არსებობს კაცების ყველაზე ეგოისტი, ძუნწი და ზარმაცი კატეგორია, რომელსაც სტაბილური ურთიერთობისთვის ზედმეტად თავის გაცხელებაც კი ეზარება.
დარწმუნებული ვარ, თქვენც მოსმენილი გექნებათ მათი წუწუნი იმის თაობაზე, თუ რამდენი "ჩალიჩი" უწევთ ქართველი ქალების "შესაბმელად". ალბათ, აქედან მოდის მითი სლავი ქალების გასაოცარი უპირატესობის შესახებ, რომელიც ძირითადად 37-მანეთიან ბილეთსა და უფრო ხელმისაწვდომ სექსს ეფუძნება.
ასევე არსებობს კატეგორია დაოჯახებული მამაკაცებისა, რომლებსაც ვერც მექალთანეს უწოდებ და ვერც მეოჯახეს - რაღაც შუაში, დროდადრო ოჯახური ვალდებულებებისგან დასვენებისა და ადვილად ხელმისაწვდომი გართობის მოყვარული. მათ შორის დიდი განსხვავება არ არის და შეგვიძლია ერთ გუნდში გავაერთიანოთ.
ასეთი კაცები, როგორც წესი, ეძებენ პარტნიორს სადმე შორიახლოს, ყველაზე ნაკლები დანახარჯებითა და პრეტენზიებით. ასეთი კი, დამეთანხმებით, გათხოვილი ქალია.
ქალი, რომელიც ოჯახურმა ერთფეროვნებამ და ყოფითმა პრობლემებმა დაღალა, მისი ქალური ყოფა ისეთი უღიმღამო გახდა, აღარც კი ახსოვს, ბოლოს როდის იყო რომანტიკულ ვახშამზე. პაემანი ხომ გამორიცხულია! საერთოდ, ცოლებს პაემანზე ეპატიჟებიან?! ჰოდა, ზის ასეთი ქალი სამსახურში ან სახლში მუდმივი საზრუნავითა და პრობლემებით დამძიმებული, აკეთებს მონოტონურ საქმეს, უყურებს სერიალებს, თავს წარმოიდგენს ლამაზ და განებივრებულ პრინცესად, რომელსაც საყვარელი მამაკაცი დაბადების დღეზე პარიზში გასამგზავრებელ ბილეთებს ჩუქნის... და ბრახ! ამ დროს მის გვერდით ჩნდება ჩვენთვის კარგად ნაცნობი კაცი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში "მსხვერპლს" კარგად აკვირდებოდა და სწავლობდა. მას არ გამოჰპარვია ქალის გადაღლილი და ცარიელი მზერა, ქმართან საქმიანი და ვნებისგან დაცლილი საუბარი... პრობლემებისგან თუნდაც დროებით გარიდების სურვილი...
იგი ჯერ უმეგობრდება ქალს! ცდილობს, გულითად საუბრებში გამოსტყუოს ოჯახთან დაკავშირებული საჭირო წვრილმანები და დეტალები: ნელ-ნელა იგებს, როგორია მისი ქმარი, რამდენად მკაცრი, მომთხოვნი, აგრესიული, თუ პირიქით, "ბუნჩულა" ან ინდიფერენტული და საკუთარი ცხოვრებით მცხოვრები. არკვევს ქალის ფსიქოტიპს, მის სურვილებს, ოცნებებს, გატაცებებს. ამის მიხედვით სახავს სამოქმედო გეგმას და თანდათან გადადის შეტევაზე...
ის ყოველთვის მზად არის, ანუგეშოს, მოუსმინოს, გაამხიარულოს... ავსებს კომპლიმენტებით და არწმუნებს, რომ "ცხოვრებაში მსგავსი ქალი არ შეხვედრია და რა დასანანია, რომ ჯეროვნად არ აფასებენ!"
გადამწყვეტი და საბედისწერო ამ დროს შეიძლება აღმოჩნდეს თუნდაც რიგითი ჩხუბი ცოლ-ქმარს შორის, რომელიც ქალს უზომოდ აუტანლად მოეჩვენება და გულის მოსაოხებლად მიმართავს მეგობარს, რომელიც "უკეთ ურჩევს, როგორ მოიქცეს, რადგან ისიც კაცია!"
ჩვენს ზარმაცს, ძუნწსა და ეგოისტს კი მეტი რა უნდა! - ყველამ ვიცით, როგორც დაამშვიდებს!..
ასე რომ, სანამ ასეთი კაცის კლანჭებში აღმოჩნდებით, კარგად დაფიქრდით, რატომ ურჩევნია ასეთ მამაკაცს რომანი გათხოვილ ქალთან:
1. გათხოვილი ქალი იძულებულია, დამალოს მასთან ურთიერთობა და ამიტომ კაცის ოჯახური იდილიაც დაცულია: გათხოვილი საყვარელი მის ცოლს ვერ დაურეკავს და ოჯახს ვერ აურევს, განსხვავებით გასათხოვარი გოგოსგან, რომელმაც, შესაძლოა, დიდი წარმატებით გააკეთოს ეს!
2. გათხოვილი ქალი ნაკლებად პრეტენზიული და მომთხოვნია: მას მუდმივად აქვს მიგდებისა და "გაბაზრების" შიში და ამიტომ, როგორც ერთგვარი მძევალი, ისეა გამომწყვდეული ამ სასიყვარულო ურთიერთობის გალიაში.
3. გათხოვილი ქალი ნაკლებხარჯიანია! - იგი ვერასდროს მოგთხოვს, წაიყვანო რესტორანში, საყიდლებზე და საჯარო ადგილებში, რადგან მუდმივად იმალება და ნაცნობებთან შეხვედრის ეშინია.
4. გათხოვილი ქალი შედარებით დაცულია სქესობრივად გადამდები ინფექციებისგან, კაცების ენით, უფრო "სუფთაა", რადგან ნაკლები სქესობრივი პარტნიორი ჰყავს და კაციც ამ მხრივ თავს უფრო მშვიდად გრძნობს.
5. დაბოლოს, გათხოვილი ქალი ვერასდროს გააჩენს შვილს საყვარლისგან და ვერ გამოიყენებს ბავშვს იარაღად, რასაც არც ისე იშვიათად აკეთებენ გასათხოვარი ქალები.
ღმერთმა არ ქნას, ასეთი რომანი გააბათ და მით უმეტეს, ეს ურთიერთობა გაგისკდეთ! თორემ ასეთი კაცისგან სიყვარულს კი არა, თანადგომასაც არ უნდა ელოდოთ: მაშინვე მიგატოვებთ და თანაც, ყველაფერს თქვენ გადმოგაბრალებთ. გავარდება ცოლთან და რაიმე განსაკუთრებული საჩუქრით ეცდება მის შემორიგებას, თქვენ კი ყველასგან მიტოვებული და გაკიცხული დარჩებით (ყველაზე მსუბუქ შემთხვევაში, თორემ უარესებიც არსებობს!)
ახლა კი თავად გადაწყვიტეთ, გიღირთ თუ არა ასეთი "სიყვარული"! რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისებიც, როცა ასეთი კავშირი ნამდვილ გრძნობას ემყარება, მაგრამ ამ შემთხვევაში მამაკაცი მაშინვე გადაგიხაზავთ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს, მოგკიდებთ ხელს და იცხოვრებს თქვენთან ერთად!