მათ შემძენთ. შემდეგ შავი პანტერა ქუჩაში გამოვიდა, ცოტა ხანს იპოზიორა ფოტოგრაფების წინ სხვა მოდელებთან ერთად და... გაუჩინარდა.

სად წავიდა? ვისი საქმეა, სად წავიდა? ვლადისთან ერთად გააგრძელა იუბილეს აღნიშვნა - თავისი მეგობრების წრეში. როგორ ანებივრებს ვლადი! 16 მილიონ დოლარად შეფასებული პენტჰაუზი უყიდა ბრაზილიაში. ამ სახლს ნაომი ასე

უწოდებს - "სახლი ღრუბლებთან".

ეს კიდევ არაფერი! აი, დადგება 7 დეკემბერი და... ვლადი და ნაომი შეუღლდებიან. ამაზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. ქორწილს ეგვიპტის ქალაქ ლუქსორში გადაიხდიან, უკვე დაჯავშნეს იქ სასტუმროც და მონასტერიც - ამონა-რა, სადაც ჯვარი უნდა დაიწერონ.

სკეპტიკოსებს ესეც მითი ჰგონია... არავინ იცის, რა მოხდება იქამდე. მთავარი ახლა მხოლოდ ერთი რამ არის - მწვანეთვალება შავი პანტერა მოთვინიერებულია, ძველებურად აღარ ბობოქრობს და ბედნიერია, ძალიან ბედნიერი.

ვნახოთ, რა იქნება, მოვლენებს ნუ გავუსწრებთო, - არ იღლებიან ლაპარაკით სკეპტიკოსები.

ნაომი კი სარკეში იმზირება, თვალები ეშმაკურად მოუჭუტავს და ღიმილით ამბობს:

- დაე, ილაპარაკონ!

ჟურნალი "ბომონდი"

სვეტა კვარაცხელია