ეთიკო უკვე 98 წლისაა. უყვარს ”ნესქვიკი”, ბანანი და ყველა ის სასუსნავი, რაც ბავშვებს. აქვს საკუთარი ლექსიკონი, მაგ: კომპიუტერი მის ენაზე ”კომპიტიურია”, ხოლო ტელევიზორის დისტანციური პულტი - ”კონდუქტორი”. გიჟდება სტუმრებზე, რადგან ამ დროს საშუალება ეძლევა, დაუსრულებლად ისაუბროს საკუთარი წარსულის, აწმყოს თუ ბუნდოვანი მომავლის შესახებ.
მთხრობელი კი მართლაც რომ უბადლოა, სხვათა შორის, თამადაც და ეს საქმეც ისეთივე წარმატებით გამოსდის, როგორც ხშირად ჩვენს ნერვებზე თამაში. მამაჩემს, ღმერთმა აცხონოს მისი სული, უყვარდა სიდედრის (ანუ ეთიკოს) სათამადო ოსტატობის სტუმრებთან ”გამარიაჟება” . ისინიც პირველივე სადღეგრძელოზე იხიბლებოდნენ მისი ორატორული და არტისტული მონაცემებით.
ეთიკოს კი მოსაყოლს და სადღეგრძელებელს რა დაულევს - მეოცე საუკუნის გარიჟრაჟიდან დღემდე მომხდარი ყველა პირადი თუ საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენა ზეპირად ახსოვს. მაგალითად: როგორ სტუმრობდა მათ ოჯახს პოეტი გიორგი ქუჩიშვილი, როგორ სწავლობდა თბილისის ქალთა სამეანო სასწავლებელში და პარალელურად, ოცნებობდა მფრინავობაზე; როგორ სეირნობდა ზემელზე, სადაც გაიცნო ნატო ვაჩნაძე, რომელმაც ასწავლა, რომ თეატრში წინდებით სიარული არაეთიკურია; როგორ გადამალა და გაზარდა მეზობლის ბიჭი, რომლის ოჯახიც თავადური წარმომავლობის გამო ბოლშევიკებმა შუა აზიაში გადაასახლეს, თავად როგორ მოაბრუნეს გზიდან დიდი სამამულო ომის დროს და ასე შემდეგ...
მისი ყველაზე საყვარელი თემა კი სიყვარული და მისი ლოგიკური გაგრძელება - მეან-გინეკოლოგიაა. აქ შედის როგორც ზოგადი მეცნიერული საუბრები, ასევე მისი პროფესიული წარმატებების მთელი ნუსხა. ეთიკო 18-ის გათხოვდა, დიდი სიყვარულით. კულაკის ქალი ცოლად გლეხსა და კომკავშირელს გაჰყვა. როცა საკუთარი სიყვარულის ისტორიას ჰყვება, მისი „იასპისფერი“ თვალებიდან (თვითონ ასე ეძახის, ეთიკოს კი მუქი მწვანე თვალები აქვს) უცნაური სხივი გამოდის, სულ მთლად კამკამა და საოცრად თბილი.
ეთიკოს არასდროს მობეზრდება სიყვარულზე საუბარი, იმ დეტალების გახსენება, რომლებსაც მისთვის დღესაც უმნიშვნელოვანესი ემოციური დატვირთვა აქვს. ამბობს, რომ დღესაც ისეთი გრძნობით უყვარს, როგორც მაშინ, როცა მის მკლავზე იწვა და შემთხვევით სიგარეტის ფერფლმა სახე დაუწვა... როცა სასტიკად იჩხუბეს, ის გაიქცა, ეთიკომ კი მინდორში მძინარე იპოვა და დიდხანს, დიდხანს გაგიჟებით კოცნიდა... ისინი მხოლოდ სამი წელი იყვნენ ერთად, მერე ეთიკომ სიყვარული დაკარგა. აი, ასე, უბრალოდ, ”უგვზო-უკვლოდ დაკარგულთა” სიაში... დიდხანს ელოდა, მაგრამ ახლა უკვე სჯერა, რომ ის აღარაა, რადგან სულ საიქიოში ხედავს, იქ ხვდებიან ერთმანეთს და ისიც ყოველთვის უკან აბრუნებს ეთიკოს – ჯერ შენი დრო არ დამდგარაო... იმ დილასვე ეთიკო აუცილებლად ავად ხდება... მერე, როცა სიკვდილის შიში გადაუვლის, ისევ ძველებურად აგრძელებს ცხოვრებას - გულისგამაწვრილებლად ჭირვეულობს და იბუტება, ისევ აუტანელი ცნობისმოყვარეობით იკვლევს ყველაფერს და მეც ისევ ძველებურად მეძახის: ”მოდი, ვილაპარაკოთ”.
ეთიკოს ყველაზე, ყველაზე მეტად მე ვუყვარვარ ამქვეყნად... თვლის, რომ ხასიათით ვგავარ: ”ჩემი ვაჟკაცი, ჩემი ვაჟკაცი გოგო!” (???) არ უნდა დაიჯეროს, რომ მე მის სიმტკიცესა და გამძლეობასთან ახლოს ოდნავადაც ვერ მივალ...თუმცა, ეს რა შუაშია, მთავარი, რის გამოც თხრობა დავიწყე - ეთიკოს თავისი ფრთიანი ფრაზები, დევიზები და შეგონებები აქვს. როგორც ბევრ დიდედას (ანუ დიდ დედას) და ცხოვრებისეული გამოცდილებით დახუნძლულ ადამიანს, უყვარს ჩვენი დამოძღვრა და ჭკუაზე დარიგება. მაგალითად, ამას წინათ გვითხრა, რომ თუ გინდა კმაყოფილი დარჩე შედეგით, ამისთვის ”მთავარი პოზაა!” ჰო, რა იყო, რა გაცინებთ?! - მაგ დროს ფოტოებს ვიღებდით ... :)
შორენას ბლოგი