ოდრი, მშვენიერი ოდრი... - Marao

ოდრი, მშვენიერი ოდრი...

2011-03-07 16:53:43+04:00

ოდრი ტატუ, მომხიბვლელი ოდრი... სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებული, არახმაურიანი, არაექსტრავაგანტური, არაბევრსაყვარლიან (არც ქმრიან)ი. უბრალო, მომხიბვლელი, ნიჭიერი და თავმდაბლობაშენარჩუნებული. არავარსკვლავურ პროფესიაზე მეოცნებე და მაინც გავარსკვლავებული.

ოდრი, მშვენიერი ოდრი...

გოგონა პროვინციიდან

საფრანგეთში დაიბადა. მოდისა და სიყვარულის ქვეყანაში, თუმცა პროვინციაში და არა დედაქალაქში. საკმაოდ დიდი იყო, პარიზი პირველად რომ ნახა. ამას არც მალავს. არასდროს შერცხვენია იმის გამო, რომ მთელი ბავშვობა, მსუბუქად რომ ვთქვათ, არაბომონდურ გარემოში გაატარა. მშობლიურ ქალაქ ბომონში მის ოჯახს პატივს სცემდნენ. განა ბევრი ოჯახია ისეთი, ცოლიც ექიმი რომაა და ქმარიც...

- უფ, დავიღალე, მძიმე დღე მქონდა. - ამოიოხრა ექიმმა მამამ.

- მეც. მაგრამ ახლავე მოგიმზადებ სადილს. - თქვა დაღლილმა დედამ და ყვავილების მორწყვით დაკავებულ გოგონას გახედა. - ოდრი, შემპირდი, რომ ექიმობას არასდროს მოისურვებ.

- არა, დედა, მე უკვე შერჩეული მაქვს პროფესია...

- ალბათ, როგორც ყველა გოგონა, მსახიობობაზე ოცნებობ. ასეა?

- ვერ გამოიცანი. - თავი არ აუწევია, ისე უპასუხა. - მე... პრიმატოლოგია მაინტერესებს.

- რაა? - დედაზე მეტად მამა გაოცდა.

- პრიმატოლოგია, ანუ ჩემი ცხოვრება მაიმუნების ცხოვრების შესწავლას მინდა დავუკავშირო. მგონი ექიმობაზე საინტერესოა და მით უმეტეს, მსახიობობაზეც.

დაღლილობა სადღაც გაქრა. ექიმებს გაკვირვება უფრო ეტყობოდათ.

ოცნება ოცნებად დარჩა. "ჩემი ბედი მუსიკოსობაა" - გადაწყვიტა და მუსიკალურ სკოლაში ჩააბარა, ფორტეპიანოსა და ჰობოის განხრით. ათწლედიც დაამთავრა, მაგრამ "არა, ეს საჩემო არაა" - გადაწყვიტა და ახლა ფილოლოგიურ სასწავლებელში დაიწყო სწავლა.

მსახიობობა უნდოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა. იქნებ ხვდებოდა, მაგრამ ვერ ბედავდა ამის აღიარებას, რადგან თავი ყოველთვის "საშინლად ულამაზო" ეგონა.

როგორც გინდა განერიდო, ბედისწერა არ მოგეშვება. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა...

პარიზული შოკი

- ერთ წუთს დამელოდეთ, ფოტოს გადაგიღებთ. - უღიმის ოდრი ინტერვიუს ჩასაწერად მისულ ჟურნალისტს.

- მეგონა, ვარსკვლავი თქვენ იყავით და არა მე. - იცინის ჟურნალისტი და სარკის საძებნად სულ ტყუილად იქექება ფურცლებით სავსე ჩანთაში.

- ეს ჩემი გატაცებაა, - უხსნის ოდრი.

ჰო, ასეთი უჩვეულო გატაცება აქვს, ყველა ჟურნალისტს, რომელიც მასთან მიდის, ფოტოს უღებს. მერე აღარ ათვალიერებს, რაში აინტერესებს? გადაღება სიამოვნებს, თვალიერება არა, ამის დრო არცა აქვს. სულ გადაღება, გადაღება...

