ზამთარი ძალაში შედის და თაიგულებით ტკბობა მხოლოდ შინ შეიძლება. მოდი, სახლი საკუთარი ხელით შექმნილი საინტერესო კომპოზიციით გავაფორმოთ, რომელიც უთუოდ გამოგიკეთებთ გუნებას თქვენც და თქვენს ახლობლებსაც.
სამუშაოდ დაგვჭირდება:
* მინის თასი;
*არანაკლებ 5 ზამბახისა;
* სოლიდაგოს რტო (3-4);
* კროტონის (კოლოდეუმი) ფოთლები;
* 2 ალსტრომერია;
* დეკორატიული ქვიშა (ლურჯი, ჟღალი, ყვითელი);
* დეკორატიული ლურჯი ქვები;
* ფლორისტული ღრუბლის - "პიაფლორის" აგური;
* ხეზი (წვრილი თოკი);
* ლურჯი შალის ძაფი;
* კორილუსის რტოები;
* ყვითელი ქაღალდი;
* დანა;
* მაკრატელი და სეკატორი.
1. თასის ფსკერზე მოვათავსოთ ქვები და ლურჯი ქვიშა. შევურიოთ ჯერ ყვითელი, შემდეგ ჟღალი ქვიშა ზოლებად.
2. "პიაფლორის" "აგურს" ჩამოვაჭრათ ნაწილი, ჩავალბოთ წყლიან ჭურჭელში. შემდეგ სველ ღრუბელს პოლიეთილენის აპკი შემოვახვიოთ, არ დავუფაროთ ზედა ნაწილი. პოლიეთილენი ხეზით დავამაგროთ.
3. "პიაფლორი" თასის შუაგულში მოვათავსოთ. გვერდებში დეკორატიული ქვიშა დავუყაროთ და ქვები ფენებად შემოვუწყოთ.ღრუბელში კორილუსის რტოები ჩავასოთ.
4. ყვითელ ქაღალდზე 6-7 პეპელა დავხატოთ და ამოვჭრათ.
შალის გორგალს 20-25 სმ სიგრძის ძაფები მოვაჭრათ და პეპლები მათზე მივამაგროთ.
თაიგულის შეკვრა: ღრუბელში ჩავასოთ ზამბახის, სოლიდაგოსა და ალსტრომერიას რტოები და კროტონის ფურცლები. მწვანე საფარით პირთამდე დავფაროთ თასი.
პეპლები ძაფებით კორილუსის რტოებზე მივამაგროთ.
ორი პეპელა მინის ქვეშ, თასის ზედა ნაწილში მოვათავსოთ. კროტონის ფურცლებით დავფაროთ თასის ცარიელი ნაწილები.
თაიგული მზადაა.
იხილეთ ფოტოგალერეა
ნანა ჩარკვიანი
გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)