"სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ილუზორულია. ამას მე კი არა, ბრძენი ადამიანები ამბობენ. ისიც ილუზიაა, თქვენ რომ გესაუბრებით. ახლა მე თქვენი სურვილი ვარ, რომ ჩემზე ბევრი რამ გაიგოთ. ჩემთვის თქვენ ხართ სურვილი, ანუ მსურს გაგინაწილოთ ჩემი ენერგიის ნაწილი.
ჩვენ, ადამიანები, სურვილების ჯაჭვში ვიმყოფებით და ჩვენი ცხოვრების ილუზიაც ზუსტად ისეთივეა, სინამდვილეში როგორი სურვილებიც გვაქვს", - მეუბნება მომღერალი, მხატვარი და მსახიობი ნუცა შანშიაშვილი.
ამჯერად ჩვენი სურვილია, ნაცნობი ისტორიები უცნობი დეტალებით, ნუცა შანშიაშვილზე მოგითხროთ.
ნათესავები
ნიჭიერი ადამიანების გარემოცვაში იზრდებოდა...
მამა - ჯემალ შანშიაშვილი არაჩვეულებრივი მოქანდაკე გახლდათ. ნუცა მამაზე საუბარს მისი ნამუშევრების გახსენებით იწყებს, - იმდენად ამაღელვებელია თითოეული ნამუშევრის ყოველი შტრიხი, რომ როდენის შემოქმედებას ადარებს. ორი მოქანდაკის ემოციურ კავშირს განსაკუთრებით ლუვრში გრძნობს, სადაც როდენის შემოქმედება უხვადაა წარმოდგენილი.
ძალიან უყვარდა მამასთან ურთიერთობა. მისგან ბევრი რამ დარჩა, - შთამბეჭდავი მოგონებები, არაჩვეულებრივი ნამუშევრები და დიდი ბიბლიოთეკა. ახლა, ისღა დარჩენია, მამის სახელოსნოში თავი მოუყაროს ყველაფერს, რომელსაც ჯემალ შანშიაშვილის სახლ-მუზეუმი დაერქმევა.
დედა - მზია მაღლაკელიძე, ლამაზი და ნიჭიერი ქალბატონი, რუსთაველის თეატრის მსახიობი გახლდათ. საინტერესო და შთამბეჭდავი სახეებით დაამახსოვრდა მაყურებელს. როცა მზია მაღლაკელიძის შემოქმედებაზე ვსაუბრობთ, უპირველესად მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი "დიდი მწვანე ველი" გვახსენდება.
ყოველთვის ძლიერი ხასიათით და თანამედროვე შეხედულებებით გამოირჩეოდა და ამ თვისებების გამო, განსაკუთრებით უყვარდათ თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებს.
ნუცას ბებიები: ანა, სოფია და ნინა... "ძველი არისტოკრატკები" - რომლებიც ცხოვრების სიყვარულსა და აღმაფრენას არასდროს კარგავდნენ. ბუნებით ესთეტები ხელოვნების დიდი შემფასებლები და მოყვარულები იყვნენ. რომანსის სიყვარული შვილიშვილს ბავშვობიდან ჩაუნერგეს.
ერთ-ერთი ბებია, ანა, ძალიან კარგად ქსოვდა. უნიკალური ნამუშევრები ჰქონდა. 1937 წლის რეპრესიების დროს დიდი ბაბუა დაუხვრიტეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განათლებული ქალბატონი გახლდათ, ქალთა გიმნაზიაც ჰქონდა დამთავრებული, ამ უმძიმეს წლებში თავისი ხელობით გამოკვება და გადაარჩინა ოჯახი.
ნუცას ერთ-ერთი ბაბუა, შალვა ფხალაძე მხატვარი გახლავთ, მეორე ბაბუა, აბრეკ ფხალაძე, ფილმიდან "შერეკილები", ცნობილი ფრაზით, "აბი გლუკოზა" გაგახსენდებათ.
"მაყურებელმა ალბათ არ იცის, რომ ბაბუაჩემი, მსახიობი აბრეკ ფხალაძე ცნობილი იოგი გახლავთ - ნამდვილი გურუ. მეორე მსოფლიო ომის დროს დაატყვევეს და საკონცენტრაციო ბანაკში აღმოჩნდა. ბანაკში ტყვეები ისე დაიმშნენ, ერთმანეთის ჭამა დაიწყეს. აბრეკმა კი ითმინა, ითმინა და როდესაც საბჭოთა არმიამ ტყვეები გაათავისუფლა, ცოცხალ-მკვდარი იპოვეს, მთელი ორგანოები დაზიანებული ჰქონდა. როგორმე თავი უნდა გადაერჩინა.
