24 ნოემბერს უკვე მეხუთედ აიღებს სტარტს "თბილისის მოდის კვირეული". პირველ დღეს წარმოდგენილი იქნება თამუნა ინგოროყვას, ტამანინის და გუდუს (ლაშა მდინარაძე) კოლექცია.
მოდის კვირეულის ერთ-ერთი ხელმძღვანელის თაკო ჩხეიძის განცხადებით, რიგით მე-5 მოდის კვირეულში მონაწილეობას 14 პროფესიონალი და 17 დამწყები დიზაინერი მიიღებს.
ჟურნალისტებმა თაკო ჩხეიძეს GEOERGIAN FASHION WEEK-ის შესახებაც დაუსვეს კითხვები:
-მე ვერაფერს გეტყვით "საქართველოს მოდის კვირეულის შესახებ". კარგია, რომ ასეთი დღესასწაულები იმართება, თუმცა რას აპირებს "საქართველოს მოდის კვირეული არ ვიცი. მე შემიძლია "თბილისის მოდის კვირეულზე" გესაუბროთ.
-ფლობთ თუ არა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "საქართველოს მოდის კვირეულის" საორგანიზაციო ჯგუფი მაკა მეტრეველმა დატოვა?
-ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, არ შევხვედრივარ და არ მისაუბრია ქალბატონ მაკასთან, თუმცა თბილისში ჭორები დადის და რეალურად რა ხდება მე ჯერ არ ვიცი.
"თბილისის მოდის კვირეულზე" საკუთარ კოლექციებს უცხოეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერებიც წარმოადგენენ. თბილისში ჩამოვლენ მოდის კრიტიკოსები, ბაიერიები და მოდის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტები. მოდელების ჩვენების პარალელურად, "გრატო პასაჟში" შოუ-რუმები და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვები გაიმართება, სადაც მოხვედრა ნებისმიერ მოდის მიმდევარს შეეძლება.
თბილისის მოდის კვირეულის" შესახებ "მარაო.გე"-მ კომენტარი დიზაინერ დათუნა სულიკაშვილს თხოვა, თუმცა ბოდიში და მოკრძალებული უარი მიიღო.
-ჯერ რაღაცეები მაქვს გასარკვევი და კომენატრებს შემდეგ გავაკეთებ.
მიუხედავად ამისა, სულიკაშვილი უკვე შესულია მოდის ჩვენების პროგრამაში და წესით მე-5 TBILISI FASHION WEEK სწორედ სულიკაშვილის კოლექციის ჩვენებამ უნდა დახუროს.
"თბილისის მოდის კვირეულის" ორგანიზატორების ინფორმაციით, საკუთარ ნამუშევრებს 24-27 ნოემბერს თამუნა ინგოროყვა, თამანინი, გუდუ (ლაშა მდინარაძე), ეთი,(ეთი კონჭოშვილი), გოლა, ტატუნა ნიკოლაიშვილი, გიორგი ამირეჯიბი, ატარე (ნუცა ბერიძე), ნიკოლოზ გრიგორიანიო, ატელიე 10ა, გიორგი შაღაშვილი, რამაზო რომა, უტალევანი, დათუნა სულიკაშვილი და დამწყები დიზაინერები წარმოადგენენ.
გოგა ბერიძე