- კარგია. ახლა მკითხეთ, რაც გინდათ.

იცის, ბავშვობიდან დააწყებინებს. ყველა ასე იქცევა. "რა ბედნიერებაა, რომ კოკო შანელივით არ მრცხვენია ჩემი წარმომავლობის, თორემ ტყუილის ამდენჯერ გამეორება აუტანელი გახდებოდა."

- ბავშვობაში იცით, რაზე ვოცნებობდი? ეიფელის კოშკის ნახვაზე. მე ხომ პროვინციაში გავიზარდე... ყოველი მაღალი ხის დანახვაზე მამას ვეკითხებოდი, ეს ეიფელზე მაღალია? ბოლოს მშობლებისთვის გაუსაძლისი გახდა ამის მოსმენა და როგორც იქნა, პარიზში წამიყვანეს. შთაბეჭდილება? ნამდვილი შოკი მივიღე.

"პროვინციელი. - ფიქრობს ჟურნალისტი. - რამდენს მიაღწია. თუმცა ალალია მასზე პოპულარობა, სხვა ვარსკვლავებივით არ ცდილობს ჩვენს დაბოლებას. თანაც მათგან განსხვავებით, ფოტოც გადამიღო. რას ვერჩი, კარგი ვინმეა."

- იცით, რა რეაქცია მქონდა? გავგიჟდი! ის იყო და ის, მეორედ პარიზში მხოლოდ 17 წლისა ჩამოვედი. - განაგრძობს ოდრი. თხრობას აქ წყვეტს, იმის შესახებ არაფერს ამბობს, რომ პარიზმა არასრულფასოვნების კომპლექსი შესძინა. შესძინა თუ გაუღრმავა?

ფიქრი მაშინაც განაგრძო, როცა ჟურნალისტმა მისი სახლის კარი მიიხურა. სავარძელზე გადაწვა. ამოისუნთქა. უყვარს სიმარტოვე. თუ გადაღებაზე არაა, ურჩევნია, დრო მარტომ გაატაროს. რა საჭიროა პაემნებზე სირბილი, განა უამისოდ არ შეიძლება, კარგი დღე გამოაცხო? აი, ახლა ფუჟერს შუშხუნა სასმლით შეავსებს და ფიქრს განაგრძობს.

"საოცარი რამაა ცხოვრება.

არასდროს იცი, საით წაგიყვანს. მთელი ბავშვობა პრიმატოლოგობაზე ვოცნებობდი, მერე თითქოს მუსიკამ დამაინტერესა, მერე ფილოლოგობამ, საბოლოოდ კი თეატრალურ კურსებზე აღმოვჩნდი. ეს როგორ მოხდა? - გონებას ძაბავს. - 17 წლისა პარიზში რომ ჩამოვედი და ამდენი ლამაზი ქალი ვნახე, ძალიან დავიბენი. ბომონშიც არ ვიყავი საკუთარ გარეგნობაზე დიდი წარმოდგენის და პარიზში ხომ ნუ იტყვი, ლამის დეპრესიაში ჩავვარდი.

რისი მიღწევის იმედი უნდა მქონდეს ამ შხვართების გვერდით მე, 160 სანტიმეტრი სიმაღლის ულამაზო ქალს? ბედის ირონიით მალე აღმოვაჩინე, რომ ჩემი სახლი სამოდელო სააგენტოებითაა გარშემორტყმული. ამ ყველაფერმა გონება ამირია. ჰოდა, ძალიანაც კარგი, "სრულ ჭკუაზე" მყოფი ხომ თეატრალურისკენ არც გავიხედავდი... შენ გაგიმარჯოს, ოდრი!" - ფუჟერი ნელ-ნელა იცლება.

რეინკარნაცია

ასეთი რამეების დიდად არ სჯერა, მაგრამ რაღაც მსგავსი უნდა შეძლოს. სახლში მარტოა. ამ დროს საკუთარ თავს უპრობლემოდ შეგიძლია ხმამაღლა ესაუბრო.