მოიძია ლიტერატურა და იოგაში ვარჯიში დაიწყო - სრულიად განიკურნა. აბსოლუტურ სრულყოფილებას მიაღწია, იმდენად, რომ ჰაერში იწეოდა. შემდეგ... გული აიცრუა. იოგები ჯანმრთელი პროდუქტებით იკვებებიან. როგორც ჩანს, ქიმიურად დამუშავებული პროდუქტების შემოსვლამ დიდი სტრესი მიაყენა. თავადაც არ იცოდა, მოსწავლეებისთვის რა ერჩია და იოგას თავი დაანება." - იხსენებს ნუცა.
მეორე ბაბუა, ქალბატონი მზიას მამა, ძაგული მაღლაკელიძე, ცნობილი მულტიპლიკატორი გახლდათ. შემდეგ დიდი ხნის ჩანაფიქრი განახორციელა, - დაუღალავი შრომისა და ექსპერიმენტების შედეგად შექმნა ცნობილი წამალი "კამელინი". ბატონი ძაგულის გამოგონებით არაერთი უიმედო პაციენტი გადარჩენილა. "კამელინს" ნუცაც ხშირად იყენებს და როგორც თავად აღნიშნავს, ჯანმრთელობას არასდროს შეუწუხებია.
"აი, ასეთ გარემოში დავიბადე და გავიზარდე. ოჯახს დიდი ადგილი უკავია ჩემს ჩამოყალიბებაში. მთელი ჩემი ნათესაობა ნიჭიერი ადამიანების ერთობლიობაა. ახლა გიკვირთ, რომ მსახიობი, მომღერალი და მხატვარი ვარ?..." - აღნიშნავს ნუცა.
ბავშვობა
"ვერაზე გავიზარდე. საკმაოდ წყნარი ბავშვი ვიყავი, მაგრამ... ჩემს მეხსიერებას ერთი დღე შემორჩა: არ ვიცი, რატომ, ერთხელ მეგობრებთან ერთად მუსიკალური სასწავლებლის სახურავზე ასვლა გადავწყვიტე. სახურავის კიდეზე გავლაზე ბავშვები წავაქეზე. ჩვენს დანახვაზე ერთმა ქალბატონმა კივილი ატეხა. ამ ხმაზე უკან, შენობაში შევცვივდით. საოცარია, მაგრამ შიშის გრძნობა არ გვქონდა. იცით, სულ მენატრება ის, რაც ბავშვობას უკავშირდება, - ვერ ვიგებდი, დრო როგორ გადიოდა.
ვთამაშობდი, სპექტაკლებს ვდგამდი და სულ რაღაცებს ვიგონებდი. ბავშვობაში ცხოვრების მიმართ სხვანაირი ინტერესი გვაქვს. ბავშვობა გრძნობებისა და სურვილების ჩანასახია, რომელიც ემოციებითა და აღმოჩენებითაა სავსე. როცა რეპეტიციაზე ვარ და სპექტაკლისთვის ვემზადები, ეს ემოცია მიბრუნდება, მაგრამ დროებით. ამ ემოციებს ყოველდღიური ხასიათი აღარ აქვს, არადა, ძალიან მენატრება..."
ბავშვობიდან ხატავდა. მამა მოქანდაკე იყო და ბუნებრივია, შეჩვეული იყო შემოქმედებით განწყობას. ისიც ბუნებრივია, რომ სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება გადაწყვიტა. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ გამოფენებს ხშირად აწყობდა. ხატავს დღემდე და გამოფენებსაც მართავს. 2005 წელს, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, ერთ-ერთ დიდ გალერეაში მოაწყო პერსონალური გამოფენა. ერთი ფრაზით რომ გადმოგცეთ მისი ნამუშევრების სტილი, გიპასუხებთ, რომ ეს გახლავთ "სიურრეალიზმი იმპრესიონიზმის ფერებით".
მღეროდა ბავშვობიდან. ოჯახში მღეროდნენ და მუსიკალური ნიჭი გენეტიკურად გადაეცა. საქართველოდან წასვლა რომ გადაწყვიტა, მომღერლის კარიერაზე არც ფიქრობდა. წავიდა იმიტომ, რომ ძალიან ახალგაზრდა იყო და ამ ასაკში "არაფრის გეშინია". წავიდა იმიტომ, რომ ნიჭიერი გოგონა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას აქ ბოლომდე ვერ შეძლებდა... იმიტომ, რომ აქ ომი იყო...
