ქორწილის სამზადისისას საქორწინო კაბის შერჩევის შემდეგ მთავარი პრიორიტეტი სტუმრები და შესაბამისად, მოსაწვევი ბარათებია.
მნიშვნელობა არ აქვს, რამდენკაციან ქორწილს იხდით - ტრადიციულ სუფრას შლით თუ ზღვის სანაპიროზე რომანტიკულ გარემოში აწერთ ხელს, სტუმარი განსაკუთრებული პერსონაა და რაც უფრო კრეატიული და ორიგინალური ფორმით დაპატიჟებთ მას ქორწილში, ეს თქვენს ინდივიდუალურობას გაუსვამს ხაზს. გახსოვდეთ, რომ ერთი შეხედვით უმნიშვნელო საქორწინო მოსაწვევი შეიძლება სამუდამოდ დაამახსოვრდეთ თქვენს ქორწილში მოსულ ადამიანებს.
თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ ორიგინალური ფორმით დაპატიჟოთ სტუმრები. მაგალითად, უკვე შეგიძლიათ დაამზადოთ 3D მოსაწვევები, სპეციალური შტამპი თქვენი ინიციალებით, რომელსაც ყველა მოსაწვევს დაარტყამთ, შეგიძლიათ დაპრინტოთ თქვენი ფოტო ან სულაც მოსაწვევის ტექსტში იუმორი შეიტანოთ. მთავარი იდეაა, ხოლო მისი განხორციელება უკვე პრობლემას არ წარმოადგენს არც საზღვარგარეთ და უკვე არც საქართველოში.
გთავაზობთ 2016 წლის მოსაწვევი ბარათების ტოპ-5 ტენდენციას საზღვარგარეთ და საქართველოში
უცხოეთში ტრენდულია:
1. კალიგრაფიაზე გაკეთებული აქცენტი - ეს ტენდენცია უფრო ვინტაჟის მოყვარულებისთვისაა. მოსაწვევზე ყველა სიტყვა და ასო უდიდესი რუდუნებითაა შესრულებული. ხშირად, ვინც ასეთი ტიპის მოსაწვევს ირჩევს ქორწილისთვის, მას საფოსტო ყუთით უგზავნის ადრესატს.

2. ხელით დამზადებული საქორწინო ბარათები, რომლებიც მაქმანებითაა გაფორმებული. მოსაწვევში ხშირად ნეფე-პატარძლის სიყვარულის ისტორიას წერენ და ამით კიდევ უფრო უნიკალურს ხდიან მოსაწვევს.

3. თუკი სხვა ქალაქში გეგმავთ ქორწილს, ძალიან ტრენდულია მოსაწვევზე რუკის დატანება, კონვერტში კი დეკორატიული ბილეთისა და პასპორტის ჩადება, რომლებზეც სტუმრის სახელი და გვარი იქნება დაწერილი.

4. ასევე ძალიან მოდურია 3D მოსაწვევები, რომლებსაც შაბლონური კონვერტის ფორმა არ აქვს და თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ფორმატი შეგიძლიათ შეარჩიოთ.

5. დაძველების მქონე ფურცელზე კალმით დაწერილი მოსაწვევი ბარათები. ესეც ერთგვარი ვინტაჟია და ამ სტილის მოსაწვევებიც საკმაოდ პოპულარულია.

იმისთვის, რომ გაგვერკვია, თუ როგორი ტენდენციები ჭარბობს საქართველოში მოსაწვევი ბარათების შეკვეთისას და როგორ სტილს ანიჭებენ უპირატესობას ქართველი წყვილები, სტამბა "პრინტარეას" დირექტორს, თინა სანაძეს მივმართეთ, რომელმაც რამდენიმე მოთხოვნად მიმართულებაზე ისაუბრა.
1. ხელით დამზადებული საქორწინო ბარათები - რომლებიც ხის სარჭებით, ღილებით, სხვადასხვა აქსესუარითა და დეკორატიული, ფერადი ქაღალდითაა გაფორმებული.

2. ვინტაჟური მოსაწვევები, რომლებსაც ხშირად გრაგნილის ფორმა აქვს, ძალიან თხელ ქაღალდზეა დაბეჭდილი და ბაფთითაა შეკრული.

3. სხვადასხვა სტილის მოსაწვევები ერთ ქორწილში. მაგალითად, შესაძლოა წყვილის მეგობრების მოსაწვევები სხვა ფერსა და დიზაინში იყოს გადაწყვეტილი, თანამშრომლების - სხვა ფერში და უფროსი თაობის - სხვა დიზაინში.

4. მოდურია ასევე 3D მოსაწვევები, რომლებზეც ამოტვიფრულია წყვილის სახელების ინიციალები.

5. ტენდენციურია ორიგინალური მოსაწვევებიც, რომლებიც არა ქაღალდზე, არამედ ნაჭერზე, ხეზე, მეტალზე ან შუშაზე მზადდება.