- შანელის სხეული უნდა მოვირგო. შენ ხომ სიგიჟემდე გიყვარს შანელის სამოსის მორგება, ოდრი? ჰოდა, ბუნებრივად უნდა მოირგო კოკოს სხეული, განცდები, ჟესტები.

- ამას შევძლებ. მე ხომ კოკოს ფანი ვარ. არც კი მჯერა, რომ ამ როლზე დამამტკიცეს. როგორ გგონია, მისგან ძალიან განვსხვავდები?

- როგორ გითხრა... ის ექსცენტრიკულია, შენ მშვიდი ხარ, თანაც ძველმოდური. ზოგჯერ ველური ქალის შთაბეჭდილებას ტოვებ. პარიზული ბომონდური წვეულებებიც არ გიტაცებს. ჰო, კიდევ.

ის მთელი ცხოვრება მალავდა, რომ პროვინციიდან იყო. როცა ვინმე მისი მშობლიური ქალაქის სახელს ახსენებდა, ეგ რა ადგილია, სადაა, პირველად მესმისო, ამბობდა. მისგან ესეც განგასხვავებს. მთავარი სხვაობა მაინც დაბადების თარიღშია - მთელი 100 წელი...

- სამაგიეროდ, კოკოსავით მეც ქალურ-მამაკაცური ჩაცმის სტილი მიზიდავს. კიდევ - მასავით ვაღმერთებ თავისუფლებას... გვაქვს საერთო. მე მის თამაშს შევძლებ. აი, ნახავ.

გავა დრო და კრიტიკოსები ერთხმად აღიარებენ, რომ ოდრი ტატუს მიერ განსახიერებული კოკო ყველაზე რეალისტურია.

გავა დრო და ჩჰანელ-ის უცვლელ სახეს, ნიკოლ კიდმანს, ოდრი ტატუთი ჩაანაცვლებენ. ეს მერე. ახლა სახლშია. საკუთარ თავს ესაუბრება და წარმატებას უსურვებს. ორ ფუჟერს ნახევრად ავსებს და ერთმანეთს მსუბუქად უჯახუნებს.

- ჩვენ გაგვიმარჯოს, კოკო...

უყვარს... არ უყვარს...

- შენც ჩემსავით ამელის ფოტოებს აგროვებ? - თინეიჯერი ბიჭი მეგობართან ოდრი ტატუს ფოტოებს ათვალიერებს.

- "ამელი"-ში თამაშის მერე ყველა ამელის ეძახის. ჩემთვის კი ყოველთვის ოდრია. - თავმომწონედ პასუხობს. - ისე კი, ძალიან მაგრად ითამაშა. მაგ ფილმმა "ოსკარის" ხუთი ნომინაცია ტყუილად კი არ გაქაჩა. თან, წარმოიდგინე, მხოლოდ საფრანგეთში ერთ წელიწადში ცხრა მილიონმა მაყურებელმა ნახა "ამელი"... აჰა, ესენიც წაიკითხე, ოღონდ ხმამაღლა. ჟურნალებიდან შევაგროვე.

- მომეცი... "ოდრი ტატუს არ უყვარს: სიგარის სუნი, შოკოლადი, სველი ფეხსაცმლით სიარული, შუქნიშნის წითელ შუქზე გავლა, სახის წვიმის წვეთებით დასველება. ოდრი ტატუს უყვარს: რძიანი ჩაი, ოთახში ზოლად შემოსული მზის შუქი, ბენზინგასამართი სადგურების სუნი, მთაში სეირნობა, ოსკარ უაილდი, ორანგუტანგები, ჟურნალისტების ფოტოგრაფირება, 10-საათიანი ძილი და ღრუბლებში ფიგურების ამოცნობა." მაგარია. მათხოვებ? გადავაქსეროქსებ.

- ვერა, ვერ გათხოვებ.

ჟურნალი "ბომონდი"

ნათია როსტიაშვილი