"სულ სადღაც მინდოდა წასვლა. მოგზაურობა ბავშვობიდან მიყვარდა. კონკრეტულ ქვეყანაზე არც მიფიქრია," - აღნიშნავს ნუცა.
ეს არაკონკრეტული ქვეყანა, მისთვის კარგად ნაცნობი რუსეთი აღმოჩნდა. მეგობართან ერთად ჯერ ლენინგრადში ჩავიდა, - ხუთი დოლარითა და იმედებით სავსე. ლენინგრადში მეგობრებმა სამახური ვერ იშოვეს და მოსკოვში გადავიდნენ. სამსახურში მოწყობაში ცნობილი მსახიობი ჟან დანიელი დაეხმარა. ნუცა მუნიციპალურ თეატრში, სახელწოდებით "უ დავიდა" მომღერლად მოეწყო. ასრულებდა ჯაზურ კომპოზიციებს.
- ჯაზი?
- ჯაზს ბავშვობიდან ვმღეროდი. ჩავრთავდი ფირფიტას და ცნობილ მომღერლებს, ელა ფიცჯერალდს, ნინა სიმონეს, ბილი ჰოლიდეის სიმღერაში ავყვებოდი ხოლმე. იმპროვიზაციასაც ვახერხებდი. ასეთი გახლდათ ჩემი ვოკალის გაკვეთილები. ჩემს ოთახში პატარა, მუსიკალური მიკროსამყარო მქონდა მოწყობილი.
თეატრში განვლილმა პრაქტიკამ ნუცას კარგი გამოცდილება შესძინა და სრულფასოვან ჯაზის მომღერლად ჩამოაყალიბა. მიმართავდა ფიუჟენს, აკეთებდა მიქსებს, ასრულებდა რომანსებსაც. ცხოვრობდა უცხო ქვეყანაში, მისთვის უცნობ ადამიანებთან ჰქონდა ურთიერთობა, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებთან, მათ შორის, მუსიკოსებთან.
გზა პატარა თეატრიდან დიდი სცენისკენ, მოულოდნელად დაიწყო. ეს ის შემთხვევაა, როგორც თავად ამბობს: "შემთხვევა, როგორც კანონზომიერება": ცნობილი რუსი მომღერალი, ვლადიმერ პრესნიაკოვი ხშირად დადიოდა ნუცას მოსასმენად. სულ აღნიშნავდა, რომ კარგი მომღერალი იყო და დიდ სცენაზე გამოსვლა სჭირდებოდა. ერთხელაც, იალტაში გამართულ კონკურსზე მონაწილეობა შესთავაზეს.
კონკურსზე ნუცა შანშიაშვილის გამოცხადებისას, მსმენელს ეგონა, რომ სცენაზე ნაზი, მოკრძალებული ქართველი გოგონა გამოვიდოდა, რომელიც თუნდაც ექსპრესიულ სიმღერას დინჯად და ლამაზად შეასრულებდა. სინამდვილეში გამოვიდა სულ სხვა რაღაც...
მოგვიანებით ამერიკელებმა ნუცას "ენიმალ სთეიჯ" შეარქვეს, რაც თარგმანში "სცენურ ცხოველს" ნიშნავს. მართლაც, ექსტრავაგანტურმა და არაორდინარულმა ნუცამ რუსული რომანსი "რუკი" შეასრულა და უმალ დაიპყრო მაყურებელი. კონკურსზე ქართველმა, ყველასთვის უცნობმა მომღერალმა, ნუცა შანშიაშვილმა გაიმარჯვა.
"მოგვიანებით, ამავე სიმღერით ნიუ-იორკში ერთ-ერთ კონკურსში მივიღე მონაწილეობა. საქართველოს სახელით გამოვდიოდი. მეცვა ლაგერფელდის სრულიად გამჭვირვალე კაბა, იმდენად, რომ თითქმის შიშველი ვიდექი. ეს სიმღერა ძალიან ლამაზი მოძრაობებით მქონდა დადგმული. ჩემს გამოსვლას ნამდვილი სკანდალი მოჰყვა.
ეს კონკურსი საშა რევზინის მოწყობილი იყო. ზოგიერთი ცნობილი რუსი ვარსკვლავი გამწარებული ყვიროდა: როგორ ბედავს, ასეთ რომანსს ტიტველი რომ ასრულებსო." - იხსნებს ნუცა.
