როგორ მოვიწყე დაუვიწყარი weekend-ი ”ჩალის ფასად” - Marao

როგორ მოვიწყე დაუვიწყარი weekend-ი ”ჩალის ფასად”

2016-09-05 12:27:23+04:00

თუ ვინმეს შეიძლება უწოდო "ეკონომიური შოპოჰოლიკი", ეს ჩემი მეგობარი ნატალია. კონკურსი რომ ტარდებოდეს ამ თემაზე, ის აუცილებლად ყველა რეკორდს მოხსნიდა. მას საერთოდ არ სწყენია, როდესაც შეყვარებულმა "კუპონომანიაკი" უწოდა. პირიქით, ეს კომპლიმენტად მიიღო და სახე გაებადრა.

ნატალი ყოველთვის ყველაფერს ანგარიშობს და ყოველ თეთრს ეკიდება… ასეთი ანგარიშიანი ადამიანი მეორე არ მინახავს. ალბათ, ერთხელ მაინც გინახავთ გადაცემა სისუფთავეზე გაგიჟებულ ადამიანებზე, რომლებიც 24 სთ-ის განმავლობაში ალაგებენ სახლს და ყველაფერს დეზინფექციას უკეთებენ. დაახლოებით ასეა ნატალიც. დილით იღვიძებს, პირს იბანს, ყავას დაისხამს, მიუჯდება კომპიუტერს და ფასდაკლებების კუპონების და აქციების ძებნას იწყებს.

მან ყოველთვის იცის, როდის უნდა იყიდოს "2 მზესუმზირის ზეთი ერთის ფასად", გაიკეთოს დეპილაცია მესამედ ფასში და სხვა მრავალი…

მიუხედავად იმისა, რომ შემოსავალი ძალიან საშუალო აქვს, ყოველთვის ახერხებს კარგად ჩაცმა-დახურვას, კარგადაც იკვებება და არასოდეს იკლებს ცხოვრებისეულ სიამოვნებებს…

5

მაგალითად, შარშან დაბადების დღე საიტზე შეძენილი კუპონით 150 ლარად გადაიხადა… სუფრაც მშვენიერი იყო, კაფეც და გადასარევადაც გავერთეთ… ამ ზაფხულსაც ფასდაკლების კუპონის ხარჯზე დაისვენა.

ჩვენც, მე, თათია და ნინი უკვე თვალდახუჭულნი ვენდობით. როცა გართობა გვინდა, ნატალის ვურეკავთ და ისიც მაშინვე იწყებს SALE-ების ძებნას… ან უკვე წინასწარ აქვს შეგულებული საცურაო აუზის ვაუჩერი, კინოს ბილეთები ან ბოულინგი.

ნატალის თავისი "ოქროს წესები" აქვს. მან იცის, რომ მაღაზიებსა და მარკეტებში მისვლა დღის პირველ ნახევარში სჯობს, როცა იქ სპეციალური აქციები და კუპონები მოქმედებს. თან, ხალხიც ნაკლებია. ასევე, იცის, რომ საკვები პროდუქტის მაღაზიაში კარგად ნაჭამი უნდა წავიდეს, რომ შიმშილის შეგრძნებამ სიხარბე არ გააღვიძოს და ზედმეტი ხარჯი აიცილოს თავიდან.

ტანსაცმლის საყიდლად როდესაც მიდიხარ, ლამაზად უნდა გეცვას. ასე ნაკლები იქნება "საშიში ცდუნება".

მას არ ეშინია ექსპერიმენტების და გადაწყვეტილებასაც ხშირად იცვლის. მაგალითად, მარკეტში ხორცის საყიდლად ჩასული ხედავს, რომ აქციაა ქათამზე. ისიც ქათამს ყიდულობს და მენიუში კატლეტებს – ჩახოხბილით ანაცვლებს. მარკეტიდან გამოსვლის წინ კი აუცილებლად გამოიყოლებს ფურცელს, რომელზეც ფასდაკლებული პროდუქტების სიაა, რომ სახლში კარგად შეისწავლოს.

დილის 9 საათიც არ იყო, ჩემი მობილური რომ აწკრიალდა. არადა, ერთი კვირა დღე მაქვს თავისუფალი და გამოძინება მქონდა გადაწყვეტილი. ფანტასტიკური სიზმარი მესიზმრებოდა და ზუსტად კულმინაციურ მომენტში, ალბათ, მიხვდით, ვინც გამაღვიძა…

– გოგო, რა დროს ძილია! მაგარი გეგმა შევადგინე… გოგოებსაც უკვე დავურეკე და დღეს მაგრად უნდა გავერთოთ!

– რა ხდება?

– რა და კუპონები ვიყიდე  Hotsale-ზე. სასწრაფოდ ადექი და ჩაიცვი. თათიას მანქანით გამოგივლით ერთ საათში!

სხვა რა გზა მქონდა? საწოლიდან წამოვიზლაზნე და აბაზანაში შევედი. კონტრასტულმა შხაპმა გამომაფხიზლა. ჩავიცვი, ყავა დავლიე და ფანჯრიდან გაბმული მანქანის სიგნალის ხმაც მომესმა. გოგოები მოვიდნენ…

საშინლად გვშიოდა. გავეშურეთ ნატალის მიერ შერჩეული კაფესკენ. ნატალიმ მიმტანს ცხვირწინ კუპონი აუფრიალა და ცოტა ხანში გემრიელად მივირთვით ღორის კანჭი, ბერძნული სალათა და "ლატე".

1

კაფედან გეზი სოლარიუმისკენ ავიღეთ. "ჩალის ფასად" 15 წუთის განმავლობაში კარგად დავიხრუკეთ და იქიდან აუზისკენ გავქანდით.

ცოტა არ იყოს, ამინდმა გვიმტყუნა. გადავწყვიტეთ, წვიმა "არ შეგვემჩნია" და ამ წარუმატებლობაშიც დაგვენახა რომანტიკა – მართლა ძალიან რომანტიკულია, როდესაც წყალში ხარ და ზემოდანაც წყალი მოდის… გული არ გისკდება ტყუილად დახარჯული ფულის გამო, რადგან შენ კუპონით მოხვედი და ეს სიამოვნება რაღაც "კაპიკები" დაგიჯდა.

აუზიდან ბოულინგის სათამაშოდ წავედით. აქ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გვერდითა ბილიკზე მოთამაშე ბიჭებმა ყველა 5 კგ-იანი ბურთები წაგვართვეს და თამაში 10 კგ-იანი ბურთებით მოგვიწია.

6

ბოულინგის შემდეგ ეპილაციის გაკეთებაც მოვასწარით და ღამის 11 საათზე, ღონემიხდილი მივესვენე საწოლზე…

ხუმრობა საქმეა, დაზოგო მთელი 300 ლარი???

– ნეტავ შემდეგი კვირისთვის რას მოიფიქრებს ნატალი?

წყარო: teasblogi.wordpress.com