თანამედროვე დიასახლისებს თავისუფალი დროის დაკარგვა სახლის დალაგებაზე არ სურთ. მათ უნდათ, დრო მეგობრებთან, ახლობლებთან ერთად გაატარონ ხოლმე.
არსებობს რამდენიმე საიდუმლო, რომელსაც დალაგება-დასუფთავების ექსპერტები გვიმხელენ.
”ყუთის პრინციპი”
მიმოიხედეთ და მიხვდებით, რომ ბინაში უამრავი უსარგებლო ნივთი, აქსესუარი გაქვთ მიმოფანტული, რომლებიც არ გჭირდებათ და ადვილად მოთავსდება ყუთში. ასე შეამცირებთ მტვრის გავრცელებას ბინაში.
კონცენტრაცია ერთ საქმეზე
ბინის დალაგება დიდ დროს მოითხოვს. თუ მას არ შეწყვეტთ ყავის დალევისა და სხვა საქმეების გამო, უსასრულოდ არ გაგეწელებათ.
შეცვალეთ დამხმარეები
ნუ დაგენანებათ ფულის გადახდა სისუფთავის ნივთებში. მაგალითად, შეიძინეთ ერთჯერადი სველი ხელსახოცები, რომლითაც სახლსაც დაალაგებთ და ჩვრებისგან განსხვავებით, არც მათ გარეცხვაზე დაგეხარჯებათ დრო.
გამონახეთ დალაგებისთვის დღეში 5 წუთი
წაიკითხეთ წიგნი? დააბრუნეთ თაროზე. მოამზადეთ ვახშამი? გარეცხეთ ჭურჭელი. დაგესვარათ გაზქურა? დროულად გაწმინდეთ. ასე სისუფთავეს უფრო შეინარჩუნებთ, ვიდრე ჯერ ერთიანად დაანაგვიანოთ ბინა და მერე ერთიანად დაალაგოთ.
არ გაწმინდოთ ფანჯრები მზიან ამინდში
მზის სხივები მინის საწმენ სპრეის მომენტალურად აშრობს, მის გაწმენდას ვერ მოასწრებთ და ფანჯარზე ლაქები გაჩნდება. ამიტომ დაელოდეთ მოღრუბლულ ამინდს.
იზრუნეთ კონდიციონერზე
სპეციალისტები გვირჩევენ, ის მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც გავწმინდოთ. ხოლო თუ იგი ქუჩის მხარესაა დამონტაჟებული, უფრო ხშირადაც. თუ ასე არ მოიქცევით, კონდიციონერის ფილტრი ვეღარ შეძლებს ჰაერის გაწმენდას, რამაც შეიძლება ალერგია გამოიწვიოს.
სარეცხი და სახლის დალაგება სხვადასხვა დღეს დაგეგმეთ
დღეს გარეცხეთ სარეცხი, ხვალ კი სახლი დაალაგეთ ან პირიქით, რათა დღის ბოლოს სავარძელში ღონემიხდილი არ მიესვენოთ.
სითხე ავეჯს არ შეასხათ პირდაპირ
ავეჯის საწმენდი სითხე პირდაპირ ავეჯზე არ მიასხათ, მას ძნელად მოაშორებთ ან ლაქები გაუჩნდება. უმჯობესია, იგი ჩვარზე შეასხუროთ და მხოლოდ ასე გაწმინდოთ ავეჯი.
წიგნები დახურულ თაროებში შეალაგეთ
მართალია, გსურთ, თქვენი მდიდრული ბიბლიოთეკა ყველამ ნახოს, მაგრამ ასე დაიცავთ წიგნებს მტვრისგან. რაც უფრო ნაკლები მტვერი იქნება, მით ნაკლებად მოგიწევთ სახლის დალაგება.
არ აჩქარდეთ
იმისათვის, რომ გაზქურამ ოლიმპიური მედალივით იბზინოს, მოთმინება უნდა გამოავლინოთ. ყველა საწმენდ საშუალებას აწერია: "გააჩერეთ 20 წუთი". ამ პერიოდში ნადები დარბილდება და მას ადვილად მოაშორებთ, ხეხვასა და დაღლას კი აიცილებთ.