რუსეთში დიდ სცენაზე დამკვიდრება არც ისე იოლია. ნუცასთვის სანდო და ერთგული მეგობარი ბორის მოისეევი აღმოჩნდა. მოისეევის ქორეოგრაფიულ ჯგუფთან ერთად თითქმის მთელი მსოფლიო შემოიარა. ცნობილ მოცეკვავესთან და ქორეოგრაფთან თანამშრომლობა მისთვის დიდი სკოლა აღმოჩნდა.
"ბორია ნამდვილი შოუმენია. პირველი, რაც მასწავლა, მაყურებელთან ურთიერთობა გახლდათ. ძალიან ხშირად, მომღერალი სცენაზე გამოდის, სიმღერას შეასრულებს და გადის. ბორიამ მომიხსნა ის უხილავი ფარდა, რომელიც მსახიობსა და მაყურებელს შორისაა აღმართული. ეს გამოცდილება მისი მუშაობის სტილზე დაკვირვებით შევითვისე. ხშირად ისეთ ნიუანსებს მიხსნიდა, დღემდე ვიყენებ. უნიჭიერესი ადამიანია".
ბორისის შემდეგ, შემოქმედებითი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე, ნუცა რეჟისორ მიშა ეფრემოვს შეხვდა და აქედან დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა. მიშასთან ნუცამ ცნობილი რეჟისორი, მიხაილ გორევოი გაიცნო, რომელმაც მიიწვია სპექტაკლში "ჩერტა", სადაც მთავარი როლი შეასრულა.
ნუცას პარტნიორები ცნობილი ვარსკვლავები, გოშა კუცენკო, ალექსანდრ შეხავცოვი, რაშიდ რუბერგი იყვნენ. ნუცამ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, მთავარი პრემია, "ჩაიკა" მიიღო.
მოგვიანებით, ნინო ანანიაშვილის იუბილეზე ცნობილ რეჟისორს, რომან ვიკტიუკს შეხვდა. ამ პერიოდში ნუცა და რაშიდ რუბერგი "ედიტ პიაფზე" მუშაობდნენ, უფრო სწორად, ჩაფიქრებული ჰქონდათ ცნობილ ფრანგ მომღერალზე სპექტაკლის დადგმა. ეს იდეა რომან ვიკტიუკს გაანდეს, ამასობაში თანხებიც მოიძიეს და ერთ თვეში არაჩვეულებრივი სპექტაკლი - "ჩემი ლეგიონერი" გამოუშვეს.
რომან ვიკტიუკთან ნუცამ კიდევ ერთ სპექტაკლში ითამაშა. ეს გახლდათ მონოსპექტაკლი "ლუბოვნიცა ლუბვი". სპექტაკლი ნუცას ნახატებით იყო გაფორმებული. მომღერალი კი 12 ენაზე ასრულებდა სიმღერებს.
სპექტაკლებმა და სოლო კონცერტებმა მომღერალს დიდი პოპულარობა მოუტანა. წარმატებით გამოდიოდა, როგორც რუსეთში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ნიუ-იორკში გასტროლების დროს, ნუცა მომავალ მეუღლეს, თემურ ტაგიევს შეხვდა.
ოჯახის შექმნასთან ერთად, თემურმა და ნუცამ შემოქმედებითი ტანდემიც შექმნეს. თემური ნუცას პროდიუსერია და მისი შემოქმედებითი ცხოვრების წარმმართველი. თემურის დიდი სურვილი იყო, მისი მეუღლის წარმატება ბროდვეიზეც ეხილა და ეს სურვილი განახორციელა.
წელს ხელი მოეწერა კონტრაქტს, რომლის წყალობით, ნუცა ლეგენდარული ლინკუსის ბენდის ჯაზის მუსიკოსებთან ერთად გამოვა. რეპერტუარში იქნება ქართული სიმღერების პოპური და ამ მოტივებზე ჯაზური კომპოზიციების მიქსი. ქართული სიმღერების არანჟირებაზე ლეგენდარული ბენდის მუსიკოსები იმუშავებენ.
კონცერტი 14 იანვარს, ნიუ-იორკში, ბროდვეიზე "თაუნ ჰოლში" გაიმართება. ამ სცენაზე თავის დროზე შოსტაკოვიჩი, რახმანინოვი, მარია კალასი, ელა ფიცჯერალდი და სხვა ლეგენდარული მუსიკოსები გამოდიოდნენ. ამრიგად, ნუცა შანშიაშვილი პირველი ქართველი ქალბატონი იქნება, რომელიც ბროდვეიზე ჯაზს შეასრულებს, "თანაც, ქართულ საქეიფო სიმღერებს, ლინკუსის ბენდის ლეგენდარული მუსიკოსები დაუკრავენ."
ჟურნალი "ბომონდი"
ქეთი დარჩია